მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ფიქრები სკოლასა და ბავშვებზე
ფიქრები სკოლასა და ბავშვებზე12-12-2019, 00:02 |
ბევრი მშობელი ისურვებდა თავიანთი შვილები შეეყვანათ კარგ სკოლაში, სადაც მიიღებდნენ ქრისტიანულ აღზრდა-განათლებას, მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ ქრისტიანობის სწავლა არ შეიძლება, ქრისტიანულად უნდა იცხოვრო. ასეთი მშობლების არგუმენტი ის არის, რომ ვინაიდან ისინი ფიქრობენ, რომ მათთვის უკვე დაგვიანებულია ეკლესიური ცხოვრება, ამიტომ სურვილი აქვთ შვილები მაინც აღზარდონ ქრისტიანულად, ასეთი ოჯახის შვილები თავდაპირველად მონდომებულნი არიან სწავლაში, ლოცვაში, მაგრამ როდესაც ხედავენ, რომ ოჯახის წევრები არაეკლესიურად ცხოვრობენ ადრე თუ გვიან ისინი იწყებენ ორმაგი სტანდარტებით მოქმედებას. არ შეიძლება ჩვენი შვილების აღზრდა გადავაბრალოთ ვინმეს, თუნდაც ეს მართლმადიდებლური გიმნაზია იყოს. ავიღოთ საკუთარ თავზე აღზრდის პასუხისმგებლობა ეს ნიშნავს მთელი ჩვენი ცხოვრება მიუძღვნათ ოჯახს, ბავშვებს და ეკლესიას.
* * * ძირითადი იდეა მართლმადიდებლური სკოლისა მდგომარეობს იმაში, რომ მოზარდები დავიცვათ იმ ნეგატიური პროცესებისაგან, რომელსაც ადგილი აქვს სახელმწიფო სკოლაში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არანაკლები საშიშროება ელოდებათ ეკლესიურ წრეშიც. ბავშვები მართლმადიდებლურ სკოლასაც აღიქვამენ ისეთ გარემოდ, სადაც ისინი მოათავსეს, რათა განათავისუფლონ ისინი მოვალეობისა და პასუხისმგებლობისაგან, ამავე დროს სწავლისაგანაც. მშობლებსა და ბავშვებს ჩამოუყალიბდათ უცნაური შეხედულება, მათ ჰგონიათ, რომ მართლმადიდებელმა ბავშვმა უნდა იცოდეს მხოლოდ მედავითნეობა და გალობა. სხვა დანარჩენი ეშმაკისეულია, როდესაც ასეთი აზროვნების ბავშვებს ვრიცხავთ გიმნაზიიდან დაბალი აკადემიური მოსწრების გამო, მშობლები შეწუხებულნი არიან, რადგან ფიქრობენ, რომ საერო სკოლაში მათი შვილები სულიერად მოკვდებიან. აზრი იმის შესახებ, რომ საერო სკოლაში ბავშვი აუცილებლად გაფუჭდება, ხოლო მართლმადიდებლურ გიმნაზიაში მორწმუნე და კეთილი გახდება, ამის მტკიცება გულუბრყვილობა იქნება. საერო სკოლაში ბევრი აღსაზრდელი უფრო უკეთესად ამჟღავნებს საკუთარ თავს, ვიდრე მართლმადიდებლურ გიმნაზიაში. საერო სკოლაში მართლმადიდებელი ბავშვი მრავალ წინააღმდეგობას აწყდება რწმენასთან დაკავშირებით, იგი იძულებულია დაიცვას თავისი მრწამსი. აღსაზრდელი ნათლად