მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ქრისტე და საზოგადოების პრობლემა - ათონის მთის წმინდა გრიგორის მონასტრის იღუმენი არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი

ქრისტე და საზოგადოების პრობლემა - ათონის მთის წმინდა გრიგორის მონასტრის იღუმენი არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი


20-10-2024, 22:06

 

 

   რამდენადაც ადამიანი განიწმინდება ვნებებისაგან, იმდენად ენიჭება ღმერთთან და ადამიანებთან ჭეშმარიტი ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობა.

   მავანი მიიჩნევს, საზოგადოების სოციალური ფონის გაუმჯობესებას ადამიანის გაკეთილშობილებაც მოჰყვებაო. ისინი ადამიანებს რომანტიკის პოზიციიდან უყურებენ და ბოროტება პიროვნებიდან საზოგადოზე ხელოვნურად გადაამისამართეს, შედეგად, ბოროტების ცნება განაზოგადეს და გააბათილეს. მართლმადიდებელი ქრისტიანები ვაღიარებთ, რომ საზოგადოება ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე და რომ ადამიანის გაკეთილშობილების საქმეში უპირველესი მნიშვნელობა სინანულსა და სულიერ ფერისცვალებას ენიჭება.

   უდიდესი შეცდომაა საზოგადოების გაკეთილშობილებაზე პიროვნების გამოსწორების, ყოველგვარი ღვაწლის გაღების გარეშე იფიქრო. ყოველ შემთხვევაში, მიამიტურია, რომელიმე სოციალურმა ინსტიტუტმა უკეთესობისა და სიკეთისაკენ შეცვალოს საზოგადოება ადამიანის სინანულის გარეშე.

   დასნეულებული ადამიანი საზოგადოებასაც ასნეულებს, ხოლო ცოდვაში მყოფი საზოგადოება ცალკეულ ადამიანზე უარესია. სოციალურ-საზოგადოებრივი საშუალებებით, პიროვნების განკურნების გარეშე, მისი გაკეთილშობილების მცდელობა პრობლემისაგან გაქცევას, სინანულისაგან განრიდებას, პასუხისმგებლობის აცილებასა და ეგოიზმში გამყარებას ნიშნავს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საკუთარი რეალური სულიერი მდგომარეობის დაუნახაობის მცდელობაა. მაგრამ სასუფეველის დამკვიდრების უდავო პირობად სინანულია შემოთა-ვაზებული.

   ეშმაკის არსებობაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომლის მიზანია, გახრწნას პიროვნება და საზოგადოება. სოციალური პრობლემების გამარტივებამ ეშმაკის არსებობის უარყოფამდე მიიყვანა მრავალი ადამიანი. სახარებისა და ქრისტიანული ცხოვრების გამოცდილება ცხადყოფს, თუ რამდენად მასშტაბურია ეშმაკის ზემოქმედება ადამიანებზე, სოციალურ-საზოგადოებრივ მდგომარეობაზე და რამდენად მნიშვნელოვანია ბოროტ სულებთან ბრძოლა, მათი განდევნა და უგულებელყოფა. მღვდლების, მონაზვნებისა და ერისკაცების მადლმოსილი მოღვაწეობა სწორედ სულების გარჩევაში გამოიხატება, რათა ქრისტიანი სათნოების ნიღბის მქონე ეშმაკის მახეში არ გაებას.

   ბოროტი სულებისა და ანტისაზოგადოებრივი ძალების ზემოქმედებაზე იმიტომ გავამახვილეთ ყურადღება, რომ ქრისტიანმა მოღვაწემ გაითვალისწინოს არსებული საფრთხეები. ქრისტემ გაიმარჯვა ამ ძალებზე და ქრისტიანსაც, ღვთის შეწევნით, შეუძლია ამ გამარჯვების თანაზიარი გახდეს.

   ამ ნიშნით, ქრისტიანული სოციალურ-საზოგადოებრივი ბრძოლის ფორმა საფუძვლიანად განსხვავდება სხვა ბრძოლის ფორმებისაგან. საზოგადოება, რომელიც ჰუმანისტური სისტემების (იდეალიზმი, მატერიალიზმი) შექმნა-დამკვიდრებას ცდილობს, ანტიპოცენტრული გახლავთ, ხოლო ქრისტიანული საზოგადოება - ღმერთანტიპო-ცენტრული. ჰუმანისტების მეთოდები მთლიანად ადამიანურია, ხოლო ქრისტიანების - ღმერთკაცობრივი. ე.ი. ქრისტიანული საზოგადოების საფუძველს თავმდაბლობა ამყარებს, როდესაც ჰუმანისტური საზოგადოების საფუძველში ამპარტავნება, თვითდაჯერებულობა, ღვთის უარყოფის სული სუფევს. სახეზეა ადამის ცოდვის გამეორება, ღვთის გარეშე განღმრთოობის მოპოვება.

   ამდენად, შემთხვევითობა არ გახლავთ, რომ ჰუმანისტურმა სისტემებმა ეკონომიკასთან თანხლებით (კაპიტალიზმი, კომუნიზმი) ერეტიკული დასავლეთი წარმოშვა, რომელსაც წინ რელიგიური ანტროპოცენტრიზმი უძღვოდა, პაპის "უცდომელობისა" და Filioque - ს სწავლების მეთაურობით. მართლმადიდებლები ან ყოფილი მართლმადიდებლები, რომლებიც დაუფიქრებლად, როგორც წესი, უვიცობით, უარყოფენ მართლმადიდებლურ ტრადიციას, რათა დასავლურ სისტემაში მოიაზრებოდნენ, უნდა დაფიქრდნენ ამ საკითხებზე.

   არაქრისტიანული საზოგადოების მიწიერი, ამქვეყნიური ხასიათი არ იძლევა სულიერი სიმშვიდის მოპოვების საშუალებას, იმიტომ რომ ადამიანი ღმერთთან შეურიგებელ, შესაბამისად, დაუცველ მდგომარეობაში იმყოფება. გავიხსენოთ ნეტ. ავგუსტინეს სიტყვა: "ჩვენ ღმერთმა თქვენთვის შეგვქმნა და ჩვენი გულები ვერ იპოვის განსვენებას, ვიდრე ჩვენ გვერდით არ აღმოჩნდებით".

   ურიცხვი სოციალურ - საზოგადოებრივი სისტემა სოციალურ და ეკონომიკურ დახმარებას უწევს ადამიანებს, მაგრამ არ იძლევა ღმერთთან და ადამიანთან შეხვედრის რეალურ საშუალებას. ისინი არ გვაძლევენ დამაკმაყოფილებელ პასუხს არსებულ საკითხებზე, სახელდობრ: ცენტრალურ პრობლემაზე - სიკვდილის არსზე. სამყარო შესანიშნავადაა მოწყობილი საიმისოდ, რომ მოკვდე. ეს სისტემები, განსაკუთრებით მარქსისტული სვეტური მისიონიზმისთვის არის დამახასიათებელი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მას "ვერ გადავყავართ სიკვდილიდან ცხოვრებაში". ამიტომ ტრაგიკულ, ყოველგვარ იმედს მოკლებული ადამიანების სახეს ქმნიან. რა თქმა უნდა, დაძაბული შემოქმედებითი საქმიანობა გახლავთ მცდელობა, დავივიწყოთ ჩვენი ძირითადი, სიკვდილის პრობლემა. ამიტომ უნდა განვთავისუფლდეთ საშინელებისაგან, ამაოებისაგან, სიცრუისა და მოწყინებისაგან - რომლებმაც აავსო ჩვენი ცხოვრება, რომლებმაც მოწყვიტა ადამიანი თავის საწყისს - სამპიროვან ღმერთს.

   ამდენად, ეს სისტემები, მრავალი კეთილსინდისიერი ადამიანის სამართლიანობის აღდგენის სურვილის მიუხედავად, თავისი მოღვაწეობით მსხვერპლად სწირავენ თავს კერპებს, რომლებიც თავისი არსით ადამიანის მოწინააღმდეგენი არიან. ისინი ეწინააღმდეგებიან ადამიანს ღმერთკაცობრივი საზოგადოების აღშენების საქმეში, რომელიც საბოლოო და სრულყოფილ სიმშვიდეს ანიჭებს ადამიანის ბუნებას. ხსენებული სისტემები კი ეწინააღმდეგებიან, ზღუდავენ მის ყოველგვარ გამოვლინებას, და ავტომატიზებულ, უსახო, მატერიალურ საზოგადოებას ქმნიან, რითაც ართმევენ ადამიანს ზეცის ჭვრეტის უნარს. რა აზრი ექნება ჩვენს ცხოვრებას, თუკი ცხოველებად გადავიქცევით და დავკარგავთ ღვთის ხატებას? თუკი არ გვექნება შესაძლებლობა გავხდეთ ღვთის მარადიული ცხოვრების თანამონაწილენი?

 

ათონის მთის წმინდა გრიგორის მონასტრის იღუმენი არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი 

Xareb.net - ის რედაქცია 

 



უკან დაბრუნება