მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > წერილი №44 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
წერილი №44 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)3-01-2016, 00:00 |
ჩემს წერილს ყოველგვარი წარწერის ნაცვლად ჯვარს წავუმძღვარებ: იგი ყველაზე შესაფერისი ზედწარწერაა იმ სიტყვისათვის, ჯვარის გზით მავალს რომ ეუბნებიან. მაშ ყური უგდეთ იმას, რაც თქვენი სარწმუნოებისამებრ გეძლევათ ჩემი ცოდვილი გულისგან, და რასაც ღმრთის მადლი საიდუმლოდ კარნახობს მას. ეს სიტყვები მასა-ზრდოებენ მეცა და იმათაც, ვინც, საკუთარი სულის ცხონებისათვის, ჩემი უბადრუკი სიტყვის მოსმენას მოისურვებს. გიორგის, ზადონელ დაყუდებულს, ორი წელიწადი ებრძოდა მონა-სტრიდან წასვლის აზრი. ეჩვენებოდა, რომ ეს ადგილი ნაკლებად მყუდრო იყო, რომ სხვაგან მნახველები ასე ძალიან არ შეაწუხებდნენ... ერთხელ, როდესაც კვლავ ამგვარმა ფიქრებმა წაიღეს, მას მოახსენეს, ვიღაც მგზავრს სურს შენი ნახვა, სიტყვა აქვს გადმოსაცემი სერაფიმე საროველისაგანო. ბერმა მიიწვია სტუმარი, რომელმაც შესვლისთანავე ეს უთხრა: „მამა სერაფიმემ მიბრძანა გითხრათ: გრცხვენოდეს შენ, დაყუდებულ მამას, რომ ამდენ ხანს აწუხებინებ თავს ეშმაკებისაგან მოვლენილ გულისსიტყვებს. არსად წახვიდე, ღმერთს შენი აქ ცხოვრება ნებავს." ესა თქვა თუ არა მგზავრმა, თავი დაუკრა და გავიდა. ბერი გაოცდა, ასე მოულოდნელად რომ ამხილეს მისი საიდუმლო გულისსიტყვები. როგორც კი გონს მოეგო, მესენაკე გაგზავნა სტუმრის უკან მოსაბრუნებლად, იმან კი ამაოდ ეძება მგზავრი მონასტერშიც და მის გალავანს გარეთაც - ვეღარსად ნახა. ვინ იყო იგი? მოდი, მოვეშვათ ზედმეტ ცნობისმოყვარეობას და მისი ვინაობის კვლევას ნუ დავიწყებთ. ამ ამბავში ჩვენთვის მთავარი სხვა რამეა: თუ რაღაც გულისსიტყვა დიდი ხნის მანძილზე გვაწუხებს, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ იგი ჭეშმარიტია. და მაინც, სად არის ის სანუკვარი მოსვენება, ასე რომ ესწრაფვის ჩვენი გული - არ შეიძლება არ სწყუროდეს და არ დაეძებდეს? იგი ქრისტეს ჯვარშია დაფარული და სხვაგან ამაოდ დავუწყებთ ძებნას. ეშმაკმა, რომელიც პირისპირ ხედავს კაცთა სულებს და მათ დაღუ-პვას ლამობს, იცის ეს ჩვენი მისწრაფებები - ბუნებრივი მისწრაფება უცვალებელი სიმშვიდისაკენ და ამიტომ გვირჩევს: „დატოვე შენი სამყოფელი, იქ, სხვაგან ჰპოვებ სანატრელ სიმშვიდეს." ესაა მისი რჩევა, რომლის მიღმაც კიდევ სხვა იმალება: „გარდამოხედ მაგიერ ჯვარით." წმ. მამები გვირჩევენ დავითმინოთ ეს ბრძოლა და არ მივატოვოთ ჩვენი სამყოფელი, მით უმეტეს, თუ იქ ცოდვის აშკარა მიზეზი არ არსებობს. მონაზონი, რომელიც ადგილს სულიერი ბრძოლების გამო იცვლის, ნაყოფს ვერასოდეს მოიმკის. სიმტკიცე ხორციელი და სულიერი მხედრობის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსებაა: გამოცდილი მებრძოლები დიდ სიმამაცედ თვლიან მტერზე უშიშარ თავდასხმას, მაგრამ კიდევ უფრო მეტად აფასებენ შეუვალი სიმტკიცით დგომას ტყვიების ქარ-ცეცხლში, თუკი ამას მხედართმთავრის გეგმა მოითხოვს. უფრო მეტად სწორედ ასეთ მებრძოლებს ეყრდნობა იგი; ჩვენი მოღვაწეობის მესაფუძვლე - უფალი იესო ქრისტეც ასეთივე მებრძოლებს ეყრდნობა და სულიერი გვირგვინებით ამკობს მათ. და პირიქით, სული წმიდა აყვედრის მხდალ მებრძოლებს და სუ-ლიერი ნიჭების წართმევას უქადის მათ: „ძენი ეფრემისნი მომ-რთხმელნი და მოისარნი მშვილდებითა, იქცეს იგინი დღესა მას წყობისასა... და განიშორა მისგან კარავი იოსებისი და თესლი არა გამოირჩია მან" (ფსალმ. 77, 9-67).მაშ, თქვენც გეშინოდეთ ამისი და ეცადეთ, როგორც უფალი ამბობს, „ნაყოფი გამოიღოთ მოთმინებითა" (ლკ. 8,15). ნუ გაიოცებთ, რომ თქვენს თავს ისეთი ნაკლოვანებები შენიშნეთ, რასაც ადრე არაფრად აგდებდით, თავს პატიობდით და ამართ-ლებდით. ჩვენც სწორედ ის გვინდა, ჩვენი ცოდვები დავინახო და სინანულის ცრემლით განვბანოთ იმ საშინელ დრომდე, როდესაც სინანული კი აღარ გვიწამლებს, არამედ დაგვწვავს. რაკი მამა პაფნუტი თავის წიგნებს გაძლევთ წასაკითხად, გირჩევთ ჯერ ბარსანაბოს დიდი წაიკითხოთ და, თუ მოისურვებთ, გადაწეროთ კიდეც. თქვენთვის ეს წიგნი უფრო სასარგებლოა, ვიდრე ისააკ ასურისა, რომელსაც, თუ ღმერთი ინებებს, თავის დროზე მოჰკიდებთ ხელს... ღმერთმა გაკურთხოთ!(გაგრძელება იქნება...)
წიგნიდან „კრებული" უკან დაბრუნება |