მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > გაფრთხილება იმათთვის, ვინც სასოწარკვეთას მიეცა - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი

გაფრთხილება იმათთვის, ვინც სასოწარკვეთას მიეცა - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი


21-11-2015, 00:02

 

   დროის ყველა ის ნიში უკიდურესად ნეგატიურია, ისინი იმას მოა-სწავებენ, რომ მსოფლიოში კატასტროფა ხდება; რომ მოახლოებულია ქვეყნის დასასრული და ანტიქრისტეს მოსვლა. და ჩვენი დროის ყველა ამ ნეგატიური ნიშის დანახვაზე ძალზე ადვილია ადამიანს ისეთი განწყობილება დაეუფლოს, როცა ჩვენ მხოლოდ ყოველივე უარყოფითის ძიებას დავიწყებთ. ამ დროს შეიძლება თვითონაც მეტად უარყოფით პიროვნებებად გადავიქცეთ. და როცა რაღაც ახალი ცნობა მოდის ასეთი ადამიანის ყურამდე რომელიმე ნეგატიური მოვლენის შესახებ, იგი ამბობს: „ჰო, რა თქმა უნდა, ასეც უნდა იყოს, ხოლო მომავალში უარესიც იქნება!" აი, კვლავაც რაღაც ცნობა მოდის, და იგიც ისევ ამბობს: „დიახ, დიახ, ცხადია, ესეც უნდა მომხდარიყო, მაგრამ მერე კიდევ უფრო უარესი იქნება!" და მთელს მსოფლიოში, რასაც არ უნდა უყურებდეს, ეს ადამიანი მხოლოდ ავისმომასწავებელ აღსრულებას ხედავს ჩვენი დროის საშინელებებისა.

   დიახ, ჩვენ მართლაც უნდა ვიცოდეთ ამ საგანთა შესახებ და არ უნდა ვავლენდეთ გადამეტებულ ოპტიმიზმს თანადროული მსოფლიო მოვლენების გამო, რადგან ჩვენს დროში იშვიათად თუ ხდება რამე კარგი. მაგრამ ამავე დროს, მიუხედავად ამისა, ჩვენ არ უნდა ვივიწყებდეთ დროის ნიშებზე ჩვენეული დაკვირვებების მთავარ მიზანს. დროის ნიშებს ჩვენ მხოლოდ იმისთვის როდი ვაკვირდებით, რომ დავინახოთ, მივხვდეთ, თუ როდის უნდა მოვიდეს ანტიქრისტე. ეს არ არის მთავარი. დროის ნიშებს ჩვენ ვაკვირდებით, რათა ვიცოდეთ, თუ როდის მოვა ქრისტე. ეს არის ყველაზე მთავარი, რაც ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რათა ურვას, სასოწარკვეთას არ მივეცეთ, ანდა დიდი უბედურების წინ დამალვას არ ვეცადოთ, საჭმელ-სასმელ მომარაგებულნი. ეს არ იქნება ბრძნული ქმედება. ჩვენ რაც შეიძლება მალე და სრულად უნდა განვიმსჭვალოთ ქრის-ტიანული სულით, ანუ უნდა ვფიქრობდეთ, ვზრუნავდეთ სხვა ადამიანებზე, ვეცადოთ დავეხმაროთ მათ. თუ ჩვენ თავადვე ვიქნებით გულცივნი, დამწუხრებულნი, პესიმისტურნი, მაშინ თვითონაც მონაწილენი შევიქნებით ქვეყნის დასასრულის ამ ერთ-ერთი ნიშისა - გულგრილობისა, სიყვარულის განხმობისა. ჩვენ გულთბილად უნდა ვეპყრობოდეთ ერთმანეთს, ვეხმარებოდეთ სხვებს, ვზრუნავდეთ მოყვასზე. ეს ქრისტიანის ნიშან-თვისებაა.

   თუკი თქვენ ისტორიას გაიხსენებთ (ესეც კიდევ ერთი საფუძვლიანი მიზეზია იმისთვის, რომ ეკლესიის ისტორიას ვკითხულობდეთ), დავინახავთ, რომ კაცობრიობის ისტორიის მთელს მანძილზე - ძველ აღთქმაშიც, ახალ აღთქმაშიც, და ყველა ქრისტიანულ სახელმწი-ფოშიც, რომლებიც შემდგომში არსებობდნენ, აგრეთვე წარმართულ მსოფლიოშიც - ტანჯვათა და უბედურებათა ერთი უწყვეტი ჯაჭვია გაბმული. სადაც საქმე ქრისტიანებს ეხებოდა, იყო განსაცდელები, დევნულებანი, და ამის მიერ ქრისტიანები ცათა სასუფეველს იმკვიდრებდნენ.

   ამიტომაც როცა განსაცდელთა დრო მოდის, ჩვენ უნდა გვიხაროდეს. მამა დიმიტრი დუდკოს გაზეთში მოთხრობილია ერთი შემთხვევის შესახებ. ქალი ვინმე რუსეთში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს იმისთვის, რომ იგი ყველას დასანახად იწერდა პირჯვარს და ჯვარსაც ატარებდა გულზე. მამა დიმიტრი თავის სულიერ შვილებთან ერთად ჩავიდა მოსკოვში, მივიდა იმ ფსიქიატრიულ კლინიკაში, მიაღწია ექიმთან შეხვედრას და მასთან საუბარში მათ შესძლეს დაერწმუნებინათ ფსიქიატრი, რომ იმ ქალის ადგილი არ იყო იქ. მამა დიმიტრი ჰყვებოდა: „მათ მართლაც ეშინიათ ჩვენი, იმიტომ, რომ როცა თქვენ პირდაპირ ეუბნებით სათქმელს, ისინი გპასუხობენ, რომ სინამდვილეში არა აქვთ უფლება მისი იქ გაჩერებისათვის". ბოლოსდაბოლოს ისინი დათანხმდნენ გაეშვათ საავადმყოფოდან ეს ქრისტიანი ქალი, რომელმაც ერთი კვირა დაჰყო იქ. კლინიკაში ყოფნისას მას სხვადასხვა წამლებს აძლევდნენ და აცრებსაც უკეთებდნენ, რათა გაეტეხათ და ეიძულებინათ უარი ეთქვა რწმენაზე. როცა ის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გავიდა, აღელვებული იყო. „იცით, - თქვა მან. - როცა მე იქ ვიყავი და ასე საშინლად მეპყრობოდნენ, მე მშვიდად ვგრძნობდი თავს, იმიტომ, რომ ნამდვილად ვიცოდი: იქ იყო ვიღაც, ვინც მე მიცავდა. მაგრამ როცა გამოვედი იქიდან, სრულიად მოულოდნელად შემეშინდა. და ახლაც მღელვარედ მოველი, რომ ჩემს წასაყვანად კვლავ მოვლენ, რომ მე თვალყურს მადევნებენ". და ეს გასაგებია, თუ რატომაა ამგვარად. როცა თქვენ გდევნიან, ქრისტეა თქვენს გვერდით, იმიტომ, რომ თქვენ მისთვის ევნებით, იტანჯებით. ხოლო როცა თქვენ გამოდიხართ ამ მდგომარეობიდან, უკვე გეშინიათ კვლავ არ აღმოჩნდეთ მასში ჩავარდნილნი, საკუთარ თავში დარწმუნებულნი არა ხართ. თქვენ კვლავ საკუთარ, ჩვეულებრივ ადამიანურ გაგებასა და ცნებებს უბრუნდებით. როცა თქვენ განსაცდელში ხართ სხვა არავინა გყავთ ქრისტეს გარდა, ვისზეც მთელს სასოებას დაამყარებდით, და იგიც თქვენთან, თქვენს სულში არის დამკვიდრებული. და თუკი თქვენ არა გყავთ ქრისტე, მაშინ იცოდეთ, რომ არავინ გყოლიათ და არაფერი გაქვთ. ხოლო როცა განსაცდელი ჩაივლის, დასრულდება, თქვენ მხოლოდ საკუთარ თავზე იწყებთ დაყრდნობას, მხოლოდ საკუთარ ძალებზე ამყარებთ იმედს, და მაშინ თქვენ ქრისტესაც ჰკარგავთ. (გაგრძელება იქნება...)

 

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი 

წიგნიდან „ეხლა უკვე უფრო გვიანაა, ვიდრე თქვენ გგონიათ" 


უკან დაბრუნება