მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > რატომ უნდა ვაკვირდებოდეთ დროის ნიშებს? - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი

რატომ უნდა ვაკვირდებოდეთ დროის ნიშებს? - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი


10-10-2015, 00:03

 

 

   ამ საუბრის თემაა - დაკვირვება დროის ნიშებზე. პირველ ყოვლისა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რა იგულისხმება გამოთქმის - „დროის ნიში" („სასწაულნი ჟამნი") - ქვეშ. იგი პირდაპირ სახარებიდანაა აღებული, თავად ჩვენი მაცხოვრის სიტყვიდან (მათე 16, 3). ქრისტე ასე ეუბნება მასთან მოსულ ფარისევლებს და სადუკეველებს: „პირი სამე ცისაი იცით ცნობად" (ანუ ამინდის წინასწარ გამოცნობა), „ხოლო სასწაულნი ჟამთანი ვერ გიცნობიეს გულისხმის - ყოფად". სხვა სიტყვით, უფალი ეუბნება მათ, რომ ამას - ჟამთა სასწაულების, დროის ნიშების შეცნობა-გულისხმის-ყოფას არაფერი საერთო არა აქვს მეცნიერებასთან თუ სამყაროში ჩვენი ადგილის გაგებასთან, ანდა რაიმე ამდაგვართან. ეს რელიგიური საკითხია. ჩვენ იმისთვის შევისწავლით დროის ნიშებს, რომ ქრისტეს შეცნობა შევძლოთ.

   ქრისტეს ქვეყნიური ცხოვრების დროს ფარისეველნი და სადუკევე-ლნი არ აკვირდებოდნენ დროის ნიშებს, რათა დაენახათ ქრისტეს მოსვლა - რომ ძე ღმრთისა უკვე ამქვეყნადაა. იყო ნიშები, რომელთა შესახებ ცოდნა მათთვის ადრევე ჯერ-და. მაგალითად, ძველ აღთქ-მაში, წინასწარმეტყველ დანიელის წიგნში არის წინასწარმეტყველება სამოცდაათი შვიდეულის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ მესია უნდა მოსულიყო დაახლოებით ოთხასოთხმოცდაათი წლის შემდეგ დანი-ელის დროიდან. იმ იუდეველებმა, რომელნიც ყურადღებით კით-ხულობდნენ თავიანთ წიგნებს, ზუსტად იცოდნენ, თუ რის შესახებ იყო ნათქვამი, და იმ დროისათვის, როცა ქრისტე მოივლინა, იცოდნენ, რომ ეს - მესიის მოვლინების დროა.

   მაგრამ ეს გარეგანი ნიშანი იყო. ფარისეველთა და სადუკეველთათ-ვის ჯერ-იყო შინაგან ნიშებს დაჰკვირვებოდნენ, რაც უფრო მნი-შვნელოვანია. ისინი რომ არამხოლოდ გარეგანი აღმსრულებელნი ყოფილიყვნენ სჯულის დადგინებებისა, არამედ გულითაც ჭეშმა-რიტად უფალთან ყოფილიყვნენ, მაშინ მათი გულები გამოეხმა-ურებოდნენ ქრისტეს და ისინი შეიცნობდნენ ხორციელ-ქმნილ უფალს, როცა ის ამქვეყნად მათთან მოვიდა. ზოგიერთი იუდეველის შემთხვევაში აკი ასეც მოხდა - მოციქულებმა, მოწაფეებმა და სხვებმა ხომ შეიცნეს და აღიარეს იგი!

   იმავე, მეთექვსმეტე თავის მომდევნო აბზაცში მოციქული მათე კიდ-ევ ლაპარაკობს სასწაულთა შესახებ. მას მოჰყავს თავად უფლის სიტყვები, მიმართულნი ებრაელთადმი: „ნათესავი ბოროტი და მემ-რუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იონა წინასწარმეტყველისაი" (მთ. 16, 4). ძველი აღთქმის მოვლენები შეიცავენ ახალი აღთქმის მოვლენათა წინასწარმეტყველებებს. იონამ რომ სამი დღე დაჰყო ვეშაპის მუცელში, ეს - წინასწარმეტყველება იყო ჩვენი უფლის სამდღიანი ყოფნისა საფლავად. და ეს ნიში - სასწაული იონა წინასწარმეტყველისა - ადამიანებს ქრისტეს დროს მოეცათ.

  უფალი ეუბნება ფარისევლებსა და სადუკეველებს, რომ ისინი - ეს ნათესავი ბოროტი და მემრუშე - განსაკუთრებულ სასწაულებს ეძიებს, მაგალითად იმას, რომ ზეციდან ცეცხლი გარდამოხდეს, ანდა, რომ განდევნილ იქნან რომაელები - მოივლინონ ანგელოზები და დაამხონ უცხოტომელ რომაელთა მთავრობა და მისთანანი. ქრისტემ უთხრა მათ, რომ ამგვარი სასწაულები მათ არ მოეცემათ. ამგვარ სასწაულებს ნათესავი ბოროტი და მემრუშე ეძიებს, ხოლო წმიდანი გულითა რაღაცას უფრო მეტად სულიერს მოელიან.

   და ერთი სასწაული, რომელიც მათ მოეცათ - ეს არის სასწაული იონა წინასწარმეტყველისა. რა თქმა უნდა, ასე (არასდროს) არ ყოფილა, რომ ადამიანს სამი დღე საფლავად დაეყო, ხოლო შემდეგ მკვდრეთით აღმდგარიყო და ღმერთად მოვლენოდა ყველას.

  ამგვარად, ჩვენი მაცხოვრის სიტყვებიდან ჩვენ ვიცით, რომ უნდა ვაკვირდებოდეთ არა ქვეყნიურ ნიშებს, არამედ უფრო ჩვენი არსების შიგნით ვიყურებოდეთ და სულიერ სასწაულებს, ნიშებს მოველოდეთ. ასევე ჩვენ უნდა ვაკვირდებოდეთ იმ მოვლენებს, რომლებიც, სა-ღმრთო წერილის თანახმად, ჯერ-არს აღსრულდეს.

 

მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი)  

წიგნიდან „ეხლა უკვე უფრო გვიანია, ვიდრე თქვენ გგონიათ"  


 

 


უკან დაბრუნება