მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > წერილი №23 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

წერილი №23 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)


29-10-2015, 00:00

წერილი №23 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

 

   ვინც სულიერი ცხოვრების ქვეყანაში შეაბიჯა, იმან ორმაგი სიფხი-ზლით უნდა დაიცვას თავი და განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოუხმოს. ამ ქვეყნის კარი კი არის ქრისტესმიერი მშვიდობა, რომელიც „ჰმატს ყოველსა გონბასა," და რომელიც კაცის ყოველ გულისზრახვას გამოუთქმელი სიტკბოებით ფარავს. ქრისტეს მშვიდობა თრგუნავს ყველა შიშსა და შფოთს, ასეთ მძლავრ ზეგავლენას რომ ახდენს ხორციელ კაცზე: სული წმიდის მიერ განახლებული ადამიანი თავის თავში ცოცხალი რწმენის განახლებას გრძნობს. მისთვის ღმერთი აღარ არის მკვდარი, როგორადაც იგი ამა სოფლის სიბრძნით მომკვდარ ადამიანებს ეჩვენებათ: მათ თავიანთი სიკვდილი სიცოცხლე ჰგონიათ, ნამდვილი და ჭეშმარიტი სიცოცხლე კი - რაღაც არარსებული. "მშვიდობის" ნიჭს, როგორც სახარებიდან ჩანს, სხვა ნიჭი მოსდევს: ქრისტეს მოწაფეს გონება ეხსნება წმ. წერილის გულისხმისსაყოფად; ქრისტეს ჯვარი გასაგები და ადვილად სატარებელი ხდება, ტანჯვა კი - სიხარულის მომნიჭებელი. მაგრამ ის, რაც შენ შეგემთხვა, მხოლოდ ნაწილობრივ არის სულიერი და არა მთლიანად, ამიტომ გაფრთ-ხილდი.

   არსებობს სისხლისმიერი მოქმედება, რომელიც გამოუცდელებს კე-თილ, სულიერ მოქმედებად წარმოუდგებათ. მაგრამ სინამდვილეში იგი არც კეთილია და არც სულიერი, არამედ ჩვენი დაცემული ბუნებიდან მომდინარეობს და იმით იცნობა, რომ ერთბაშად, მძაფრად არღვევს მშვიდობას საკუთარ თავშიც და მოყვასშიც. სულიერი მოქმედება მშვიდობისაგან იშვება და მშვიდობასავე შობს. ყურადღებით განიხილე თავი: ის, რაც შენში ხდება, ჯერ კიდევ შერეული მოქმედებაა: სულიერი მოქმედება სისხლისმიერს ერწყმის, შენ კი ისინი ვერ გაგირჩევია და ვერ გაგიყვია. თვალყური ადევნე შენს წყლებს (გრძნობებს), რათა ისინი წყნარად მიედინებოდნენ, როგორც წინასწარმეტყველმა თქვა სილოამის წყლებზე: „წყალი სილოამისა მავალი მყუდროდ" (ესაია, 8,6). ყოველი აღგზნებული გრძნობა სისხლისმიერია! ნუ მიიღებ მას გულმოდგინებად, საღმრთო შურად, ღმრთისა და მოყვასის სიყვარულად. არა, ესაა მშვინვიერი მოქმედება, რომელშიც სისხლი და ნერვები მონაწილეობენ. სისხლის მამოძ-რავებელი ძალა კი ვნებებია, რომლებიც გახლავთ სოფლის მპყრობელი ჯაჭვები და იარაღი, მისი სკიპტრა და ხელმწიფება. სულის მშვიდობა შეინარჩუნე და უარყავი ყველაფერი, რაც ამ მშვიდობას არღვევს, თუნდაც ის გარეგნულად სწორი და მართალი იყოს. მოყვასის მიმართ ღირსი ისააკ ასურის დარიგებით იხელმძღვანელე: „სჯობს უმეცრად შეგრაცხონ ადამიანებმა იმის გამო, რომ ცილობა არ ძალგიძს, ვიდრე ურცხვი და კადნიერი იყო და ამისათვის ბრძნად მიგიჩნიონ. დაგლახაკდი სიმდაბლისათვის და ნუ გამდიდრდები ამპარტავნებისათვის. შენი წინააღმდგომნი სათნოება-თა ძალით დაარწმუნე და არა სიტყვებით. მშვიდი და წყნარი საუბრით დააცხრე ურწმუნოთა თავგასულობა. სიძვისმოყვარენი შენი წმინდა ცხოვრებით ამხილე, ხოლო აღვირახსნილნი - კრძალუ-ლებით." ასეა: ღმრთეებრივი სიტყვაც გასწავლის და ღმრთეებრივი დუმილიც.

   ხმებსა და ხილვებს რაც შეეხება, კიდევ უფრო მეტი სიფრთხილე გმართებთ, რადგან ეშმაკის ხიბლი აქ კიდევ უფრო ახლოსაა ჩასაფრებული. მრავალი წმინდა და გამოცდილი მამაც კი აცთუნეს დემონებმა, რომლებიც ოსტატურად მალავენ თავიანთ ტყუილსა და სიბნელეს ნათლისა და ჭეშმარიტების საფარველქვეშ: მით უფრო ადვილად აცთუნებენ ახალგაზრდებსა და გამოუცდელებს. დიდი დრო და გამოცდილებაა საჭირო, რომ გულმა და გონებამ კეთილისა და ბოროტის გარჩევა ისწავლოს, რა ნიღაბსაც არ უნდა იფარებდეს ეს ბოროტი. ამიტომ წმ. მამებმა გვამცნეს, რომ ახალბედები არავითარ ხმებსა და ხილვებს არ უნდა ენდონ, არამედ უნდა უარყონ და არ მიიღონ ისინი; ღმერთის ნებასა და სამსჯავროს მიანდონ ყოველივე, საკუთარი სულისათვის კი ყველა ხმასა და ხილვაზე საჭიროდ სიმდაბლე აღიარონ. ქრისტეს ხმა არის სახარება: მაშ, მას მოვუსმინოთ და მასვე დავემორჩილოთ.

  ჭეშმარიტი სულიერი ხილვები და განცდები იმ სოფლის კუთვ-ნილებაა. ისინი სავსებით არანივთიერნი არიან, გრძნობების ქვეყანაში, ნივთიერი სიტყვით არავითარი განმარტება არ მოეპოვებათ - ასეთია ჭეშმარიტად სულიერი მოვლენის სარწმუნო ნიშანი. სულის ხმა არანივთიერია, იგი სრულიად ცხადი და, ამასთან, სრულიად არანივთიერია: იგი გონების ხმაა. ასევე ყველა სულიერი განცდაც არანივთიერი და უხილავია, შეუძლებელია მათი განმარტება ან ნათლად გადმოცემა ადამიანურ, ნივთიერ ენაზე. და ამავე დროს, ისინი ხელშესახებნი და ძლიერნი არიან, ყველა სხვა განცდას სძლევენ და მათ უმოქმედოდ, თითქოს არარსებულად აქცევენ. ხორციელი კაცისთვის სულიერი საქმე მიუწვდომელი და სრულიად გაუგებარია, ხოლო თუ კაცს სულიერი ალღო აქვს, ეს ალღო კარნახობს იმას, რისი სიტყვით გადმოცემაც შეუძლებელია.

   ხილვების ყველაზე დაბალ საფეხურზე ისინი დგანან, რომლებსაც ადამიანი საკვების მეტისმეტი შეზღუდვის, მღვიძარებისა და სხვა სახის ხორციელი მოღვაწეობის შედეგად ხედავენ. ამგვარ მდგომარეობას მხოლოდ მოღვაწეები კი არ აღწევენ, არამედ ბევრი მანკიერი ადამიანი, ვინც რაიმე მიზეზით ხორციელ უძლურებაში ჩავარდა. მათი ხორციელი გრძნობები განსაკუთრებით ფაქიზდებიან და ისინი ხედავენ სულებს, ესმით ხმები, ყნოსვით აღიქვამენ ნელსურნელებას და სიმყრალეს. ეს საშიში მდგომარეობაა და ბევრს ექცა ხიბლის მიზეზად. შენს მდგომარეობაში ღმრთის მოწყალებას ვხედავ: ამას მოწმობს ღმრთეებრივი მშვიდობა, რომელიც შენზე გადმოვიდა და ჯვარის საიდუმლო გაგიმხილა. მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ამ მდგომარეობას სისხლისმიერი მინარევიც ახლდა. ამას შენ თვითონაც შენიშნავ, თუ დუმილს დაიცავ და ყოველ მგზნებარე, მხურვალე გრძნობას დაიოკებ, მის ნაცვლად კი მშვიდ, წყნარ გრძნობას მოუხმობ. მე ვისურვებდი, რომ გამოხვიდე მაგ მდგომარეობიდან - იგი შენს ძალებს აღემატება. ფრთხილად და ფრთხილად! მოწყალე ღმერთმა მოგმადლოს სხვა, ნაკლებად საშიშ, უფრო სულიერ და უფრო სასარგებლო მდგომარეობაში გადასვლა: ესაა სულის შემუსვრილება, რომელსაც კაცის დაცემისა და მაცხოვრის მიერ ჩვენი გამოსყიდვის ხედვა გვანიჭებს. მრავალი წმინდა მამა, სიმდაბლითა და სულიერი სიბრძნით შემკული, როდესაც მათ უცაბედად რაიმე განსაკუთრებული სულიერი ნიჭი ეძლეოდათ, სთხოვდა უფალს, აეღო მათგან ეს ნიჭი, როგორც მათ ძალებს აღმატებული. წმ. ისააკ ასური ამბობს: „თუ შენი საქმეები სათნოეყო ღმერთს და მან მოგცა რაიმე ნიჭი, ევედრე, მოგცეს გონება დასამდაბლებლად, ანდა მცველი მიუჩინოს ამ ნიჭს, ანდა აიღოს იგი შენგან, რათა წარწყმედის მიზეზად არ გექცეს: რამეთუ ყველას როდი შეუძლია სულისთვის ზიანის მიუყენებლად ატაროს იგი." იმ მდგომარეობაში, რომლებიც მოღვაწეს შეცვლილი ან გაფაქიზებული გრძნობებით ესმის ხმები, იყნოსავს ნელსურნელებას, ხედავს ხილვებს, ეშმაკს ძალიან ადვილად შეუძლია ჭეშმარიტება რაღაც თავისით შეცვალოს, ამ თავისას ჭეშმარიტების სახე მისცეს და უკურნებლად დააზიანოს ახალგაზრდა, გამოუცდელი მოღვაწის სული. ბევრად უფრო უსაფრთხო და მაღალი მდგომარეობა იქნება, რომ სინანულით გაფაქიზებული და სული წმიდის მიერ შეცვლილი გრძნობებითა და გონებით ვჭვრეტდეთ ჩვენი დაცემის სიღრმეს და გამოსყიდვის დიდ საიდუმლოს, სულიერი, არანივთიერი მოქმედების საშუალებით დავინთქათ სიმდაბლის უფსკრულში, ღმრთის დიდებუ-ლებით განცვიფრებისა და მოწიწების ზღვაში.

  და კვლავ წმ. ისააკ ასურის სიტყვები მომყავს: „ის, ვინც თავისი ცოდვები დაინახა, უფრო დიდია, ვიდრე ის, ვინც თავისი ლოცვით მკვდრებს აღადგენს და ვინც ხალხმრავალ ადგილას ცხოვრობს. ვინც თავის სულს გლოვობს, აღემატება მას, ვინც მთელ ქვეყანას რგებს თავისი ხილვებით, ვინც საკუთარი თავის დანახვის ღირსი გახდა, იმაზე მეტია, ვინც ანგელოზთა ხილვის ღირსი გახდა, რამეთუ ეს უკანასკნელი ხორციელი თვალით ხედავს, პირველი კი - სულიერით."

  ზომიერად მიეცი ხორცს საკვები და ძილი, დაიცავი თავი მდუ-მარებით, მყუდროებით, სიმდაბლით. შენი ახლანდელი მდგო-მარეობიდან შეეცადე შეინარჩუნო „ქრისტესმიერი სიმშვიდის" მოქმედება და ქრისტეს ჯვარის საიდუმლოს შეცნობა. მოწყალე უფალს ვთხოვ გამოგიყვანოს გაფაქიზებული ხორციელი მდგომა-რეობიდან, რომელიც მეტისმეტად საშიშია. თქვენი მონასტრის ბიბლიოთეკაში არის ხელით გადაწერილი ისააკ ასურის წიგნი. წაიკითხე მისი 55-ე თავი, ღირსი სვიმეონ საკვირველმოქმედის მიმართ მიწერილი. ყველაფერს ვერ გაიგებ, მაგრამ რასაც გაიგებ, ისიც ძალიან დიდ სარგებლობას მოგიტანს. უფალი შენთანა. (გაგრძელება იქნება...)

 

 

 

წიგნიდან „კრებული"  



უკან დაბრუნება