მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ეკლესიის კრებსითი ბუნება - არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი
ეკლესიის კრებსითი ბუნება - არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი29-10-2024, 07:47 |
ეკლესიის ბუნება, ვით ღმერთკაცობრივი ურთიერთობის საიდუმლო, თავის მმართველობას კრებსითად გამოხატავს. კრების მოწვევა, საერთოდ საეკლესიო საკითხების კრებსითი ფორმით გადაწყვეტა, ეკლესიის ცხოვრებაში ერთჯერადი ფაქტი არ გახლავთ. ის ადგილობრივი ეკლესიების სარწმუნოებრივი ერთიანობის საფუძველზე, ევქარისტიული ერთობითა და ურთიერთსიყვარულით ეკლესიის სიღრმისეულ აზრს გამოხატავს. ეკლესია მაცხოვრისა და წმინდა მოციქულების დროიდან კრებსითად ცხოვრობდა. ამ კრებსითობის საფუძველი წმინდა სამების პირთა ურთიერთობაა. სწორედ სამება-ღმერთის განდიდებას ემსახურება ეკლესიის კრებსითი ცხოვრების წესი. წმინდა მოციქულთა 34-ე კანონში მიტროპოლიტის დამოკიდებულება ქვეშევრდომ ეპისკოპოსებთან შემდეგნაირად გამოიხატა: „... ნურც [პირველი] ეპისკოპოსი ნუ გააკეთებს ნურაფერს სხვებთან შეთანხმების გარეშე, ვინაიდან მხოლოდ ასე შეიძლება აღესრულოს ერთნებობა და იდიდოს ღმერთი უფლის მიერ სულიწმიდით". ეკლესიის კრებსითი ცხოვრების წესი არა მხოლოდ კრების მოწვევით, არამედ ურთიერთობის ყველა დონეზე უნდა გამოვლინდეს. პირველ ყოვლისა პატრიარქებს, ვით ანგელოზებრივი ეკლესიების მეთაურებს შორის ურთიერთობით. შემდეგ ეპისკოპოსებს შორის პირველის - მიტროპოლიტის ურთიერთობით დაქვემდებარებაში მყოფ ეპისკოპოსებთან, ეპისკოპოსებისა - სამღვდელოებასთან, მღვდლებისა - მრევლთან, ერისკაცებისა ურთიერთშორის - ყველანი ერთად წარმოადგენენ საკრებულოს. ეკლესია ყველა დონეზე ცხოვრობს კრებსითად, ე.ი. ქრისტეში. ესაა ქრისტეს მიერ თავისუფალი ნებით შეკრებილ პირთა ერთობა, რათა ყოველმა წევრმა ეკლესიისა თავისი ძღვენი მიიტანოს ეკლესიის სხეულის სიყვარულით აღმშენებლობაში. მართლმადიდებელ ეკლესიაში პიროვნება არ იკარგება, არ გარდაიქცევა ბრბოდ. მოძღვრის ხელმძღვანელობით ქრისტესკენ სვლა სულაც არ აკნინებს ადამიანის თავისუფალ ნებას, არამედ პირიქით, არ აძლევს მას საკუთარი თავის რეალიზების საშუალებას მოყვასთან ურთიერთობით - ისინი ერთი და იმავე გზით მიდიან. ამიტომ კრებსითობა, როგორც ეკლესიის ცხოვრების წესი, მოძღვრული ღვთისმეტყველების უშუალო ინტერესია. იგი მიმართულია ისეთი საეკლესიო ცხოვრების ფორმირებისკენ, რომელიც დანამდვილებით გამოხატავს მართლმადიდებელი კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიის ცნობიერებასა და შეგნებას. როგორც ცნობილია, ეკლესია პირადი საჭიროებისა და ისტორიული პირობების შესაბამისად, იყენებდა სინოდალური მმართველობის სხვადასხვა ფორმებს, ადგილობრივი იქნებოდა ეს, ეპარქიული, მსოფლიო, სამღვდელმთავრო, პატრიარქებსშორისი ან ავტოკეფალური ეკლესიების კრებები მონაწილეთა რაოდენობისა თუ მიზანშეწონილობისამებრ. ფაქტია, რომ ის ყოველთვის უცვლელად იცავდა თავის კრებსით სტრუქტურას. ეს ადასტურებს, რომ კრებსითი მმართველობა, როგორც ღვთივბოძებული, აუცილებელი, შეუცვლელი და ფუძემდებლური პრინციპი, ყოველთვის არსებობდა ეკლესიის შეგნებაში. ეკლესიის საქმეების კრებსითი მართვის პრინციპი მხოლოდ მაშინ სუსტდება, როდესაც ეკლესია უარყოფს მართებულ ეკლესიოლოგიურ კრიტერიუმებს. მსგავსი რამ ეპიზოდურად ხდებოდა და დღესაც ხდება აღმოსავლეთში. დასავლეთში პაპიზმმა, ვით ტოტალური არსებობის სახემ, უარყო ეკლესიის კრებსითი ცხოვრების წესი და ეს მიღებული, აღიარებული ნორმა გახდა. ნიშანდობლივია, რომ დასავლეთში თავად ადგილობრივი ეკლესიები არცთუ უბრძოლველად, თუმც უიმედოდ, დაემორჩილნენ პაპის ტოტალიტარიზმს (მაგალითად, გალიკანების მოძრაობა). მათ არ სურდათ კრებითი მმართველობითი სტრუქტურის რომაულ-კათოლიკური აბსოლუტიზმით ჩანაცვლება. ეკლესიის კრებსითი არსებობის ფორმა, რომლის უმაღლესი გამოხატულებაა ეპისკოპოსთა კრება, ღვთისა და ადამიანის თანამუშაკობა გახლავთ ცხონებისა და ჭეშმარიტების გზაზე. კრების მონაწილენი ცოცხლად გრძნობენ, განიცდიან სინერგიის (ურთიერთქმედების) საიდუმლოს. ამ საიდუმლოზეა აგებული მათი მოღვაწეობა. ადამიანები, რომლებიც ეკლესიის კრებას წარმოადგენენ, გამოცდილებით გრძნობენ, რომ ღმერთთან თანამუშაკობენ, რომ ამგვარად გამოხატავენ და ადასტურებენ ეკლესიის ჭეშმარიტებას. ადამიანურ ძალისხმევასა და ღვაწლს, სულიწმიდის გარეშე, არ მოაქვს შედეგი ღვთის სამართლის ათვისებაში. კართაგენის კრების 66-ე (77-ე) კანონი ბრძანებს: „ღვთიური სულის თანამოქმედებით გადავწყვიტეთ შემდეგი: სიმშვიდით და კეთილი სიტყვით მოხდეს ხსენებულ კაცთა შერიგება ეკლესიასთან". სულიწმიდა თავისი მადლმოსილებით განამტკიცებს, ამყარებს საეკლესიო კრებებს, რომლებიც ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვის მიზნით აღესრულება. ამით ქრისტე წარმოჩნდება თავისი სამწყსოს წინაშე. მესამე მსოფლიო კრების მამებმა განაცხადეს: „არავის აქვს უფლება, შემოიღოს სხვა სარწმუნოება, გარდა იმისა, რომელიც დადგენილია ნიკეის I მსოფლიო კრების მიერ". სულიწმიდის ქმედით მონაწილეობას ეპისკოპოსების კრებაზე, ერთობლივ „ღმერთთანამოქმედებას", ადასტურებს გამოცხადების სიტყვები: „რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა იტყვის სული ეკლესიათა" (გამოცხ. 2. 7) ანუ ღვთის ნება: „ღვთის ნებით ერთხმად აღიარებულ იქნება ჩვენს მიერ ამ დიდებულ კრებაზე პირველად მოცემული საეკლესიო სარწმუნოება".1 თუ ეპისკოპოსები, რომლებიც შეადგენენ კრებას, თავმდაბლობით არ თანამუშაკობენ ღმერთთან, რათა მათი მეშვეობით იუწყებოდეს სულიწმიდა, მაშინ ასეთი კრებები არ გამოხატავს ჭეშმარიტებას. შედეგად, მაშინ ასეთი კრებები არ აღიარებს მათ უცდომელ „ეკლესიის ბაგეებად", „სულიწმიდის საყვირებად" და მეტიც - მათ „ავაზაკთა" კრებად აცხადებს. ასეთ კრებებზე არ არის სინერგია, შესაბამისად არ არის ჭეშმარიტებაც. მხოლოდ მაშინ, თუ კრების გადაწყვეტილება „სათნოა ღვთისთვის", შესაბამისად სათნო იქნება „ადამიანისთვისაც", ე.ი. ეკლესიის შეგნებისათვის. საეკლესიო საჭირბოროტო საკითხების უცდომელობის კრებსითი გამოხატულება - მამათა რწმენა არა მხოლოდ უკვე შემდგარ კრებებს, არამედ მომავალში გასამართსაც ეხება. ის სამომავლო კრებაც სულიწმიდის მიერ იქნება შთაგონებული, ცხადია, უცილობელი კრიტერიუმების არსებობით. წმ. გრიგოლ ნეოკესარიელმა მერვე კანონში იმ ქრისტიანთა მიმართ, რომლებიც თვისტომელთა საზიანოდ ბარბაროსებთან თანამშრომლობდნენ, განაცხადა: „ასეთებს არ ეძლევათ ნება ეკლესიაში მსმენელებთან ერთად დგომისაც კი და ასე უნდა დარჩნენ მანამ, სანამ რაიმე საერთო გადაწყვეტილებას მიიღებენ ერთად შეკრებილი წმინდანები ან მათი წმინდა სულები". ამ კანონიდან ცხადი ხდება, რომ სულიწმიდასთან ვერტიკალური ურთიერთობა გულისხმობს წმიდა მამათა შორის ჰორიზონტალურ ურთიერთობას. ე.ი. საეკლესიო კრების წევრებმა ერთიანი ჭეშმარიტი ხედვა უნდა გამოავლინონ, რათა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღონ. ნიშანდობლივია, რომ შემცოდეთა ბედის გადაწყვეტის უფლება ეძლევა კრებას, რომელიც ფლობს უნარს მათ მიმართ მართებული გადაწყვეტილება მიიღოს. იგივე აზრი გამოთქვეს VI მსოფლიო კრების მამებმა მისასალმებელ სიტყვაში იმპერატორ იუსტინესადმი: „ამ წმინდა და მსოფლიო კრების შეკრება ინებე, რათა მრავალთა ერთ ნებაზე შემოკრებით და შეთანხმებით წარმართო შენ სათანადოდ, რასაც ესწრაფვი და რათა, რაც ელინური და ებრაული ცთომისაგან ჭეშმარიტების მწიფე ყანაში არეული იყოს, როგორც ღვარძლი, ძირიანად აღმოიფხვრას და წმინდად გამოჩნდეს თავთავიანი ყანა ეკლესიისა, რადგან - „სადაც არიან ორნი ან სამნი ჩემი სახელით შეკრებილი, იქ ვარ მე მათ შორის" (მათე. 18. 20), ასე ღაღადებს უფლის ხმა და კიდევ იერემიას პირით მოგვიწოდებს: „მეძებეთ მე მთელი თქვენი გულით და გამოგეცხადებით თქუენ" (იერ. 29. 13-14). ეპისკოპოსთა ქრისტეში ერთიანობითა და ერთიანი შეხედულებით ცხადდება ეკლესიის ჭეშმარიტება. ამიტომ ეკლესიის კრებას კანონმდებელი საკრებულო ანუ, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, პარლამენტი ეწოდება. ერთ ადამიანს არ შეიძლება ჰქონდეს ex officio შეუცდომელი აზროვნება, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება ეკლესიის ბუნებას. ეკლესიის საკითხთა კრებსითად გადაწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობს წმინდა ბასილი დიდიც: „მაშ ასე, თუ საჭირო არის, ეპისკოპოსთა უმრავლესობა უნდა შეიკრიბოს და დადგინდეს კანონი, რომ მოქმედებაც დაზღვეული იყოს და ვისაც ეკითხებიან, ვისგანაც პასუხს ელიან, მასაც ჰქონდეს სარწმუნო პასუხი შეკითხვაზე".2 კრებსითად მოქმედებს ეკლესია ისეთი საკითხების გადაწყვეტისას, როგორიცაა ეპისკოპოსისა და პრესვიტერის (მღვდელი) გამორჩევა და ქიროტონია. ამ თვალსაზრისით ყურადსაღებია წმ. იოანე ოქროპირის სიტყვა: „ვერავინ, ვერანაირ საქმეში ვერ შემოიფარგლება საკუთარი თავით, იქნება ეს ხელდასხმა თუ რჩევის მიცემა, არამედ დიდ სარგებელს პოვებს კრებისა და სიმრავლისაგან".3 კირილე ალექსანდრიელიც ბრძანებს: „საღვთისმეტყველო და საეკლესიო საკითხებში წმინდა მამებისა და წმინდა კრებების გადაწყვეტილებას ენიჭება უპირატესობა".4 ამრიგად, I მსოფლიო კრების მეოთხე კანონის თანახმად: „ეპისკოპოსი უნდა დაადგინოს სამთავროს ყველა ეპისკოპოსმა. თუ ყველას შეკრება შეუძლებელი იყოს რაიმე გაჭირვების, ან გზის სიგრძის გამო, სამი მაინც უეჭველად შეიკრიბოს ერთად". იგივე სულისკვეთება გამოიხატა VII მსოფლიო კრების მე-3 კანონში, მოციქულთა I კანონში, ანტიოქიის მე-19 კანონში, სარდიკიის მე-6 კანონში; ლაოდიკიის მე-12 კანონში. საეკლესიო საკითხთა გადაწყვეტილების საუკეთესო ნიმუშია თეოფილე ალექსანდრიელის მეექვსე კანონი. მასში მღვდელმთავრის გამორჩევისა და ხელდასხმის საკითხია განსაზღვრული: „... მთელმა სამღვდელო დასმა ერთხმად გამოთქვას თანხმობა. ეპისკოპოსმაც ისე უნდა განაჩინოს და სამღვდელო დასის თანხმობით ხელი დაასხას მას ეკლესიაში ერის იქ დგომის დროს. ეპისკოპოსი მიმართავს ერს, ემოწმება თუ არა ის მას, როგორც ხელდასხმის ღირსს". ხელდასხმა ხორციელდება ხალხის თანდასწრებით, რომელიც ადასტურებს, მღვდელმსახურნი ეთანხმებიან და ირჩევენ, ხოლო ეპისკოპოსი გამოცდის და ხელს ასხამს. ეკლესია თავისი იერარქიული წეს-წყობის დაურღვევლად მოქმედებს, ვით ერთი სხეული. კრებსითად უნდა აეწყოს ურთიერთობა პირველი ეპისკოპოსისა (მიტროპოლიტი) დანარჩენ ეპისკოპოსებთან: „... ამიერიდან მათ არაფერი არ უნდა გააკეთონ დედაქალაქის ეპისკოპოსის (მიტროპოლიტის) გარეშე, მაგრამ ნურც დედაქალაქის (ეპისკოპოსი) ნუ გააკეთებს ნურაფერს სხვა ეპისკოპოსებთან შეთანხმების გარეშე".5 ასევე კრებსითი პრინციპით უნდა აეწყოს ურთიერთობა ეპისკოპოსსა და მის დაქვემდებარებაში მყოფ სასულიერო პირებს შორის. ამის ნიმუშია ეპარქიის ქონების მართვის საკითხი, რომელიც „პრესვიტერებისა და დიაკვნების შეთანხმებით უნდა გადაწყდეს" (ანტიოქიის 25-ე; კართაგენის 33-ე (42-ე); მოციქულთა კრების 4-ე კანონი). კრების მოწვევის მიზანშეწონილობის შესახებ ძალიან ზუსტად და ცხადადაა განსაზღვრული კონსტანტინოპოლის ორგზისი კრების მეცამეტე კანონში: „ყოვლად ბოროტმა სულმა ქრისტეს ეკლესიაში დათესა მწვალებლობის სარეველა ბალახი... მისი ეს უკეთურება სრულიად უქმად აქცია წმინდა კრებამ..." ეკლესიის ცხოვრებაში კრებსითი ინსტიტუტის უაღრესად დიდი მნიშვნელობის გამო, წმინდა კანონებში განისაზღვრა, რომ კრება წელიწადში ორჯერ უნდა გაიმართოს (მოციქულთა 37-ე კანონი). ამრიგად, კრების მოწვევის ეკლესიოლოგიური მიზანი უცხადესია - ეკლესიის მშვიდობისა და ერთობის აღდგენა. არსებითად ეკლესია ყოველთვის კრებსითად მოქმედებს, მაგრამ მისი წევრები - საულიერო პირები და ერისკაცები ყოველთვის ვერ ახერხებენ (გამოუცდელობისა ან ცოდვილობის გამო) შეთანხმებულ ცხოვრებას კრებსითი ხასიათის მიხედვით. ანტიკრებითი სულისა და ხასიათის გამოვლინება შეიძლება აღმოვაჩინოთ იმ შემთხვევაში, როდესაც კრების მოწვევა გადაიდება ან არც გაიმართება გარკვეული ჯგუფის ან პირის უმრავლესობაზე გამარჯვების მიზნით, ან კიდევ: კრება შედგება, მაგრამ მისი წევრები მოკლებულნი იქნებიან სიტყვის, აზრის თავისუფლად გამოთქმის უფლებას. ჭეშმარიტი ურთიერთობის, თანამუშაკობის, ურთიერთპატივისცემის მიზანია, ეკლესიის ყველა წევრმა, მით უფრო მოძღვარმა, გამოხატოს თავისი აზრი, „გავლენიანმა პირებმა" თუ „გავლენიანმა უმცირესობამ" სხვებს არ დაუშალოს საპირისპიროს გამოთქმა, რათა ჭეშმარიტი, თავისუფალი და კრებსითი ურთიერთობა, პოზიცია გამოვლინდეს. სწორედ ეს გამოხატავს ეკლესიის საერთო შეგნებას. კრების ყველა წევრმა ყურადღებით, ლოცვითა და პატივისცემით უნდა მოისმინოს, რას ამბობს მისი ძმა ქრისტეში, ცხადია იმ პირობით, თუ ის არ იმყოფება ერესში, რათა თავმდაბლური მოსმენით, საკითხის განხილვითა და შეთანხმებით ღვთის ნების გამოვლენისა და მორჩილების შესაძლებლობა მიეცეს. იოანე კიტროსი ამბობს: „ერთობლივად განხილული და განსაზღვრული უკეთესია და უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ცალკეულად თქმული". ეკლესიის ერთიანი პოზიციის, პრობლემათა გადაწყვეტისას კრებსითი პრინციპის უგულებელყოფის ნებისმიერი ფაქტი მეტყველებს მადლმოსილი რწმენის უკმარისობაზე, რაც უმძიმესი ცოდვაა ქრისტეს სხეულის წინააღმდეგ. ეპისკოპოსს შეუძლია ანტიკრებსითად მართოს თავისი ეპარქია შიშისა და არა სიყვარულის საფუძველზე. შედეგად ის იღებს სამწყსოს ბრმა, სამხედრო დისციპლინას და არა მორჩილებას ქრისტეში. ასეთ შემთხვევაში ის მხოლოდ საკუთარ თავს მოიაზრებს ერთადერთ ქარიზმატიკოსად ეპარქიაში, უარყოფს ნიჭებს, რომლის მატარებელნი არიან ადგილობრივი ეპარქიის სხვა სასულიერო პირები და ერისკაცები. შედეგად, ერთობის, ნიჭების კოორდინირების, ეკლესიის სასიკეთოდ გამოყენების ნაცვლად, ეპისკოპოსი ციხის ზედამხედველს ემსგავსება. პატიოსანი მღვდლობა ასეთი იერარქისთვის - არა „ეპისკოპოსის მრჩეველნი", არამედ მხოლოდ ბრძანების შემსრულებელი იქნება. ამ შემთხვევაში პრესვიტერი ვერ გახდება თანამმართველი ეპისკოპოსისა, თანამოძღვარი მისი, იგი მსახურთა რანგში გადადის, მსახურებისა, რომლებიც ხელმძღვანელის ბრძანებას, შესაძლოა, ზედმიწევნით, მაგრამ ენთუზიაზმისა და პირადი მონაწილეობის გარეშე ემორჩილებიან. იგი დაეჩვევა მოვალეობების ცივ, საეკლესიო - ბიუროკრატიულ აღსრულებას. ჩვევის გამო ასეთი სასულიერო პირი ვერ გახდება გულანთებული მოძღვარი ეპარქიის მმართველთა ცვლილების შემთხვევაშიც კი. მსგავსი ანტიკრებსითობა და „დესპოტიზმი" შეიძლება ახასიათებდეს მღვდელსაც, წინამძღვარსაც, მონასტრის იღუმენსაც. კრებსითად მმართველმა მოძღვარმა სამწყსოს ყველა წევრს უნდა მისცეს თავისი სულიერი ნიჭის ეკლესიის სხეულის საკეთილდღეოდ გამომზევება-გამოყენების საშუალება. მოძღვარი და სულიერი შვილები ერთობითა და სიყვარულით უნდა შეეცადონ ეკლესიის ჭეშმარიტების ცხოვრებაში დანერგვას. ჭეშმარიტება მარტო ის არ არის, რომ მოძღვარი ასწავლის, მრევლი კი პასიურად იღებს, არამედ ეს ღვთის ნიჭია, რომელსაც მოძღვარიცა და მრევლიც ერთობით ეზიარება, ცხადია, მოძღვრის სულიერი ხელძღვანელობით. იმ შემთხვევაში, როდესაც თავი მიიჩნევს, რომ ყოველივე თავად, სხეულის სხვა წევრთა გარეშე შეუძლია, ცხადია, ეს იწვევს სხეულისა და სულის სნეულებას. კრებსითი პრინციპით ხელმძღვანელობას არ მივყავართ საეკლესიო დისციპლინის შესუსტებისკენ, როგორც ფიქრობს ზოგიერთი. პირიქით, ის ძლიერდება - როდესაც ეკლესიის კრებულის წარმომადგენლები, თავიანთ გარემოცვასთან ერთად, ზრუნავენ საეკლესიო წეს-განგების დაცვაზე, ამით ისინი სამწყსოს სულისკვეთებასაც წარმოაჩენენ. ეკლესიის კრებსითობა ყოველთვის სუსტდება იმ შემთხვევაში, როდესაც ეკლესიის ზოგიერთი წევრი ან დაჯგუფება არ იმყოფება ეკლესიის სხვა წევრებთან ძმურ დამოკიდებულებაში. (როგორც ეს მოხდა კორინთოს ეკლესიაში. იხ. 1 კორ. 1. 1.12-13). ამ მიზეზით ისინი უარს ამბობენ თანამშრომლობაზე კანონიერად ხელდასხმულ მოძღვართან, მისსავე სამწყსოსა თუ ეპარქიაში. ანტიკრებსითი სული ცხადყოფს ეგოცენტრიზმსა და ქრისტეში ცხოვრების არარსებობას. მის დასაძლევად საჭიროა სინანული და შინაგანი ფერისცვალება ღმერთში, რათა ჭეშმარიტად განვიცადოთ ეკლესიის კრებითი საიდუმლოს საყოველთაობა და კრებსითობა.
1კართაგენის კრება, მეორე კანონი. რჯულის კანონი. გვ. 76. 2ბასილი დიდი. რჯულის კანონი. 47-ე კანონი. 3Св. Иоан Злотоуст. Полное Собрание творений. Т9. М. 2003. გვ. 330. 4იქვე. გვ. 331. 5რჯულის კანონი. ანტიოქიაში შეკრებილ წმინდა მამათა კანონები. კანონი 9. გვ. 37.
არქიმანდრიტი გიორგი (კაფსანისი) Xareba.net - ის რედაქცია
უკან დაბრუნება |