მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ერის ქმედითი მონაწილეობა ეკლესიურ ცხოვრებაში - წმ. იოანე ოქროპირი

ერის ქმედითი მონაწილეობა ეკლესიურ ცხოვრებაში - წმ. იოანე ოქროპირი


5-06-2017, 00:02

ერის ქმედითი მონაწილეობა ეკლესიურ ცხოვრებაში - წმ. იოანე ოქროპირი

 

ერის მონაწილეობა სწავლებაში


   ბუნებრივია, იბადება კითხვა: რაღა საჭიროა სპეციალური მასწავლებლები ეკლესიაში, თუ თვითოეულ ერისკაცს შეუძლია ასწავლოს? „მოძღვრის უკმარისობა - გვიპასუხებს დიდი მოძღვარი - ჩვენი დაუდევრობის შედეგად იბადება"... ყველაფერი, რაც წმ. წერილშია ნათქვამი, უბრალო და ნათელია: ყველაფერი აუცილებელი გასაგებია, მაგრამ, რადგანაც თქვენ მხოლოდ გასართობად გიყვართ მოსმენა, ვერ პოულობთ ამას. მკაცრად რომ ვთქვათ, ქრისტიანისათვის არ არის საჭირო არც მქადაგებელი, არც თვით უფლის სიტყვა (დაწერილი), რადგან მისი დამრიგებელი თავად მასში ჩასახული სულიწმინდის სიკეთეა. სასულიერო პირები უნდა ლაპარაკობდნენ არა საკუთარი, არამედ სულიწმინდის სახელით, რის შედეგადაც მათაც და ერისკაცებსაც „ერთი დამრიგებელი" ჰყავთ და ისინი ერთმანეთის „ძმები" არიან.

   ამიტომაც არ იყო დამამცირებელი იოანე ოქროპირისათვის, ეკლესიური ერისათვის ეთქვა: „მე უარს არ ვამბობ, მოგისმინოთ, მე მინდა თქვენ გარდამქმნათ, მინდა თქვენგან ვისწავლო". მაგრამ რამდენადაც, უკვე წმ. იოანე ოქროპირის დროს ხალხი „უგონობამდე იყო ჩაფლული ყოფით საქმეებში და მანკიერებებში იხრჩობოდა, საეკლესიო კრებულში კი „სჯულის გარდამავალნი და შემსყიდველნი შეიჭრნენ", ეკლესიური ჭეშმარიტების შესაცნობად აუცილებელი იყო გარეგნული საშუალებები, წმ. წერილი და საეკლესიო გარდამოცემა. ერისკაცნი და სასულიერო პირნი ერთიან დამოკიდებულებაში არიან ქრისტიანული ცოდნის ამ სათავეებთან, ერთიცა და მეორეც მათთვის ერთნაირად მისაწვდომი და გასაგებია. „ნუ ელი სხვა მასწავლებელს - შეაგონებს წმინდანი თავის უზრუნველ სამწყსოს - შენ გაქვს ღვთის სიტყვა - ვერავინ გასწავლის ისე, როგორც ის. სხვა მასწავლებელი ხომ ზოგჯერ ბევრს ფარავს, ხან პატივმოყვარეობის, ხანაც შურისა გამო. გთხოვთ, ისმინეთ, ყველანი ამ ცხოვრებასთან  ვართ დაკავშირებული, შეიძინეთ წიგნები - სულის კურნება, სხვა თუ არა (უკიდურეს შემთხვევაში) ახალი აღთქმა, საქმე მოციქულთა და სახარება - ჩვენი მუდმივი დამრიგებლები - მაინც შეიძინეთ".

   „მითხარით, სახლში, რომელი თქვენგანი იღებს ხელში ქრისტიანულ წიგნს, უღრმავდება მის შინაარსს და განიცდის წმ. წერილს? ვერავინ დაიკვეხნის ამას. შაში და კამათელი ძალიან ბევრს მოეძებნება, წიგნი კი (წმ. წერილი) - არავის, ან ძალიან ცოტას, და ისინიც ან სამუდამოდ ინახავენ მათ კარადაში ან ინტერესდებიან მხოლოდ ტყავის (რაზეც წიგნია დაწერილი) სინატიფით, ნაწერის მშვენიერებით და არა კითხვით".

   „ნურავინ მეტყვის ამ გულგრილ და გაკიცხვის ღირს სიტყვებს: სამსჯავროს ვარ მიჯაჭვული, საზოგადოებრივ საქმიანობას ვეწევი, ხელობას ვსწავლობ, ცოლი მყავს, შვილს ვზრდი, ოჯახს ვუძღვები - მე ერისკაცი ვარ. წმ. წერილის კითხვა ჩემი კი არა, იმათი საქმეა, ვინც ეს სოფელი უარყო, მთათა სიმაღლეები დაიპყრო და მუდმივად ასე ცხოვრობს. რას ამბობ, ადამიანო? წმ. წერილის შემეცნება იმიტომ არ არის შენი საქმე, რომ შენ ურიცხვ საზრუნავში ხარ ჩაფლული! არა, ეს შენი საქმე უფროა, ვიდრე მათი: ისინი იმდენად არ საჭიროებენ წმ. წერილის დახმარებას, რამდენადაც უამრავ საქმეში ჩაფლულები. ბერები განერიდენ ხმაურსა და შფოთს და უდაბნოში დადგეს კარვები, არავისთან არავითარი ურთიერთობა არა აქვთ, მაგრამ დაუბრკოლებლად სიბრძნისმოყვარებენ ამ მიწიერ სიჩუმეში, თითქოს ნავსაყუდელში არიან და სიმშვიდით ტკბებიან, ჩვენ კი, ვინც ზღვაში მყოფთა მსგავსად ვშფოთავთ და უამრავ ცოდვას ჩავდივართ, ყოველთვის გვჭირდება წმ. წერილიდან მუდმივი ნუგეშინისცემა.

   ერისკაცისათვის მიბაძვის მაგალითი უნდა იყოს „ეთიოპიის დედოფლის საჭურისი", რომელიც წმ. წერილს ეტლზე მდგომი კითხულობდა და არ დაბრკოლებულა იმით, რომ არ ესმოდა წაკითხული. „აიღე წიგნი, წაიკითხე, გასაგები გონებაში ჩაიბეჭდე, გაუგებარი კი რამდენჯერმე გადაიკითხე. თუ მუდმივი კითხვით ვერ შეძლებ წაკითხულის გაგებას, ბრძენს მიაშურე, მასწავლებელთან მიდი, შეაჯერე მათთან წაკითხული, გამოაჩინე შენი გულმოდგინება, ღმერთი დაინახავს შენს ასეთ მდგომარეობას და არ უგულებელყოფს შენს გამუდმებულ ზრუნვას. თუ ადამიანი ვერ აგიხსნის საძიებელს, თავად ღმერთი გააკეთებს ამას".

   ცხადია „ბრძენში" წმინდანი საღვთო წერილში განსწავლულ ერისკაცს გულისხმობდა, „მასწავლებელში" კი - მღვდელს. წმინდანის სწავლების მიხედვით, თუ ერისკაცს არავინ ჰყავს, ვინც განუმარტავს გაუგებარს, მან თვითონ უნდა დაძაბოს გონება ჭეშმარიტების შესაცნობად და ღმერთს სთხოვოს შთაგონება. არ შეიძლება ერისკაცი დაეყრდნოს მზა ქრისტიანულ მსოფლმხედველობას, რომელსაც მას მღვდელი ჩააგონებს. ერისკაცმა ის თავად უნდა გამოიმუშავოს წმ. წერილის, „ცოდვების, ერესისა და გარყვნილი ცხოვრებისაგან ამ დიდებული დამცველის" გულმოდგინე შესწავლით. ეკლესიურ ერს უფლება არა აქვს გაუაზრებლად მიიღოს სწავლება, თუნდაც მას საეკლესიო იერარქიის წარმომადგენლები ასწავლიდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში იქმნება რწმენა ავტორიტეტული ადამიანებისა, რომლებიც ცნობილ სწავლებას ქადაგებდნენ და არა თავად სწავლებისა. საეკლესიო სწავლებაში ასეთ შემთხვევაში, რასაკვირველია, კვდება. ხალხი არაფერს მატებს ეკლესიის სხეულს, სასულიერო პირი კი, თავისთავში ჩაკეტილი, არ ცხოვრობს ეკლესიის სხეულის სასიცოცხლო ძალით და წყდება მას, როგორც გამხმარი ტოტი ცოცხალ მცენარეს.

