მთავარი > რევოლუციის სახეობები, მთავარი გვედის ფოტო > რევოლუციის სულიერი ასპექტები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
რევოლუციის სულიერი ასპექტები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე4-11-2021, 20:07 |
ცნობილია, რომ ხელისუფლების ამოცანა სოციალური სამართლისა და ადამიანის უფლებების დაცვაში მდგომარეობს. ვინაიდან სახელმწიფო არ არის რელიგიური მონოლითი, ამდენად მისი კანონები ”სიმფონიის” პერიოდშიც კი არ შეესაბამებოდა ხოლმე ქრისტიანულ ხედვებს. ქრისტიანული სახელმწიფოების კანონმდებლობა ძირითადად რომის სამართალს ეფუძნება. მან იურიდიული სახე წარმართ-ული დროიდან მიიღო. ამიტომ სახელმწიფოებრივი კანონები დროთა განმავლობაში უფრო მეტად ჰუმანისტური იდეებით განისჭვალა. სახელდობრ: ღმერთის ნაცვლად ადამიანი გახადა ყოველთა საგანთა საზომი. ამსოფლიური სულით გამსჭვალული საზოგადოება აღარ ფიქრობს, აღარ საუბრობს ღმერთზე, ღვთაებრივზე; ის არ საჭიროებს ღვთისადმი ლოცვას, ვედრებას. გარეგნულად არავინ ამჟღავნებს ურწმუნოებას, არავინ გმობს ღმერთს. სამაგიეროდ, შენიღბული საუბრით არ ერიდებიან სარწმუნოების მიმართ ეჭვისა და მერყეობის შხამის დანერგვას. ამ ადამიანთა წრეში წმიდა ეკლესიის კანონების, სარწმუნოების მიმართ გულგრილი სულისკვეთებაა.
რელიგიური ცნობიერების შესუსტებამ და ჰუმანისტური იდეების გავრცელებამ XIX საუკუნეში არნახული ფორმები მიიღო. იმდროინდელი მეცნიერება და ფილოსოფია უფრო მეტად მატერიალური და რაციონალისტური მსოფლმხედველობით განიმსჭვალა. მაგალითად, ამ პერიოდისათვის ფრთები შეისხა ისეთმა იდეოლოგიებმა, როგორიცაა ნიჰილიზმი, ჰუმანიზმი, მარქსიზმი, დარვინიზმი, რაციონალიზმი, ათეიზმი და სხვა. ჰეგელის ფილოსოფიის თანახმად, ყოველი თეზისი ანტითეზისს წარმოშობს, ანუ ჭეშმარიტების ორიენტირი მის მსოფლმხედველობაში სრულიად უგულებელყოფილია. ჰეგელის აზრით, ნებისმიერი თეორია აუცილებლად უნდა შეიცვალოს მომავალში. ამიტომ, ჰეგელიანობა - ანუ ეს შეუწყვეტელი რევოლუციების სწავლება - ისტორიის მამოძრავებელ ძალად არის წარმოჩენილი.[1]
მსგავსი მოსაზრებები განავითარა გერმანელმა ფილოსოფოსმა ი. გერდერმა. თავის ნაშრომებში იგი რევოლუციას საზოგადოების განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევდა, და რევოლუციის საყოველთაოობაზე საუბრობდა. მეცნიერი რევოლუციას განიხილავდა ერთგვარ თანმიმდევრულ პროცესში, სადაც გამუდმებით გროვდება ახალ-ახალი თვისებები. ამიტომ, ი.გერდერი საუბრობს მზის, ვარსკვლავებისა და დროის რევოლუციაზე; დედამიწაზე ორგანიზმების გაჩენა მისთვის რევოლუციაა; ადამიანების ურთიერთობა კი პოლიტიკური რევოლუცია და ა.შ. ერთი სიტყვით, ი.გერდერს თუ დაუჯერებთ არ არსებობს სამყარო, კაცობრიობა რევოლუციის გარეშე. ამიტომ, სახელმწიფო არ უნდა ძრწოდეს მის წინაშე, არამედ დე იბატონოს მასზე რევოლუციამ, უნდა შეიგრძნოს მან (რევოლუცია) და წაახალისოს კიდეც სახელმწიფომ მისი განვითარება იქ, სადაც ის დაბრკოლებულია.[2]
XIX საუკუნეში იდეალისტი ფილოსოფოსების ფანტაზიამ კაცობრიობისათვის ახალი „სახარება" შეთხზა. ჟ.რუსსოს სკოლამ კაცობრიობას ვარდისფერ ფერებში წარმოუჩინა ნატურალური ადამიანი და დედამიწაზე საყოველთაო კმაყოფილება და ბედნიერება გამოაცხადა. მან დახაზა ხელისუფლებასა და ხალხს შორის ბედნიერი ურთიერთობის სქემა, გამოსცა ხალხსა და ხელისუფლებას შორის თანხმობისა და კმაყოფილების რეცეპტი. კერძოდ, ჯ.რუსო ამბობდა, რომ არსებობს „საერთო ნება", რომელიც „მარადიული და წმინდაა". ის მხოლოდ უნდა განცხადდეს საყოველთაო არჩევნების დროს. ეს საყოველთო ნება ფლობს ჭეშმარიტებას: ის არის გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება. ეს რეცეპტი საშინელი ერთობისა, სრულიად აბსტრაქტულ, გაბერილ ფანტაზიაზე იყო აგებული. ის რეალობასთნ პირველ შეხებისთნავე უნდა განადგურებულიყო თითქოს, მაგრამ როგორც ვხედავთ ამ იდეამ მრავალთა გონება დაასნეულა და მათ ახალი საზოგადოების, ახალი ხელისუფლების შექმნა დაისახეს მიზნად.
შემდეგ ეტაპზე ჟ.რუსოს თეორიამ წარმოშვა ცნობილი ფორმულა: „თავისუფლება, ძმობა, ერთობა". ეს სამი სანუკვარი სიტყვა გამოხატავს ამსოფლიურ სათნოებებს, რომლისკენაც ოპტიმიზმითა და ერთგულებით მიილტვიან ადამიანები. მაგრამ... ჭეშმარიტი სამკვიდრებელი ადამიანისა ზეცაშია. შესაბამისად, ჭეშმარიტი თავისუფლება, ძმობა, ერთობა, სიყვარული, მშვიდობა და მისთანანი, რისკენაც მიისწრაფვის ადამიანი, მხოლოდ ქრისტიანული ცხოვრების შედეგად მიიღწევა. ეს იდეალები განუყოფლად უკავშირდება ღმერთს.
როცა ასე არ ფიქრობენ და სურთ სახელმწიფოსა და ხალხის თითქოს და გაერთიანება, საზოგადოებას სავალდებულო კანონად დაუსახავენ სანუკვარი მიზნის გამომხატველ, მაგრამ ფორმალური სამართლის შემცველ ლოზუნგს. მერე ამ ლოზუნგს ახალი რელიგიური კრედოს ხასიათში აიყვანენ და საბედისწერო შედეგებიც არ აყოვნებს. საზოგადოება იმკის გარეგნული ფასადის დონეზე დაყვანილი კანონის („მშვიდობა, ძმობა, ერთობა".) შედეგებს: ძალადობას, უთანხმოებას, ფანატიზმს... არადა გამოცხადებული ლოზუნგების მეშვეობით ბედნიერი და ნეტარიახალი ეპოქა უნდა დაწყებულიყო. სხვაგვარად ხალხი ვერ მიიღებდა, ვერ აიტაცებდა იდეალად დასახულს. მასებს ხომ არ შეუძლიათ ფილოსოფოსობა და იმის გაგება, რაც ლოზუნგის ნიღაბგვეშ იმალება. მათ თვისუფლება, ძმობა, თანასწორობა და მისთანანი მართლაც თავიანთი უფლებები ჰგონიათ. შემდეგ... შემდეგ მასები ხედავენ ყოველი ადამიანის უბედურებას (სიღარიბე, შევიწროება, უსამართლობა...) და წუხან, აპროტესტებენ, ებრძვიან ძველ ხელისუფალს, მერე ახალსაც. ამ მასების მართვა ცბიერი სიტყვის, ვერაგობაში გაწაფული ინსტიტუტ-დაწესებულებების გარეშე შეუძლებელია. ხელისუფლებას უწევს თამაში. საშინელი ქაოსი ისადგურებს ასეთ საზოგადოებაში. და ვინც მოხერხებულად და დროულად შეძლებს ცნობილი ლოზუნგებით მანიპ-ულირებას, ის ხდება ხალხის მმართველი.
ცნობილი მოაზროვნე ვ.როზანოვი ამბობს: რევოლუციას ორი საზომი გააჩნია - სიგრძე და სიგანე, მაგრამ არ აქვს მესამე - სიღრმე. აი ამ ჭეშმარიტ თვისებას ისინი ვერასოდეს დაეუფლებიან. რევოლუცია ყოველთვის ძალადობით, ძველის ნგრევით და ყოველთვის ხვალინდელი დღის მოლოდინით წარიმართება. ყოველი „ხვალე" კი მას გააწბილებს და „ზეგეში" გადაინაცვლებს... რევოლუციაში არ არსებობს ჭეშმარიტი სიხარული და არც არასდროს იარსებებს."[3]
ამრიგად, XVIII და XIX საუკუნე ძირითადად უსისხლო რევოლუციებისა და სულიერი ნგრევის პერიოდი იყო. ამ დროს მოირყა ხალხის ზნეობრივი ნორმები და ფასეულობები, იზეიმა ავხორცულმა და ვულგარულმა მატერიალიზმმა; ადრე თუ გვიან უნდა გადაზრდილიყო ეს დრო რევოლუციურ აფეთქებებსა თუ მასობრივ სისხლისღვრაში და ასეც მოხდა.
დაიწყო საფრანგეთის რევოლუცია! მან მიზნად დაისახა საზოგადოების განახლება. ეს მხოლოდ ქრისტიანული საშუალებების გამოყენებით არის შესაძლებელი, მსგავსი ბერკეტები რევოლუციას არ გააჩნია. მასსა და რომაულ თეოკტიას შორის დაუნდობელი ბრძოლა დაიწყო. ნიშანდობლივი ამ ვითარებაში ის გახლდათ, რომ რევოლუციამ არა მხოლოდ თეოკრატიის, არამედ ქრისტიანული აღმსარებლობების წინააღმდეგაც გაილაშქრა. ამდენად, მან ომი გამოუცხადა არა იმდენად რომს, რამდენადაც ქრისტეს მეუფებას დედამიწაზე.[4]
ამრიგად, ვხედავთ, რომ პოლიტიკა, რომელიც უარყოფს ქრისტიანობას, იძულებულია აღიაროს „ხალხის" უმაღლესი მართვის ფორმა, ხოლო საზოგადოება ფორმალურად „თანასწორუფლებიანია" წარმოჩინდება. ცხადია, ძველი წესრიგის მონარქისტული წყობა და ახალი რევოლუციური იდეები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან, როგორც კონცეფციური საწყისებით, ასევე მმართველობის მიზნებითაც. მართლმადიდებლური მონარქია - ღვთივბოძებული მმართველობის ფორმა გახლდათ, ორიენტირებული მეტწილად სულის ცხონებაზე. რევოლუციურ-ლიბერალური მმართველობის ფორმა, რომელსაც უფრო მართებული იქნება ანარქია ეწოდოს, ადამიანების მიერ დადგენილი ფორმაა, რომელიც მხოლოდ ამქვეყნიურისკენაა ორიენტირებული. მას არ გააჩნია არანაირი უმაღლესი მიზანი, გარდა ამქვეყნიური ბედნიერებისა.
მმართველობის ფორმა მანამდეა სანდო, სანამ მას საფუძვლად ჰყავს ღმერთი და მიჰყვება მის ნებას. როდესაც ხელისუფლება ანარქიით ხელმძღვანელობს, ავიწყდება, რომ ასეთ თავისუფლებას ძალადობა, სისასტიკე, ცბიერება მოჰყვება. ასეთ წყობაში ადამიანი ადამიანისთვის მხეცად იქცევა. შედეგად, უძლიერესი და დაუნდობელი მაინც მოიპოვებს ძალაუფლებას. ასეთი ხელისუფალი უკვე საშიში ხდება საზოგადოებისთვის.
მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი) შენიშნავს: „ეს ჯანყი, მისი-ონერული რევოლუციონერობა არა მხოლოდ ძველი წესრიგის ფილოსოფიური საფუძვლების ნგრევას ისახავს მიზნად - ამ ამოცანას ნაკლებად მოშურნე რევოლუციონერებიც შეასრულებენ. რევოლუციის ძირითადი მიზანი სარწმუნოების განადგურებაშია. ქრისტიანული სარწმუნოების ძირეულ განადგურებამდე მიზანი მიუღწეველი რჩება."[5]
ამიტომ, საბოლოო მიზნისათვის არა მხოლოდ სოციალურ-პოლიტიკური, არამედ ე.წ. მეცნიერულ-ტექნიკური რელიგიური და სექსუალური რევოლუციებიც მუშაობენ. საერთოდ, საამისოდაა მოწოდებულ-შეკოწიწებული ყველა ის ნაციონალური, რელიგიურ-კულტურული ინსტიტუტი, რომელიც გამსჭვალულია რევოლუციური სულისკვეთებით, ანუ ეწინააღმდეგება ადამიანისათვის ღვთის მიერ დადგენილ ცხოვრებისეულ ნორმებს.
ასე რომ, საქმე გვაქვს „პერმანენტულ რევოლუციასთან". ამ რევოლუციას, როგორც მამა სერაფიმე (როუზი) ამბობს, ვერ გააჩერებ ნახევარ გზაზე. ეს ის ძალაა, რომელიც აღარ გაჩერდება, ვიდრე არ მივა ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულამდე. თუ ვეცდებით დავუპირისპირდეთ მას ჩვენი რევოლუციით, რა სახელწოდებისაც არ უნდა იყოს იგი - „კონსერვატორული", „სულიერი", „ვარდების", „ნარინჯის" და ა.შ, ე.ი. ნიშნავს არ გესმოდეს არა მხოლოდ თანამედროვე რევოლუციის ბუნება, არამედ თავად იზიარებდა მის პრინციპს.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სამყარო გამოდის „ნიჰილისტური საუკუნიდან", (ჭეშმარიტების უარყოფიდან, ღმერთთან შებრძოლებიდან) და „ახალი საუკუნისაკენ" მიილტვის, რომელიც კი არ უარყოფს ნიჰილიზმს, არამედ უფრო მეტად უღრმავდება ამ რევოლუციურ ოცნებას. რევოლუცია ნელ-ნელა ააშკარავებს თავის ნამდვილ სახეს - იცხოვროს ღმერთის გარეშე, ე.ი. სიცარიელეში, არარაობაში.
გასულ საუკუნეში კეთილსინდისიერი ადამიანი შეიძლება მოტყუებულიყო ყალბი ოცნებებით: ლიბერალიზმით, ჰუმანიზმით, მეცნიერებითა და პროგრესით, მეტიც - თავად რევოლუცია რაღაცნაირ დადებით მოვლენად ესახებოდათ. დღეს ცხადზე უცხადესია, რომ რევოლუციასა და ღმერთს შორის არაფერია საერთო. თანამედროვე მსოფლხედვაში ღვთისთვის საერთოდ არ რჩება ადგილი. ამიტომ რევოლუცია არ დასრულდება, სანამ ადამიანთა გულში ღმერთის რწმენის ბოლო ნაპერწკალს არ ჩააქრობენ. სანამ ყველანი არ ისწავლიან ცხოვრებას სიცარიელეში.
ლენინი ოცნებობდა: სანამ პროლეტარიატის დიქტატურა თავის მიზანს მიაღწევს, „მთელი საზოგადოება ერთ ქარხანად გადაიქცევა, სადაც შრომა და ანაზღაურება თანაბარი ექნებათ". ასეთი ხელოვნური სამყარო, რომელშიც აღარ იარსებებს ღვთის ნიშანწყალი ნიჰილისტების თვალსაზრისით, სრული „თავისუფლებისა" და სრულყოფილი „რეალიზმის" სამეფოა. სინამდვილეში ეს იქნება კაცობრიობისათვის ოდესმე ცნობილ ციხეთაგან ყველაზე მოხერხებული და მოქნილი, საიდანაც ლენინის ზუსტი შენიშვნით „ვერსად გაიქცევი".
ამა სოფლის მეუფება, რომლისაც ვით ღმერთის ისე სწამთ რევოლუციონერებს, ვერასოდეს გაათავისუფლებს ადამიანს. ის მხოლოდ დაიმონებს მათ. მხოლოდ ქრისტე, რომელმაც სძლია ამა სოფელს (ინ. 16.33) გვათავისუფლებს ამა სოფლის მეუფებისაგან, - განაგრძობს მამა სერაფიმე.
თუ ჩვენს დროში ვხედავთ იმის ნიშნებს, რომ ძალადობისა და უარყოფის ეპოქა მიდის, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ნიჰილიზმი „ძლეულია" ან ამოწურა თავისი შესაძლებლობები. უბრალოდ მან პრაქტიკულად დაასრულა თავისი საქმე. რევოლუცია დღეს მრისხანე ფაზიდან უფრო მოწყალე" ფაზაში გადადის. იმიტომ კი არა, რომ მან შეცვალა თავისი მიმართულება და მისწრაფება, არამედ იმიტომ, რომ ის მიუახლოვდა თავის მთავარ მიზანს, რომელზეც არასოდეს უთქვამს უარი.
თანამედროვე ადამიანის უკანასკნელი ოცნება მორიგი ილუზიაა. ახალი საუკუნის ოცნება, რომელიც ნიჰილიზმს მოჰყვება, რევოლუციური პროგრამის ბოლო პუნქტია.
მარქსიზმი რევოლუციური პროგრამის განხორციელების ერთადერთი საშუალება როდია. დღეს არ არსებობს არც ერთი ძლიერი ქვეყანა, რომლის მთავრობა არ იყოს რევოლუციური; ყოველი მათგანი მიიჩნევს, რომ ამგვარი იდეოლოგიის უარყოფა პოლიტიკური სიმძლავრის დაკარგვას მოასწავებს. ნუთუ არ მეტყველებს ეს გარემოება ჩვენი დროის ანტიქრისტიანულ ხასიათზე? სიღრმისეული ანტიქრისტიანობა უდაოდ არის ის ფსევდოქრისტიანობა, რაც არის რევოლუციის მიზანი! - ასკვნის მამა სერაფიმე.
უდავოა, კაცობრიობა სრულიად ახალ პირობებშია. ნიჰილიზმის შემდეგ „ფასეულობების გადაფასება" მოხდება.
უცნაურია, მაგრამ იგივე აზრი, აბსოლუტურად სხვა კონტექსტში, ლენინმაც გამოთქვა: ის ფიქრობდა, რომ ნიჰილისტური „ქარხნის" შექმნის შემდეგ ეს „ქარხნული" დისციპლინა, რომელსაც პროლეტარიატი გაავრცელებს მთელ საზოგადოებაზე, არავითარ შემთხვევაში არ გახლავთ არც ჩვენი იდეალური წყობა, არც საბოლოო მიზანი. ის მხოლოდ საფეხურია, აუცილებელი ამაზრზენი კაპიტალისტური ექ-სპლოატატორებისაგან საზოგადოების რადიკალური განწმენდისათვის, შემდგომი მოქმედების განსახორციელებლად.
ნიცშეც და ლენინიც სწორედ „შემდეგ მოქმედებას" აღწერენ როგორც არსებობის „სრულიად ახალ პირობებს". რევოლუციის საბოლოო მიზანიც ეს არის.
მსოფლიო წესრიგის მიერ მართვადი და სუპერ ადამიანებით დასახლებული ახალი საუკუნე ის რევოლუციური ოცნებაა, რომელმაც გასული საუკუნის არნახულ ტრაგედიებს ჩაუყარა საფუძველი.
ნიჰილიზმის შემდგომი რევოლუციური მიზანი ნათელ ფერებშია გამოხატული, თუ ნიჰილისტი მასში „სიყვარულის", „მშვიდობისა" და „ძმობის" მეუფებას ხედავს, ეს იმიტომ, რომ ეშმაკი მაიმუნია ღვთისა.
ნიჰილისტურ „სათნოებებში" გაწაფული ადამიანები იმდენად შეიცვალნენ, რომ უკვე იწყებენ ცხოვრებას რევოლუციურ სამეფოში. ისინი ყველაფერს ეშმაკის თავლით უყურებენ, ე.ი. ჭეშმარიტების საპირისპიროდ.
რევოლუციური მიზანი, რომელიც თავდაპირველად რამოდენიმე ჭკუაშეშლილი გონების ჰალუცინაციას წააგავდა, დღეს თითქმის მთელი კაცობრიობის მიზანი გახდა. ადამიანი დაიღალა, მისთვის მართლმადიდებლობა მეტად მძიმე აღმოჩნდა. ამა სოფლის წინააღმდეგ ბრძოლა თანამედროვე ადამიანს აღარ შეუძლია. ამის ძირითდი მიზეზი ნიჰილიზმის მიერ ადამიანში ჭეშმარიტი ორიენტირების განადგურებაა. ამ საცდურებს რომ სძლიოს ადამიანმა, ორი რამ სჭირდება: ჭეშმარიტება და რწმენა![6]
[1] Идеи к философии истории человечестваИ.Еегель. გვ. 630.
[2] Идеи к философии истории человечестваИ.Гердер. გვ. 636.
[3] Православная Церковь о революции. გვ. 110.
[4] КП. Победоносцев. Церковь и Государство. გვ. 133.
[5] Человек против Бога. С.Роуз. გვ. 67.
[6] იქვე. გვ. 25-60.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |