მთავარი > უახლესი ისტორიიდან > 26-ე განყოფილება - „ ალჟირი“

26-ე განყოფილება - „ ალჟირი“


7-09-2012, 20:25
ყარლაგის აკმოლინსკის 26-ე სპეც. განყოფილება 1937 წლის 3 დეკემბერს შეიქმნა. ეს განსაკუთრებული ბანაკი იყო ქალებისათვის, რომელსაც „ალჟირი" (алжир – Акмолинский женщин изменников Родины) ეწოდებოდა. საბჭოთა ხელისუფლების 15. 08. 1937 წ. ცნობილი ბრძანებით №00486 საფუძველი ჩაეყარა ქალების მასობრივ რეპრესიებს, რომელიც ეგრეთწოდებული „სამშობლის მოღალატე ოჯახის წევრების" წინააღმდეგ იყო მიმართული.
 სტალინის თვალსაზრისით, №00486 ბრძანების საფუძველზე რეპრესირებული ქალები არ იყვნენ მხოლოდ „ხალხის მტრები". მისი აზრით, ესენი ყვნენ „მთავარი მტრების" ცოლები. თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ესენი იყვნენ სასულიერო პირების, ელიტის წარმომადგენლების, წარმოებების მმართველების, გამოჩენილი მეომრებისა და კულტურის მუშაკების მეუღლეები. სტალინს პირადი გამოცდილება კარნახობდა, რომ ამ პიროვნებების მეუღლეები ქმრების ერთგულები იქნებოდნენ. ბელადის აზრით, ეს არ ნიშნავდა, რომ ქალები აქტიურად უჭერდნენ მხარს კონტრ-რევოლუციურ საქმიანობას, მაგრამ მათ უდავოდ ეცოდინებოდათ ამის შესახებ და არც შეიძლებოდა, არ სცოდნოდათ. ყოველივე ამის გამო, ქალები თავის ქმრების თანამონაწილეებად მოიაზრებოდნენ. ამრიგად, პასუხისმგებლობა კოლექტიური დანაშაულის გამო, ყოველ მათგანზე გადადიოდა, ანუ ისინი პატიმრობის 8 წელს იმსახურებდნენ. აღნიშნული დოკუმენტი ნებას იძლეოდა ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დაეპატიმრებინათ და ბანაკში გაეგზავნათ ანტიკომუნისტურად განწყობილი ყველა პიროვნების ცოლები - დაახლოებით 20 000 ადამიანი.
 „სამშობლოს მოღალატე" მამაკაცების მეუღლეების მასიური დაპატიმრებები 1938 წლის 15 აგვისტოს შემდეგ დაიწყო. პირველ ყოვლისა, აპატიმრებდნენ მათ, ვისი ქმრებიც უკვე ბრალდებულნი იყვნენ ს.ს.კ. მიერ. დაპატიმრების ოპერაცია 25 ოქტომბრამდე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლებამ ის გაცილებით უფრო ადრე დაასრულა.
 პარალელურად დაიწყეს იმ ქალების დაპატიმრება, ვისი ქმრებიც, მართალია, დაპატიმრებულები იყვნენ 15 აგვისტომდე, მაგრამ ირ იყვნენ მსჯავრდადებულები.
 და ბოლოს, შეუდგნენ იმ ქალების დაპატიმრებას, ვისი ქმრებიც 15 აგვისტოს შემდეგ გაასამართლეს.
 ყოველივე ზემოთქმული, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ მეუღლეებს, არამედ შვილებს, დებს და დედებსაც ეხებოდა. მათ 5-8 წლამდე პატიმრობას მხოლოდ იმიტომ უსჯიდნენ, რომ თავისი ოჯახის ერთგულები რჩებოდნენ.
 1938 წლის 6 იანვარს აკმოლის საკონცენტრაციო ბანაკში ჩვილბავშვიანი დედების პირველი ნაკადი ჩაიყვანეს. ბანაკი რამდენიმე ბარაკის, ოთხი საგუშაგოსა და ეკლიანი მავთულით გარშემორტყმული შემოღობილისაგან შედგებოდა. ორი თვის მანძილზე პატიმრების განუწყვეტელი ნაკადი ჩადიოდა. ქალები ალჟირში ქვეყნის ყველა კუთხიდან ჩამოჰყავდათ: მოსკოვიდან, ლენინგრადიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, შუა აზიიდან. პატიმრებისათვის საკმარისი ბარაკები ჯერ არ იყო აშენებული, ამიტომ ახალჩამოსულები თავად აშენებდნენ თავისთვის ბარაკებს.
 ბანაკში მოხვედრისთანავე ადამიანს ეკრძალებოდა თავისი სახელის, გვარის, ნაციონალობის, ხშირად სამოქალაქო პროფესიის თქმა. ყველა მათგანს ერთი სახელი ჰქონდა - „ხალხის მტერი, სამშობლოს მოღალატე". ქალებს ერთმანეთისაგან ბანაკის პირადი ნომრით ასხვავებდნენ.
 ალჟირის არსებობის პირველი წელიწად-ნახევარი პატიმრებისთვის ყველაზე მძიმე გამოდგა. მძიმე საცხოვრებელი პირობები, შეუმჩნეველი გარემო, მკაცრი იზოლაციის რეჟიმი - ყოველივე ეს მათ ცხოვრებას განსაკუთრებულად ამძიმებდა. ამ პერიოდის მანძილზე ალჟირი „განსაკუთრებულად საშიში" პირების სატუსაღოდ მიიჩნეოდა. მხოლოდ 1939 წლის მაისში გამოიცა გულაგის ბრძანება, რომლის თანახმადაც ალჟირი „სპეცრეჟიმიდან" საერთო საბანაკო წყობაზე გადაიყვანეს. ეს იმას ნიშნავდა, რომ პრინციპულად შეიცვალა პატიმარი ქალების ცხოვრების პირობები. მთავარი ის იყო, რომ ქალებს მიეცათ მიმოწერის საშუალება. მხოლოდ ამის შემდეგ მათ შეიტყვეს თავისი ქმრებისა და შვილების ბედის შესახებ.
 აღსანიშნავია, რომ ალჟირელი ქალებისათვის ყველაზე მტკივნეული შვილებთან განშორება გახლდათ. ზოგი მათგანი მიმოწერის საშუალებით უპატრონო ბავშვთა სახლებში პოულობდა წართმეულ შვილებს, მაგრამ ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც საერთოდ ვერაფერს იგებდნენ შვილების ბედის შესახებ.
 პატიმრების კატორღული შრომის შედეგად ყარლაგის 26-ე განყოფილება მალე შემოსავლიანი, მრავალპროფილური მეურნეობა გახდა. ქალები დილიდან საღამომდე ხვნა-თესვით, მშენებლობითა და სხვა სამეურნეო საქმეებით იყვნენ დაკავებულნი.
 მსჯავრდადებულნი № 500486 ბრძანების საფუძველზე უნდა განთავისუფლებულიყვნენ 1942-1943 ან 1945-1946 წლებში. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ დროში არც ერთი მათგანი არ განთავისუფლებულა. 1941 წლის 22 ივნისს, ანუ ომის დაწყების დღეს, გამოიცა სპეციალური დირექტივა, რომლის საფუძველზეც იკრძალებოდა კონტრრევოლუციონერებისა და კრიმინალების განთავისუფლება. 1942 წელს გამოიცა ახალი დირექტივა, რომელიც უკვე სასჯელმოხდილი ქალების განთავისუფლების საშუალებას იძლეოდა, მაგრამ თავისუფლება, რომელიც მათ მიენიჭათ, ერთობ პირობითი ხასიათის გახლდათ, ვინაიდან, ბრძანების თანახმად, ყველა სასჯელმოხდილი ქალი უნდა დაეტოვებინათ საკონცენტრაციო ბანაკების მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოდ, აღნიშნული ტერიტორიიდან გაუსვლელობის პირობით. ასეთ „განთავისუფლებულებს", როგორც წესი, პასპორტებს არ აძლევდნენ, ისინი მხოლოდ ბანაკის ცნობით იფარგლებოდნენ. ამრიგად, განთავისუფლება ერთობ ფორმალური ხასიათისა იყო. ფაქტიურად, ის ზონის მიღმა გადასახლებას ნიშნავდა. საბოლოოდ ისინი მხოლოდ 1946 წლის შემდეგ გაათავისუფლეს. მაგრამ პასპორტებში მითითებული ჰქონდათ „სარეჟიმო ადგილდებარეობა". ეს იმას ნიშნავდა, რომ ქალების უმრავლესობა ვერ დაბრუნდებოდა მშობლიურ მიწაზე.
 განთავისუფლების შემდეგ შვილებთან დიდი ხნის ნანატრი შეხვედრა საკმაოდ მტკივნეული იყო, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში ეს ურთიერთობები ტრაგიკულად სრულდებოდა.
 და ბოლოს, „თავისუფლად" ცხოვრება „ხალხის მტრის" სახელით, კიდევ უფრო ამძიმებდა ისედაც გაუბედურებულ ყოფას.
 
 

Xareba.net - ის რედაქცია 




უკან დაბრუნება