მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > აღმზრდელს საღმრთო სჯულის სწავლების შესახებ - წმ. ეპ. ნიკოლოზ სერბელი (ველიმიროვიჩი)

აღმზრდელს საღმრთო სჯულის სწავლების შესახებ - წმ. ეპ. ნიკოლოზ სერბელი (ველიმიროვიჩი)


11-03-2017, 00:07

 

   თქვენ ურისხდებით ზოგიერთ მეგობარს, რომელიც ამრეზით უყურებს საღმრთო სჯულის სწავლებას სკოლებში. ამის ნებაცა გაქვთ. თქვენი რისხვა სამართლიანაია. ამგვარი განრისხება ფასეულია ღვთის წინაშე. მაგრამ სარგებელს ვერ მოიტანს მხოლოდ რისხვა და მტკიცება. ამასთან საჭიროა ვილოცოთ მათთვის, ვინც თავისი უგუნურებით წინ აღუდგა საღმრთო სჯულს სკოლებში, ვილოცოთ, რომ უფალმა თვალი აუხილოს იმის შესაცნობად, თუ როგორ ჭრიან ტოტს, რომელზედაც სხედან.

   რადგან ჭეშმარიტად, ქრისტიანი ახალგაზრდობის ყოველმხრივი აღზრდა ქრისტეს მოძღვრების ურყევ კლდეზეა დაფუძნებული. ასეა ქრისტიანული ისტორიის დასაბამიდან, ასე უნდა იყოს დღეს, ხვალ და უკუნითი უკუნისამდე. ასეთ აღზრდას არც წარსულში შევურცხვენივართ და არც მომავალში შეგვარცხვენს. მან მოგვცა ის საუკეთესო ადამიანები, რომლებიც ჩვენი ისტორიის სამკაულად იქცნენ ისევე, როგორც ვარსკვლავნი ამკობენ ცის კამარას და დიდია ამ დედათა და მამათა, ჩვენი ისტორიის ციური მანათობელთა რიცხვი. ან სხვა რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს აღზრდას, თუ არა ნამდვილ ადამიანთა ჩამოყალიბება. მეცნიერება აღზრდის შესახებ ჩვენთვის და ყველა ნათელღებული ერისათვის უცილობლად ქრისტეს მოძღვრებით უნდა განმტკიცდეს. თუკი აღზრდა გაემიჯნება ქრისტეს სწავლებას, ქრისტეს მოძღვრება არ დაიღუპება, დაიღუპება აღზრდა და დაიღუპებიან ნამდვილი ადამიანები. თუ აღზრდა გაქრება სკოლებიდან, სკოლა საშიში გახდება ადამიანებისა და ხალხებისათვის, რამეთუ კაცი განათლებული, მაგრამ უზნეო, ბევრად უფრო საშიშია საკუთარი თავისა თუ სხვებისათვის, ვიდრე უზნეო და გაუნათლებელი, რადგან ეს უზნეოა უძლურების, ხოლო პირველი - რწმენის გამო. რწმენის შელახვა, გარდაუვლად იწვევს ზნეობის შებღალვას. ამას ბიბლიური და საერთოქრისტიანული ისტორიებიც მოწმობენ. თუკი ისრაელის ერთი მეფეთაგანი ღმერთს განუდგებოდა, იგი ზნეობასაც განეშორებოდა ხოლმე. რადგან როგორც მდინარე უკავშირდება სათავეს და შუქი მზეს, ისე ზნეობრივი ცხოვრება უკავშირდება რწმენას. „მე ვარ გზა" (იოან. 14.16), თქვა ქრისტემ, „მე წყურიელსა მივჰსცე წყალი წყაროსა მისგან წყლისა ცხოველისა უსასყიდლოდ" (გამ. 21.6), „ნათელი ვარ სოფლისა" (იოან. 9.5).

   სად წავიყვანთ ბავშვებს ამ გზიდან თუ არა დასაღუპად, რით დავაწყლულებთ მათ მწყურვალ სულებს სიცოცხლის წყაროს გარეშე, თუ არა მიწიერი მღვრიე წყლით, რომელსაც ცხოველები სვამენ? რით გავანათლოთ ამ შუქის გარეშე - მაცდური ჩვენებებით?

   მაგრამ ამბობენ, საღმრთო სჯული ჩვენი განათლებული დროისათვის არ გამოდგებაო, არ ვიცი, მხოლოდ ვხედავ, რომ ჩვენს დროშიც საუკეთესონი ის ადამიანები არიან, ვინც ღვთის რწმენასა და საღმრთო სჯულს იმარხავენ. და არ ვიცი, სხვა რა მეცნიერება შეძლებს შეცვალოს ქრისტეს მოძღვრება ახალგაზრდობის აღზრდაში. გახსოვდეს, არ არსებობს არცერთი სხვა მეცნიერება ადამიანის, მისი სიცოცხლის აზრისა და იმის შესახებ თუ როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი ადამიანი სარწმუნოებრივი სწავლების გარეშე.

  ამგვარად, არავის ძალუძს სხვა ციტადელი დაუდოს აღზრდას, არც ჩვენს დროში და არც ათასი წლის შემდეგ, რომელიც თავის თავზე ამბობს: „თვინიერ ჩემისა არა რა ძალგიძსთ ყოფად არცა ერთ" (იოან. 15.5).

   მშვიდობა შენდა, ღმერთმა გაკურთხოს!

 

 

 

წმ. ეპ. ნიკოლოზ სერბელი (ველიმიროვიჩი) 

 Xareba.net-ის რედაქცია 


უკან დაბრუნება