მთავარი > სხვადასხვა, სიყვარული, მთავარი გვედის ფოტო > მოყვასის სიყვარულის გარეშე ვერ გადავრჩებით

მოყვასის სიყვარულის გარეშე ვერ გადავრჩებით


18-01-2016, 00:01

 

   ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მიერ მოგვეცა მცნება: „გიყუარდედ მტერნი თქუენნი" (ლუკა 6, 27). ვინც შეურაცხგყოფს და გლანძღავს დალოცე და აქე. ვინც ბოროტი გიყოს, მას კეთილი უსურვე. ვინც გაწყენინებს, სიკეთით გადაუხადე და ილოცე მისთვის.

   ეს მცნება, არაა მარტივი შესასრულებელი ძმებო! ჩვენ, ცოდვილებმა, ვაქოთ ის, ვინც გვაწყენინა? შეძლებს კი ჩვენი ნება, სიკეთით გადაუხადოს ბოროტის მოქმედს? ვისაც არავითარი ბოროტება არ გაუკეთებია ჩვენთვის, ჩვენ მათაც კი მცირე სიკეთეს ვუსურვებთ, ხოლო თუ ვინმე გვაწყენინებს ჩვენს გულში ქარიშხალი დატ-რიალდება, წონასწორობიდან გამოვალთ და ლანძღვა-გინებას დავიწყებთ. მავანი შეურაცხმყოფელს სხვადასხვა ბილწ სიტყვებს დააყრის, დაემუქრება, ათასნაირ უბედურებას უსურვებს, ხოლო თუ ფიზიკურად მასზე ძლიერია, მზად არის დაახრჩოს იგი.

  დავფიქრდეთ, მტრები კი არა, ჩვენი მეგობრები თუ გვიყვარს არა მარტო სიტყვით, არამედ გულით? იმიტომ ხომ არ გვიყვარს ისინი, რომ გვეხმარებიან, განსაცდელში გვერდით გვიდგანან, ანუ ყო-ველგვარ სიკეთეს გვიყოფენ? თუ ისე მოხდა, რომ ყურადღება ვერ მოგვაქციეს, მზადა ვართ დავესხათ მათ თავს ლანძღვითა და ბოროტი სურვილებით.

   ან კიდევ, მეზობლები თუ გვიყვარს? გვახარებს მათი მატერიალური წარმატებანი? ნურას უკაცრავად. ჩვენ მხოლოდ შორით შევცქერით მათ და ვამბობთ: განა ის ჩვენზე უკეთესია, რომ ღმერთი ყველაფერ უხვად აძლევს?

   ამ მოკლე ნათქვამში საშინლად ბევრი ბოროტება და უწმინდურობაა, ამ სიტყვებში მოჩანს სიამაყე, შური და ღვთის შეურაცხყოფა.

   მეზობელს თუ უბედურება დაატყდება თავს - მოსავალი ეზარალება, საქონელი დაუცივდება, ან ხელობიდან ნახავს წაგებას, რას ვამბობთ მაშინ? რაც ეკუთვნოდა, მიიღო, ის დიდი ხანია ამას იმსახურებდა. აი, ასე ვცხოვრობთ მოყვასთან! არის აქ რაიმე ქრისტიანული?

   როგორ ვიქცევით ნათესავებთან? იტანს კი ძმა ძმისგან, შვილი მამ-ისგან, ან რძალი დედამთილისგან შეურაცხყოფას? ასეთი რამ იშ-ვიათად ხდება. უმეტეს შემთხვევაში - კბილი კბილისა წილ და თვალი თვალისა წილ! - აი, როგორც ვცხოვრობთ.

   მოყვასის სიყვარულს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ცხონები-სათვის. მის გარეშე ვერ გადავრჩებით.

   გულში, ღვთის სიყვარულის შემდეგ, უწინარეს ყოვლისა, მოყვასის სიყვარული უნდა გვქონდეს, რომელიც კეთილ საქმეებში გამოვ-ლინდება. ვისაც მოყვასის მიმართ შინაგანი გრძნობა და განწყობა არ გააჩნია, მისგან არც უნდა მოველოდოთ ჭეშმარიტად კეთილ საქმეებს, მაგალითად, მოწყალებასა და ქველმოქმედებას. ასეთი ადამიანების მიერ გაკეთებული თითქოსდა კეთილი საქმეები, ჭეშმარიტად კეთილ საქმეებად ვერ ჩაითვლებიან და ღვთის თვალში ფასი და მნიშვნელობა არა აქვთ. გავიხსენოთ რას გვეუბნება სიყვარულზე წმ. პავლე მოციქული: „ენასა ღათუ კაცთასა და ანგელოზთასა ვიტყოდი, ხოლო სიყვარული არა მაქუნდეს, ვიქმენ მე, ვითარცა რვალი, რომელი ოხრინ, გინა წინწილანი, რომელნი ხმობედ. და მაქუნდეს ღათუ წინასწარმეტყველებაი და უწყოდი ყოველი საიდუმლოი და ყოველი მეცნიერებაი, და მაქუნდეს ღათუ ყოველი სარწმუნოებაი ვიდრე მთათაცა ცვალებადმდე, და სიყვარული თუ არა მაქუნდეს, არა-ვე-რაი ვარ. და შე-ღათუ-ვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ხორცნი ჩემნი დასაწუველად, და სიყუარული არა მაქუნდეს, არარაივე სარგებელ არს ჩემდა" (1 კორ. 13, 1-3).

   ხედავთ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ცხონების საქმეში მოყვ-ასის სიყვარულს? მთელი ჩვენი ქონება უპოვრებს რომ დავურიგოთ, ხოლო გულში მათ მიმართ სიყვარული არ გვქონდეს, ასეთი ქმედება ვერავითარ სარგებლობას ვერ მოგვიტანს ჩვენი ცხონების საქმეში.

   სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად გვგონია, რომ მოყვასის სიყვარული გვა-ქვს და ამით თავს ვიტყუებთ. როგორც გითხარით, თუ ჩვენს გულში არის მოყვასის სიყვარული, ის ჩვენს საქმეებში გამოვლინდება - ასეთი საქმეებისკენ სიყვარული გვიბიძგებს.

   რას გვიდასტურებენ ჩვენი საქმეები? შენ ამბობ: მე მიყვარს მოყვასი! თუ ეს ასეა, რატომ არ გინდა სულგრძელად აიტანო მისგან საწყენი სიტყვა თუ საქციელი? წმ. მოციქულის სიტყვით: „სიყვარული სულ-გრძელია... ყოველივეს იტანს... ყოველივეს ითმენს" (1 კორ. 13, 4, 7). შენ ამბობ: მე მიყვარს მოყვასი! მაშინ რატომ ხარ ხშირად მის მიმართ მკაცრი? რატომ აწყენინებ სიტყვით და საქმით? იმავე მოციქულის სიტყვებით: „სიყვარული არ ჩადის უწესობას... არ რისხდება და არ განიზრახავს ბოროტს" (5).

   გიყვარს მოყვასი? მაშინ რატომ არ ჰყოფ მისთვის კეთილს? რატომ არ გინდა გაიღო შენი მცირედი მისთვის, არამედ ცდილობ სხვდასხვა გზებით ისარგებლო სხვისი ნაოფლარით და წაართვა სხვას? წმ. მოციქულის თქმით: „სიყვარულს არ შურს... თავისას არ ეძებს (4, 5).

   გიყვარს მოყვასი? მაშ, რატომ არავის ენდობი საკუთარი თავის გარ-და? „სიყვარულს ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს" (7).

  გამოვტყდეთ, ძმებო, რომ ჩვენ ხშირად მხოლოდ საკუთარი თავი გვიყვარს და მოყვასის სიყვარული ან არ გვაქვს, ან თუ გვაქვს - ძალზე მცირე, მაშასადამე, არა გვაქვს ჩვენი ცხონებისათვის ყველაზე მთავარი რამ.

   მიუხედავად ამისა, დაბრმავებულებს ზოგჯერ ჩვენი თავი ალალმა-რთალი გვგონია და არ ვიცით, სულიერ მოძღვარს აღსარებაზე რა ვუთხრათ - ვამბობთ, რომ ცოდვები არა გვაქვს. იმაზე კი, რომ არა გვაქვს მოყვასის სიყვარული და დაუდევრები ვართ საკუთარი სულის ცხონების საქმეში, არც ვფიქრობთ - არ ვთვლით ცოდვად.

   დავიმდაბლოთ თავი, ძმებო და ღვთის წინაშე ვიგლოვოთ საკუთარი არარაობა და წყეულობა. ვიზრუნოთ მოყვასისა და მტრის ჭეშმარიტი სიყვარულის შესაძენად, რის გარეშეც ვერ გადავრჩებით.

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება