მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > წერილი №43 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

წერილი №43 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)


1-01-2016, 00:00

წერილი №43 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

 

   მშვიდობიანად ასრულებთ თუ არა თქვენს მიწიერ მსხემობას? ხან-დახან ამ გზაზე კაცის მზერას სხვადასხვა საგანი მიიპყრობს ხოლმე და ეჩვენება, თითქოს შეჩერდა მარადისობისაკენ მისი სრბოლა, მაგრამ მას მხოლოდ სულიერი თვალი ატყუებს. ჩვენ მივდივართ და მივდივართ - ერთი წუთითაც არ ვჩერდებით. წუთისოფლის მგზავრს, რათა ძნელ გზაზე მხარი არ ექცეს, სულიერი გალობა უნდა მიაცილებდეს. მისი შინაარსი ასე შეიძლება გადმოიცეს: „ნება ღმრთისა, მისი უწმინდესი მცნებები და ბრძანებები." „საგალობელ იყვნეს ჩემდა სამართალნი შენნი ადგილსა მას მწირობისა ჩემისასა" (ფსალმ. 118,54), - თქვა ზეგარდამო შთაგონებულმა დავითმა. ჩვენში, თუ ვინმეს ტყეში გზა დაებნა, მეზობელ სოფლებში ეკლესიის ზარების რეკვას იწყებენ და ისიც ამ ხმის მიხედვით იკვლევს გზას. და რაო, განა დიდი, ხალხმრავალი ქალაქი რაღაცით დაბურულ ტყეს არ წააგავს? მასშიც შეიძლება ისევე აგებნას გზა-კვალი, როგორც ტყეში. დაე, ჩემი ხმაც ამ განმარტოებული სავანიდან ეკლესიის ზარის კეთილის-მყოფელი რეკვასავით ჩაგესმათ: ეს ხმა ყოველთვის პოულობდა გამოძახილს თქვენს სულში, ყოველთვის ჰქონდა თავშესაფარი. დაე, ახლაც მისწვდეს მას, ხოლო როდესაც მისწვდება, დაე, ჭეშმარიტმა ნუგეშინისცემამ აღავსოს! ჭეშმარიტი ნუგეშინისცემა კი, მე ვფიქრობ, მხოლოდ ღმერთის ხსოვნამ შეიძლება კაცს მიანიჭოს: „მოვიხსენე ღმრთისაჲ და ვიხარე" (ფსალმ. 76,4).

  განა არ ვიცით, რომ ჩვენ ყველას სიკვდილი მოგველის, რომ ეს ცხოვრება მარადისობასთან შედარებით მხოლოდ წუთია! კაცთაგან არავინ ყოფილა, უკვდავი რომ დარჩენილიყო მიწის პირზე; ჩვენ კი მაინც ისე ვცხოვრობთ, თითქოს უკვდავნი ვიყოთ, სიკვდილსა და მარადისობაზე  ფიქრი გაგვირბის - სრულიად უცხოა ჩვენთვის. ესაა ნათელი დადასტურება იმისა, რომ კაცთა მოდგმა დაცემულია, ჩვენი სულები რაღაცა სიბნელეს მოუცავს, თავის მოცთუნების უმტკიცეს ხლართებში ვართ გაბნეული, და ამ ხლართების ძალით დრო და ეს სოფელი თავის ტყვეობასა და მონობაში გვამყოფებს. საჭიროა ძალისხმევა, მუდმივი ძალისხმევა, საკუთარ თავთან ბრძოლა საშინელი შავი უფსკრულიდან თავდასაღწევად; საჭიროა მოთმინება ყველა უხილავი ბრძოლის სულგრძელად გადასატანად. შინაგანი განსაცდელი ყველა გარეგნულ განსაცდელზე უფრო მძიმეა და საკუთარ თავზე საშიში მტერი არავინა გვყავს. „იღვიძებდით და ილოცევდით" (მთ. 26,41), თქვა უფალმა. საკუთარი სულის ფხიზლად დაცვის უნარს კი მხოლოდ ახალი აღთქმის ნათელი იძლევა. სინათლე, რომლის შუქზეც სულიერი მღვიძარებაა შესაძლებელი, წმ. მამათა ნაწერებიც გამოსცემენ. წმ. წერილი და მამები ნიადაგ გვახსენებენ ღმერთს, მის მიერ მონიჭებულ სიკეთეებს, ჩვენს დანიშნულებას, მომავალ საუკუნო ნეტარებას ან საუკუნო ტანჯვას, ამხილებენ ამა სოფლის სიმუხთლეს და მის მახეებს, გვიჩვენებენ, როგორ უნდა გავექცეთ ამ მახეებს და როგორ მივაღწიოთ ცხონების ნავსაყუდელს. ღმერთის სამსახურში გაატარეთ მიწიერი ცხოვრების ხანმოკლე ჟამი და დაიმკვიდრებთ სიხარულევან, სულიერი ნეტარებით სავსე მარადიულობას. ხომ უნდა დაიმკვიდროთ? შეფერხებები ნუ დაგაღონებთ - უცოდველობა აუხდენელი ოცნებაა! შეფერხებები ყველა ადამიანის თვისებაა, რომლებსაც, სწორედ დაცემისადმი ამ მიდრეკილების გამო, ემცნოთ: „მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი" (ლკ. 21,19); „ხოლო რო-მელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს" (მთ. 24,13; მრკ. 13,13). წყალობა ღმრთისა იყოს თქვენთანა! (გაგრძელება იქნება...)

 

 

 

წიგნიდან „კრებული" 


უკან დაბრუნება