   წმინდანი განსაკუთრებული ენერგიულობით აღუდგება წინ ხალხის პასიურობას ქრისტიანობის დოქტრინალურ საკითხებში და მიესალმება ხალხის ქმედით მონაწილეობას ჭეშმარიტი ეკლესიური სწავლების დაცვასა და შენახვაში. სასულიერო პირნიც ხომ ადამიანები არიან, სისუსტეებითა და უძლურებით, აქედან გამომდინარე, არ შეიძლება ისინი უცდომელად ვაღიაროთ და მათი სწავლება ციურ გამოცხადებაზე ბავშვური მინდობით მივიღოთ...

   ამა თუ იმ მქადაგებლის ჭეშმარიტების კრიტერიუმი წმ. წერილთან მისი თანხმობაა. „ვინც ეთანხმება (წმ. წერილს), ის ქრისტიანია, ვინც არ ეთანხმება, - შორს არის ამ წესიდან". მაშასადამე, დამღუპველ მწვალებლობაში რომ არ ჩავარდეს, მრევლი ბრმად არ უნდა მიენდოს სამღვდელოებას, არამედ იპყრას განსაზღვრული სწავლება, რომელიც თავის საფუძველში ეთანხმება ქრისტეს ეკლესიის წინა თაობის სწავლებას.

   წმ. მამა არ ეთანხმებოდა ქრისტიანული ჭეშმარიტების მხოლოდ გონებრივ შესწავლას, რადგან გონება მას მხოლოდ ანაწილებდა, აქუცმაცებდა და არ ახდენდა მის სინთეზირებას ერთ, მრავალმხრივ მთელად, რაც ადამიანის სულის სისავსით მიიღწევა.

   აუცილებელია, თითოეული ერისკაცი ქრისტიანული სწავლების აპოლოგეტი გახდეს, რომ ერეტიკოსებსა და ურწმუნოებს არ მისცეს გამარჯვების უფლება. „თქვენ რომ ყურად იღებდეთ წმ. წერილს, ამ სულიერ იარაღს და ყოველდღიურად განისწავლებოდეთ მასში, მე აღარ დაგიწყებდით დარწმუნებას, რომ თავი აგერიდებინათ წარმართებთან და ერეტიკოსებთან ბრძოლისათვის. პირიქით, მათთან ბრძოლას გირჩევდით, რამეთუ ჭეშმარიტება ძლიერია, მაგრამ რადგან თქვენ არ იცით, როგორ გამოიყენოთ წმ. წერილი, მე მეშინია ამ ბრძოლის, მეშინია, რომ ისინი თქვენ უიარაღოდ გნახავენ და გძლევენ".

   ხალხის გულგრილობა, მოძღვრის დაუხმარებლობა სწავლების საქმეში ღრმად აწუხებდა წმ ოქროპირს.

   ... „იცოდეთ, ვისაც ხუთი ტალანტი მიეცა, ის მასწავლებელია, ხოლო ვისაც - ერთი, ის - მოსწავლე. თუკი მოსწავლე იტყვის: მე მოსწავლე ვარ, მე არ მეხება (სხვისი სწავლება) და დამალავს ღვთისაგან მოცემულ სიტყვის მადლს, სრულებით არ განამრავლებს, არ შეაგონებს, არ დაარიგებს, არ ამხელს, არ დაარწმუნებს, როცა ის თავის ნიჭს მიწაში დაფლავს, მაშინ ვერ გაამართლებს სიტყვებს: მე მხოლოდ ერთი ტალანტი მაქვს. გქონდა ერთი ტალანტი? ერთი ტალანტი მაინც უნდა მოგეტანა, გაგეორმაგებინა. კიდევ ერთი ტალანტი რომ მოგეტანა, დამნაშავე არ იქნებოდი, რადგან ორი ტალანტის მომტანს უფალი არ ეტყოდა: რატომ არ მოიტანე კიდევ ხუთი ტალანტი. რატომ? იმიტომ, რომ ის აკეთებდა იმდენს, რამდენიც შეეძლო, იმის გამო არ გაზარმაცდა, რომ ხუთი ტალანტის მიმღებზე ნაკლები მიიღო, უზრუნველობის საბაბად არ გამოიყენა მცირე ნიჭი. ასევე შენც არ უნდა გეყურებინა ორი ტალანტის მფლობელისთვის. ან უკეთესი იქნებოდა მისგან აგეღო მაგალითი: როგორც ის, ორი ტალანტის მფლობელი ჰბაძავს ხუთი ტალანტის მქონეს, შენც ისევე უნდა მიგებაძა ორი ტალანტის მქონესათვის, რადგან თუკი სასჯელი ელოდება მდიდარს, რომელიც მოწყალებას არ აძლევს გლახაკს, მაშინ ის, ვისაც შეუძლია შეაგონოს და ამას არ აკეთებს, უფრო დიდ სასჯელს არ დაიმსახურებს? იქ იკვებება ხორცი, აქ - სული, იქ შენ დროებითი სიკვდილისგან გადაარჩენ, აქ - მარადიულისაგან."

  მჭერმეტყველების ნიჭის არმქონესაც შეუძლია იყოს „მასწავლებელი", მოძღვარი საკუთარი სახლისა, მეგობრებისა, ცოლისა, სახლეულისა, შვილებისა და მთელი თავისი მიწიერი საცხოვრებელი „ეკლესიად" გადააქციოს... მე თქვენთან კვირაში ერთხელ ან ორჯერ ვსაუბრობ, შენ კი მუდამ სახლში გყავს მოსწავლეები - ცოლი, შვილები, მსახურები - საღამოს, ტრაპეზზე და მთელი დღის განმავლობაში შეგიძლია აღზარდო ისინი." ამასთან ერისკაცის სწავლება არ უნდა შემოისაზღვროს ნათესავების, მეგობრების ვიწრო წრით, ის უნდა გავრცელდეს საერთოდ მოყვასზე.

   ყოველი ერისკაცის წმ. მოვალეობაა, დანერგოს ქრისტიანობა სწორი სწავლების ან სიყვარულით სავსე მხილების გზით, პირველი იმაში მდგომარეობს, რომ სიტყვები, და რაც მთავარია, ამაღლებული ცხოვრებით, იყო მფარველი და ხელმძღვანელი ჭეშმარიტი ქრისტიანობისა. „ჩვენ თქვენ გაძლევთ შესაძლებლობას ასწავლოთ - ამბობს წმ. მამა - სწავლება საქმეებით გაცილებით მნიშვნელოვანია". დაე, ერისკაცს ახსოვდეს, რომ „დაცემული ისჯება არა მარტო თავისი დაცემისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ სხვები დასცემს; ისევე, როგორც შეუდრეკელი ჯილდოვდება თავისი გამბედაობისათვის და იმსახურებს პატივისცემას სხვებში მოშურვეობის გაღვიძებისათვის."




წმ. იოანე ოქროპირის სწავლებათა მიხედვით 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება