მთავარი > შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > ბუნების ფერისცვალება - ღირსი იუსტინე პოპოვიჩი (ნაწილი I)

ბუნების ფერისცვალება - ღირსი იუსტინე პოპოვიჩი (ნაწილი I)


4-10-2015, 00:04

ბუნების ფერისცვალება - ღირსი იუსტინე პოპოვიჩი (ნაწილი I)

 

   კაცობრიობის უკანასკნელი დღე, ბუნებისთვისაც უკანასკნელი დღე იქნება; დროის აღსასრული, ამავე დროს სივრცის აღსასრულიც იქნება იმ კატეგორიით, რომლითაც იგი ჩვენ გვევლინება. რამდენადაც, ხილული ბუნების ბედი, თავისი არსებობის დასაწყისიდან, ადამიანის მბრძანებლური გავლენის ქვეშ იმყოფება, შესაბამისად მისი აღსასრულიც, ამ ქვეყნად კაცობრივი ისტორიის აღსასრულს ემთხვევა. ორგანულად ადამიანთან, როგორც ღმრთისხატოვან ქმნილებასთან საიდუმლოებრივად დაკავშირებული ბუნება, თავისი ცხოვრების არსით ადამიანზეა დამოკიდებული და მუდამ ადამიანთან მკაცრად თანაბარზომიერად მოძრაობს. როცა ადამიანმა ცოდვის და სიკვდილის გზა აირჩია, როგორც თავისი ისტორიული გზა, მას ადამიანზე გადაულახავი შინაგანი დამოკიდებულების შედეგად - მთელი ბუნება მიჰყვა (რომაელთა, 8,19-23). ადამიანის დაცემა, იმავდროულად ბუნების დაცემაც იყო, ადამიანის წყევლა (ღმრთისაგან დაწყევლა - მთარგ. შენიშვ.) ბუნების წყევლადაც იქცა (შესაქმ. 3,17 -18). და იმ დროიდან, ადამიანი და ბუნება, როგორც ორი განუყრელი ტყუპი, ერთი და იმავე ბნელით დაბრმავებულნი, ერთი და იმავე სიკვდილით მკვდარნი, ერთი და იმავე წყევლით დატვირთულნი - ხელიხელჩაკიდებულნი მოდიან ისტორიაში, ცოდვისა და ბოროტების უსასრულო უგზოობით; ერთად ბორძ-იკობენ, ერთად ეცემიან, ერთად დგებიან და თავისი სამწუხარო ისტორიის შერეული აღსასრულისაკენ შეუჩერებლივ მიისწრაფვიან.

  რამდენადაც უკანასკნელ დღეს, უფალი ქრისტეს მოსვლით ცოდვა და სიკვდილი განქარდება, მთელი ბუნებაც ცოდვისა და სიკვდილის მონობისაგან განთავისუფლდება, განახლდება (ფერს იცვლის) და თავისი პირველყოფილი (ისეთით, დაცემამდე რომ იყო), უცოდველი, უკვდავი, მშვენებით გაბრწყინდება. მკვდართა აღდგომა, არა მხოლოდ ადამიანისთვის, არამედ ხილული ბუნებისთვისაც სიკვდილის აღსასრული იქნება, რომელიც (ბუნება) სიკვდილსა და ხრწნადობას თავისი ამპარტავანი ბატონის - ადამიანის ცოდვისმოყვარე ნებით დაემორჩილა (შეად. რომაელთა, 8,20). ცოდვა, ბოროტება, ავადმ-ყოფობა, სიკვდილი - ეს ყოველივე ადამიანის მოტანილი მყრალი გამონაყოფია, რომლითაც მან ბუნების უცოდველი სახე გასვარა და გააუსახურა, მაგრამ, უფალმა ქრისტემ თავისი მოსვლით, ღმრთივქმნილი და ღმრთივნაქსოვი ბუნების მშვენიერი სახიდან ეს ყოველივე ჩამორეცხა და ის თავისი უცოდველი სიკეთით და გამოუთქმელი მშვენებით (შეად. შესაქმე, 1,31) ხელახლა გაბრ-წყინდება. პირველყოფილ მდგომარეობაში ადამიანის აღდგენით, უფალი ბუნებასაც საწყის, უცოდველ მდგომარეობაში დააბრუნებს (რომაელთა, 8,21). მაშინ არა მხოლოდ ქრისტესმოყვარე ადამიანები შეიცვლებიან „ძველი სიკეთით", არამედ მთელი ბუნებაც. იმიტომ, რომ ღმრთის მადლის მოქმედებით იგი განაგდებს და ჩამოიყრის ყველა ცოდვას, ყველა ბოროტებას, ცოდვისა და ბოროტების ყველა შედეგს, და მასთან ერთად სიკვდილსაც. ასე დადგება ახალი ცა და ახალი მიწა (ქვეყანა), „რომელსა შინა სიმართლე დამკვიდრებულ არს" (2 პეტრე, 3,13; შეად. გამოცხადება, 21,1).

  წმინდა კირილე იერუსალიმელი გვაუწყებს: „ციდან მოვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მოვა დიდებით ამა სოფლის აღსასრულის ჟამს, უკანასკნელ დღეს. რამეთუ ამა სოფლის აღსასრული იქნება და ქმნული სოფელი კვლავ განახლდება. რამეთუ გარყვნილება, „პარვა და სიძვა" და ცოდვის ყოველგვარი სახე „განფენილ არს" ქვეყანასა ზედა (ოსე. 4,2). რათა ეს საკვირველი სავანე მუდმივად უსჯულოებით არ იყოს აღსავსე, გარდახდება სოფელი ესე, რათა კვალად უკეთესად გამოჩნდეს. ნუ დავრწმუნდებით, თითქოს მხოლოდ ჩვენ უნდა მოვკვდეთ; ვარსკვლავებიც შეწყვეტენ არსებობას და შესაძლოა კვლავ გამოჩნდნენ. უფალი იმიტომ კი არ წარგრაგნის ცას, რომ იგი გაანადგუროს, არამედ რათა უკეთესი სახით წარმოაჩინოს... როგორც იგი (მართალი - ი.პ.) ელოდება აღდგომას, ასევე თანაბრად ველოდებით ცის გარკვეულ აღდგომასაც". წმინდა ამბროსი (მედ-იოლანელი) ამბობს: „ქრისტეში სოფელი აღდგა: მასში აღდგა ცაც; მასში აღდგა ქვეყანაც". ნეტარი ავგუსტინე წერს: „სოფელი ესე გარდახდება არა სრული განადგურების აზრით, არამედ საგანთა ცვლილების შედეგად... მოციქული ამიტომაც ამბობს: „წარმავალს არს ხატი ამის სოფლისაი" (1 კორინთელთა, 7,31). განადგურდება მისი სახე („ხატი"), მაგრამ არა ბუნება".

   თავისი საკვირველი ხორცშესხმით უფალმა იესო ქრისტემ სახარება, კეთილი უწყება არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ ყოველ ქმნილებას მოუტანა (შეად. მარკოზი, 16,15; რომაელთა 8,19,21; კოლასელთა 1,23). ახალი აღთქმა ჩვენ შემაძრწუნებლად აღგვიწერს ბოროტებაში მყოფი სოფლის აღსასრულს, და ამის აღსრულების შემდეგ მის ფერისცვალებას. თვითონ მაცხოვარი ბევრს საუბრობს სოფლის აღსასრულზე (მათე, 13,40-43. 49-50; 24,3-25. 46; მარკოზი, 13,4-37; ლუკა, 21,7-38). ის სოფლის აღსასრულზე, როგორც მკაზე საუბრობს, მკა კი განადგურებას არ ნიშნავს, არამედ მწიფე თავთავის შეკრებას, ლეწვას და განიავებას, როცა ხორბალი ბზისგან („იფქლი ღვარ-ძლისაგან") განირჩევა (შეად. მათე, 13,39-42; გამოცხადება, 14,15). ქვეყნიერების აღსასრული, რომელსაც მაცხოვარი „სოფლის აღსა-სრულს"-აც უწოდებს (მათე, 13,39), ღმრთივქმნილ ბუნებაში ბოროტების, ცოდვის და სიკვდილის აღსასრული, ახლანდელი სახით ქვეყნიერების აღსასრულიც იქნება. წმინდა მოციქულის ღმრთივ-შთაგონებული სიტყვით, „წარმავალ არს ხატი ამის სოფლისაი" (1 კორინთელთა, 7,31), ესე იგი წარმავალ არს ხატი სოფლისა, რომელშიც სიკეთე ბოროტებასთან, სიკვდილი უკვდავებასთან არის შერეული, მაგრამ წარუვალია სოფლის ღმრთივქმნილი არსი, რომელზეც ღმერთმა, - როცა შექმნა იგი - თქვა, რომ იგი არს „კეთილ ფრიად" (შესაქმე, 1,31).

   ქვეყნების აღსასრული საშინელი ძვრებით, მიწისძვრებით, ბუნების კრუნჩხვებით იქნება აღნიშნული, რადგან ბოროტება გააფთრებით იბრძოლებს, რათა მასში (ბუნებში) სამუდამოდ დარჩეს. წუხილი ყველა მხრიდან დაგვატყდება თავს; სიკვდილი გააფთრებით დაესხმება ყოველივე ცოცხალს; ბოროტება ბუნების გულში თავის უკანასკნელ გამაპარტახებელ როკვას დაიწყებს და მთელი ბუნება აღიძვრება და აღდგება; „მზე დაბნელდება, და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თვისი, და ვარსკვლავნი გადმოცვივენ ზეცით და ძალნი ცათანი შეიძრნენ" (მათე, 24,29). ზღვა აღელდება (ლუკა, 21,23), „და ცაი წარიგრაგნა, ვითარცა წიგნი წარგრაგნილი. და ყოველნი მთანი და ბორცუნი ადგილთა თვისთაგან შეიძრნეს" (გამოცხადება, 6,14), „სულითა კაცთაითან შიშისაგან და მოლოდებისა მომავალსა ზედა სოფელსა ამას" (ლუკა, 21,26). მაგრამ, ეს ყოველივე იმის ნიშანი იქნება, რომ ბოროტება და სიკვდილი უკანასკნელ დღეებს ითვლიან, რომ მომწიფდება ქვეყნიური მარცვალი, რომ მკის დრო მოვა და რომ ბუნების ფერისცვალება იწყება - ბოროტების, ცოდვისა და სიკვდილისაგან მისი განთავისუფლების გზით, რაც უცოდველი და უკვდავი უფლის მოსვლით და მთელ ბუნებაში ღმრთის სასუფევლის  დამკვიდრებით იქნება გამოწვეული. „იხილეთ ლეღვი და ყოველნი ხენი. რაჟამს გამოვალნ ფურცელი, თვით უწყოდით, რამეთუ ახლოს არს ზაფხული. ეგრეცა თქუენ, რაჟამს იხილოთ ესე ყოველი ყოფილი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს სასუფეველი ღმრთისაი" (ლუკა, 21,29-31).

  უფალი ქრისტეს დიდებით მოსვლით მთელი ბუნების ფერისცვა-ლების საიდუმლოში ჩაფლული წმინდა პეტრე მოციქული კეთილგვაუწყებს: „ხოლო აწ ცანი და ქუეყანაი მითვე სიტყუითა დაუნჯებულ არიან, ცეცხლისა დამარხულნი დღედ სასჯელისა და წარწყმედისა უღმრთოთა კაცთასა... ხოლო მოიწიოს დღე იგი უფლისაი, ვითარცა მპარავი ღამისა, რომელსა შინა ცანი მძაფრად წარხდნენ და წესნი იგი დაიწუნენ და დაზულენ და ქუეყანაი და მას შინა საქმენი დაიწუნენ, ცანი მხურვალენი დაისხნენ და წესნი დაიწუნენ და დადნენ" (2 პეტრე, 3,7. 10.12). ამ მსოფლიო (საყოველთაო) ხანძრიდან, რომელშიც მთელი ბოროტება დაიწვება, გამოვა ახალი ცა და ახალი ქვეყანა, „რომელთა შინა სიმართლე დამკვიდრებულ არს" (2 პეტრე. 3,13). ეს იმას ნიშნავს, რომ ახალ ცაში და ახალ ქვეყანაზე არ იქნება არც სიცრუე, არც ბოროტება, არც ავადმყოფობა, არც სიკვდილი, რამეთუ ეს ყოველივე ცეცხლში დაიფერფლება და საღმრთო ცეცხლით გამოწრთობილი ბუნების ღმრთივქმნილი არსი ახალი, გამოუთქმელი მშვენებით გამოუ-ბრწყინდება. იმას, რომ მთელი ეს კოსმიური კატასტროფა სოფლის ფერისცვალებით და არა მისი განადგურებით დასრულდება, გვიჩვენებს აგრეთვე ის, რომ წმინდა მოციქული ქვეყნის აღსასრულს წარღვნას ადარებს. წარღვნას სოფელი არ გაუნადგურებია, არამედ იგი მხოლოდ ცოდვისა და ბოროტების ჭუჭყისაგან განბანა და განაახლა იგი (2 პეტრე, 3,6-7).

   როგორც არავინ ადამიანთაგან, სოფლის ტრაგიზმის შემცნობელი - რამეთუ, სამოთხედ აღტაცებულმა, მან უცოდველი სოფლის მშვენება იხილა, - მოციქული პავლე დიდი სასოებით გვიმხელს კეთილ უწყებას დაბადებულის (ქმნილის) ცოდვისა და სიკვდილისაგან განთავისუფლების, ღმრთის მადლიანი და სათნო შვილთა - ქრისტეს ნათელი და წმინდა ძმების - მეშვეობით ღმერთის მადლის მოქმედების მისი (დაბადებულის) განახლებისა და ფერისცვალების შესახებ. წმინდა მოციქული გვახარებს: „რამეთუ იჭვი იგი დაბადებისაი გამოჩინებასა შვილთა ღმრთისათა მოელის. რამეთუ ამაოებასა დაემორჩილა დაბადებული არა ნებსით, არამედ მის მიერ, რომელმან იგი დაამორჩილა სასოებით. რამეთუ თვით იგიცა დაბადებული გან-ვე-თავისუფლდეს მონებისაგან ხრწნილებისა აზნაურებასა შვილთა ღმრთისათა. უწყით, რამეთუ ყოველი დაბადებული თანა-კუნესის და თანაელმის მოაქამდე" (რომაელთა, 8,19-22). თვისი ცოდვით დაცემით, ადამიანმა თან მთელი ბუნება გაიყოლა და იგი სიკვდილისა და ცოდვის მონად აქცია და ყოველი ღმრთივქმნილი დაბადებული შეუწყვეტლივ ოხრავს და კვნესის ამის გამო და ცოდვისა და სიკვდილის მონობისაგან თავის განთავისუფლებას ელის, რომელსაც უფალი იესო მას უკანასკნელ დღეს - ცხონების ღმერთკაცობრივი განგებულებით - მიანიჭებს, და მას ახალ ცად და ახალ ქვეყნად გარდაქმნის, „რომელთა შინა სიმართლე დამკვიდრებულ არს". ქრისტესმოყვარე იდუმალმხედ-ველი, ქვეყნიერების აპოკალიფსური აღსასრულისა და ქმნილის ფერისცვალების მოციქული, წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ღმრთის განსაკუთრებული გამოცხადების ღირსი შეიქმნა: მან მომავალი ახალი ცა და ახალი ქვეყანა იხილა, „რომელსა შინა სიმართლე დამკვიდრებულ არს". „და ვიხილე" – ამბობს იგი - „ცაი ახალი და ქუეყანაი ახალი, რამეთუ პირველი იგი ცაი და პირველი ქუეყანაი წარხდეს" (გამოცხადება, 21,1).

  ბუნების ფერისცვალების შესახებ ღმერთკაცობრივი ჭეშმარიტება შეუწყვეტლივ ცოცხლობს ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესიის ღმერთკაცობრივ სხეულში და საუკუნოდ იცოცხლებს. იგი მუდამ ახალია, რამეთუ მარადიულია, მარადიულობა კი არ ძველდება. წმინდა ირინეოსი გვაუწყებს: „რამდენადაც ადამიანები ჭეშმარიტი ადამიანები არიან, აუცილებელია, რომ მათი ყოფნის ადგილიც ჭეშმარიტი იყოს და არარაობად არ იქცეს, არამედ ყოფიერება გააუმჯობესოს. რამეთუ ქმნილების არც სუბსტანცია, არც არსი არ ნადგურდება, - რამეთუ ჭეშმარიტი და სარწმუნოა მისი შემოქმედი, - არამედ „წარმავალი არს ხატი ამის სოფლისაი", ესე იგი ის, რომელშიც დანაშაულია ჩადენილი, იმიტომ, რომ ადამიანი დაძველდა ამაში. ხოლო როცა წარვალს ეს ხატი და გაძლიერდება, რომ დაძველება აღარ შეეძლოს, იქნება ახალი ცა და ახალი ქვეყანა, რომელშიც ახალი ადამიანი იმყოფებს".

  წმინდა პავლე მოციქულის უწყების განმარტებისას - ადამიანზე დაბადებულის (ქმნილის) დამოკიდებულების შესახებ (რომაელთა, 8,21), წმინდა ოქროპირს მოციქულის სიტყვები მოჰყავს: „რამეთუ თვით იგიცა დაბადებული განვე-თავისუფლდეს მონებისაგან ხრწნილებისა" (რომაელთა, 8,21) - და ამბობს: „რას ნიშნავს „თვით იგიცა"? არა მხოლოდ შენ, არამედ ისიც, რაც შენზე დაბლა დგას, რომელსაც არც გონება, არც გრძნობა არ გააჩნია - მასაც წილი ექნება შენს სიკეთეში. განთავისუფლდეს, ამბობს მოციქული, მონებისაგან ხრწნილებისა, ესე იგი უკვე ხრწნადი აღარ იქნება. არამედ შენი სხეულის კეთილხატოვნების შესაფერისი იქნება. როგორც დაბა-დებული ხრწნადად იქცა, როცა შენი სხეული ხრწნადი გახდა, ასევე მაშინაც, როცა შენი სხეული უხრწნელი იქნება, დაბადებულიც (ქმნილი) მას მიჰყვება და მისი შესაფერისი გახდება" (გაგრძელება იქნება...)

  

 

 

წიგნიდან „ქრისტეს მეორედ მოსვლა და მომავალი საუკუნო სასუფეველი"  



უკან დაბრუნება