მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 27 ნოემბერი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდისა მოციქულისა ფილიპესი (I)
27 ნოემბერი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდისა მოციქულისა ფილიპესი (I)27-11-2024, 09:52 |
წმიდა მოციქული ფილიპე გალილეის ქალაქ ბეთსაიდის მკვიდრი, წმიდა წერილში ღრმად იყო განსწავლული. მას სწორად ესმოდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებათა არსი და მესიის მოლოდინით ცხოვრობდა. ფილიპე პირველი მოწოდებისთანავე თან გაჰყვა მაცხოვარს (ინ. 1,43); მან მიიყვანა ქრისტესთან მოციქული ნათანაელი (ინ. 1,46); უფალი მას დაეკითხა, თუ რამდენი ფული იყო საჭირო ხუთი ათასი კაცის საკმარი პურის საყიდლად (ინ. 6,5-7); მიუძღვა ელინებს, რომელთაც ქრისტეს ნახვა სურდათ (ინ. 12,21-22); მან სთხოვა მაცხოვარს: „უფალო, მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი, და კმა არს ჩუენდა" (ინ. 14,8). ქრისტეს ამაღლების შემდეგ ფილიპე მოციქული გალილეაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას. ნეტარის სწავლებას საკვირველი სასწაულები ახლდა თან. გალილეიდან ფილიპე მოციქული საბერძნეთში გადავიდა და იქ გადასახლებულ იუდეველებს შორის ქადაგებდა. ფილიპეს განსასჯელად წმიდა ქალაქიდან ელადაში ფარისევლები ჩავიდნენ მღვდელმთავრის წინამძღოლობით. ფილიპე მოციქულმა სიცრუეში ამხილა იუდეველი მღვდელმთავარი, რომელიც ამტკიცებდა, მაცხოვრის ცხედარი ქრისტეს მოწაფეებმა მოიპარეს და გადამალესო: წმიდანმა შემოკრებილებს ამცნო, რომ მცველები, რო-მელთაგანაც გავრცელდა ეს ჭორი, ფარისევლების მოსყიდულნი იყვნენ. როცა იუდეველმა მღვდელმთავარმა და მისმა თანამგზავრებმა ღვთის გმობა დაიწყეს და ფილიპე მოციქულს თავს დაესხნენ, დაბრმავდნენ, მაგრამ მოციქულის ლოცვით ყველას დაუბრუნდა თვალისჩინი. ამ სასწაულის მხილველთაგან მრავალი მოიქცა ქრისტიანობაზე. ელადიდან ფილიპე ჯერ პართეთში გაემგზავრა, შემდეგ კი - ქალაქ აზოტში. აზოტიდან ფილიპე მოციქული სირიის იერაპოლში გადავიდა. აქ ფარისევლებისგან მოსყიდულმა იუდეველებმა იროსს, რომელმაც წმიდა მოციქული შეიფარა, სახლი დაუწვეს. თავად ფილიპეს ისინი მოკვლას უპირებდნენ, მაგრამ როცა უფლის რჩეულის მიერ აღსრულებული სასწაულები იხილეს, სინანულში ჩავარდნენ და ბევრი მათგანი მოინათლა. წმიდა მოციქულმა იროსი იერაპოლის ეპისკოპოსად დაადგინა, თვითონ კი გზა განაგრძო, მოიარა სირია, მცირე აზია, ლიდია, მიზია. ყველგან ღვთის სიტყვას ქადაგებდა, რისთვისაც მრავალი სატანჯველის დათმენა უწევდა. წმიდა ფილიპეს განუყრელად თან დაჰყვებოდა მისი და, მარიამნა, რომელიც ძმის გაჭირვების თანაზიარი იყო. შემდეგ მოციქული ფრიგიაში, ქალაქ იერაპოლში ჩავიდა, სადაც მრავალი წარმართული სალოცავი იყო, მათ შორის გველების სახელზე აგებული ტაძარიც, სადაც უზარმაზარი იქედნე ბუდობდა. ფილიპე მოციქულმა ლოცვის ძალით მოკლა ქვეწარმავალი და გველებისგან დაკბენილი მრავალი ადამიანი განკურნა. განკურნებულთა შორის იყო ქალაქის თავის მეუღლე, რომელმაც ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. ეს რომ ქალაქის მმართველმა შეიტყო, ბრძანა, შეეპყროთ ფილიპე, მისი და მარიამნა, და მათი თანმხლები ბართლომე მოციქული. იქედნეს ტაძრის ქურუმთა შეგონებით წარმართმა ხელისუფალმა ფილიპესა და ბართლომეს ჯვარცმა ბრძანა. ამ დროს საშინლად შეირყა ქვეყანა და სამსჯავროში მყოფნი მიწამ შთანთქა. იქედნეს ტაძართან ჯვარზე თავდაღმა მიმსჭვალული ფილიპე ლოცულობდა, რომ უფალს მისი მტანჯველები დაეხსნა თავს დამტყდარი უბედურებისაგან. მომხდარის მხილველმა ხალხმა ირწმუნა ქრისტე და მოითხოვა, ჩამოეხსნათ მოციქულები. ჯვრიდან გარდამოხსნილი ბართლომე ჯერ ისევ ცოცხალი იყო. გათავისუფლების შემდეგ ნეტარმა ახალმოქცეულები მონათლა და მათ ეპისკოპოსიც დაუდგინა; ფილიპე მოციქული კი ჯვარზე აღესრულა. წმიდანის დამ, მარიამნამ მიწას მიაბარა ძმის ცხედარი, შემდეგ კი ბართლომე მოციქულთან ერთად სომხეთში გაემგზავრა სახარების საქადაგებლად. აქ წმინდა ბართლომე ჯვარს აცვეს, მარიამნა კი განაგრძობდა წარმართთა შორის ღვთის სიტყვის ქადაგებას მანამ, სანამ ლიკაონიაში არ ეწია ნეტარი აღსასრული.
„წმიდანთა ცხოვრება" Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |