მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ეკლესია - ვენახი (ნაწილი I)
ეკლესია - ვენახი (ნაწილი I)9-01-2016, 00:00 |
ქრისტეს მორწმუნენი თითქოსდა ორ ჯგუფად იყოფიან: ერთნი იესუ ქრისტესაგან მიწიერი ცხოვრების კეთილდღეობას ელიან, მეორენი - მარადისობაში სულის ცხონებას. ერთნი ეკლესიას ერთგვარ ორგა-ნიზაციად აღიქვამენ, თუმცა სრულყოფილ, ღვთაებრივ, მაგრამ მაინც ორგანიზაციად, რომლის წევრები (როგორც ეს სხვა ნებისმიერ ორგა-ნიზირებულ კავშირში ხდება) ერთმანეთთან ერთობლივი მიზნებით, მრწამსითა და შეხედულებებით არიან დაკავშირებულნი, - ორგა-ნიზაციად, რომლის ძირითადი დანიშნულება მიწიერი ცხოვრების კეთილდღეობაა, მასში სიმშვიდის, წესრიგის, ამაღლებული იდეა-ლების, ადამიანთა საზოგადოების სრულყოფის შემოტანაა. მათი მოლოდინი ძირითადად მიწიერისა და დროებითისაკენ არის მიმართული.1 მორწმუნეთა მეორე ნაწილი ადამიანის მიწიერ ცხოვრებას უმნიშვ-ნელო, დაუსრულებელი მარადისობის წინამდებარე ეტაპად მიიჩნევს. მორწმუნეთა პირველი ჯგუფისთვის - ქრისტე არის წინასწარ-მეტყველი, მასწავლებელი, დედამიწაზე ბედნიერი, მშვიდობისა და ერთობის მეუფების დამამკვიდრებელი. მეორე ჯგუფისათვის - იესუ ქრისტე - არის თესლი, საწყისი, წყარო და თავი ახალი, მის განხორციელებამდე არარსებული ორგანიზმისა, მფლობელი ახალი, ადამიანთათვის იქამდე უცნობი, არსობრივად სხვაგვარი ცხოვრების წესისა. ეს არის უმთავრესი ქრისტიანობაში, სხვა დანარჩენი თით-ქოსდა მეორეხარისხოვანია და ამ ძირითადის მხოლოდ ბუნებრივ დანართს შეადგენს. მაშ ასე, - ქრისტეს ეკლესია არა მხოლოდ „ორგანიზაციაა" - იგი ცოცხალი ორგანიზმია, სხეული ქრისტესი, სულიწმიდით განმსჭვალული, რომლის თავი - ქრისტეა. ამ მცნების განმარტებისათვის მოვიყვანთ საყურადღებო ანალოგიას: თავად უფალი, როდესაც თავის თავს ვენახს ადარებს, ხოლო მისდამი მორწმუნეთ - რტოებს, გვიჩვენებს სახეს იმისას, რაც ხორციელდება მის ეკლესიაში. ვენახის მსგავსია ეკლესია - იგი სხეულია ქრისტესი. მოდით დავაკვირდეთ, რა ხდება ცოცხალ ვენახში, როდესაც ის იწყებს ზრდას? რაღაც ძალა მასში, რომელსაც ჩვენ „სიცოცხლეს" ვუწოდებთ - მიწისაგან იღებს უსიცოცხლო, არაორგანულ ნივთიერებას და თავის სიცოცხლეს ანიჭებს, ორგანულსა და ცოცხალს ხდის მას. ასევეა ეკლესიაშიც - ძალი ქრისტესი იღებს უსიცოცხლოს (ე.ი. მხოლოდ ფიზიკურად ცოცხალს), შეიწოვს თავის სხეულში და უზენაესი წესის თანაზიარს, მარადიულ ცხოვრებას უბოძებს მას, ხრწნადს გარდაქმნის უხრწნელად (1 კორ. 15. 42. 53). ეს მსგავსია იმისა, როცა ადამიანის ორგანიზმი ღებულობს მცენარეულ საკვებს, და ის, რაც ცოცხლობდა მხოლოდ მცენარეული სიცოცხლით, ადამიანში შეწოვის შემდეგ, იწყებს ადამიანური ცხოვრებით არსებობას, ხოლო ადამიანის ორგანიზმი მის მიერ უკვე შეთვისებული მცენარეულით ცხოვრობს. ასევე ქრისტეს სხეულის ნაწილად ქცეული ადამიანიც იწყებს ცხო-ვრებას ქრისტეში, ხოლო ქრისტე იწყებს ცხოვრებას მასში. და აი, ჩვენი სხეულის უჯრედი დამოუკიდებული ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ ამ ცხოვრების გარდა მათ კიდევ სხვა ცხოვრებაც გააჩნიათ - ის, რომელსაც ჩვენი პირადი სული ანიჭებს მათ. ვინაიდან ყველა ეს უჯრედი ჩვენში ცხოვრობს, ხოლო ჩვენ მათში, მათ საერთო ცხოვრება და ურთიერთკავშირი გააჩნიათ, თუ ჩვენ გარდავიცვლებით, მაშინვე უსულო სხეულში ეს უჯრედები, რომლებიც თუმცა ჯერ კიდევ ინარჩუნებენ მცირე ხნით თავიანთ სიცოცხლეს, კარგავენ ჩვენში სიცოცხლეს და ურთიერთშორის კავშირს. და აი მოციქულიც თითქოსდა ასე ამბობს: „როდესაც მე ქრისტეს სხეულის ნაწილი შევიქმენი, თუმც ცოცხალი ვიყავი უჯრედის მსგავსად, შეიცვალა ჩემი ცხოვრების ცენტრი, მისი აზრი და მნიშვნელობა", „და მე კი აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში" ჩვენი სხეულის უჯრედს რომ ჩვენი პირადი ადამიანური ცხოვრების შეცნობა და გაგება შეეძლოს, მაშინ, ალბათ, ასე იტყოდა: „მე ცოცხალი ვარ, მაგრამ ვცოცხლობ უკვე არა მე, არამედ ჩემში ცოცხლობს ეს ადამიანი". „და მხოლოდ იმ უჯრედს შეუძლია, მთელი ორგანიზმის ცხოვრება გაიაზროს, რომელიც უარს იტყვის თავის დამოუკიდებელ ცხოვრებაზე". „რომ იხსნა სული თვისი, უნდა წარიწყმიდო იგი." (ლუკ. 9. 24). სიცოცხლე რომ მოიპოვო - თავდაპირველად უარი უნდა თქვა ინდ-ივიდუალურ ცხოვრებაზე იმისათვის, რომ მკვდარმა ნივთიერებებმა, მიწამ, მტვერმა სიცოცხლე მოიპოვონ, აუცილებელია, რომ მათ შეწყვიტონ „სიცოცხლე" თავიანთი პირვანდელი არსებით; მათ უნდა იცხოვრონ ვენახში, უნდა იცხოვრონ ვენახით. უფალი ბრძანებს, რომ იგი ახალი არსების, ახალი ორგანიზმის (და არა ორგანიზაციის) საწყისია, რომ იგი თავია ამ არსებისა, ხოლო მისი მორწმუნენი - მისი მიმდევრები - ამ ორგანიზმის წევრები არიან; და როგორც მას აქვს თავის თავში უხრწნელი სიცოცხლე, ასევე მხოლოდ მის ნაწილებს შეუძლიათ იქონიონ მარადიული ცხოვრება. „რომელსა ჰრწმენეს ძე, აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი, ხოლო რომელი ურჩ იყოს ძისა, არა იხილოს ცხოვრებაი" (იოან. 3. 36), „მე ვარ ვენახი, და თქვენ რტონი; რომელი დაადგრეს ჩემ თანა, და მე მის თანა, ამან მოიღოს ნაყოფი მრავალი უკეთუ ვინმე არა დაადგრეს ჩემ თანა, განვარდეს გარე, ვითარცა ნასხლევნი და განხმეს" (იოან. 15. 5-5). „მე ვარ აღდგომაი და ცხოვრებაი, რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღა-თუ-კუდეს, ცხონდეს და ყოველი რომელი ცოცხალ არს და ჰრწმენეს ჩემი, არა მოკვდეს იგი უკუნისამდე" (იოანე. 11. 25-26). ქრისტე თავის მორწმუნეთ „ორგანიზაციაში" როდი იზიდავს, არა-მედ იერთებს თავის თავთან მათ, თავის ცხოვრებაში შეჰყავს ისინი - მსგავსად ვენახისა, რომელიც მიწისაგან იწოვს წვენს. აქ აღესრულება გონებისათვის მიუწვდომელი და მხოლოდ რწმენით მისაღები უდიდესი საიდუმლო. მაგრამ ყოველივე ეს რა იდუმალებით მოცული და ბოლომდე მიუწვდომელია, რაც ხდება ზრდად ვაზში, როდესაც ის შეუხედავი მიწისაგან იღებს მოლეკულებს და მათგან ქმნის მაგარ ღეროს, განავრცობს ხვიარა რტოებს, გამოაქვს ყვავილი, მტევნებს ავსებს ტკბილი წვენით - და ყოველივე ეს სასწაულებრივად იძერწება მტვრისა და უსიცოცხლო ნივთიერებისაგან, რომლებსაც ჩვენ ფეხქვეშ ვთელავთ. მაგრამ ეს „პატარა საიდუმლოება" სახეა საიდუმლოებათა საიდუმლოებისა. და თუ ჩვენ სწორედ აი ასე დავინახავთ ეკლესიას, როგორც ცოცხალ ორგანიზმს, მაშინ გაგვიადვილდება გაგება იმისა, თუ რა ხდება დღეს მართლმადიდებლურ სამყაროში; უფრო ადვილად გავიგნებთ გზას თანამედროვე ქაოსსა და წყვდიადში, რომლებიც უფრო და უფრო ამძიმებენ მორწმუნეთა სულებს. მაშინ შევძლებთ დავძლიოთ და თავი დავაღწიოთ იმ ცდუნებებს, რომლებიც ცდილობენ ჩრდილი მიაყენონ ეკლესიას, ზოგჯერ კი მას სიკვდილის ზღურბლზე მყოფად წარ-მოგვიდგენენ. მაჟამად ხალხი ხშირად ბრკოლდება იმით, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის თანამედროვე წარმომადგენელნი აღარ გვანან ძველ ქრისტიანებს, და ამიტომ ჰგონიათ, რომ ეს აღარ არის ის ძველი ეკლესია, რომელიც მიწაზე დააფუძნა იესუ ქრისტემ. მაგრამ, თუ ჩვენ ვაღიარებთ, რომ ეკლესია არაა ქრისტიანული პარ-ტია, კავშირი ან ორგანიზაცია, არამედ ესაა ტაძარი, რომელშიც ცხოვრობს სულიწმინდა, ქრისტეს სხეული, ცოცხალი ორგანიზმი და მორწმუნეთა დიდი უმრავლესობისათვის ესაა ცხოვრება ქრისტეში - მაშინ ეს გაუგებრობა ყოველგვარ აზრს დაკარგავს. ასეთი შეხე-დულებისას - თითით მინიშნება ცალკეულ უღირს ქრისტიანზე, თუგინდ მღვდელსა თუ მღვდელმთავარზე ანდა ეკლესიის ეპის-კოპოსთა დიდ ჯგუფზე, რომელთაც ბევრ რამეში გადაუხვიეს მართლმადიდებლობისაგან... - ეს იგივე იქნება, ტოტებგაშლილ ხესთან რომ მიხვიდე, მის ტანზე არსებულ ფუღუროზე მიუთითო და თქვა: თქვენ ამტკიცებთ, რომ ხე ცოცხლობს - რომ იგი ცოცხალი და რეალურია, მაგრამ შეხედეთ, აქ ხომ ნაფშვენებით ამოვსებული ცარიელი ადგილია... ან მოვიყვანოთ სხვა სახის მაგალითი: ადამიანის სხეულზე ავთვი-სებიანი სიმსივნე ამოიზარდა - ასე დადგინეს ექიმებმა. იბადება კითხვა: ადამიანი ცოცხლობს მთელს სხეულში. მის ხელსა და ფეხშიც სიცოცხლეა, - ცოცხლობს კი ადამიანი ამ „სიმსივნეში"? სანამ „სიმსივნე" მგრძნობიარეა და ადამიანი გრძნობს მასში ტკივილს, მანამდე შეიძლება ითქვას - იგი მასში ჯერ კიდევ ცოცხლობს, მაგრამ თუ მგრძნობელობა დაკარგულია - იგი უკვე აღარ არის სხეულის ნაწილი. ამგვარად, თუ ვინმე მორწმუნეთაგან აღარ ისმენს ძმათა და მამათა დარიგებებს, მაშინ იგი ხდება, „ვითარცა მეზუერე და წარმართი" (მათ. 18. 17), როგორც ვაზისაგან მოკვეთილი რტო. მაგრამ ასე არ იქნებოდა, ეკლესია მხოლოდ ორგანიზაცია რომ ყოფ-ილიყო მაშინ - ეკლესიის „ხელმძღვანელთა" ჭეშმარიტი სულის მცირედი გადახრისას შემთხვევაშიც კი, „ორგანიზაცია" უმალ შეიცვლიდა თავის სახეს, წესებს, გაგებას, მიზანსა და დანიშნულებას, რაოდენ ამაღლებული იდეალები და მიზნებიც არ უნდა ასულ-დგმულებდეს ასეთ ორგანიზაციას - მისი წევრი მაინც უამრავი საცდურის პირისპირ სრულიად დაუცველი, მხოლოდ ამაღლებული ცხოვრების მეოცნებედ რჩება, რომელსაც არ ძალუძს მასში შესვლა (ძველი ელინური ფილოსოფოსების მსგავსად). მაგრამ საქმე სულ სხვაგვარადაა. მოდით წარმოვიდგინოთ, რომ ყოველი ასი ეპისკოპოსიდან მართლ-მადიდებლობას განუდგება ოთხმოცდაცხრამეტი (ასეც იქნება ანტი-ქრისტეს უკანასკნელი ცთუნების ჟამს), ხოლო ყოველი ათასი ქრისტიანიდან სარწმუნოებას უარყოფს ცხრაასოთხმოცდაცხრამეტი - მერე რა? ყოველივე ეს არ შეეხებოდა ეკლესიის არსებას, იგი როგორც იყო სხეული ქრისტესი, ისევე დარჩებოდა. წუხილი მოგვიწევდა მხოლოდ დაღუპულთა და განდგომილთა გამო. თუ ქრისტეს ეკლესია ცოცხალი ორგანიზმია, მაშინ არ შეიძლება დავადანაშაულოთ იგი, როდესაც რომელიმე კლირიკოსთაგანი თუ ერისკაცი, ბერი თუ მღვდელმთავარი არ ცხოვრობს თავისი წოდების შესაფერისად ისევე როგორც არ შეიძლება დავადანაშაულოთ მაცხოვარი იმის გამო, რომ მათ უახლოვდებოდნენ მეზვერენი, ცოდვილნი და მრუშნი. უღირს მსახურთა გამო ეკლესიის გამკიცხველნი იმ იუდეველებს ემს-გავსებიან, რომლებიც ქრისტეს ადანაშაულებდნენ, სიტყვებით: „აჰა კაცი... მეგობარი მეზუერეთა და ცოდვილთ" (მათ. 11. 19). დიახ, - ქრისტეს მიმდევარნი მეზვერენი და ცოდვილი „სნეულნი" იყვნენ - მაგრამ განა შეიძლება დავადანაშაულოთ ექიმი იმის გამო, რომ მას ირგვლივ სნეულები ახვევია და არა ჯანმრთელნი? (გაგრძელება იქნება...)
1ეს წერილი შედგენილია ძირითადად თავისუფალი გადმოცემით, XIX ს-ის ღმრთისმეტყველი ერისკაცის დ. ხილკოვის (წარმოშობით თავადი) წერილების ამონაკრებებისაგან. მისი წერილების ამონაწერები, რომ-ლებშიც გადმოცემულია დ. ხილკოვის აზრი ეკლესიის შესახებ, თავის წერილებში (მეგობრებთან) მოჰყავს ახალმოწამე მ. ნოვოსელოვს მისი ხსენების დღეა 25 იანვრის შემდეგი პირველი კვირა „რუსეთის ახამლოწამეთა კრება"), იხ. მ. ნოვოსელოვის „წერილები მეგობრებს" 1994, 5, გვ. 34-35).
არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |