მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > სიყვარულის განხმობა (განგრილება) - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი

სიყვარულის განხმობა (განგრილება) - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი


16-12-2015, 05:30

 

   ჩვენი დროის სხვა, მეტად ნიშანდობლივი ნიშია შემდეგი სასწაული, რომლის შესახებაც წმიდა მათე თავისი სახარების იმავე, 24-ე თავში ლაპარაკობს: ესაა ის, რომ მრავალთა სიყვარული განხმება, განგრილდება. ჩვენი დროისათვის, ვგონებ, ეს გაცილებით უფრო დამახასიათებელია, ვიდრე კაცობრიობის ისტორიის ნებისმიერი სხვა პერიოდისათვის. ამის დანახვა ყოველივე იმაში შეიძლება, რასაც ჩვენ ნიჰილიზმს ვუწოდებთ. ადამიანები ბოროტმოქმედებებს სჩადიან ყოველგვარი მიზეზის გარეშე, - არა გამდიდრებისათვის, არამედ უბრალოდ იმისთვის, რომ ნერვები მოიქავონ, იმიტომ, რომ მათ სულში არა ჰყავთ ღმერთი. ჩვენს დროში ყველგან ოჯახებში შეინიშნება ნორმალური ადამიანური ურთიერთობების დაკნინება, რისგანაც გულცივი ადამიანები იზრდებიან. ეს ისეთი ადამიანები არიან, რომელთაც ტოტალიტარულ საზოგადოებებში იყენებენ მონების ზედამხედველებად, ბანაკებში სამუშაოდ და ა.შ.

   ამასწინათ მოხდა ტრაგედია ჯოუნსტაუნში, სადაც ამერიკელი მოქა-ლაქეები ცხოვრობდნენ. ეს ადამიანები იდეალისტები იყვნენ, რომელთაც საკუთარი თავი მთლიანად მიუძღვნეს თავიანთ საქმეს. მართალია, ახლა გამოირკვა, რომ ეს სინამდვილეში კომუნისტური თემი იყო, მაგრამ მაინც - ეს ადამიანები ქრისტიანებად ითვლებოდნენ. თემის ხელმძღვანელი იყო ეგრეთ წოდებული „ქრისტეს ეკლესიის" - მისი ერთ-ერთი მთავარი სექტის მღვდელი. და აი, იმ ადამიანებმა, რომელთაც, ალბათ, რაღაც წარმოდგენა ჰქონდათ ღმერთზე, ქრისტიანობაზე, გულგრილად დახოცეს ერთმანეთი. ისინი, ვინც თავის შვილებს საწამლავს ასმევდა, და თავადაც სვამდა მომაკვდინებელ შხამს. ამას მშვიდი სახით იქმდა. არანაირი პრობლემა არ ყოფილა: მათთვის ეს უბრალოდ მოვალეობა იყო, მორჩილების აღსრულება, ის, რისი გაკეთებაც მათ უბრძანეს. აი, სიყვარულის ასეთი განხმობის შესახებ ლაპარაკობდა ქრისტე. ამ ადამიანებში არ იყო უბრალო ადამიანური სითბო, იმიტომ, რომ მათ სულებში არ ყოფილა ქრისტე. ეს მეტად შემაშინებელი ნიშია ჩვენი დროისა. სინამდვილეში ყოველივე ის, რაც ჯოუნსტაუნში მოხდა, - გაფრთხილებაა ყოველივე ჩვენგანისათვის, რადგანაც ყოველივე იქითკენ მიდის, რომ მომავალში გაცილებით უარესი მოხდება. სავსებით ცხადია, რომ ეს ეშმაკის ნამოქმედარია.

   სწორედ ერთი თუ ორი წლით ადრე ჩვენ შევიტყეთ იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა კამბოჯაში. ადამიანთა მცირე ჯგუფმა (ისინი სულ რაღაც ათნი თუ ოცნი იყვნენ!) მთელს ქვეყანაზე ჩაიგდო ძალაუფლება და ყოვლად უმოწყალოდ ამოწყვიტა სულ ცოტა ორი მილიონი ადამიანი, ხორცს ასხამდა რა თავის რაღაც აბსტრაქტულ იდეებს. „ჩვენ უკან დავბრუნდებით, მიწისაკენ, - ამბობდნენ ისინი. - და ამიტომ ყველამ უნდა დატოვოს ქალაქები. ხოლო თუკი არ შეგიძლიათ გამოეთხოვოთ ქალაქს, მაშინ მოკვდით!" საავადმყოფოში მწოლიარე ადამიანები პირდაპირ ლამის საოპერაციო მაგიდებიდან უნდა წასულიყვნენ, ხოლო თუ წამოდგომა არ შეეძლოთ, კვდებოდნენ - დახვრეტილნი, არხებში ჩაგდებულნი. ქალაქებში გვამების მთები იდგა - რა საშინელი სახილველია!

   ესეც იმ რიგის მოვლენა იყო, რაც ჯოუნსტაუნის ტრაგედია: გულ-ცივობა, დაფუძნებული იდეაზე, იდეალისტურ სურვილზე კომ-უნიზმი მოეწყოთ დედამიწაზე. გამოდის, რომ - დოსტოევსკი მართალი იყო. მის რომანში „ეშმაკნი", რომელიც დაწერილია XIX საუკუნის სამოცდაათიან წლებში, არის გმირი გვარად შიგალიოვი - თეორეტიკოსი, რომელმაც აბსოლუტურად ზუსტად იცოდა როგორ უნდა მოეწყო ამქვეყნად კომუნიზმი. მას სჯეროდა, რომ კაცობრიობის იდეალური წყობა ნამდვილი კომუნიზმი იქნებოდა. სამწუხაროდო, - ამბობდა იგი - იმისთვის რომ ბედნიერნი გავხადოთ სამოცი მილიონი ადამიანი, ასი მილიონის მოკვლა მოგვიწევსო. და ეს სამოცი მილიონი ადამიანი ისე ბედნიერად იცხოვრებს ამქვეყნად, როგორც მანამდე არავის არასდროს არ უცხოვრია, ხოლო ის ასი მილიონი მოკლული ადამიანი ნაკელივით გაანაყოფიერებს მომავალ ქვეყნიურ სამოთხეს. და მართლაც ისე მოხდა, რომ რუსეთში, 1917 წლის თბერვლიდან, სწორედ ასი მილიონი ადამიანი იქნა მოკლული, ხოლო მათგან არანაკლებ სამოცი მილიონი ადამიანისა თავად საბჭოების მიერ იქნა მოკვდინებული.

   ამრიგად, ჩვენი დროისათვის ეს ნიში - სიყვარულის განხმობა, გან-გრილება ძალზე და ძალზე დამახასიათებელია. და ეს ქრისტიანთა შორისაც არის, და არა ოდენ გარეშე სამყაროში.

   კიდევ ერთი ნიში, რომელიც ჩვენს დროში ერთ-ერთი ყველაზე მნი-შვნელოვანია, არის ის, რომ სახარება მთელს მსოფლიოში იქადაგება. ეს, რა თქმა უნდა, მართებულია იმ აზრით, რომ თავად ტექსტი სახარებისა მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზე იქადაგება, მგონი ათასამდე ენაზე. უფრო მეტიც, ამჟამად მართლმადიდებლური ხარება მთელს აფრიკაში ვრცელდება, ჩვენს ჟურნალებს უგანდაში და კენიაშიც ვაგზავნით და იქიდან წერილებსაც ვიღებთ - მართ-ლმადიდებლობად მოქცეული აფრიკელი ჭაბუკებისა და ყმაწვილი ქალების ძალზე ამაღელვებელ წერილებს. ისინი უდიდესი პატივისცემითა და მოწიწებით ეპყრობიან თავიანთ ეპისკოპოსს, სემინარიაშიც დადიან. ცხადია, რომ ეს ადამიანები აფრიკაში სწორედაც რომ ნამდვილი მართლმადიდებლური გრძნობით განიმსჭვალნენ. ეს ძალზე უბრალო, წრფელი ადამიანები არიან. თუკი სახარება ჯერ-არს ნაქადაგევი იქნას უბრალო ადამიანებისადმი, მაშინ მართლმადიდებლობა არ უნდა იყოს რთული, უთავბოლო. ად-ამიანებს მხოლოდ მაშინ ებნევათ თავგზა და შეცთომილებაში მხოლოდ მაშინ ვარდებიან, როცა მართლმადიდებლობაზე, მის ჭეშმარიტებაზე კამათს იწყებენ და ამბობენ, სახარება რაღაცას სხვას ნიშნავსო; როცა ცდილობენ ძალზე „ბრძნული", უაზრო ახსნა განმარტებანი მოახვიონ თავს ადამიანებს, ამასთან ყოველივე ეს ეპისკოპოსთა და მღვდელთა გარეშე გააკეთონ, როცა სახარებას უბრალო ადამიანებს უქადაგებენ. ისინი იმგვარადვე აღიქვამენ მას, როგორც მას წარსულში აღიქვამდნენ ადამიანები. პრობლემები უფრო რთულ ადამიანებთან წარმოიშვება. (გაგრძელება იქნება...)

 

 

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი 

 წიგნიდან „ეხლა უკვე უფრო გვიანაა, ვიდრე თქვენ გგონიათ"  


უკან დაბრუნება