მთავარი > შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > საყოველთაო და უკანასკნელი სამსჯავრო - ღირსი იუსტინე პოპოვიჩი (ნაწილი I)

საყოველთაო და უკანასკნელი სამსჯავრო - ღირსი იუსტინე პოპოვიჩი (ნაწილი I)


30-10-2015, 07:10

საყოველთაო და უკანასკნელი სამსჯავრო - ღირსი იუსტინე პოპოვიჩი (ნაწილი I)

 

   თავისი მეორედ მოსვლისას, უფალი ქრისტე, მკვდართა აღდგომის შემდეგ, საყოველთაო და უკანასკნელ სამსჯავროს აღასრულებს. ეს სამსჯავრო ყველა დროის ყველა ადამიანს მოიცავს: ვერც ერთი ადამიანი მას ვერ გაექცევა. ამის შესახებ წმინდა პავლე მოციქული წერს: „რამეთუ ჩუენ ყოველნი განცხადებად ვართ წინაშე საყდართა ქრისტეთა, რაითა მოიღოს კაცად-კაცადმან ხორცთა ამათგან, რაიცა-იგი ქმნა, გინა თუ კეთილი გინა თუ ბოროტი" (2 კორინთელთა, 5,10). ყოველი ადამიანი, სურს თუ არა მას ეს, სიკვდილის კარის გავლით საყოველთაო სამსჯავროსა და საუკუნო მსაჯულის - ქრისტესაკენ მიემართება. რატომ არის იგი საუკუნო მსაჯული? იმიტომ, რომ იგი კაცთა მოდგმასა და ყველა კაცობრივ სოფელში - ერთადერთი უცოდველი და ამიტომაც ერთადერთი შეუმცდარია. თავის სამსჯავროზე იგი არ შეცოდავს, არავისში არ შეცდება და არავის უსამართლოდ არ მოექცევა, რამეთუ იგი ყოვლისმცოდნე და ყოვლისმხილველია. ყველაფერი, ყველაზე დიდიდან ყველაზე მცირემდე ჩვენს კაცობრივ ცხოვრებაში, ჩვენს კაცობრივ სულში, ჩვენს კაცობრივ სოფელში, მისთვის უკანასკნელ წვრილმანამდე ცნობილია. მისი, თავისებურად ერთადერთი ყოვლადსამართლიანობა და ყოვლადმოწყალება იმის საწინდარია, რომ მისი სამსჯავრო ყველა ჩვენგანის მიმართ ყოვლადსამართლიანი, ყოვლადმოწყალე, უცოდ-ველი და შეუმცდარი იქნება. კაცთა მოდგმის ბედნიერება - ამასთან, განსაკუთრებული ბედნიერება - ისაა, რომ სწორედ ქრისტეს, ღმერთკაცს ეკუთვნის სამსჯავრო და არა რომელიმე დაბალი არსება, რომელიც უკვე იმით, რომ ღმერთკაცი არ არის, შემცდარი ან ყოველ შემთხვევაში არაყოვლისმხილველი და არაყოვლისმცოდნე უნდა იყოს თავის მსჯავრში ისეთი გამოუთქმელად რთული და გამოუცნობი არსების შესახებ, როგორსაც ადამიანი წარმოადგენს.

   როგორც ყოვლისმპყრობელს, უფალ ქრისტეს თავის ხელში ყოველი სოფლები უპყრია, მათ შორის ბოროტების სოფელიც - ჯოჯოხეთი და ეშმაკნი. ბოროტებას არ ძალუძს იმ საზღვრებიდან გადავიდეს, რომელიც მან მას განუსაზღვრა. ამ საზღვრების ფარგლებში ბოროტება თავისუფლად მოქმედებს, და ყველა გონიერი არსება თავისუფლად, თავისი ნებით ირჩევს ბოროტებას ან სიკეთეს. ასევე ადამიანებიც: სხეულში, თავისი პირველი და გამოსაცდელი ცხოვრებისას, მიწაზე, თავისი ნებით ისენი სიკეთეს ან ბოროტებას ირჩევენ. ხოლო ღმერთი არავის აიძულებს არც სიკეთის, არც ბოროტების ქმნას. ადამიანს სთავაზობენ სიკეთესაც და ბოროტებასაც. ისინი ირჩევენ და სხეულში თავისი ცხოვრების დროს ან ამას, ან იმას აკეთებს. ამიტომაც, სამსჯავრო ყველას მიმართ (გამონაკლისის გარეშე) აღესრულება: „რაითა მოიღოს კაცად-კაცადმან ხორცთა ამათგან, რაიცა-იგი ქმნა, გინა თუ კეთილი, გინა თუ ბოროტი". ჩვენი კაცობრივი ცხოვრება - ღმრთის სოფელში, ღმრთის მამულში ცხოვრებაა. ჩვენ თვითონაც ღმრთის ხელქმნილნი, მისი შექმნილნი ვართ, რამეთუ სულიც და ხორციც ჩვენ მისგან გვაქვს. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ იგი, ბოლოსდაბოლოს, წინასწარხედვას და ხედვას, აფასებს, სწონის და სჯის იმაზე, თუ როგორ ვცხოვრობდით ჩვენ მის მამულში მისი ქმნილებით, ესე იგი სულით და ხორცით. და ასე ყოვლად-სამართლიანად და ყოვლადმოწყალედ იგი ჩვენს ხვედრს საუკუნოდ განსაზღვრავს. რამეთუ იგი ამასაც უცოდველად და შეუმცდარად აღასრულებს: ყოველი იმას მიიღებს, რაც დაიმსახურა და რაც ყველაზე მეტად უყვარს. ვინც ამქვეყნად ბოროტების მხარეს იდგა და მას სულით და ხორცით იქმოდა, მას იგი შემდგომშიც სულით და ხორცით თავისი ბოროტების მიყოლის საშუალებას მისცემს. უეჭველია, ყოვლისმცოდნე და შეუმცდარი მსაჯულის ამ სამსჯავროზე არავისი ბოროტება და არავისი სიკეთე არც გაზვიადდება და არც დამცირდება, არამედ ყოველი მიიღებს იმას, „ხორცთა ამათგან, რაიცა იგი ქმნა, გინა თუ კეთილი, გინა თუ ბოროტი". და ეს ყველასთვის აშკარა იქნება: თითოეული საერთოშიც და კერძოშიც თავის სიკეთეს და თავის ბოროტებას დაინახავს. არავის არაფერი ზედმეტი არ მიეწერება, და ყოველი დარწმუნდება, რომ ქრისტეს სამსჯავრო ყოვლადმართალიც არის, ყოვლადმოწყალეც, უცოდველიც და შეუმცდარიც. მაშინ თითოეული სიკეთისა და ბოროტების მთელ საიდუმლოს იხილავს და თითოეულისათვის ცხადი გახდება, თუ რა არის მასში კეთილი და ბოროტი. ყოველი იხილავს, რომ თითოეულს განსჯის იმის მიხედვით, „ხორცთა ამათგან რაიცა იგი ქმნა, გინა თუ კეთილი, გინა თუ ბოროტი". ეს ყველაზე აშკარა რეალობა იქნება: მხოლოდ შიშველი ფაქტები, მხოლოდ საქმეები - სულიერ - ხორციელი, ხორციელ-სულიერი. რამეთუ საღმრთო წიგნში ნათქვამია: „და მაშინ მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ" (მათე, 16,27).

   ასეთი მსაჯულის ყოლისას და ასეთი სამსჯავროს ქვეშ ყველა კაც-ობრივი არსება, ერთად აღებული და თითოეული ცალ-ცალკე, სრულყოფილი სამართლიანობით საკადრისს მიიღებს. ამ სამსჯავროს ვერავინ გაექცევა, მასზე გამოუცხადებლობას ვერავინ ვერ შესძლებს, „რამეთუ ყოველნივე წარდგომად ვართ წინაშე  საყდართა ქრისტესთა" (რომაელთა, 14,10). ყოველი ერი: ყველაზე მრავალრიცხოვანიც და ყველაზე მცირერიცხოვანიც, მაშინ თავისი ისტორიის შესახებ უკანასკნელ ანგარიშს წარადგენს, რამეთუ ნათქვამია: „და შეკრბეს წინაშე მისა ყოველნი ნათესავნი და განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა-იგი მწყემსმან რაი განარჩინის ცხოვარნი თიკანისაგან" (მათე, 25,32). „ამისთვისცა პატივცემულ ვართ, - ყველა ქრისტიანის სახელით აცხადებს წმინდა მოციქული, - გინა თუ შემოვიდეთ, გინა თუ განვიდეთ, სათნომცა ხოლო ვართ მისა" (2 კორინთელთა, 5,9). მთელი ჩვენი მარადიულობა მასზე არის დამოკიდებული, უკეთ რომ ვთქვათ, ჩვენზე და ჩვენს საქმეებზე. ის კი მხოლოდ შეაფასებს მათ უკანასკნელი საფასურით, რათა მათ შესახებ თავისი უკანასკნელი მსჯავრი გამოიტანოს.

