მთავარი > ლოცვა, მთავარი გვედის ფოტო > ხატის წინ ანთია სანთელი... - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)
ხატის წინ ანთია სანთელი... - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)3-12-2015, 15:17 |
მორწმუნე ტაძარში შედის, წმიდა გამოსახულების წინ სანთელს ანთებს და ლოცულობს. სანთელი მშვიდად და ზომიერად აფრქვევს სინათლეს, ნათელს ჰფენს ხატზე გამოსახულ ღმრთაებრივ სახეს, სანამ არ დაილევა და გაქრება. აი, ის უკვე აღარაა - მაგრამ გაქრა კი? არა - იგი მთლიანად სინათლედ და სითბოდ გადაიღვენთა. თავისი სხივებით აირეკლა წმიდა სახეები - თან წაიღო ეს ულამაზესი ანარეკლი, წავიდა მოთამაშე ნათებით შორეულ ცაში ტაძრის სარკმელთა მიღმა ვარსკვლავებთან. ამ ნათელი სინათლის მსგავსია ანთებული ცხოვრება. ასეთივე ნათელი და თბილი უნდა იყოს მისი დგომა ღმრთის წინაშე, ასეთივე ღმრთაებრივი სილამაზის ანარეკლით, ვიდრე ბოლომდე ჩაიწვებოდეს. აი რა დიდი და საშინელი საიდუმლო გველოდება ჩვენ ახლო მომავალში, როდესაც "წესნი იგი დაიწუნენ და დაზულენ და ქუეყანა და მას შინა საქმენი დაიწუნენ", მაშინ - ღაღადებს წმიდა მოციქული, - "რაბამთაი ჯერ-არს თქვენი ყოფაი წმიდითა ქცევითა და კეთილითა მსახურებითა, რაითა მოელოდეთ და ისწრაფდეთ მოსვლასა და მას დღისა მის ღმრთისასა, რომელსა შინა ცანი მხურვალენი დაიხსნენ და წესნი დაიწუნენ და დადნენ" (2 პეტრ. 3. 11-12). ოდესღაც მოგვიწევს თითქოს ნემსის ხვრელში გაძრომა (მარკ. 10,25) და აქ, ყოველივე ამქვეყნიურისა და ამაოს დატოვება. ხედავ - მიწიერი მატერიისაგან. პატრუქისა და ცვილისაგან შემდგარი სანთელიც კი შეიძლება აამაღლო ხილულ ცამდე! ავანთოთ ის და სინათლედ ქცეული ცაში აიწევა. ასევე სულიწმიდის მადლით ანთებული ქრისტიანის ცხოვრებაც - მისი ხორციელი ძალები და სულიერი მოძრაობები - მიძღვნილი ღმრთისადმი სულიერ ცამდე ამაღლდება. ჩვენ ხომ ყველანი უნდა გარდავიქმნათ უხეში ხორციელი მდგომარეობიდან და გავხდეთ სულიერნი, თვით ჩვენი სხეული გახდება თანაზიარი ღვთაებრივი დიდებისა, მაგრამ ეს შეიძლება აღსრულდეს მხოლოდ სულიერი გადადნობის, ფერისცვალების მეშვეობით. სანთლის ცვილი კეთილი საქმეების და ხორციელ და სულიერ შრომათა სახეა: ფუტკარიც ბევრს დაშვრა, ყვავილიდან ყვავილზე ფრენით, რომ შეეგროვებინა ცვილი. ქრისტიანი კითხულობს რა წმიდა წერილს, წმიდა მამათა სწავლებებს, უსმენს ეკლესიის დარიგებებს, და ცდილობს რა საქმით აღასრულოს მოსმენილი - თითქოსდა აგროვებს ნექტარს ეკლესიის ყვავილ-ნართაგან, ცვილი პატრუქის გარეშე არ იწვის, მხოლოდ დნება და იღვენთება, კეთილი საქმენიც რწმენის გარეშე დედამიწაზე დარჩება - არ აღიყვანებენ ისინი ადამიანს ზეცაში, მხოლოდ სიამაყეს შესძენენ. პატრუქი რწმენის სახეა: როგორც ისაა დაწნული მრავალი ძაფისაგან, ასევე ჩვენი რწმენაც მრავალი დოგმატის - ჭეშმარიტებისაგან შედგება. მხოლოდ გათვითცნობიერებული რწმენა სწორად შეხამებული საქმეებთან - "ანათებს ზომიერად". თუ სანთელში წვრილი პატრუქია (რწმენის უკმარისობა) - ცეცხლის ალი სუსტია, მალევე იძირება გამდნარ ცვილში და ქრება. თუ პატრუქი მსხვილია, ცეცხლი ძლიერია, სანთელი ტკაცუნობს, იჭვარტლება და ბოლოს მთლიანად დნება, ალმოდებული უფორმო მასად იქცევა: ასეთივეა იმათი ცხოვრება, ვინც აირჩია "კეთილმეტყველების" გზა და არა "კეთილმოქმედებისა", ვინც ბაგითა მისითა პატივს სცემს ღმერთს, გული მისი კი შორს განშორებულ არს მისგან (მარკ. 7,6). და კიდევ, არ კმარა მხოლოდ ვარგისიანობა სანთლისა, საჭიროა, იგი იყოს ეკლესიაში, სასანთლეზე ანთებული. ხომ არიან ბევრნი ეგრეთ-წოდებული ქრისტიანები, რომელთაც ვითომცდა სწამთ და საქმეთაც აღასრულებენ, მაგრამ ეკლესიის გარეთ იმყოფებიან, მადლისთვის უცხონი, როგორც მრავალი მწვალებელი და განხეთქილებაში მყოფი - ისინი ყველანი არიან სანთელნი, მაგრამ არა მანათობელნი. ეკლესიაში სანთელი კანდელიდან ინთება: მორწმუნის ცხოვრებაც სიცოცხლით სავსეა და ნაყოფიერია მაშინ, როცა მის გულში სულიწმიდის მადლია აღნთებული - ეს კი მხოლოდ ღმერთთან ერთობაში არის შე-საძლებელი, ეკლესიის საიდუმლოთა მეშვეობით... აი, რას ნიშნავს ის, რომ სანთელი მშვიდად და ზომიერად ანთია ხატის წინ!
არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |