მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > წერილი №24 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

წერილი №24 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)


1-11-2015, 00:00

 

 

 

   1) ვისაც სურს, სწორად ემსახუროს ღმერთს, იმან არ უნდა სთხოვოს უფალს რაღაც კონკრეტული, მაგალითად, ცრემლები ან რაიმე სხვა, ოცნებაში წარმოდგენილი ნიჭი. ერთადერთი უნდა შესთხოვოს ღმერთს: მისცეს ის, რაც მისი სულისთვის არის სასარგებლო - თვითონ ადამიანმა არ იცის, კერძოდ რა სჭირდება მის სულს. ვინც ლოცვისას უარს ამბობს საკუთარ ნებაზე, ის ჭეშმარიტ სიმდაბლეს მოიპოვებს. თავი უნდა შევიკავოთ აღგზნებისაგან და ლოცვის დროს ვეცადოთ ღმერთის შიში გვქონდეს - სწორი ეს არის.

   2) ანმარტოება ყოველთვის სასარგებლო იყო, მაშინაც კი, როდესაც, დროის სულისკვეთების გამო, საზოგადოებაში ბევრი კეთილ-მორწმუნე ადამიანი იყო. ახლა კი, გარყვნილების ასეთი საყოველთაო გავრცელების ჟამს, განმარტოება, ნაცნობებისა და ნაცნობობისათვის თავის არიდება ცხოვრების აუცილებელი პირობაა.

   3) ნუ მისცემ თავს შვილის ცემის უფლებას - თითი არ დააკარო. ეს უკიდურესად მავნეა ბავშვისთვისაც და დედისთვისაც. ძველი ჩვეულებებიდან ზოგი რამ კარგია, ზოგიც - ცუდი, ცუდს არ უნდა მივბაძოთ. გამოიწერე წიგნი: ამბა დოროთეს სწავლანი, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია ახალგაზრდა მონაზვნების აღზრდაში. ეს წიგნი შესანიშნავ დარიგებად გამოგადგება საკუთარი თავისათვის და ქალიშვილის აღზრდაშიც, იკითხე და შეისწავლე იგი. იცოდე, რომ ყოველგვარ სიტყვიერ შეგონებაზე მნიშვნელოვანი შენი შვილისთვის შენი ცხოვრების მაგალითი იქნება.

   4) საკუთარი ცოდვილობის აღიარება აუცილებელია ცხოვნებისათ-ვის, მაგრამ საკუთარი თავისათვის მსჯავრის გამოტანა და აქეთ-იქით მიწყდომა ძალიან მავნეა. ყოველივე მეტისმეტი ეშმაკისაგან არისო, თქვა ღირსმა პიმენ დიდმა. რა თავს იქებ ცოდვების სიმრავლით? ჩვენი მხსნელი და მაცხოვარი უზომოდ მდიდარია და ძლიერი: მისთვის არაფერს ნიშნავს ყველა ადამიანის ცოდვები, ოღონდ მათ თვითონ არ უნდა უარყონ თავიანთი მხსნელი. უფალმა უთხრა ცოდვილ დედაკაცს, რომელსაც ცოდვები მიუტევა: „წარვედ და ამიერითგან ნუღარა სცოდავ" (ინ. 8,11). ის, ვისაც აღსარების საიდუმლოთი ცოდვების მიტევება მიენიჭა, ვალდებულია აღარ გაიმეოროს ისინი - ეს არის და ეს. უწინდელი ხორციელი ცოდვების მოგონება ძალიან მავნეა და ამას წმ. მამები კრძალავენ. აქ მოქმედებს უმეცრება, აღსარების საიდუმლოს მიმართ არასათანადო პატივისცემა, სათ-ნოების არასწორი გაგება, მომაცთუნებელი აღგზნება და ოცნება. შენ კი ალბათ წარმოიდგინე, სწორედ ესაა სიმდაბლეო?

   5) დაახლოებით იგივე შეიძლება ითქვას შენი განზრახვის შესახებ - ვიღაცას გაუმხილო შენი ცოდვები. აქაც იგივე უნდობლობაა წმ. აღსარების საიდუმლოს მიმართ, რომელშიც მოქმედებს ყოვლად ძლიერი სული წმიდა, სავსებით და უეჭველად აღმხოცელი კაცთა ცოდვებისა. რატომ მიიჩნევ იმას, რაც გაქრა, კვლავ არსებულად? ნუ კადნიერდები შეეხო უდიდეს საიდუმლოს! საბრალო მტვერო! ნუ კადნიერდები შეავსო ეს საიდუმლო! რომელსაც ღმერთისგანა აქვს თავისი სავსება და კაცთაგან შევსება არ სჭირდება. ნუ გაიმეორებ ცოდვას - სულ ესაა, რასაც შენგან ღმერთი მოითხოვს და რაც არის ერთადერთი საჭირო შენი ცხონებისათვის. არ გაბედო ვინმეს მოუყვე შენი ცოდვები, მოძღვრის გარდა. გეშინოდეს ურწმუნოებისა, რადგან იგი ამცირებს კაცის თვალში ღმერთის ძლიერებასა და სახიერებას. ძალიან უნდა უფრთხილდეთ ყალბ აზრებსა და აღგზნებას: მათ გამო ადამიანს შეიძლება ეგონოს, სიკეთეს ჩავდივარო, ამ დროს კი ბევრი ბოროტება მოუტანოს საკუთარ თავსაც და ახლობლებსაც.

   ცხონების მსურველისთვის აუცილებელია ამბა დოროთეს წიგნით ხელმძღვანელობა - იგი შენთვისაც ძალიან სასარგებლო იქნება. კვლავ გულწრფელად გისურვებთ ყოველგვარ სიკეთეს შენცა და მთელ შენს ოჯახს. (გაგრძელება იქნება...)

 

 

 

 

წიგნიდან „კრებული"  

 



უკან დაბრუნება