მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 11 ოქტომბერი (ახ. სტ.) - ხსენება ღირსისა ხარიტონ აღმსარებელისა (+დაახლ. 350)

11 ოქტომბერი (ახ. სტ.) - ხსენება ღირსისა ხარიტონ აღმსარებელისა (+დაახლ. 350)


11-10-2018, 08:43

11 ოქტომბერი (ახ. სტ.) - ხსენება ღირსისა ხარიტონ აღმსარებელისა (+დაახლ. 350)

 

   ღირსი ხარიტონ აღმსარებელი იკონიაში ეწამა 270-324 წლებს შორის. უღმრთოებმა შეიპყრეს იგი და ცრუღვთაებებისადმი მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. წმიდანმა მტკიცე უარი განაცხადა. ჯალათებმა ხარიტონს სამოსელი შემოაძარცვეს და ძროხის ძარღვებით სცემეს, შემდეგ კი მთავრის ბრძანებით საპყრობილეში ჩააგდეს. მტარვალი ჯერ ლიქნით, შემდეგ პატივის აღთქმით ცდილობდა მის გადაბირებას, ბოლოს კი ახალი სატანჯველები დაატეხა თავს: „შეწუა ცეცხლითა მკერდი მისი, ვითარცა შესაჭმელი ჴორცი", ბორკილები აასხა და კვლავ დილეგში ჩააბრუნა. ამასობაში ქრისტიანთა დევნა ჩაცხრა. პყრობილი მართლმორწმუნეები გაათავისუფლეს. თავისუფლება ჰპოვა წმიდა ხარიტონმაც, რომელიც „ვითარცა აწ მკუდარ ქმნილი საწუთოჲთ და ქრისტესსა ცხორებად მნებებელი" წმიდა ქალაქ იერუსალიმისკენ გაეშურა. გზაში იგი ავაზაკებმა შეიპყრეს, გამოქვაბულში გამოამწყვდიეს, თვითონ კი „მიმოდარბიოდეს ალაგთა გზათასა" და სხვა მგზავრებს უსაფრდებოდნენ.

   მარტო დარჩენილი წმიდანი მადლობას სწირავდა უფალს და მორჩილებით ელოდა მისი ნების გაცხადებას. ამასობაში მღვიმეში იქედნე შემოძვრა, ღვინით სავსე ჭურში ჩასრიალდა, შიგ შხამი ჩათხია და წავიდა. როცა ავაზაკები დაბრუნდნენ, წყურვილით გათანგულები, დაეწაფნენ მოწამლულ სასმელს და უკლებლივ ყველანი გაწყდნენ.

   ხარიტონმა იმ მღვიმეში დაიწყო მოღვაწეობა, სადაც, ღვთის ნებით, სასწაულებრივი გადარჩენა მიემადლა. ყაჩაღების მიერ ნაგროვები ქონების ნაწილი მან გლახაკებსა და მეუდაბნოე მამებს განუყო, ნაწილით კი ააგო ტაძარი, რომლის ირგვლივაც თანდათან წარმოიქმნა პალესტინაში ცნობილი ფარანის ლავრა. სავანისთვის წმიდანმა თავადვე შეადგინა წეს-განგება. ლავრას ახალი წინამძღვარი დაუდგინა, თვითონ კი უდაბნოს სიღრმეში შევიდა. ნეტარი მამა განმარტოებას ეძიებდა, მაგრამ მონაზვნური ცხოვრების მსურველებმა აქაც მიაკვლიეს მას. ასე დაარსდა ახალი, იერიქონის სავანე, რომელსაც მოჰყვა კიდევ ერთი, სუკიის ეგრეთ წოდებული „ძველი ლავრა".

   დაუცხრომელი მოღვაწეობისთვის უფალმა თავის რჩეულს სულიერ და ხორციელ სნეულებათა სასწაულებრივი კურნების ნიჭი მიმადლა. წმიდანს წინასწარ განეცხადა თავისი მიცვალების დღეც. მან ისურვა, რომ აღსასრულს ფარანის ლავრაში შეხვედროდა. მოუხმო ყველა მოწაფეს და უკანასკნელად დამოძღვრა ისინი.

  ღირსი ხარიტონი დაახლოებით 350 წელს გავიდა ამსოფლიდან, ღრმა მოხუცებულობაში. წმიდანის პატიოსანი ცხედარი ავაზაკთა მღვიმის ადგილას მის მიერვე აგებულ ტაძარში დაკრძალეს.


Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება