მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > წერილი №41 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

წერილი №41 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)


26-12-2015, 22:48

 

   ძალიან მომეწონა თქვენი წერილი, ასევე თქვენი ქცევები - მოყვასის სიყვარულით შთაგონებული, და თქვენი რჩევა, რომელსაც ვასრულებ კიდეც, როგორც პარიზში გამოგზავნილი წერილიდანაც მიხვდებით.

   დაბოლოს, ძალიან მომეწონეთ თქვენც: თქვენი წერილიდან ვხედავ, რომ ძალიან წყნარი და მშვიდი ხართ. არ მიყვარს, როცა წუთისოფლის მგზავრები წრეგადასულ მხიარულებას ეძლევიან: ეს არ შეშვენით მწირებს, დევნილებს, რომლებსაც სიკვდილი, სამსჯავრო და ორგვარი - ნეტარი ან სასტიკი მარადიულობა ელით. მიყვარს, როდესაც ისინი მშვიდად არიან: სიმშვიდე იმის ნიშანია, რომ მოგზაურის გულში მოწიწებით სავსე იმედი ცოცხლობს.

   განმარტოებით ვცხოვრობ და ვმკურნალობ. წამალი ძალიან მშველ-ის, თუმცა ძლიერ ზემოქმედებასაც ახდენს, ამიტომ მთელი დღეები ვწევარ. ჩემი ფანჯრებიდან მშვენიერი ხედი იშლება ვოლგაზე, რომელსაც, მართალია, ვაქებ, მაგრამ იშვიათად თუ გავხედავ ხოლმე და ისიც სხვათა შორის. რაც თავი მახსოვს, ჩემი გრძნობები არასოდეს გამოირჩეოდნენ სიმახვილით, გარესამყარო მსუბუქ გავლენას ახდენდა ჩემზე, არც ცნობისმოყვარე ვყოფილვარ - ყოველივეს მიმართ გულგრილი ვრჩებოდი. მხოლოდ ადამიანს ვერ ვუყურებდი გულგრილად! იმისათვის გავჩნდი, რომ მიყვარდეს კაცთა სულები, ვტკბებოდე მათით! და ისინიც რა ანგელოზებად წარმოსდგებიან ხოლმე ჩემს წინაშე - რა ნუგეშისცემას ვგრძნობ, რა აღტაცებას! აი სანახაობა, რომელსაც ვუყურებ, ვეწაფები, ცქერით ვერ ვძღები! და რა საოცარია: სახე, ფორმა, ნაკვთები ხშირად მავიწყდება, სული კი მახსოვს. მრავალი სულია - მრავალი მშვენიერი სული ჩემს სურათზე, რომლებიც სიყვარულმა შემოხაზა და ერთგული მეხსიერება უცვლელად, ცოცხალი კოლორიტით ინახავს! ეს კოლორიტი ჩემი განმარტოების გამო  კიდევ უფრო მკვეთრი და ნათელი ხდება. ამ სურათზე თქვენ და თქვენი ძმაც ხართ აღბეჭდილნი; ხშირად გიყურებთ და ჩემი სული თქვენდამი კეთილი სურვილებით ივსება. რა მნიშვნელობა აქვს, ბრწყინვალე შესამოსელი გვეცმევა თუ უბრალო კაბა? მთავარია, რომ მართალი, ცხოველი სარწმუნოების ლამპარი გვეპყრას ხელთ და ასე აღვასრულოთ ჩვენი ამსოფლიური სრბოლა. ეს ლამპარი შეგვიძღვება ღვთის საუკუნო სასუფეველში, რომლის ზღურბლთანაც ერთნაირად განვიძარცვავთ მდიდრულ ბისონასაც და ძონძებსაც: ყველაზე მდიდრული ჩასაცმელიც ხომ ნათელ სულიერ სამოსელთან შედარებით სხვა არაფერია, თუ არა საბრალო ძონძები. „მოთმინებითა თქვენითა მოიპოვნეთ სულნი თქვენნიო," გვითხრეს ჩვენ, ამა სოფლის სტუმრებს, რადგანაც ჩვენი გზა ვიწროა და ძნელი, ჩვენ თვითონ კი უძლურნი ვართ მხოლოდ. უფალი იმასაც გვასწავლის ჩვენს სანუგეშებლად, „ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნებისო" (2 კორ. 12,9). მადლობელი ვარ თქვენი ძმისა წერილის მონაწერისათვის! ჩემს წერილს თვალები რომ ჰქონდეს, ვთხოვდი ისე ხანგრძლივად, ყურადღებითა და მეგობრულად შეეხედა მისთვის, რომ ამ გაუთავებელი უბედურებით გატანჯულ ადამიანში უნებლიე სიამოვნების ღიმილი გამოეწვია. უფალი თქვენ-თანა! (გაგრძელება იქნება...)

 

 

წიგნიდან „კრებული"  

 



უკან დაბრუნება