მთავარი > საეკლესიო სამართალი > კანონიკური სამართალი და პროტესტანტული თვალთახედვა

კანონიკური სამართალი და პროტესტანტული თვალთახედვა


31-08-2012, 11:12
”მონობა უნდა ეწოდოს თავაწყვეტილობას და
სამარცხვინო მონობა - იმას, როცა ადამიანი ფეხქვეშ
თელავს ღვთაებრივ კანონებს.”
ამბა პიმენი

     პროტესტანტული შეხედულება საეკლესიო სამართალთან მიმართებაში კათოლიციზმისაგან რადიკალურად განსხვავებულია. პროტესტანტების აზრით, სამართალი ეკლესიაში ფორმალური ხასიათისაა. ისინი მიიჩნევენ, რომ პირვანდელი ეკლესიისათვის უცხო იყო სამართალი, რომ თითქმის მის წინააღმდეგ იბრძოდა ეკლესია. მიგვაჩნია, რომ პროტესტანტებს საეკლესიო სამართალზე ასეთი მოსაზრება რომის კათოლიკური ეკლესიის არასამართლებრივ ქმედებათა გამო შეექმნათ. ძველ ეკლესიაში არა სამართალის, არამედ დამახინჯებული სწავლების წინააღმდეგ მიმდინარეობდა ბრძოლა.
     პროტესტანტებისთვის კანონიკურ სამართალთან ბრძოლა ერთგვარ მიზნად იქცა. შემდეგში ამან სხვა სერიოზული სენი შეჰყარა მათ.
     სამართლის გარეშე არ არსებობს თვით სახელმწიფო. სამართლის მოქმედების არეალი გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე ეს პროტესტანტებს ჰგონიათ. მისი ძალა და ენერგია ემყარება არა მხოლოდ შიშს, არამედ სულიერ ფაქტორებს, რომლებიც ჩადებულია გონიერ და ზნეობრივ პიროვნებაში. ამიტომ, ეკლესიაში სამართლის გარეშე ანარქია გაბატონდება. ეს ნათლად წარმოაჩინა პროტესტანტულ აღმსარებლობათა ნაირფეროვნებამ.
     ყალბი თავისუფლების სურვილით შეპყრობილი პროტესტანტი თეოლოგები წმიდა გადმოცემის კრიტიკას შეუდგნენ. ეს კი, ადრე თუ გვიან, ბიბლიის კრიტიკაში უნდა გადაზრდილიყო. მართლაც, მალე დაიწყო მძლავრი ანტიბიბლიური მოძრაობა, გაჩნდა ე.წ. შედარებით - ისტორიული სკოლა, სადაც თითქოსდა უახლეს მეცნიერულ აღმოჩენებზე დაყრდნობით კადნიერად შეუდგნენ ბიბლიის ტექსტების ”მეცნიერულ ანალიზს”.
     პროტესტანტი პასტორი ლუკა ვისჩერი ამ მოვლენის გამო წერდა: ”პროტესტანტები იმდენად ცალმხრივად განიხილავენ სახარებას, რომ ეკლესიური წესგანგება მთლიანად უგულებელყოფილია. ის აზრი, რომ კანონიკურ სამართალს არ უნდა მიენიჭოს არანაირი ყურადღება, მათთვის ცხოვრების პრინციპად იქცა. დოგმატური და კანონიკური სწავლების იგნორირებით ფართო გასაქანი ეძლევა ადმინისტრაციულ და ბიუროკრატიულ აპარატს.”[1]
     ამრიგად, ღვთაებრივზე მეტად ადამიანური ფაქტორების სიჭარბემ პროტესტანტიზმი სახარებისეული სწავლების ურწმუნოებამდე მიიყვანა. სხვა პროტესტანტი თეოლოგი დასძენს: ”ქვეყანა, რომელიც რეფორმაციის სულის ჩამდგმელად იყო მიჩნეული, დღეს რეფორმატორული სარწმუნოების სამარე ხდება. პროტესტანტული სარწმუნოება სიკვდილის პირასაა. ყოველი ახალი ნაშრომი, ასევე ყოველი პირადი დაკვირვება, ცხადყოფს ამას... პროტესტანტიზმის მაცოცხლებელი ძალა დოგმატური სკოლების, საღვთისმეტყველო უთანხმოებების, საეკლესიო კამათების უდაბნოში იშრიტება; რისთვისაც თავს სწირავდნენ მამები, ეჭვის საგანი ხდება, პროტესტანტიზმი გახლეჩილი, სუსტი, უძლურია”. [2]
     როგორც მოგახსენეთ, პროტესტანტულ სამყაროში პრაქტიკულად არ არსებობს კანონიკური სამართალი, დაშვებულია საღვთო მცნებების თვითნებური განმარტება. აქ მცნებებს ”მნიშვნელოვან” და ”უმნიშვნელო” კატეგორიებად ჰყოფენ. ეკლესიის (პირობითად) ნაკლებად ”მნიშვნელოვანი” წესები და კანონები აღინიშნება ტერმინით - ”ადიაფორა” (ბერძნ.-გულგრილი). ესენი ის ბიბლიური მცნებებია, რომელთაც, პროტესტანტების აზრით, აუცილებელი დატვირთვა არ გააჩნიათ. ხსენებული ტერმინი ყველა კანონიკური და დოგმატური სწავლების თვითნებური განმარტების საშუალებას იძლეოდა. მსგავსი სულისკვეთება, როგორც ჩანს ჩვენი ეკლესიის ლიბერალურ წრეებშიც მოეწონათ. (ამის შესახებ მომდევნო თავში ვისაუბრებთ). მთავარი ხაზგასმით უნდა ვთქვათ: საეკლესიო სამართალი აუცილებელია ადამიანის სრულყოფილებისა და თავისუფლების მოპოვებისათვის.
    ამ საკითხის გამო ცნობილი ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი ნ.ზაოზერსკი წერს: ”ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიური განმარტების თანახმად, სამართლის არსი პიროვნების თავისუფლებისაკენ მისწრაფებაში მდგომარეობს. პროტესტანტები უარყოფენ სამართლის ამ ფსიქოლოგიურ საფუძვლებს.
     სამართლის ეს სულიერი ფაქტორები მოქმედებას იწყებენ ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბების პერიოდში. ეს მცნება ღმმად არის ჩადებული ადამიანის შეგნებაში. არ არსებობს კანონის ძალის გარდა სხვა საშუალება, რომ ადამიანი იყოს თავისუფალი, თვითმმართველი არსება და იმავდროულად იყენებდეს მისი მსგავსი თავისუფალი არსებების მომსახურებას, უმისოდ წარმოუდგენელია ინდივიდუალური პიროვნების არსებობა.
     წინააღმდეგ შემთხვევაში სხვადასხვა ადამიანების თავისუფალი არსებობის სფერო დაუპირის-პირდება ერთმანეთს და დაარღვევს მართებული ურთიერთდამოკიდებულების პრინციპს - ცალკეული პიროვნების თავისუფლებას.
     ამრიგად, თავისუფლების კანონი მოითხოვს: თითოეული პირის თავნებობა განისაზღვროს მკაცრი სამართლებრივი ნორმებით, რათა არავინ დაარღვიოს სხვისი თავისუფლება.
     პიროვნული თავისუფლების უსაფრთხო არსებობა დამოკიდებულია სამართალზე, რომლის ვალდებულება მდგომარეობს სხვისი თავისუფლების დაცვაში. ამ ვალდებულების გარეშე არ არსებობს სამართლი, სამართლის გარეშე კი არ არსებობს თავისუფლება...
     თავისუფალი არსებობა მოითხოვს იურიდიული კანონების დამკვიდრებას. ამრიგად, სამართლი შეიძლება შემდეგნაირად განიმარტოს: ”სამართალი არის პირობების ერთობლიობა, რომლის შედეგადაც ერთის სურვილები შეთანხმებული უნდა იყოს მეორის სურვილებთნ, თავისუფლების კანონის საფუძველზე”.
     გონიერი არსება უნდა ისწრაფოდეს სამართლებრივი ნორმების დამკვიდრებისაკენ, როგორც თავისი მეგობრისა და მფარველისაკენ, რათა მოიპოვოს ყველაზე ძვირფასი ნიჭი - თავისუფლება.
     რადგან სამართლის გარეშე არ არსებობს თავისუფლება, უნდა ვაღიაროთ, რომ სამართლის ბუნება არა მხოლოდ სულიერი, არამედ ღვთაებრივია”.[3]
     როდესაც ეკლესიის წიაღში აზრთა სხვაობაა, მართლმადიდებელი ეკლესია პასუხისთვის მიმართავს თავის უცდომელ კრიტერიუმს, მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებას. როდესაც პროტეს-ტანტი აპირებს ჭეშმარიტების დადგენას, ”წამიერ შთაგონებას” უგდებს ყურს. პასუხი მკითხველისთვის მიგვინდვია, მან განსაჯოს რომელია უფრო მართებული ქმედება.
     ერთსაც დავძენთ: თავისუფლების მოყვარეებად არ მიგვაჩნია ისინი, ვინც უარყოფს წმიდა გადმოცემას, ვინც გადაუხვია ჭეშმარიტ გზას და მიჰყვა ადამიანურ გადმოცემასა და იმ მცნებას, ჭეშმარიტებისაკენ რომ არ მიდის და არ გვეხმარება ჭეშმარიტი თავისუფლების მოპოვებაში.   
 


[1] წიგნ.”Без церкви нет спасание”. И.Троиций. გვ. 131.
 
[2] იქვე. გვ. 100.
 
[3] И.А. Заозерский. О сушности церковного права. გვ. 247. 

უკან დაბრუნება