მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > სიმდიდრის გონივრული გამოყენება
სიმდიდრის გონივრული გამოყენება8-08-2016, 00:08 |
ჩვენ ვატარებთ ღვთის შვილების მეგობრების საერთო სახელს-ქრისტიანს. ასეთ სახელს ყველაზე მეტად ძალუძს აღძრას ჩვენში გაძლიერებული მისწრაფება სათოებებისადმი. გავიაზროთ ამ ღირსების სიმაღლე, უკადრისს ნურაფერს ჩავიდენთ და პატივი მივაგოთ ამ უდიდეს სახელს. ზოგიერთი სიამაყით ატარებს რომელიმე გამოჩენილი მხედართმთავრის, ან სხვა გამოჩენილი ადამიანის სახელს, მიაჩნია ეს უდიდეს ღირსებად და ცდილობს თავისი დაუდევრობით არ შეურაცხყოს საპატიო სახელი, ჩვენ კი, ვისაც გვქვია ქრისტიანი, მიწიერთა და ზეციერთა მეუფის სახელი - ჩვენს სულს უნდა ვსწირავდეთ ზეციერ მამას მადლიერების ნიშნად. ცნობილია თქვენთვის, თუ რა პატივით სარგებლობს მეფის უახლოესი მხედრობა? ჩვენც წილგვხვდა მეფის სიახლოვეს ყოფნა (გაცილებით უფრო ახლოს, ვიდრე ზემოხსენებულთ თავიანთ მეფესთან) და ყველაფერში მას უნდა ვბაძავდეთ. ქრისტე გვასწავლის: „მელთა ხურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისაა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს". (ლუკ. 9,58). ამის აღსრულება ბევრს ძნელ და მძიმე საქმედ მოეჩვენება, ამიტომ, თქვენი უძლურების გამო, მე გიხსნით ამ სიმკაცრეს და ვითხოვ მხოლოდ იმას, რომ არ გქონდეთ სიმდიდრის სიყვარული და განერიდოთ მანკიერებებს. მე არ განვიკითხავ მათ, ვისაც აქვთ სახლები, მინდვრები, ფული, ჰყავთ მოსამსახურეები. მე მხოლოდ ის მინდა, რომ ისინი ყველაფერ ამას ფლობდნენ წინდახედულად და გონივრულად. მაინც როგორ? - როგორც ეკადრებათ ბატონებს და არა მონებს, ანუ თავად ფლობდნენ სიმდიდრეს და არა ის ფლობდეს მას, მოიხმარონ და ბოროტად არ გამოიყენონ ფული, რადგან ის არსებობს აუცილებელი მოთხოვნილებებისათვის დასახარჯად და არა შესანახად. შენახვა მონის საქმეა, ხოლო ხარჯვა მასზე ძალაუფლების მქონე ბატონისა. ფული იმისათვის კი არ გვეძლევა, რომ მიწაში ჩავმარხოთ, არამედ იმისთვის, რომ სხვებს გავუნაწილოთ. ღმერთს მისი შენახვა რომ სდომებოდა, ადამიანებს კი არ მისცემდა, არამედ სამუდამოდ დატოვებდა დაფლულს. თუკი ვინახავთ - ე.ი. ფული ბატონობს ჩვენზე. თუ გვინდა ფულის გამრავლება, ამისათვის საუკეთესო საშუალება მისი ხარჯვა და დარიგებაა. არ არსებობს მოგება ხარჯვის გარეშე ან სიმდიდრე გასავლის - გარეშე. ეს შეიძლება დავინახოთ საერო საქმეებშიც. ვაჭარი ხარჯავს ფულს, მიწათმოქმედი თესლს. პირველი დაცურავს ზღვაზე, ხოლო მეორე თესავს და მთელი წელი შრომობს. ფულის გონივრული ხარჯვისათვის კი საჭირო არ არის გემის მომზადება, ხარების შებმა და მიწის ხვნა, ამინდის ცვლილებაზე ნერვიულობა. აქ არ არის ტალღები და კლდეები. ეს ნაოსნობა და თესვა მოითხოვს მხოლოდ ერთს - გადააგდო ის, რაც გაქვს, ხოლო დანარჩენს აკეთებს ის მიწათმოქმედი, რომლის შესახებ ქრისტე ამბობს: „მამა ჩემი მოქმედი არს". (იოან. 15,1). განა უაზრობა არაა, მიეცე სიზარმაცეს და დაუდევრობას იქ, სადაც შეიძლება უშრომელად მიიღო ყველაფერი, ხოლო მონდომება გამოიჩინო იქ, სადაც ბევრი შრომა, ზრუნვა და ოფლია საჭირო და მის შემდეგაც შედეგი არასაიმედოა? გევედრებით, ნუ ვიქნებით ასეთი უგუნურები საკუთარი სულის ცხონების საქმეში, მივატოვოთ მძიმე ფიზიკური სამუშაოები და ვისწრაფოთ გაცილებით ადვილი და სასარგებლო საქმეებისაკენ, რომ გავხდეთ მომავალი დიდების ღირსნი.
Xareba.net-ის რედაქცია უკან დაბრუნება |