მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, პაპიზმი, უნია, მთავარი გვედის ფოტო > ფილოკათოლიკები აცხადებენ - „პაპიზმი არც ერესია და არც სქიზმა“ - პროტოპრესვიტერი თეოდორე ზიზისი (ნაწილი III)

ფილოკათოლიკები აცხადებენ - „პაპიზმი არც ერესია და არც სქიზმა“ - პროტოპრესვიტერი თეოდორე ზიზისი (ნაწილი III)


13-01-2020, 00:03

 


 

3. „ლათინები არც ერტიკოსები, არც განხეთქილების მომქმედნი, არამედ სხვა სარწმუნოების აღმსარებელი ძმები არიან"

 

  წმ. მარკოზ ეფესელისა და ფერარო - ფლორენციის ცრუკრების ეპოქის ფილოკათოლიკები სრულებით არ ამართლებდნენ ლათინებს. მაგრამ ბრალს არ სდებდნენ მათ ყველაზე მძიმე, ანტიეკლესიური დანაშაულის - ერესის გამო, რაც უნდა განეხორციელებინათ. ამ საკითხებთან მიმართებაში მათ უნდა ეხელმძღვანელათ მსოფლიო კრებებისა და წმინდა მამების გადაწყვეტილებებითა და დადგენილებებით, რომლებსაც წმინდა მარკოზ ევგენიკი ნებისმიერ მომენტში წარუდგენდა მათ. ლათინომოაზროვნენი ნაკლებნიშვნელოვან დანაშაულში - განხეთქილებაში ამხელდნენ კათოლიკებს, რათა ფარულად შემზადებული უნიის მიღწევა შეემსუბუქებინათ იმ მიზნისათვის, რომლისკენაც მიილტვიან განდგომილებისაკენ მეტად მამაცურად და შემართებით მავალი მათ მსგავსად მოაზროვნე ჩვენი თანამემამულენი.

   დღესაც კათოლიკებისადმი სიმპათიით განწყობილი „გალათინების მსურველი" მართლმადიდებლები, ნეტარხსენებული მთავარეპისკოპოსის, სერაფიმეს აღსრულების შემდეგ, ელადის ეკლესიის ხელმძღვანელი ღიად აცხადებენ, რომ ლათინებისაგან განმასხვავებელი ბარიერი არ არის არსებითი, რომ მკრეხელური, ერეტიკული და კრებითად დაგმობილი „ფილიოკვე" არ არის გაერთიანების გზაზე დამაბრკოლებელი პრობლემა, რომ ნათლისღება და კათოლიკეთა სხვა საიდუმლოებები მადლმოსილია, რომ თანამედროვე ეკლესიოლოგიის თანახმად, ლათინები არ არიან არც ერეტიკოსები, არც განხეთქილების მომქმედნი, არამედ „და-ეკლესიაა", ისეთივე დაა, როგორც სხვა ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიები.

   მრავალი მათგანი, ერეტიკული პრაქტიკის ჩვევისამებრ ამახინჯებენ რა დოკუმენტურ წყაროებსა და წიგნების ტექსტებს, ამტკიცებენ, რომ „ფილიოკვე" არასდროს ყოფილა უთანხმოებისა და განხეთქილების მიზეზი ეკლესიაში. ის თითქოს მხოლოდ კერძო საღვთისმეტყველო აზრი იყო, თეოლოგუმენი, რომელიც გავრცელდა დასავლეთში. ეკლესიების გაყოფის მიზეზი ღვთისმეტყველებაში კი არა, პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ. ერთი ეპისკოპოსი უვიცობით ან შეგნებულად დაეყრდნო ეკლესიის ისტორიკოსის ვ. სტეფანიდიზის მოსაზრებას, რომ „ფილიოკვეს" არ უნდა მიექცეს დიდი მნიშვნელობა, ვინაიდან ის არა დოგმატი, არამედ თეოლოგუმენია. ისტორიკოსის წიგნში ნამდვილად წერია შემდეგი: „დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიების ურთიერთდამოკიდებულებაში აღნიშნული სწავლება თეოლოგუმენად დარჩა, ანუ ისეთი საკითხია, რომელიც შეიძლება განიხილებოდეს". მაგრამ შემდეგ ავტორი წერს: „„ფილიოკვეს" სწავლება იმ დროიდან, როდესაც ის ოფიციალურად გამყარდა ბულგარულ ეკლესიაში (დასავლელი მისიონერების მოღვაწეობის შედეგად), აღარ არის თეოლოგუმენი და საეკლესიო დოგმატის სტატუსით მოგვევლინა. სწორედ ამ დროს პატრიარქმა ფოტიმ პირველმა გაილაშქრა აღნიშნული სწავლების წინააღმდეგ, შერაცხა რა ის ერესად თავის მრგვლივმოცული აღმოსავლეთის პატრიარქების ეპისტოლეთი, მოგვიანებით კი სპეციალური ტრაქტატით დაადასტურა".

  დღეს ლათინომოაზროვნენი სულ უფრო აქტიურად ავრცელებენ თავის შეხედულებებს. ამას ხელს უწყობს ეკუმენიზმისა და სინკრიტიზმისადმი კეთილგანწყობილი დამოკიდებულება, რომელიც იწყებს დომინირებას ეკლესიისა და ღვთისმეტყველებაში ეპისკოპოსების დუმილის გამო. არც ერთმა ეპისკოპოსმა არ გამოთქვა აზრი ფილოკათოლიციზმის წინააღმდეგ, არავის უჩნდება პროტესტი ერესთან და სქიზმებთან მჭიდრო ურთიერთობის გამო. დღეს მათთვის სხვა სახელწოდებები მოიძებნა. ეპისკოპოსები პროტესტს მხოლოდ მაშინ გამოთქვამენ, როდესაც მთავარიერარქის კათედრის საკითხი განიხილება, როგორც ხალხი იტყვის „სავარძლის" გამო, როდესაც ვერ ახერხებენ „თავისიანი" კანდიდატის გაყვანას, როდესაც საუბარია რაღაც ეკონომიკურ საკითხებზე, ან როდესაც განიხილება მათი ეპარქიების მატერიალური ინტერესები. მაშინ გამოთქვამენ პროტესტს და კრებითობის დარღვევასა და ეკლესიის ცხოვრების ნორმების დამახინჯებაზე საუბრობენ. ხოლო ის, რომ ეკუმენისტებისა და ლათინომოაზროვნეების მიერ მახინჯდება ეკლესიის სარწმუნოება და ოფიციალურ გადაწყვეტილებებში ხორციელდება: ანტიოქიის საპატრიარქოში მართლმადიდებლებისა და მონოფიზიტების ერთობლივი ზიარება, ბალამანდის შეთანხმების დამტკიცება, რომლის თანახმადაც მართლმადიდებლები აღიარებენ ლათინთა საიდუმლოებების მადლმოსილებას, როდესაც კონსტანტინოპოლის ეკლესია აღიარებს ლუთერანულ ნათლისღებას და მრავალ სხვას, რომელთაც არა აქვს რიცხვი - ყოველივე ეს არ ამძიმებს ეპისკოპოსების სინდისს. მათი დუმილის შედეგად ნადგურდება მართლმადიდებლობა, „მამების მიერ დადგენილი საზღვრები", ერესი და ცრუსწავლება კადნიერდება, ეშმაკი ზეიმობს... როდესაც საკითხი პაპისტებს ეხება: „ვინ არიან ისინი - ერეტიკოსები თუ სქიზმატები?" - ყველა მაღალი საეკლესიო ტრიბუნიდან გვესმის პასუხად: „არც ერთი და არც მეორე, ისინი ჩვენი ძმები არიან, რომლებიც რიმო - კათოლიკურ სარწმუნოებას აღიარებენ". დღეს მიღებულია აზრი, რომ არსებობს მრავალი ქრისტიანული სარწმუნოება: მართლმადიდებლობა, რიმო - კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი, მონოფიზიტობა და სხვა. ამ კონფესიების წარმომადგენლებს შორის ძმური თანამშრომლობა და ურთიერთგაგება დამყარდა. მსგავსი ხედვა - უხეში ეკლესიოლოგიური შეცდომა და უმძიმესი ერესის გამოვლინებაა. არ არსებობს მრავალი აღმსარებლობა და ეკლესია. ერთადერთი ეკლესია არსებობს - კათოლიკე მართლმადიდებლური ეკლესია და მხოლოდ ერთადერთი ჭეშმარიტი აღმსარებლობა - მართლმადიდებლური სარწმუნოება. მხოლოდ მას აღიარებდნენ წმინდა მამები. თავგანწირვის ფასად შეინარჩუნეს მართალი სარწმუნოება და არ დაუშვეს მისი შებილწვა ცრუ სწავლებებით. ამისთვის დაითმინეს შეურაცხყოფა, გადასახლება და ცილისწამება არამართლმადიდებელი „ძმებისა" და მათი ადეპტების მხრიდან, როგორებიც არიან თანამედროვე ეკუმენისტები და ფილოკათოლიკები. წმინდანთა ცხოვრებაში სად, რომელი წმინდანის თხზულებაში იპოვით მსგავს ეკლესიოლოგიას, ერეტიკოსებისა და უცხო აღმსარებლობის მიმართ „შენიშნავთ ურთიერთგაგების" არსებობას? ვერსად, მხოლოდ ეკუმენისტ ღვთისმეტყველებთან - XX ს-ის ამ ერესთა ერესთან, რომლის მიმართ, სულ ახლახანს, ძალდატანების გარეშე კეთილგანწყობილი გახდა ელადის ეკლესია. (გაგრძელება...)

 

 

პროტოპრესვიტერი თეოდორე ზიზისი 

Xareba.net-ის რედაქცია  

 



უკან დაბრუნება