მთავარი > კითხვა-პასუხი > კითხვებზე პასუხი

კითხვებზე პასუხი


30-09-2014, 00:00

 

   ნანას შეკითხვა: იოანეს სახარებაში უფალი ამბობს: "მე და მამაჲ ჩემი ერთ ვართ" (იოანე 10; 30), სხვაგან კი ბრძანებს: "მამაჲ ჩემი უფროჲს ჩემსა არს" (იოანე 14; 28), როგორ გავიგოთ ეს?

პასუხი: პირველ შემთხვევაში მაცხოვარი თავისი ღვთაებრივი ბუნების შესახებ საუბრობს, როგორც სამპიროვანი ღმერთის მეორე ჰიპოსტასი, ერთარსი მამისა, ხოლო მეორე შემთხვევაში თავის ადამიანურ ბუნებაზე ამახვილებს ყურადღებას.

 

ნინოს შეკითხვა: იოანე ღვთისმეტყველის სიტყვა: "ყრმანო, უკანაჲსკნელი ჟამი არს და ვითარცა იგი გასმიეს, ვითარმედ ანტიქრისტე მოვალს და აწცა ანტიქრისტესნი მრავალ არიან, ვინაიცა უწყით, ვითარმედ უჯანაჲსკნელი ჟამი არს" (იოანე 2; 18) იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის იყო უკანასკნელი ჟამის ნიშნები? გთხოვთ განგვიმარტოთ.

პასუხი: წმინდა მამები კაცობრიობის ისტორიას რამოდენიმე ეტაპად ჰყოფენ. ქრისტეს მოსვლის შემდეგ ისტორიის ბოლო პერიოდი დაიწყო. ამიტომ იოანე მოციქული უკვე პირველ საუკუნეში გვაფრთხილებს, რომ "უკანასკნელი ჟამი არს".

   ბოლო ჟამის ნიშნების შესახებ წმინდა წერილი დაწვრილებით საუბრობს, რომ იქნება მიწისძვრანი, შიმშილი, ომები, სხვადასხვაგვარი სტიქიური უბედურებანი და განსაცდელები. ქრისტე იქვე ამბობს, რომ ეს ყოველივე "დასაბამი სალმობათაი არს", ანუ ეს ბოლო ჟამის დასაწყისის ნიშნებია. ამ პერიოდში მრავალი ანტიქრისტე გამოჩნდება. არა თავად ანტიქრისტე, არამედ ანტიქრისტეს წინამორბედნი, რომლებიც სხვადასხვა რელიგიური, იდეოლოგიური თუ მსოფლხედველური საცდურებით გამოირჩევიან.

 

ლუკას შეკითხვა: როცა მაცხოვარი აფრთხილებს მოციქულებს, რომ ერთი მათგანი გამცემია, რატომ კითხულობს იუდა: "ნუუკუე მე ვარ, მოძღვარ?" (მათე 26; 25).

პასუხი: საიდუმლო სერობისას მაცხოვრის სიტყვამ ყველა მოციქული ააღელვა და ყველა მათგანი ერთდროულად გაიძახოდა: "ნუუკუე მე ვარ, მოძღვარო". იუდამაც იუდამაც მათ ერთად თქვა და პასუხიც მიიღო მაცხოვრისაგან, რომ ის იყო გამცემელი. მოციქულებმა, ამ ხმაურში, როგორც ჩანს, ვერ შენიშნეს ეს. როდესაც იუდა გადის სერობიდან, მოციქულებს ჰგონიათ, რომ მოძღვარმა ის საყიდლებზე გაგზავნა.

 

ალექსანდრეს შეკითხვა: ფსალმუნის სიტყვებში: "წმიდა არს და საშინელ სახელი მისი" (ფსალმ. 110), რატომ არის უფალი "საშინლად" მოხსენებული?

პასუხი: "საშინელი", ანუ საშინელია, საშიშია მისი მცნებების გარეშე ცხოვრება. ქრისტეს მეორედ მოსვლასაც "საშინელი სამსჯავრო" ეწოდება. ჭეშმარიტად საშიში და შემაძრწუნებელი იქნება ქრისტეს სამსჯავროზე ცოდვილ მდგომარეობაში წარდგომა.

 

ანას შეკითხვა: როგორ გავიგოთ: "განრისხდებოდეთ და ნუ სცოდავთ". (ფსალმ. 4).

პასუხი: არსებობს სათნო მრისხანებაც, რომელიც არის ქრისტეს მცნება და არა ცოდვა. სათნო მრისხანების ეპიზოდები მრავლადაა წმინდა წერილსა და წმინდა მამათა ცხოვრებებში.


უკან დაბრუნება