მთავარი > სექტანტიზმი, მთავარი გვედის ფოტო > "იეღოვას მოწმეების საზოგადოების" ნამდვილი ისტორია - მღვდელმონაზონი გერმანე დვორცოვი (ნაწილი IV)

"იეღოვას მოწმეების საზოგადოების" ნამდვილი ისტორია - მღვდელმონაზონი გერმანე დვორცოვი (ნაწილი IV)


19-10-2015, 00:02

 

   "თეოკრატიული ორგანიზაციის" აშენებისას რუტერფორდი ადგილ-ობრივი კრებების უხუცესების არჩევის პრობლემას შეეჯახა. უხუცესების არჩევის საკმაოდ საპატიო ტრადიცია თვით რასელმა დაადგინა, მაგრამ ჯ. რუტერფორდის თეოკრატიულ იდეებს ეწინააღმდეგებოდა. 1932 წელს საზოგადოების პრეზიდენტმა მოითხოვა, რომ ადგილობრივი კრების ყველა უხუცესი ზევიდან დაინიშნოს. "იეღოვას მოწმეებს" შორის დაიწყო არეულობა, რომელმაც ორგანიზაციის ზედა ფენებშიც შეაღწია. ახალი განხეთქილება რომ არ დაეშვათ, კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღეს. უხუცესების არჩევნები სამსახურებრივი კომიტეტების დანიშვნით შეიცვალა, ადგილობრივი კრებების ხელმძღვანელები კი - ირჩეოდნენ. შემდგომში, რამდენიმე წლის განმავლობაში, რუტერფორდის ოპონენტები ადგილებზე, ჩუმად ჩამოაშორეს საქმეებს და უკვე 1938 წლიდან კრებების ხელმძღვანელები ინიშნებოდნენ (10, 10). თანამედროვე "იეღოვას მოწმეები" ამ მოვლენებს ძალიან ლირიკულ ტონებში აღწერენ: "... შუქი, რომელიც ანათებს 1932 წლის პირველი სექტემბრისა და 15 ოქტომბრის "საგუშაგო კოშკის" ნომრებში გვიჩვენებს, რომ უხუცესების არჩევისათვის ბიბლიური საფუძველი არ არსებობდა. ამიტომ ისინი სამსახურებრივი კომიტეტებით შეცვალეს, ხოლო სამსახურებრივ ხელმძღვანელს საზოგადოება ირჩევდა. შუქის კაშკაში 1938 წლის 1 და 15 ივნისის "საგუშაგო კოშკში" საშუალებას გვაძლევს დავინახოთ, რომ მოსამსახურეები კრებაზე კი არ უნდა აირჩიონ, არამედ უნდა დაინიშნონ და თანაც თეოკრატიული გზით" (სკ, 15. 05. 1995, გვ. 22). რუტერფორდის იდეა საბოლოოდ 1971 წელს დასრულდა, როდესაც "... ისევ გაანათა შუქმა და ნათელი გახდა, რომ ყოველ კრებას არ უნდა ხელმძღვანელობდეს კრების მხოლოდ ერთი მოსამსახურე. ამის მაგივრად ყოველ კრებას უხუცესების ან ზედამხედველების კორპორაცია უნდა განაგებდეს, რომელიც "იეღოვას მოწმეების" ხელმძღვანელი კორპორაციის მიერ დაინიშნება" (სკ, 15. 05. 1995, გვ. 22). "იეღოვას მოწმეები" 1935 წლამდე ამტკიცებდნენ, რომ ყველა მათგანი იცხოვრებს ღვთის სასუფეველში, რომელიც იეღოვას 144 000 "ერთგული მონისაგან" შედგება. 144 000 კაცში, შედიოდა რასელისა და რუტერფორდის ყველა მიმდევარი, შედიოდნენ აგრეთვე ბიბლიური წმინდანები. მაგრამ რამდენადაც "საგუშაგო კოშკის ორგანიზაციის" დაარსების მომენტიდან "იეღოვას მოწმეების" საერთო რაოდენობა მიახლოებული იყო 100 ათასს და თანდათანობით იზრდებოდა, გაჩნდა დოქტრინისა და რეალობის შეთანხმების აუცილებლობა. 1935 წელს გამოქვეყნდა ახალი "გამოცხადება", რომ 144 000 "იეღოვას ერთგული მონა" ცაში ქრისტესთან ერთად იმეფებს, ხოლო დანარჩენი "იეღოვას მოწმეები" "სხვა ცხვრების დიდ უმრავლესობას" შექმნიან, რომელთათვის დედამიწაზე, "ციური მთავრობის ხელისუფლებით", მომზადებულია მარადიული ცხოვრება. გარეგნულ ნიშნად, რომელიც 144 000 "სულით ცხებულზე" მიკუთვნებას გამოხატავს გახსენების საღამოზე პურისა და ღვინის მირთმევა ჩაითვლება. შ. უილსი იხსენებს: "ამ დღემდე მე ვიღებდი სიმბოლოთაგან უმარილო პურსა და წითელ ღვინოს ყოველწლიურად, იესოს გახსენების საღამოზე. შემდგომ ჩვენ აგვიხსნეს, რომ 1935 წელს შეგროვდა დიდი უმრავლესობა, რომელთაც დედამიწაზე მუდმივი ცხოვრების იმედი აქვთ. ბევრმა ჩვენგანმა სიხარულით შეიტყო, რომ ჩვენ ამ დიდი უმრავლესობის ნაწილი ვართ და შევწყვიტეთ სიმბოლოთა მიღება" (სკ, 1. 05. 1994, გვ. 28-29). "იეღოვას მოწმეების" კონგრესის დაწყებამდე თვენახევრით ადრე, რომელიც გაიხსნა ვაშინგტონში 1935 წლის 31 მაისს "... უფლის საღამოს დღესასწაულზე "იეღოვას მოწმეების" 10681 დამსწრეთაგან არავის არ მიუღია სიმბოლური პური და ღვინო" (სკ, 1. 02. 1995, გვ. 14). თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ 1935 წელს ქადაგებდა 56153 "გამომცხადებელი" (სკ, 1. 02. 1995, გვ. 15), ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ, რომ მაშინ "სულით ცხებულად" აღიარა თავი 45472 ადამიანმა. "საგუშაგო კოშკის საზოგადოება" განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა კათოლიკებთან და სხვადასხვა პროტესტანტულ სექტებთან ბრძოლას, რომლებიც "სატანის ორგანიზაციებად" გამოაცხადეს. "იეღოვას მოწმეების" ხმაურიანმა პროპაგანდისტულმა კამპანიებმა მათ წინააღმდეგ აამხედრა მრავალი დასახლებული პუნქტის მოსახლეობა. ლ. ტომპსონი იხსენებს: "მაშინ ჩვენ ვმონაწილეობდით ქალაქის მთავარ ქუჩებში საინფორმაციო მარშებში პლაკატებით, რომელთა წარწერები ნათელს ჰფენდა ცრუ რელიგიებს და ღვთის სასუფეველს აცხადებდა. ვიყენებდით ასევე პორტატულ გრამოფონებს, რათა პირდაპირ სახლებთან დაგვეკრა ბიბლიურ ამბებზე შექმნილი ფირფიტები. ვუკრავდით ფონოგრამებს "საგუშაგო კოშკის საზოგადოების" პრეზიდენტ რუტერფორდის მოხსენებებით და ზოგიერთი მათგანი მეც ზეპირად ვიცოდი" (სკ, 17. 03. 1994, გვ. 24-25). ხოლო "იეღოვას მოწმეები", რომლებიც აშშ-სა და კანადის ზღვისპირა რაიონებში ქადაგებდნენ ისეთ მძლავრ აპარატურას იყენებდნენ, რომ "მოხსენებები ისმოდა კილომეტრების დაშორებით" (სკ, 1. 10. 1991, გვ. 23). ქალაქებში "ხალხის ყურადღება რომ მიგვეზიდა, თავდაპირველად ვრთავდით მუსიკას, შემდეგ კი - ბიბლიურ მოხსენებებს" (სკ, 1. 10. 1994, გვ. 23). ხალხი არანაკლებ აღაშფოთა "კარიდან კარამდე" პროპაგანდის პრინციპმა, რომელსაც "იეღოვას მოწმეები" დღესაც იყენებენ. "მქადაგებლების" გადაკიდებას ხალხი იქამდე მიჰყავდა, რომ მათ სასამართლოში უჩიოდნენ (18, 838). 30-იანი წლების დასაწყისში წიგნ "მტკიცებების I ტომში ("Vindication" WTB&TS, 1931) ჯ.ფ. რუტერფორდმა ჩამოაყალიბა "თანდათანობით გამოცხადების" დოქტრინა. ამის თანახმად "ჭეშმარიტი ქრისტი-ანებისათვის" სამყაროს დასასრულის მოახლოების შესახებ ბიბლიური წინასწარმეტყველებები უფრო გასაგები გახდა. ამ დოქტრინის შესაბამისად ადვილად შეძლეს ბიბლიის ძველი განმარტებების უარყოფა და ასევე ადვილად შექმნეს ახალი (15, 57). მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ჯ. რუტერფორდმა განაცხადა, რომ ომი თანდათანობით გადაიზრდება არმაგედონში (10, 69). "იეღოვას მოწმეები" ამ "ბიბლიურ აზრს" აქტიურად ავრცელებდნენ, რამაც მოსახლეობაში პანიკური განწყობილება გააძლიერა. ამიტომ "საგუშაგო კოშკის საზოგადოების" მოღვაწეობა აიკრძალა, როგორც ფაშისტურ გერმანიაში, ისე ლიბერალურ კანადაში (სკ, 1. 03. 1994, გვ. 25). ომის დროს "იეღოვას მოწმეები" აშშ-ში თავიანთი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებას იმით გამოხატავდნენ, რომ ამერიკულ დროშას აფურთხებდნენ, ნაგლეჯებად ფლეთდნენ და ფეხით თელავდნენ. ისიც უნდა ითქვას, რომ უფროსების წაქეზებით ამას მხოლოდ ბავშვები აკეთებდნენ, რომელთა ასაკის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა აკრძალული იყო. II მსოფლიო ომის წლებში "იეღოვას მოწმეების" წვევამდელი ასაკის 3500 წევრს ერჩია რუტერფორდის მიერ შეპირებული ქვეყნის დასასრულს პატიმრობაში დალოდებოდა, ვიდრე ფაშიზმის წინააღმდეგ ებრძოლა, თუნდაც ალტერნატიულ სამსახურში (16, 23; 17, 349; 18, 1424). კანადაში და, როგორც ჩანს, აშშ-შიც მოქმედებდა სისტემა, რომელიც "ახალგაზრდა ქრისტიანებს ჯარში გაწვევისაგან დამალვის საშუალებას აძლევდა" (სკ, 1. 03. 1994, გვ. 25). "... ვისაც 25 წელზე მეტი შეუსრულდა, პირობით ათავისუფლებდნენ ჯარიდან" (სკ, 1. 12. 1992, გვ. 220. ჯ.ფ. რუტერფორდი II მსოფლიო ომის დამთავრებას ვერ მოესწრო. მას არ დასცალდა თავისი წინასწარმეტყველების ახალი მარცხი ეწვნია. რუტერფორდი გარდაიცვალა 1942 წლის 8 იანვარს კალიფორნიაში, ზღვისპირას, "თავადების სახლში". მაგრამ მან დატოვა მკაცრად სტრუქტურიზირებული ორგანიზაცია, რომელიც "იეღოვას მოწმეების" 115 000-ზე მეტ წევრზე ახორციელებდა კონტროლს (15, 68; 16, 231). (გაგრძელება იქნება...)

 

 მღვდელმონაზონი გერმანე დვორცოვი  

 

 

(1) ამჟამად ეს ქალაქი აღარ არსებობს, პიტსბურგს შეუერთდა, რომლის გარეუბანიც იყო.

(2) პრესვიტერიანობა - კალვინიზმის ერთ-ერთი უკიდურესი ფორმაა, პრესვიტარიანელები უარყოფენ ჯვრის გამოსახულებას, ლიტურგიას, კითხულობენ მხოლოდ საკუთარ ლოცვებს. პრესვიტერს საზო-გადოების წევრები ირჩევენ. ადგილობრივი საზოგადოებები გაერთიანებულია საოლქო და სახელმწიფო კავშირებში.

(3) კონგრეგაციონალიზმი - კალვინიზმის ერთ-ერთი ფორმაა. მისი თავისებურება ის არის, რომ სარწმუნოების საკითხებში ცალკეული კონგრეგაცია (საზოგადოება) აღიარებს მხოლოდ თავის ავტორიტეტს.

(4) ახალგაზრდა ქრისტიანული ასოციაცია (YMKA).

(5) ადვენტისტების სექტა დაარსდა 1833 წელს აშშ-ში უ. მილერის მიერ, რომელიც 1943 წლისათვის სამყაროს დასასრულს ქადაგებდა. როდესაც წინასწარმეტყველება არ ასრულდა, გამოცხადდა, რომ მეორედ მოსვლის ზუსტი თარიღია 1944 წელი. მორიგი მარცხის შემდეგ სექტა რამდენიმე ჯგუფად გაიყო, რომელთაგან ზოგიერთმა "ბიბლიური გამოთვლები" შეწყვიტა, სხვები კი "აზუსტებდნენ", რომ სამყაროს დასასრული 1874 წელს მოხდებოდა.

(6) როგორც ჩანს, "მეორე ადვენტისტები" - "ადვენტისტების მეშვიდე დღის" ერთ-ერთი ჯგუფის ადგილობრივი დასახელებაა, რომელიც უარყოფს წმინდა სამებას, საიქიო ცხოვრებას, სულის არსებობას და ა.შ.

(7) წინასწარი განსაზღვრა (ბედისწერა, დანიშნულება) - კალვინიზმის ერთ-ერთი ძირითადი დოქტრინაა, რომლის მიხედვით ხალხის ერთი ნაწილი თავიდანვე გადარჩენისათვის არის განსაზღვრული, მეორე ნაწილი კი - მუდმივი ტანჯვისათვის.

(8) როგორც ჩანს, ნ. ბარბოუერი განეკუთვნება ადვენტისტების დაჯგუფებას, რომელმაც ქვეყნის დასასრული 1844 წლიდან გადასწია 1874 წლისათვის, შემდეგ კი გამოაცხადა, რომ ის "უხილავად" მოხდა.

(9) 1909 წელს ჟურნალის დასახელებიდან ამოიღეს სიტყვა "სიონის". 1939 წელს სიტყვები "ქრისტეს დასწრება" შეცვალეს სიტყვებით "ქრისტეს მეუფება", ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ ჟურნალმა მიიღო ახლანდელი სახელწოდება "საგუშაგო კოშკი იუწყება იეღოვას მეუფებას". იხ. Jehova's Witnesses in the Divine Purpose, Brooklyn WTB&TS 1959 - P. 22 note "m" (16, 225).

(10) ინფორმაცია ჯ. რუტერფორდის ოჯახის წევრების შესახებ პრაქტიკულად არ არსებობს. 1960 წლის 30 ნოემბრის "საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების" წერილში აღნიშნულია შემდეგი: "ძმა რუტერფორდს ჰყავდა მეუღლე, თუმცა ის ინვალიდი იყო და დასავლეთ სანაპიროზე ცხოვრობდა. ამ მიზეზით ბიოგრაფიულ მასალებში მასზე ინფორმაცია არ არის. ძმა რუტერფორდი ძირითადად ცხოვრობდა აღმოსავლეთ სანაპიროზე. მეუღლეს სჯეროდა ჭეშმარიტებისა, მის ვაჟს კი - არა" (15, 53).

(11) ჯ. რუტერფორდმა, როგორც ჩანს, გვერდი აუარა იესოს სიტყვებს "ვხედავდი სატანას, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან" (ლუკა 10, 18) და წინასწარმეტყველ ესაიას მტკიცებას "როგორ ჩამოემხე ციდან, მთიებო, ძეი განთიადისა!" (იხ. 14, 12). ბიბლიის მიხედვით ეს ადამიანის შეცოდებამდე მოხდა (შესაქმე 3).

(12) არმაგედონი არის იმ ადგილის დასახელება, სადაც მოხდება ღმერთთან ანტიქრისტეს და მიწიერი მეფეების საბოლოო ესქატოლოგიური ბრძოლა (გამოცხ. 16, 16). იეღოვას მოწმეებისათვის ეს სიტყვა ნიშნავს თვითონ ბრძოლას და მოვლენებს, რომლებსაც მოჰყვება მიცვალებულთა აღდგომა და ღვთის სამსჯავრო.

(13) კალვინისტების მთავარი ჯგუფის ოფიციალური დასახელება.

(14) იეღოვას მოწმეების წარმოდგენით კაცობრიობას დედამიწაზე არსებობისათვის მიცემული აქვს 6000 წელი, რის შემდეგაც დადგება არმაგედონი. ამიტომ "ბიბლიის მკვლევრები" ცდილობდნენ დაედგინათ ადამის შექმნის თარიღი. ამ თარიღიდან გამომდინარე შემდგომში ასახელებდნენ არმაგედონის წელს.

(15) წიგნის გამოცემის თარიღი წინასწარ იყო განსაზღვრული კო-ნგრესის მესამე დღეს, რის საფუძველზედაც შეიტანეს ცხრილში.

(16) აქ იგულისხმება "სულიერი ისრაელი", ე.ი. "საგუშაგო კოშკის საზოგადოება" და მისი წევრები.

(17) ვ. შნელი გერმანიაში დაიბადა. 1921 წელს ბიბლიის მკვლე-ვრებთან ერთად მოინათლა. აქტიური მუშაობისათვის იგი ბრუკლინში მიიწვიეს, სადაც 1927 წლიდან 1954 წლამდე პასუხსაგებ თანამდებობაზე იმყოფებოდა. ხანგრძლივი სულიერი ძიებების შედეგად შემდგომში დატოვა საზოგადოება და 1959 წელს გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი - "13 წელი - საგუშაგო კოშკის მინობაში" (იხ. 12, 32).

(18) 2014 წელს იეღოვას მოწმეების წარმოდგენით სრულდება 100 წელი "ქრისტეს უხილავი მოსვლის" მომენტიდან. ასევე მხედ-ველობაში უნდა მივიღოთ "სულით ცხებულთა" შემცირების ტემპები (თუ ფალსიფიცირებული არ არის). თუ ჩავთვლით, რომ 10 წლის განმავლობაში კვდება 1000 "ცხებული" (იხ. ცხრილი "ნარჩენი"), მაშინ ამჟამინდელი მათი რაოდენობა - 8681 შემცირდება და 10-15 წლის შემდეგ რამდენიმე ათეული უხუცესი დარჩება.

(19) იგულისხმება რუსეთი, ბელორუსია, მოლდოვა, შუა აზიისა და ამიერკავკასიის რესპუბლიკები. მაგრამ ამ სვეტის მაჩვენებლების უმეტესი ნაწილი, ჩემი აზრით, პირველ სამ სახელმწიფოზე ვრცელდება.

(20) ანგარიშში არის ეს ციფრი. შესაძლებელია, აქ "საგუშაგო კოშკის შეცდომა იყოს".

 



უკან დაბრუნება