მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > წერილი №21 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
წერილი №21 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)24-10-2015, 00:00 |
იმაზე, რომ თქვენ აკურთხევთ იმ დღეს, როდესაც ღმრთის განსა-კუთრებული წყალობა იგრძენით, მეც გიპასუხებთ: კურთხეულია მამა ნათლისა, რომლისაგანაც ყოველი სიკეთე და ყოველი ნიჭი უხვად მოგვემადლება! „რომელნი სხდეს სოფელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა, ნათელი აღმოუბრწყინდა მათ" (მთ. 4,16) - ნათელი, ანუ ქრისტე თავისი ჭეშმარიტი მოძღვრებით. და კვლავ დიდება და მადლობა უფალს! კურთხეულია ღმერთი, რომელმაც ცხოვრების თვითნებური წესიდან სხვა გზაზე გადასვლა გაგიადვილათ - ეს გზა უფრო ახლოსაა წმინდა მამათა გად-მოცემასთან. მართალია ყოველი კაცი ღმრთის ხატადაა შექმნილი, მაგრამ დაყუდებული, ღმერთის განსაკუთრებული, ნამდვილი ხატია. ნუგეშინისცემა, რომელიც - ღმრთის მოწყალების იმედი მაქვს - თქვენი ახლანდელი მოღვაწეობის შედეგად მოგეცემათ, ნათქვამის ჭეშმარიტებას დაგიდასტურებთ. ეს ნუგეშინისცემა ოდესმე მოგთხოვთ, კიდევ უფრო დაიბერტყოთ ფოთლები, რათა ნაყოფის გამოღება შეძლოთ. კარგი იქნება თავი აიძულოთ სიკვდილის ხსოვნის შესაძენად, თუ-ნდაც გული ეურჩებოდეს ამას. სიკვდილის ხსოვნა ღმრთის ნიჭია, ჩვენი მცდელობა კი მხოლოდ ადასტურებს, რომ გულწრფელად გვსურს მისი მოხვეჭა. თავის იძულებასთან ერთად კიდევაც უნდა ილოცოთ: „ღმერთო, მომეც მე ხსენება სიკვდილისა," - ასე გვასწავლიან ამის შესახებ მაკრინე დიდი, ისააკ ასური და სხვა დიდი მამები, ამასვე ნახავთ ნილოს სორელის ძვირფას წიგნში. მოყვასის სიყვარულზე მამების მოძღვრებიდან ვიცით, რომ იგი ორნაირია: ბუნებრივი და სახარებისეული, ანუ ქრისტესმიერი. ბუნებრივი სიყვარული ჩვენში შექმნისას არის ჩადებული და ამიტომაც უსათუოდ არსებობს ყოველ ადამიანში. მაგრამ იგი, ისევე როგორც ჩვენი სხვა კეთილი თვისებები, დაცემით ანუ წინაპართა ცოდვით შეირყვნა, ამიტომ ყოველ კაცში დიდსა თუ მცირე, ხანმოკლესა თუ ხანგრძლივ ცვალებადობას განიცდის. ქრისტე, რომელიც ყოველ ჩვენს სალმობას კურნავს, შერყვნილ სიყვარულსაც სწამლობს: გვამცნებს გვიყვარდეს ადამიანებში იგი - უფალი. ამით მას სიმხურვალის უმაღლეს საფეხურზე აჰყავს სიყვარული, ანიჭებს სისუფთავეს, სულიერებას, სიწმინდეს - და ქრისტესმიერი სიყვარულის ცეცხლით შრეტს ხორციელი სიყვარულის მღვრიე, კვამლიან ალს, რომელიც ოცნებისეული, არარსებული ტკბობისა და მძიმე, სასტიკი ტანჯვის ნარევია. სულიერი სიყვარულის განცდამ დააწერინა წმ. იოანე კიბისაღმწერელს: „წმიდა იგი არს, რომელმან ტრფიალებითა ტრფიალება განდევნა, და ცეცხლი ცეცხლითა უნივთოჲთა დაშრიტა" (თავი მე-15). როდესაც ჩვენს თავს ყურადღებით განვიხილავთ (ასე ხედვას სჭირდება ღმრთის შეწევნა, რადგანაც იგი ღმრთის ნიჭია), დავინახავთ, რომ უფრო მეტად ბუნებრივი სიყვარული გვაქვს, სახარებისეული სიყვარულის მოპოვება კი ჯერ კიდევ შორს არის ჩვენგან. სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც გწერდით, იოანეს სახარებას წინ მათეს სახარება უძღვის-მეთქი. იოანეს სახარება უპირატესად ღმრთის სიყვარულზე, საღმრთო განგებულებაზე ლაპარაკობს, რომელიც მხოლოდ განწმენდილთათვის არის გასაგები. ადამიანი განიწმინდება, ღმერთის ხედვა და მისდამი სიყვარული ეძლევა მხოლოდ ერთი გზით - მოყვასის სიყვარულით, ანუ ყოველ მოყვასში უნდა გიყვარდეს ქრისტე, ხოლო ქრისტეს უმეცრებში - ღმრთის ხატი: ქრისტეს დიდებას მოკლებულნიც კი ინარჩუნებენ კაცობრივ დიდებას, ისინი ღმრთის ხატებად რჩებიან. თქვენ ღმრთის გულისათვის და საკუთარი სულის სარგოდ მომმა-რთეთ, მეც ისევ ღმრთის გულისათვის ვაპირებ გითხრათ ის, რასაც ჭეშმარიტად და სულისთვის სარგებელად მივიჩნევ. როდესაც გულითა და გონებით ღმერთს მიეახლებით და მისი ხელშეუხებელი დიდების პირისპირ წარდგომას დააპირებთ, ნუ იქნებით გონიერი და განსწავლული. მისთვის უფრო სათნოა საკუთარ უძლურებათა ცნობით დამდაბლებული სულის ბავშვური ტიტინი, ვიდრე საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენით განლაღებული სულის მჭევრ-მეტყველება. პავლე მოციქულმა თავის თავზე თქვა: „არარაჲ სხვაჲ დავიდევ გულსა შინა ჩემსა უწყებად თქუენდა, გარნა ქრისტე იესუ და ესეცა ჯუარს-ცემული" (კორ. 2,2). ჩემთვის კი საკმარისზე მეტი იქნება, თუ დავინახავ, რომ ცოდვილი ვარ. მეყოფა ამის ცოდნა! ეს ცოდნა ისე შეეხება ჩემს გასასტიკებულ გულს, როგორც მოსეს კვერთხი - კლდეს, და ცრემლთა წყაროს დაადენს მას. უფლის წინაშე ტირილს ვარჩევ ამა სოფლის მთელ სიბრძნეს, და „ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის" (ფსალ. 50,5); ჩემი ცოდვაა ჩემი სულიერი ჭვრეტის უმთავრესი საგანი!.. თქვენს წერილებში ნუ იქნებით ჭკვიანი, მჭევრმეტყველი და წმ. წე-რილში გაწაფული. იყავით სულელი! ბრძენიდან სულელად იქეცით, რათა ჭეშმარიტი სიბრძნე - სიმდაბლე შეიძინოთ, რომელშიც სულიერი სიბრძნეა დამარხული. მე კი, ცოდვილი, პასუხად შიშველ, მიუკერძოებელ სიტყვას მოგწერთ, რომელიც თქვენთვის მხოლოდ თავისი გულწრფელობით და ვინ იცის, იქნებ ჭეშმარიტებითაც იქნეს სასიამოვნო. ამიერიდან იცოდეთ რასაც გეტყვით, ყველაფერს უფლის გულისათვის გეტყვით. თქვენს წმინდა ლოცვას ვითხოვ მისთვის, ვინც მხოლოდ ამბობს და ვერ კი ასრულებს, რათა ჩემს მიერ თქმული სიტყვა მექცეს საცხოვნებლად და არა დასასჯელად. (გაგრძელება იქნება...)
წიგნიდან "კრებული" უკან დაბრუნება |