მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > წერილი №31 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
წერილი №31 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)1-12-2015, 00:01 |
წმ. მამები იწონებენ ლოცვის კანონს და აღიარებენ არა მარტო მის სარგებლობას, არამედ აუცილებლობასაც; მაგრამ ამასთანავე გვირჩევენ, იგი ზომიერი, ადამიანის ძალების, სულიერი საზომისა და იმ მდგომარეობის შესაბამისი იყოს, რომელშიც მლოცველი ღმრთის განგებით არის ჩაყენებული. ლოცვის კანონის არსი ის არის, რომ მას თან უნდა ახლდეს ყურადღება. ყურადღება ჩვენს სულს ამდაბლებს, სიმდაბლისაგან კი იშვება სინანული. იმისათვის, რომ ლოცვის კანონის შესრულებისას აჩქარებას გადავურჩეთ, ეს კანონი ზომიერი უნდა იყოს, წმ. მამები ძალიან აქებენ ზომიერ კანონს და გვირჩევენ, რომ იგი განუხრელად შევასრულოთ. აი კანონი, რომელიც შეიძლება თქვენთვის სასარგებლო და დასაწყისისათვის საკმარისიც იყოს: „დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა," „მეუფეო ზეცათაო," „სამწმიდაო," „მამაო ჩვენო;" უფალო შეგვიწყალე 12-ჯერ; „მოვედით თაყვანის-ვსცეთ;" 50-ე ფსალმუნი; „მრწამსი," „ღმრთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ" - სამ-ჯერ; ამის შემდეგ 20 ლოცვა: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი;" ყოველი ლოცვის დროს კეთდება სრული მეტანია; ამას მოჰყვება ასეთივე 20 ლოცვა მცირე მეტანიის თანხლებით, შემდეგ „ღირს არს ჭეშმარიტად," „ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შეგვიწყალე ჩვენ." ლოცვის ეს კანონი შეგიძლიათ შეასრულოთ დილა-საღამოს. მეტა-ნიები ძალიან აუჩქარებლად, სინანულის გრძნობით უნდა კეთდებოდეს, თითქოს თვით უფლის წინაშე ვიდგეთ, მის წმინდა ფეხებს ვეამბორებოდეთ და ვითხოვდეთ შეწყალებას; ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ უნდა წარმოვიდგინოთ უფალი, არამედ გვწამდეს, რომ ის აქ არის - გვიყურებს და გვხედავს. თქვენ გაქვთ წერილობითი დარიგება ლოცვის შესახებ: ეცადეთ იქიდან თქვენი სულის შესაფერისი მიმართულება შეითვისოთ. სხვა ლოცვებიდან ახალბედებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა უფალ იესო ქრისტეს დაუჯდომელი. კვირაში ერთხელ წაიკითხეთ იგი, სულერთია, ამ დროს იდგებით თუ იჯდებით - როგორც თქვენთვის უფრო მოსახერხებელი იქნება, ისე მოიქეცით; ოღონდ უეჭველად ყურადღების თანხლებით და აუჩქარებლად იკითხეთ. ნურასოდეს მისცემთ თავს უფლებას ზერელედ და სხვათა შორის გადაავლოთ თვალი სახარებას და სხვა წმინდა წიგნებს: იკითხეთ აუჩქარებლად და ყურადღებით. კითხვისას ზომიერება დაიცავით. ზომიერება კითხვის მუდმივ სურვილს შეგინარჩუნებთ, მოყირჭებას კი ყველაფრის მიტოვება მოსდევს. გიორგი ზადონელი დაყუდებულის კითხვა თქვენთვის შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს. მას და ტიხონ ზადონელს ერთი სულისკვეთება და ერთი მიმართულება აახლოებს. თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ ჩემი ცოდვილი წიგნებიც იმავე სულის-კვეთებისაა და ყველა მათგანის წაკითხვა შეგიძლიათ, რადგან მათში ყველაფერი განმარტებულია: რა შეეფერება ახალბედას და რა - წარმატებულ მონაზონს. არ დაგავიწყდეთ ნიადაგ ღმრთის ნებას მიანდოთ თავი და მადლობა შესწიროთ მას ყველა იმ სიკეთისათვის, რაც თქვენ გიყოთ. ჩვენ ყველას უნდა გვჯეროდეს, რომ არ ვიმსახურებთ ღმერთის მოცემულ სიკეთეებს და გაცილებით მეტი განსაცდელების ღირსნი ვართ, ვიდრე ჩვენ გვხვდება. თუ საკუთარი თავისადმი ამგვარი დამოკიდებულება ექნება, ქრისტიანი სულის მშვიდობას შეინარჩუნებს, რადგან მორჩილებას უცხადებს ღმერთს და მადლობას სწირავს ყველაფრი-სათვის, რის მოვლინებასაც იგი ინებებს. (გაგრძელება იქნება...)
წიგნიდან „კრებული"
უკან დაბრუნება |