მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია - გორტანისა და მეგაპოლისის მიტროპოლიტი იერემია
ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია - გორტანისა და მეგაპოლისის მიტროპოლიტი იერემია12-10-2024, 23:33 |
1. არაერთგზის მითქვამს, ჩემო ძვირფასო ქრისტიანებო, რომ ყოველივე ჩემს მიერ თქმული გახლავთ ის, რაც უნდა დავიცვათ ის წმიდად და დაუმახინჯებლად. როგორიც გადმოგვეცა, ისეთივე გადავცეთ ჩვენს შვილებსა და მომავალ თაობას. ამიტომ მე, როგორც ეპისკოპოსი, ვიღებ პასუხისმგებლობას ერის სარწმუნოებრივი განმტკიცების საქმეში, რომელსაც ვემსახურები. ვუტოვებ მათ ჩემს ქადაგებებს, რომლებიც ღვთის მადლით გამოვეცით წიგნად. ვიწყებ ლექციებს - მიძღვნილს მართლმადიდებლური სარწმუნოებისადმი. დღევანდელ სიტყვაში ვისაუბრებ ეკლესიის შესახებ. რა არის ეკლესია, ჩემო ქრისტიანო მეგობრებო! მოდით, ყურადღება მივაპყროთ ამ საკითხს, ვინაიდან ის ერთობ მნიშვნელოვანია. წინათაც და დღესაც ჩნდებიან სხვადასხვა პირები, რომლებიც თავის საკრებულოს „ეკლესიას" უწოდებენ. მაგალითად, მსმენია, როგორც საუბრობენ „რომის", „ევანგელისტების", „სმიტის" და მრავალ სხვა „ეკლესიაზე". მაგრამ ჭეშმარიტი ეკლესია ერთია. ის, რომელიც დააარსა იესო ქრისტემ თავისი წმინდა მოციქულების მეშვეობით. და ეს მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია გახლავთ. 2. რატომ ვამბობთ, რომ მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიაა ერთადერთი ჭეშმარიტი ეკლესია? იმიტომ რომ ის ფლობს ისტორიულ კავშირს, ეკლესიის მემკვიდრეობას, რომელიც დაფუძვნებული იყო თვით ქრისტეზე და მოციქულთა სწავლებაზე. დიახ! ჩვენი ეკლესია საფუძვლიანად იცავს წმინდა მოციქულთა სწავლებას, არაფერს აკლებს და არაფერს უმატებს მას. ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია ისტორიულ კავშირშია პირველ, ძველ ეკლესიასთან, იმიტომ რომ მოციქულებრივი მემკვიდრეობა გააჩნია. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი მართლმადიდებელი ეპისკოპოსის ხელდასხმის დროს იმავე მღვდელთმთავრობის მადლის თანაზიარი ხდება, რომელიც წმინდა მოციქულებს გააჩნდათ. ვინაიდან ეს ეპისკოპოსები ხელდასხმულ იყვნენ ეპისკოპოსების მიერ, რომელთა ღვაწლი წმინდა მოციქულთა ღვაწლის გაგრძელება გახლდათ. ანუ მოციქულები ხელს ასხამდნენ თავის მოწაფეებს, ხოლო ისინი თავისას და ამგვარად, უწყვეტლივ გრძელდებოდა და მოვიდა დღემდე და იქნება უკუნისამდე. ასე რომ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია ისტორიული მემკვიდრეა პირველი, წმინდა მოციქულთა ეკლესიისა, იმიტომ რომ: 1) ის შეუცვლელად ფლობს მის სწავლებას, 2) ეპისკოპოსების ხელდასხმის დროს მას გააჩნია მოციქულებრივი მემკვიდრეობა. 3. ორივე ეს საკითხი, ჩემო ძვირფასებო, გახლავთ დასტური იმისა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არის ერთადერთი ჭეშმარიტი ეკლესია. ამდენად, ჩვენი ეკლესიის სწავლება არაა შეთხზული პაპის ან ლუთერის მიერ, რომლებმაც დაამახინჯეს ქრისტესა და მოციქულების სწავლება. ჩვენი ეკლესია არასდროს აღიარებდა თვითმარქვია ხელდასხმულ ეპისკოპოსებს, არამედ ამ მოვლენასთან ყოველთვის უკომპრომისოდ იბრძოდა, აწარმოებდა და მსხვერპლგაღების შედეგად რჩებოდა მოციქულებრივი სწავლებისა და მემკვიდრეობის ერთგული. ამას ვერ იტყვის თავის თავზე სხვა თვითმარქვია ერეტიკული „ეკლესიები". მათ არა აქვთ ზემოთ ხსენებული საფუძვლები, მათი ისტორია არ ადის საწყისებამდე. ის, რასაც ამბობენ ერეტიკოსები, არ უთქვამთ მოციქულებს, ის მათი ხელმძღვანელების შეთხზული ვარაუდებია. ჩვენ ვამბობთ, რომ „გვწამს იმის, რისიც ყოველთვის სწამდათ, რისიც ყველგან სწამდათ და რისიც ყველას სწამდა!" არაერთგზის გვითქვამს, რომ ეკლესია მაშინაა ჭეშმარიტი, როდესაც მას შეუძლია ისტორიულად დაამტკიცოს, რომ ის დააფუძვნა ქრისტემ, რომ ფლობს უწყვეტ, ცოცხალ კავშირს პირველი ეკლესიის მემკვიდრეობასთან. ასეთი კი მხოლოდ ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიაა. 4. კიდევ ერთი ნიშანდობლივი თვისება ჩვენი ეკლესიისა გახლავთ სრული მსგავსება პირველ ეკლესიასთან. მაგალითს მოვიშველებ: დღესაც, როგორც ძველად, მართლმადიდებელი ეკლესია სრული შთაფვლით ნათლავს და არა სხურებით, როგორც ლათინები. ჩვენ მირონს ვცხებთ და ვაზიარებთ მონათლულებს ქრისტეს საიდუმლოებებით, როგორც ძველ ეკლესიაში. ღვთაებრივი ლიტურგიის დროს ვამბობთ „კარნი, კარნი", როგორც ძველ ეკლესიაში ამბობდნენ კათაკმეველთა კვერექსის დროს, თუგინდ არ იყვნენ დღეს კათაკმეველნი. ამიტომ ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია, პირველი ეკლესიის მსგავსად, არის უცვლელი, როგორც სარწმუნოებრივი, ისე წესჩვეულებრივი კუთხით. ეკლესია ჩვენი ოჯახია და ყველა ოჯახის წევრი იმავე განცდით, იმავე „სუნთქვით" ცოცხლობს. ღვთისადმი შვილობის განცდას ეკლესიაში ღვთაებრივი საწყისები აქვს, ამიტომ ის ისეთივეა, როგორც ძველად, ისეთივე იქნება ნებისმიერ ისტორიულ ეპოქაში. ამრიგად, ჭეშმარიტ ეკლესიაში, ვინც ნამდვილად ცხოვრობს ღმერთში, მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილის თქმით, აქვს „ღვთისმეტყველება". ჩვენი ეკლესია ჭეშმარიტია, მასში მკვიდრობს იესო ქრისტე, მისი ხელმძღვანელობით ეკლესია მოღვაწეობს სამყაროში.
მიტროპოლიტი იერემია Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |