მთავარი > ძველი აღთქმის ისტორიიდან > ცეზარის კულტი
ცეზარის კულტი15-07-2012, 23:38 |
„მიეცით ფული კეისარს, ხოლო საკუთარი თავი ღმერთს." ტერტულიანე.
წარმართულ რელიგიებზე საუბრისას ადამიანს უნებლიეთ აგონდება ძველი კულტურა. იგი ძველ ბაბილონელთა და სპარსელთა, ძველ ბერძენთა და რომაელთა კერპთმსახურებებს მიაპყრობს. მართლმადიდებლური სწავლების თანახმად, ადამიანი რასაც ეთაყვანება, მისი ღმერთიც ის არის. თუ ადამიანს არ სწამს ჭეშმარიტი ღმერთი, არ სურს საკუთარი თავი მას მსხვერპლად მიუძღვნას, მაშინ იგი იოლად ემონება რომელიმე კერპს. ადამიანს კერპი ცოდვის ჩადენის ნებას აძლევს. ამიტომ ბევრს ის უფრო უყვარს, ვიდრე ღმერთი. უფალს არ ირჩევენ, როგორც არ ირჩევენ მზის შუქს, კერპი კი ყოველთვის შეიძლება ამოირჩიო. ერთი რომ მოგწყინდება, შეგიძლია მეორეს დაემონო, ან რამდენიმეს ერთად.
ღვთის რწმენა ნიშნავს, არა ქმნა კერპი არცა მატერისა,არცა ადამიანისა და არცა თავისაგან შენისა. ამჯერად ყურადღება საკუთარი თავის გაკერპებაზე გავამახვილოთ. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი რომის იმპერატორების კულტი გახლავთ.
მოგეხსენებათ, წარმართული რომი უამრავ კერპს ეთაყვანებოდა. მათ შორის უცხო ქვეყნების ღვთაებებსაც. სენატის თანხმობით ბერძნული და აზიური ღმერთები რომის კაპიტოლიუმში შეჰყავდათ. ,,ღმერთების პანთეონში" რომაული ღვთაება იუპიტერის გვერდით ელადის ზევსისა და სხვა ქვეყნების კერპებსაც იპოვიდით.
ქრისტიანობის გამოჩენისა და გავრცელების პერიოდში რომის რელიგიამ კიდევ ერთი ,,ღვთაება" შეჰმატა თავის პანთეონს. ახალი სახის კერპთმსახურებას ,,ცეზარის კულტი" ეწოდებოდა. ამ ფენომენის საფუძვლიან ანალიზს ისტორიკოს ა.ლებედევის წიგნში ვკითხულობთ:
,,რომაელების რელიგიური განვითარების თანმიმდევრობა ითხოვდა, რომ მონარქიზმის სახელმწიფოებრივი ფუნქცია რომელიმე ღვთაებას წარმოეჩინა ,,ღმერთების პანთეონში". ამ კულტურის თაყვანისცემა სახელმწიფოს კეთილდღეობისა და ბედნიერების საწინდარი უნდა ყოფილიყო. სწორედ ასეთი ,,ღვთაებად" მიიჩნიეს იმპერატორის გენია. რომალეთა წარმოდგენით, ყოველ ადამიანს ჰყავდა თავისი კუმირი, გენია. ახალი ,,ცეზარის კულტი" ამ შეხედულებას კარგად ერგებოდა. იგი დაიფარავდა და უხელმძღვანელებდა მათ, ასე სწამდათ ძველ რომში. ,,ცეზარის კულტი" იმპერატორმა ავგუსტუსმა შემოიღო და წარმართული რომის იმპერიის არსებობის მანძილზე მოქმედებდა. თუ თავდაპირველად გარდაცვლილ იმპერატორებს აღმერთებდნენ, მოგვიანებით ცოცხალი ცეზარების ,,გაღმერთება" დაიწყეს. ეს კულტი დროთა განმავლობაში რომაული რელიგიის სათავეში მოექცა. ის ყველასთვის სავალდებულო გახდა. რომის იმპერიის ყველა მცხოვრები ვალდებული იყო ამ კულტის მსახურებაში მონაწილეობა მიეღო. იმიტომ, რომ ყველა ტკბებოდა იმპერიის დიდებით და იმპერატორის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა." ასევე აუცილებელი გახლდათ მმართველი იმპერატორის გამოსახულების სახლში წარმოჩენა. ასე მაგალითად: მარკუს ავრელიუსის მეფობის ხანაში რომაელები ურწმუნოდ მიიჩნევდნენ იმ ადამიანს, ვის სახლშიც იმპერატორის გამოსახულება არ იქნებდა. ,,ცეზარის კულტის" აღსრულებას იმპერიაში მკაცრად იცავდნენ. თუ ვინმე გულგრილად მოეკიდებოდა საკითხს, მკაცრად დაისჯებოდა. იმპერატორი ავგუსტუსი რომ გარდაიცვალა, ის ღმერთების რიცხვში შეიყვანეს. ნათელი გახდა, რა სახიფათო იყო უდიერი დამოკიდებულება ამ ,,ღვთაებისადმი." არა ერთი ადამიანი, თვით სენატის წევრებიც კი (მაგ. ტრაზეი პეტა. ა.ლებედევი) იქნენ დასჯილნი მსგავსი საქციელისათვის; ისინი მოღალატედ და სახელმწიფოს მტრად შეირაცხნენ. ა.ლებედევი ფიქრობს, რომ ქრისტიანების სისხლი მეტწილად ამ კულტის შეუსრულებლობის გამო იღვრებოდა. მართლაც ასე იყო. უკვე მეორე საუკუნეში წარმართებმა შენიშნეს, რომ ქრისტიანები არაფრად აგდებდნენ ცეზარის კულტს. ამის გამო მათ მიმართ მკაცრი სანქციები დაწესდა. ცნობილი ცელსუსი მიმართავდა ქრისტიანებს: ,,რა არის ცუდი იმაში, რომ მოვიპოვოთ კეთილგანწყობა ხალხის მეუფისა, განა ღვთაებრივი ნებელობის გარეშე მოიპოვება ძალაუფლება სამყაროზე?.. თუ გთხოვენ დაიფიცო იმპერატორის სახელით, ამაში ცუდი არაფერია, ვინაიდან ყველაფერი, რაც გაქვს ცხოვრებაში, იმპერატორისაგან გაქვს." მაგრამ ქრისტიანები სხვაგვარად ფიქრობდნენ და პირველი შესაძლებლობისთანავე პრინციპულად ეწინააღმდეგებოდნენ ნებისმიერი კულტის თაყვანისცემას.
ტერტულიანე ეუბნება ქრისტიანებს: ,, მიეცით ფული კეისარს, ხოლო საკუთარი თავი-ღმერთს. მაგრამ თუ ყველაფერს იმპერატორს მისცემ, რაღა დარჩება ღმერთს? მე მსურს,- განაგრძობს ტერტულიანე,- იმპერატორს მეუფე უწოდო, მაგრამ უბრალო მნიშვნელობით, თუ არ გამხდით იძულებულს ღვთის ადგილზე დავაყენო ის. (ტერტულიანე, აპოლოგია. თავი 45). ერთ-ერთი პროვინციის პროკონსული აფრთხილებდა ქრისტიანს: ,,შენ უნდა გიყვარდეს იმპერატორი ისე, როგორც ეკადრება რომის კანონების მფარველობის ქვეშ მყოფ ადამიანს." როდესაც ქრისტიანმა უპასუხა: ,,მე მიყვარს იმპერატორი"-პროკონსულმა მოსთხოვა: ,,მაშინ დაადასტურე შენი ერთგულება, ჩვენთან ერთად თაყვანი ეცი იმპერატორს." ქრისტიანმა პრინციპული უარი განაცხადა: ,,მე ვლოცულობ ღვთის წინაშე იმპერატორისათვის, მაგრამ მსხვერპლს მას არ შევწირავ, ვინაიდან არ შეიძლება ღმრთის პატივი ადამიანს მიაგო." მსგავსი დაკითხვის ფორმა პირველ საუკუნეებში მრავლად ფიქსირდებოდა. ხშირად ეს ქრისტიანების მოწამეობრივი აღსასრულით გვირგვინდებოდა."*
ამრიგად, ,,ცეზარის კულტი" მკაფიოდ წარმოაჩენს ადამიანის გაღმერთების ამაზრზენ ფაქტს. მსგავსი რამ კაცობრიობის ისტორიის მანძილზე არაერთგზის განმეორდა.
* - АЛ.Лебедев ,, Эпоха Гонений на Христиан” С.П. 2003. გვ 14-15 უკან დაბრუნება |