ხედავს იმ განსხვავებებს, რომელიც არსებობს სახარებასა და ყოფით ცხოვრებას შორის. ქრისტეს მცნებებით ცხოვრება მისთვის უკვე აბსტრაქციას არ წარმოადგენს. მართლმადიდებლურ გიმნაზიაში ეს პრობლემები არ არსებობს, რწმენა რომელსაც არ სჭირდება დაცვა, მისი გაუბრალოება ხდება, მაგრამ განსაკუთრებით ეს ეხება ბავშვთა რწმენას, რადგან ბავშვის სული მიმართულია დინამიურობისაკენ და საგმირო პათოსისკენ. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ქრისტიანი ბავშვი, რომელიც სწავლობს საერო სკოლაში, მას ხშირად უხდება თავისი მრწამსის დაცვა და აქედან გამომდინარე ის უფრო მტკიცეა რწმენაში, ვიდრე ის მოზარდი, რომელსაც არ ხვდება ასეთი წინააღმდეგობები. სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეების რწმენის მიმართ ხშირად გაუბრალოებული დამოკიდებულება, ეს საერთო პედაგოგიური პრობლემაა. როგორ ავიცილოთ თავიდან ეს პრობლემა და როგორი გარემო შეუქმნათ აღსაზრდელებს გიმნაზიაში, რომ ისინი ქრისტიანებად ჩამოყალიბდნენ? უპირველეს ყოვლისა, მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ყველა ბავშვისთვის არაა აუცილებელი სასულიერო გიმნაზიაში წასვლა. მშობლებმა სულიერ მოძღვართან შეთანხმებით უნდა გადაწყვიტონ თუ რომელ სკოლაში შეიყვანონ ბავშვი მისი ინდივიდუალური თვისებებიდან გამომდინარე. რადგან ის, რაც ერთისთვის სიკეთის მომტანია, მეორეს შეიძლება ზიანი მიაყენოს. პედაგოგები ყოველთვის უნდა ცდილობდნენ, რომ ბავშვებს გიმნაზიაში შეუქმნან ისეთი გარემო, რომ მათ შეძლონ გამოხატონ თავიანთი გრძნობები და შეხედულებები. მოზარდებს ქრისტიანული მოძღვრება უნდა მივაწოდოთ არა მხოლოდ ინფორმაციის დონეზე, არამედ მათ უნდა გაუჩნდეთ სურვილი მისი შესწავლისა და ქრიტიანული წესით ცხოვრებისა. სახარებისეული მოძღვრებისა და წმინდა მამათა სწავლების გაგება ქრისტიანულად ცხოვრების შესახებ და მისი ცხოვრებაში გატარება ბავშვებისათვის კი არა, მოზრდილთათვისაც ჭირს ვინაიდან, დღევანდელი ცხოვრების პირობები დაცილებულია ამ წმინდა სწავლებას, მაგრამ აუცილებელია დიდი შრომა და ძალისხმევა, რომ აღსაზრდელები მივაჩვიოთ ქრისტიანული წესით ცხოვრებას.
* * * კარგია, როცა ბავშვები კითხულობენ წმინდანთა ცხოვრებებს, მაგრამ დაუყოვნებლივ მოვთხოვოთ წაკითხულის ცხოვრების გატარება, ეს არასწორი იქნებოდა. ეს უნდა ხდებოდეს თანდათანობით. თავად წმინდანებიც გარკვეული წლების შრომის შედეგად აღწევდნენ მაღალ სულიერ სიმაღლეებს.
* * * რა არის მართლმადიდებლური აღზრდა? არსებობს კი სისტემა და მეთოდოლოგია ბავშვების მართლმადიდებლურად აღზრდისა? რატომ არის, რომ უფროსები ეძებენ აღზრდის სისტემას, ამით ხომ არ გვინდა მოვიხსნათ ბავშვის აღზრდაზე პასუხისმგებლობა. ვკითხულობთ მე-19 საუკუნეში დაწერილ წიგნებს ბავშვთა აღზრდის შესახებ და გვინდა პირდაპირ გადმოვიტანოთ რეალურ ცხოვრებაში ის მეთოდები, რასაც ამ წიგნების ავტორები გვთავაზობენ. ვეცნობით რა წმინდანთა ცხოვრებებს და ყურადღებას ვამახვილებთ მათ ბავშვობაზე ისინი იყვნენ წყნარი, განმარტოების მოყვარულნი, არ ცელქობდნენ. ჩვენ პარალელს ვავლებთ საკუთარ შვილებთან და გვიკვირს რა ხდება ჩვენი ბავშვების თავს. ისინი ცელქობენ, ჩხუბობენ, ხმაურიანად თამაშობენ. რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არ იყვნენ სატელევიზიო გადაცემებით გატაცებულნი, არ იცელქონ, არ იჩხუბონ. მივდივართ ტაძარში და მოძღვარს ვთხოვთ მათ სახელზე პარაკლისის გადახდას. გამოვდივართ ტაძრიდან გულდამშვიდებული და ვფიქრობთ, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო. მამა იოანე კრესტიანკინი თავის ერთ-ერთ ქადაგებაში ამბობდა: "დედა იწყებს ლოცვას, ღმერთს თხოვს დახმარებას მაგრამ ვერ იღებს, რატომ? იმიტომ ჩემო ძვირფასებო, რომ არ შეიძლება ღმერთს დავაკისროთ ის, რისი შესრულებაც ჩვენი მოვალეობაა. საჭიროა შრომა, სულიერი ღვაწლი, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჩვენი შვილები და ის პასუხისმგებლობა, რაც ღვთის წინაშე გვაქვს აღებული. მამებო და დედებო! თქვენ მარტონი შვილების გარეშე ვერ გადარჩებით და ეს უნდა გახსოვდეთ". მართლმადიდებლობა ეს სისტემა კი არ არის, არამედ ცხოვრებაა სიყვარულში და ჩვენი აღზრდა მაშინ გამოიღებს ნაყოფს, როცა ჩვენ მას სიყვარულით აღვასრულებთ.
* * * მე მაშფოთებს ბავშვების მტრული დამოკიდებულება გარე სამყაროს მიმართ. სამყარო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, გვეჩვენება ცოდვით დაცემული, ბოროტებით აღსავსე, სინამდვილეში კი ეს ასე არ არის. თანდათან იქმნება ისეთი აზრი, რომ თუ სამყარო მიექანება დაღუპვისკენ, ჩვენ მის მიმართ მტრული და შიშისმიერი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს. ეკლესია არ არის მტრულად განწყობილი გარე სამყაროს მიმართ. ამით განსხვავდება ახალი აღთქმის ეკლესია ძველი აღთქმის ეკლესიისაგან. სამყარო ებრძვის ღმერთს და ეკლესიას, ჩვენი ამოცანაა მას ვუპასუხოთ არა ძველი აღთქმისეული პრინციპით: "თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ", არამედ სიმშვიდით და ლოცვით. შიშის შესახებ პავლე მოციქული ამბობდა: "რამეთუ არა მომცა ჩვენ ღმერთმა სული მოშიშებისაჲ, არამედ ძლიერებისაჲ და სიყვარულისა და სიწმინდისაჲ." (2 ტიმ. 1,7). ვგრძნობთ იმ დამოკიდებულებას, რაც პირველ ქრისტიანებს ჰქონდათ. ძველი ქრისტიანები ელოდებოდნენ ქრისტეს მოსვლას, ჩვენ კი ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ანტიქრისტეს მოსვლაზე.
* * * ბავშვებს ჩვენ ვუხსნით, რომ მიწიერი ცხოვრება არის მზადება მარადიული ცხოვრებისათვის, მაგრამ ეს არის მზადება და არა მოლოდინი. ცხოვრება ესაა მოქმედება, შრომა, ბრძოლა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ემსგავსება კბილის ექიმთან მომლოდინე ადამიანს, რომელიც ფიქრობს: "ღმერთო ჩემო როდის დამთავრდება ეს ყველაფერი."
* * * ჩვენს ბავშვებს ძალიან ეშინიათ შეცდომების, ალბათ იმიტომ, რომ ვერ იგებენ ცოდვის არსს. ისინი ერთმანეთში ურევენ შეცდომებსა და ცოდვებს, ალბათ ამიტომაც ეშინიათ ცხოვრების. აუხსენით მათ, რომ ღმერთი არ ელოდება მათგან ცხოვრების დასაწყისშივე უშეცდომო ცხოვრებას.
წიგნიდან "ეკლესია ბავშვი და თანამედროვე მსოფლიო" Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |