მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > წერილი №26 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
წერილი №26 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)6-11-2015, 00:00 |
წმ. მამები ქრისტეს მოღვაწის შინაგან ცხოვრებას ამინდს ადარებენ: ცაზე ხან მზე ანათებს და დარია, ხანაც მოიღრუბლება, წვიმს და სიცივეა. მათივე თქმით, ეს ცხოვრება მოსავალსაც შეიძლება მივამსგავსოთ, ზოგჯერ რომ უხვია და ზოგჯერ კი - მწირი. გამოცდილი ხალხი არც დარს ენდობა და არც ავდარი აშინებს, რადგანაც იცის, რომ ერთს ყოველთვის მეორე მოსდევს. ასევე, კარგი მოსავალი თუ მოვიდა, ისინი მას არ სჯერდებიან და არ წყვეტენ მუშაობას, არც მოუსავლიან წელიწადს ვარდებიან სასოწარკ-ვეთილებაში და ხელს არ იღებენ მიწის დამუშავებაზე. ასეთია ბუნების კანონი. მოღვაწეობის კანონიც მასვე წააგავს: ხან ღმრთის მადლი გადმოდის სულზე და ნუგეშინისცემით ავსებს, ხანაც განსაცდელების ტალღები არყევს და მწუხარებები ევლინება. ასეთი იყო ყველა წმ. მამის გზა. ისინი უბრძანებენ ყველას, ვისაც სწორი მოღვაწეობა სურს, მოღვაწეობის იმ კანონს დაემორჩილონ, რომელიც თვით ღმერთმა დაუდგინა ამა სოფლის სტუმარს. მუდმივად მზე თუ ანათებს, მიწა ხმება, ჭია და სხვა მავნებელი უჩნდება. ასევე მოქმედებს სულზე მეტისმეტად ხანგრძლივი სიმშვიდე, თუნდაც ის ღმრთის მადლის მოქმედების შედეგი იყოს. სულში ჩნდება მაღალი წარმოდგენა საკუთარ თავზე, ყოველგვარი იმედის ასევე საკუთარ თავზე დამყარება, თავდაჯერება, მოყვასის უგულებელყოფა, მისი დამცირება და განკითხვა... ამას მოჰყვება სხვა ამგვარი, ყველაზე საშიში და საშინელი ვნებები. დიდი რამ არის საკუთარი თავის განსაცდელის ღირსად აღიარება და მისი მოსვლისას ღმერთის ნებას მინდობა. ეს ძალიან შველის უცნაური შიშის შემოტევების დროსაც. როდესაც ადამიანი საკუთარ თავს ყოველგვარი სასჯელის ღირსად აღიარებს (თუნდაც ეს სასჯელი აშკარად ეშმაკისაგან იყოს მოვლენილი), მაშინ მას უადვილდება თავის უარყოფა და ღმერთის ნებას დაემორჩილება. თავის უარყოფისა და ღმერთის ნებას მინდობისაგან კი ქრება ეშმაკის საცთურით გამოწვეული შიში. ეშმაკს არაფერი შეუძლია ღმრთის მიშვების გარეშე, იგი მუდმივად ღმრთის ყოვლადძლიერ მარჯვენას უპყრია და ერთადერთი დანიშნულება აქვს: შოლტისა, რომელიც თავისთავად მოკლებულია დამოუკიდებელი მოქმედების უნარს. შენ ყველაზე დაბალი სახის, მაგრამ სულიერი ხედვა მოგივლინეს - საკუთარი ცოდვილობისა და დაცემულ სულებთან იმ ერთობისა, რომელშიც ადამიანი თავისი დაცემის გამო იმყოფება. მტერს შეშურდება შენი და მოინდომა მოეტაცა შენი სულისთვის ნაყოფი, ანუ გლოვა. მან ეს მზაკვრულად გააკეთა: ჯერ არასწორი აზრი ჩაგაგონა, რომელიც არის ნიადაგ თავი ყოველი ბოროტებისა. მაგრამ ღმერთმა დაუშვა ეს შენზე, რათა დახელოვნდე - გამოცდილებით შეიცნო ეშმაკის მზაკვრობა და მუდამ ფრთხილობდე. სულიერი საუნჯე ყოველი დაცვით უნდა დავიცვათ. სხვათა შორის, ღმრთის მადლის მოხილვას ჩვეულებრივ წინ უძღვის ან მოსდევს განსაცდელი. ყველაფერი, რაც ქრისტესმოღვაწეს შეემთხვევა, თავისთავად ამჟღა-ვნებს საკუთარ ბუნებას. მაგრამ ამის გაგება მხოლოდ მას ძალუძს, ვინც კანონიერად მოღვაწეობს. მოხიბლულებიც, რაკიღა სიბრმავე სჭირთ, კმაყოფილები არიან თავიანთი მდგომარეობით და ყველაფრით, რაც კი შეემთხვევათ, მაგრამ მათი კმაყოფილება გახლავთ თვითკმაყოფილება, რომელიც საკუთარ თავზე მაღალ წარმოდგენას ასაზრდოებს და მასვე ემყარება, და არა საკუთარი ცოდვებისა და უბადრუკობის ხედვას. ძალიან კარგი გზაა თავის შემოწმება და გულახდილად აღიარება იმისა, რაც ჩვეულებრივი ცხოვრების წესს სცდება. ოღონდ გულისსიტყვები გამოცდილი ადამიანის წინაშე უნდა ვაღიაროთ და არა „ბრძენებისა," რომლებსაც ეს სოფელი აღიარებს და ხოტბას ასხამს, როგორც წმინდანებსა და სულიერ ადამიანებს. „სოფელიმცა თვისთა ჰყუარობდა" (ინ. 15,19), თქვა მაცხოვარმა. სოფელი ხიბლშია და მხოლოდ ხიბლში მყოფებს თანაუგრძნობს; ჭეშმარიტების მსახურები მას სძულს და უარყოფს. მძიმე დრო დგება სულიერი ცხოვრებისათვის. როგორც წმ. ტიხონ ვორონეჟელი წერს, ეს დრო უკვე კარგა ხანია დადგა, მაგრამ ახლა განსაკუთრებით დამძიმდა, განდგომილება კი უკიდურესად ძლიერდება. და ესაა ღმრთის დაშვება, რომელიც წმ. წერილშია ნაწინასწარმეტყველები, ღმრთის მიუწვდომელი განგების წინაშე კი მხოლოდ მოწიწება გვმართებს. ვინა ვართ ჩვენ ღმრთის წინაშე? საბრალო მატლები, მისი მიუწვდომელი მოწყალებით ყოფად მოწოდებულნი, მეტიც - ღმერთის შეცნობის, ღმერთთან ზიარების ღირსად ქმნილნი. მაშ, დიდება აღვუვლინოთ მის კეთილ ნებას, მის მოწყალებას! ვევედროთ უფალს, რათა სრულყოს თავისი მოწყალება ჩვენზე! (გაგრძელება იქნება...)
წიგნიდან ”კრებული” უკან დაბრუნება |