   როგორც ყოვლისმცოდნე, ყოვლადმოწყალე და ყოვლადმართალი ღმერთი, უფალი ქრისტე ყველას ღმრთაებრივი სიმართლით და მოწყალებით განსჯის. მაშინ არა მხოლოდ ჩვენი საქმეები, არამედ ყველა ჩვენი აზრები, გრძნობები, სურვილები და სიტყვები გამჟღავნდება. და ჩვენ პასუხს ვაგებთ ყველაფრის გამო ყოვლის-მხედველი და ყოვლადმართალი მსაჯულის წინაშე. და იგი ჩვენ არა მხოლოდ ბილწი საქმეებისთვის, არამედ ბილწი აზრებისთვისაც, უწმინდური გრძნობებისთვისაც, ცუდი სურვილებისთვისაც, ბილწი სიტყვებისთვისაც განგვსჯის. რამეთუ მან თქვა: „ხოლო მე გეტყვით თქუენ, რამეთუ ყოველი სიტყუაი უქმი, რომელსაც იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაი მისთვის დღესა მას სასჯელისასა" (მათე, 12,36).

   უკანასკნელი საყოველთაო სამსჯავრო, ღმრთის აბსოლუტური სიმა-რთლისა და აბსოლუტური მოწყალების სამსჯავრო იქნება, რადგანაც უფალი ყველას და თითოეულს თავისი უსასრულო სიმართლისა და უსასრულო მოწყალების მიხედვით განსჯის, ისე, რომ არავის შეეძლება ღვთის დადანაშაულება უსამართლობასა და უმოწყა-ლობაში. ყოვლისმცოდნე და ყოვლადძლიერი უფალი აშკარას გახდის ყოველივეს, რაც თითოეულმა ხორცში ყოფნისას  თავის სულს, თავის ღმრთაებრივ ტალანტებს უქმნა (მათე, 25, 15-30). ყველა ადამიანის ყველა საქმე, როგორც კეთილი, ასევე ბოროტი, ყველა აზრი, გრძნობა, სურვილი და სიტყვა სრულიად განცხადებული  და შეუმცდარად აწონილი იქნება ღმრთის საუკუნო სიმართლისა და საუკუნო მოწყალების სასწორზე (შეადარეთ, მათე, 26, 31-46; რომაელთა, 2,6,7; 2 კორინთელთა, 5,10). ყოვლადმოწყალე უფალი იესო ნათელს მოჰფენს ყველას, რაც ბნლშია დაფარული, გულისთქმებს გააცხადებს; თითოეული ადამიანის სინდისს და რაც მასშია, სულს და რაც მასშია, გულს და რაც მასშია - გამოამზეურებს და ყოველივეს შესახებ თავის ყოვლადმართალ მსჯავრს გამოიტანს (შეადარეთ მათე, 12,36; იუდა, 1,15; 1 კორინთელთა, 4,5; ებრაელთა, 4,12,13).

   რადგანაც საშინელ სამსჯავროზე არაფერი დავიწყებული და დაკა-რგული არ იქნება, იმდენად ყოველი ადამიანი ცალკე და ყველა ადამიანი ერთად იგრძნობს და დაინახავს ღმრთის მთელ სიმართლეს და მთელ მოწყალებას როგორც მართალთა, ისე ცოდვილთა მიმართ (შეადარეთ, რომაელთა 2,5-8; ებრაელთა 10,27; გამოცხადება, 2,23). და მტკიცებულებათა ეჭვშეუვალი აშკარაობისას, ცოდვილნი თავს ვერ დაიცავენ და ვერ გაიმართლებენ.

   ამასთან, არაფერი გაზვიადებული არ იქნება, არაფერი დამცრობილი არ იქნება, არამედ ყველაფერი მიუკერძოებლად დამტკიცებული და შეუმცდარად აწონილი იქნება, რადგანაც ღმერთი არ უყურებს, თუ ვინ ვინ არის (შეადარეთ, მეორე რჯულთა, 10,17; იობი, 34,19; საქმეთა, 10,34; 1 პეტრე, 1,17; რომაელთა, 2,11; ეფესელთა, 6,9; კოლასელთა, 3,25) და ყოველი ადამიანისთვის, როგორც მართალთათვის, ისე ცოდვილთათვის სრულიად აშკარა იქნება ღმრთის სამსჯავროს აბსოლუტური სამართლიანობა, და ყველა ცხადად იხილავს, რომ ყოვლადმართალი ღმერთი აღარ იქნებოდა, სხვაგვარად რომ განესაჯა (შეადარეთ, მათე, 25,37-39, 44-45; 1 კორინთელთა, 3,13). (გაგრძელება იქნება...)

 

 

ღირსი იუსტინე (პოპოვიჩი) 

წიგნიდან „ქრისტეს მეორედ მოსვლა და მომავალი საუკუნო სასუფეველი" 



უკან დაბრუნება