მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მარხვა, მთავარი გვედის ფოტო > მარხვის მიზნისა და სარგებლობის შესახებ - წმიდა იოანე ოქროპირი
მარხვის მიზნისა და სარგებლობის შესახებ - წმიდა იოანე ოქროპირი29-03-2024, 00:14 |
ღმერთი ჩვენგან მარხვასა და თავშეკავებას მოითხოვს არა მხოლოდ იმისთვის, რომ ვიშიმშილოთ, არამედ იმისთვისაც, რომ ხორციელი ზრუნვისაგან მოწყვეტით, მათგან თავისუფალი დრო სულიერი საქმიანობისათვის გამოვიყენოთ. ჩვენ რომ ყურადღებით ვცხოვრობდეთ, თავისუფალი დროის ყოველ წუთს სულიერ საქმიანობას ვუთმობდეთ, საკვებსაც მხოლოდ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ვღებულობდეთ და მთელ ცხოვრებას კეთილ საქმეებში ვატარებდეთ, არ გვექნებოდა მარხვის საჭიროება. მაგრამ ვინაიდან ადამიანური ბუნება დაუდევარია და მიდრეკილია თავშეუკავებლობისა და ფუფუნებისაკენ, ამიტომ კაცთმოყვარე ღმერთმა, როგორც მოსიყვარულე მამამ, შეგვირჩია მკურნალობა მარხვით, რათა მოგვწყვიტოს ტკბობას და ამქვეყნიური ზრუნვისაგან მიგვაბრუნოს სულიერი საქმეებისაკენ. თუკი ეკლესიაში მოსიარულეთაგან ზოგიერთებს ფიზიკური სისუსტის გამო არ შეუძლიათ საღამომდე უჭმელი დარჩენა, ასეთებს ვურჩევ მიიღონ საკვები, მაგრამ სამაგიეროდ მეტად იზრუნონ სულიერ საქმეებზე - გასცენ მოწყალება, გულითადად ილოცონ, ყურადღებით უსმინონ ღვთის სიტყვას (აქ ჩვენ ვერ შეგვიშლის ხორციელი უძლურება). შეურიგდნენ მტრებს, განაგდონ გულიდან ყოველგვარი წყენა. თუკი ამას შეასრულებენ, ეს იქნება ჭეშმარიტი მარხვა, რომელსაც ითხოვს ჩვენგან ღმერთი. ვინაიდან საკვებისაგან თავშეკავების მცნება მოგვცა ხორციელი სურვილების ასალაგმავად და მცნებების შესრულებისათვის მის დასამორჩილებლად. ნუ შეგვეშინდება მარხვის. ის დემონებისთვისაა საშიში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის თავის დასთან და მეგობართან - ლოცვასთან ერთად. ქრისტე ბრძანებს: „ხოლო ესე ნათესავი არარაით განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა" (მათ. 17, 21). თუკი მარხვა განდევნის ჩვენი ცხონების არაკეთილმოსურნეებს და ასე საშიშია ჩვენი ცხოვრების მტრებისათვის, მაშინ მისი კი არ უნდა გვეშინოდეს, არამედ გვიყვარდეს და სიხარულით ვღებულობდეთ მას. ჩვენ უნდა გვეშინოდეს ლოთობისა და ნაყროვანებისა, და არა მარხვის. ისინი გვიბოჭავენ ხელებს და ვნებების მკაცრი მბრძანებლობის მონებად და ტყვეებად გვხდიან; ხოლო მარხვა გვიპოვის რა მონობასა და ბორკილებში, გვიმსხვრევს ბორკილებს, გვათავისუფლებს მკაცრი მბრძანებლობისაგან და გვაბრუნებს უწინდელ თავისუფლებაში. რად გინდა ამაზე მეტი მტკიცებულება მისი მეგობრობისა ჩვენს მოდგმასთან? განა გაიგო როგორი სამკალი და მცველია მარხვა ადამიანებისათვის? დაფიქრდი მონაზონთა ნეტარ და საოცარ მოდგმაზე. ისინი გაექცნენ სოფლის ხმაურს; ავიდნენ მთის მწვერვალზე. უდაბნოს სიჩუმეში, როგორც მყუდრო ნავმისადგომში, ააშენეს კელიები და მთელი ცხოვრების მანძილზე ამხანაგად და მეკავშირედ გაიხადეს მარხვა, რამაც ისინი ანგელოზებად აქცია. მარხვას არა მარტო მონაზონნი, არამედ ქალაქებში მცხოვრები მომარხულეებიც აჰყავს კეთილგონიერების მწვერვალზე. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა სვეტები მოსე და ილია, თუმცაღა წარმატებულნი იყვნენ სხვადასხვა სათნოებებში და ჰქონდათ უდიდესი სწრაფვა, მაგრამ როდესაც სურდათ მიემართათ და ესაუბრათ ღმერთთან, რამდენადაც ეს ადამიანებისთვისაა შესაძლებელი, მიმართავდნენ მარხვას და მისი საშუალებით აღიყვანებოდნენ უფალთან. ღმერთმა როგორც კი შექმნა ადამიანი, მას მაშინვე დაუწესა მარხვა და მას, როგორც მზრუნველ დედასა და საუკეთესო მოძღვარს მიანდო მისი ხსნა. თუკი მარხვა აუცილებელი იყო სამოთხეში, სამოთხის გარეთ - მით უმეტეს. თუკი იარაღი გვჭირდებოდა ვნებებთან და დემონებთან ომის დაწყებამდე, მით უფრო საჭიროა ის დაწყების შემდეგ. ადამს რომ შეესრულებინა უფლის ნება, მაშინ არ გაიგონებდა განაჩენს: „მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი" (დაბ. 3, 19). მაგრამ ვინაიდან არ აღასრულა მცნება, წილად ხვდა სიკვდილი, სიმწარე, მძიმე შრომა, ავადმყოფობა და მწუხარებებით აღსავსე ცხოვრება. ხედავ, უფლის განრისხებას, როდესაც უარყოფენ მარხვას? ახლა შეიტყვე, როგორ ხარობს ის, როცა პატივს მიაგებენ მარხვას. რომ დაგანახოს მარხვის ძალა, ღმერთმა მას განაჩენის გამოტანის შემდეგ სიკვდილმისჯილთა შუა გზიდან მობრუნებისა და სიცოცხლის შენარჩუნების ძალაუფლება მისცა. მარხვის საშუალებით გადარჩენილა არა მარტო ცალკეული ადამიანები, არამედ მარტო ცალკეული ადამიანები, არამედ მთელი ერიც კი. მაშინ, როცა ნინეველთა უდიდესი და ულამაზესი ქალაქი მუხლებზე იყო დამხობილი, თავი კი უფსკრულისაკენ ჰქონდა დახრილი და მზად იყო ზემოდან მომართული დარტყმის მისაღებად, მარხვამ იხსნა სიკვდილის კართან მდგომნი და დაუბრუნა მათ სიცოცხლე. წინასწარმეტყველმა წაიკითხა განაჩენი, როგორც მეფის დამსჯელი სიგელი: „კიდევ ორმოცი დღე და დაიქცევა ნინევე" (იონ. 3, 4). მოისმინეს რა ეს ნინეველებმა, ურწმუნოება და უყურადღებობა კი არ გამოავლინეს, არამედ ყველანი ძაძებით შეიმოსნენ და მიმართეს მარხვას: ქმრებმა, ცოლებმა, მონებმა, მთავრებმა, მმართველებმა, ქვეშევრდომებმა, ბავშვებმა, მოხუცებმა... პირუტყვებიც კი მარხვაზე გადაიყვანეს. ყველგან ტირილი და მოთქმა ისმოდა. თვით გვირგვინოსანი ჩამოვიდა სამეფო ტახტიდან, ძაძებით შეიმოსა, ნაცარზე დაჯდა და ამგვარად გამოიხსნა ქალაქი უბედურებისაგან. მოხდა არაჩვეულებრივი რამ: რისთვისაც უძლური აღმოჩნდა ძოწეული (ძვირფასი სამეფო მოსასხამი - მთარ.) და გვირგვინი, გააკეთა ძაძამ და ნაცარმა. ხედავ, ტყუილად კი არ მითქვამს, რომ მარხვის კი არა, არამედ ლო-თობისა და ნაყროვანებისა უნდა გვეშინოდეს მეთქი. ლოთობამ და ნაყროვანებამ შეარყიეს და დანარცხებით დაემუქრნენ ქალაქს. მარხვამ კი მაშინ დაიცვა ის, როცა ირწეოდა და მზად იყო დასაცემად. დანიელი მარხვით შევიდა რა ლომების თხრილში, იქედან ისე გამოვიდა, თითქოს უწყინარ ცხვრებთან ყოფილიყოს. მარხვით შევიდა სამი ყრმა ბაბილონის ღუმელში და დიდი ხნის შემდეგ გამოვიდნენ გაბრწყინებული სხეულებით. აღფრთოვანდი და გაშლილი ხელებით მიიღე მარხვა. თუკი ის გშველის ღუმელში და გიცავს ლომების თხრილში, განაგდებს დემონებს, ცვლის ღვთის განჩინებას, ამშვიდებს ვნებათა ღელვასა და ჩვენს აზრებში მყუდროებას ამყარებს, განა უგუნურება არაა გაექცე და გეშინოდეს მისი, როცა ამდენი სიკეთეა მის ხელში? მარხვა ფიტავს ჩვენს სხეულს დაუძლურებამდე, მაგრამ „დაღათუ გარეშე ესე კაცი ჩუენი განიხრწნების, არამედ შინაგანი განახლდების დღითი დღედ" (2 კორ. 4, 16). მარხვა ამასთანავე სხეულის ჯანმრთელობის საწინდარიცაა, თუ არ გჯერა ჩემი, შეეკითხე ექიმებს. ისინი თავშეკავებას ჯანმრთელობის დედას უწოდებენ. თუკი შენ დღეს ილოთებ, ხოლო ხვალიდან იმარხულებ, შენთვის მარხვა უნაყოფო და უსარგებლო იქნება და მიუხედავად გაწეული შრომისა, ნაყოფს ვერ მიიღებ. იმიტომ რომ, მარხვის მთელი ძალა გამოყენებული იქნება ლოთობით გამოწვეული ზიანის წინააღმდეგ. თუ შენ მისთვის მოამზადებ შემსუბუქებულ სხეულს და მიიღებ წამალს საღი გონებით, შეგიძლია განთავისუფლდე ძველი ცოდვებისაგან. მაშ ასე, ნუ ვილოთებთ მარხვის წინ ან მის შემდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ ფეხით ვურტყათ ახლახან გამოჯანმრთელებულ სხეულს და ამით უფრო მძიმედ ვასნეულებდეთ. ასე ხდება ჩვენს სულებშიაც, როცა ჩვენ ორივე შემთხვევაში - მარხვამდე და მარხვის შემდეგ - ლოთობის ღრუბლით ვაბნელებთ თავშეკავებისაგან მიღებულ სიფხიზლეს.
წმ. იოანე ოქროპირი Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |