მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ქრისტე და ისტორია - პირიის მიტროპოლიტი სერაფიმე

ქრისტე და ისტორია - პირიის მიტროპოლიტი სერაფიმე


19-10-2024, 08:12

 

   თანამედროვე ადამიანი ამქვეყნიური, ისტორიული საზომით აფასებს ქრისტეს. სინამდვილეში მისი შეფასება და პოვნა არა რელიგიის ისტორიით, არამედ სარწმუნოებრივი გამოცდილებითაა შესაძლებელი.

   ქრისტე - რელიგიის გვირგვინია, ღვთის განცხადებაა კაცობრიობის ისტორიაში. მისი განკაცების შემდეგ ადამიანის ცხოვრების ცენტრი არა რელიგია, არამედ ეკლესია გახდა. არსებობს რწმენა და ურწმუნოება, რომლებსაც შესაბამისი განაჩენი გამოაქვს როგორც ადამიანის, ისე ისტორიისათვის. ქრისტე თავად ეკლესიაა, სარწმუნოების სისავსეა, ადამიანსა და ღმერთს შორის ახალი ურთიერთობის დამყარების საშუალებაა, რომელსაც ეკლესიის საიდუმლოებანი ეწოდება. ქრისტე არ მოსულა ისტორიის შესაქმნელად, არამედ გადასარჩენად. ქრისტე არ ქმნის კიდევ ერთ რელიგიას, გნებავთ ყველა სხვა აღმსარებლობაზე სრულყოფილ და ზნეობრივ სწავლებას.

   იმის გასაგებად, თუ რას ფიქრობდნენ მის შესახებ ადამიანები და რაგვარად აღიქვამდნენ მას, მაცხოვარი მოწაფეებს დაეკითხა. ამასოფლის მოტრფიალე ადამიანებმა ქრისტე ისტორიას დაუქვემდებარეს, ერთ-ერთ მისტიკოსად, წინასწარმეტყველად, რევოლუციის იდეოლოგად მიიჩნიეს, რომელიც ამდიდრებს რელიგიურ იდეებს, სოციალურ კონცეფციებს და მხოლოდ გარეგნულად ცვლის და ალამაზებს წეს-ჩვეულებებს. მაცხოვარი არ დაკმაყოფილდა ამ პასუხით და თავად მოწაფეების აზრით დაინტერესდა - სწამდათ კი, რომ ის არის ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც გახდა ადამიანი და დამკვიდრდა ჩვენ შორის. ქრისტე ჭეშმარიტი სასწაულია, საიდუმლოა, მოწმობაა სარწმუნოებისა. ქრისტე არის ძე ღმრთისა - ღმერთი და არ არსებობს სხვა ჭეშმარიტი ღმერთი ადამიანების შემქმნელი და მაცხონებელი. ქრისტეს ღვთაებრიობის უარყოფის შემთხვევაში ის ისტორიისთვის მიუწვდომელი და შეუცნობადი ხდება. ამდენად საცდური არა ქრისტეში, არამედ სხვადასხვა ერესებშია: მონოფიზიტობაში, პაპიზმში, პროტესტანტიზმში, რელიგიურ შეტაკებებში, ინკვიზიციაში და ღვთაებრივი ჭეშმარიტების დამახინჯებაში, რასაც ისტორიამ განზოგადებულად ქრისტიანული რელიგია უწოდა.

   ქრისტეს ვინაობის შესახებ ერთადერთი სწორი პასუხი ქრისტესადმი, ვით ღვთისადმი, აღმატებულ დამოკიდებულებაშია.

  ქრისტეს საიდუმლოებანი დაცულია ეკლესიაში წმინდანებისა და მორწმუნეების მიერ. ისინი თავმდაბლურად, შეუმჩნევლად მოღვაწეობენ, მაგრამ უდიდეს თავისუფლებას ფლობენ ქრისტეში.

  ქრისტიანები ახალი ტიპის ხალხია კაცობრიობის ისტორიაში - ეს განახლებული ბუნებაა ქრისტეს იპოსტასში. მაშინაც კი, როდესაც ადამიანი უარს ამბობს ქრისტეზე და ცდილობს განაძევოს ის სამყაროდან, მაცხოვარი კვლავ მოუწოდებს ადამიანებს თავის საიდუმლოებებში ჩართვისა და განღმრთობისაკენ. ამაში ვლინდება ქრისტიანული სარწმუნოების სიდიადე - სარწმუნოება გადმოცემულია ისტორიული მოღვაწეობით.

   ბოლო ჟამს, სამყაროს აღსასრულისას ქრისტე თავის მორწმუნეთ მიჰმადლებს ისეთ ძღვენს, "რომელსაც ვერავინ წაართმევს ვერც ზეცაში, ვერც დედამიწაზე". ღვთის სასუფევლის საიდუმლოებანი და სარწმუნოების სიმდიდრენი არ გახლავთ ისტორიის კუთვნილება. ადამიანის ბუნება მაშინ განდიდდა, როდესაც ღვთის სიტყვა დაითესა მის გულში და ქრისტეს განკაცებისა და სულთმოფენობის მადლმა შესაფერისი ნაყოფი გამოიღო.

   როდესაც მაცხოვარი ბრძანებს, რომ "ძე კაცისას არა აქვს ადგილი, სადა თავი მოიდრიკოს", ისტორიული პროცესი იგულისხმება. ამ პროცესში ისტორია ადამიანის გაღმერთებითაა დაკავებული, ის განაგრძობს ქრისტესაგან სრბოლასა და ეშმაკის თაყვანისმცემელთა რიცხვის მომრავლებას. ამიტომ, თავისთავად ისტორია როდია უგუნური, არამედ ადამიანები ისტორიის განმავლობაში ამჟღავნებენ უგუნურებას. უგუნურება იმაში გამოიხატება, რომ ადამიანი განაგრძობს კეკლუცად ცხოვრებას. ის დევნის ჭეშმარიტებას და ქრისტეს ერთგულ ადამიანებს.

   ქრისტე - ჭეშმარიტებაა, რომელიც ათავისუფლებს ადამიანს ცოდვისაგან, მაგრამ იძულებით არ იჭრება ისტორიის უგუნურ მოვლენებსა და ამაო ძიებებში.

   ქრისტე ერთხელ მოვიდა ხორცშესხმული, ახლა უკვე დასასრული იწყება. ქრისტე გახლავთ სრული ადამიანი, რომელსაც ძლიერ უყვარს და რომელიც ძლიერ უყვართ. ასკეტური ცხოვრება არის დასტური იმისა, რომ ადამიანს შეუძლია თავმდაბლობითა და სინანულით, "შემუსვრილი გულით" მოიპოვოს ცხონება.

   სიტყვა გულის შესახებ არ ნიშნავს რეალობისაგან გაქცევასა და სენტიმენტალიზმში გადავარდნას. ეს არ არის ისტორიული ან საქმიანი ცხოვრების უარყოფა, არამედ არსობრივისა და საიდუმლოებრივის ძიებაა, რათა შევმოსოთ ისტორიის სიშიშვლე; ეს არის მყარისა და მარადიულის ძიება საიმისოდ, რომ მორწმუნეებმა განვჭვრიტოთ რეალური სამყარო. ქრისტე იბადება წმინდა გულში და წარმოშობს განწმენდილ გულს. განწმენდილ გულს შეუძლია ერთადერთი ჭეშმარიტების ქადაგება, რომელიც გახლავთ ქრისტე. წმინდა გული ისაა, სიწმინდეს, ბრძნულ მდუმარებას რომ ინარჩუნებს, სილამაზეს, სახარებისეული სათნოებების სურნელებას, ღვთის მცნებებს რომ იცავს.

   ასეთი ღვთივგანსურნელოვანებული, შემუსვრილი და მდაბალი გახლავთ მართლმადიდებელი ქრისტიანის გული, რომლისთვისაც "ქრისტე არის ღმერთის ჭეშმარიტების ყველაზე აღმატებული სიყვარულის ნიმუში". მაგრამ ეს გარემოება პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს. ხშირად ქრისტე შეუცნობი რჩება მათ მხრიდან, ვისი გულებიც თავად შექმნა უფალმა. ამდენად, ჩვენთვის გასაგებია, რატომ გვექმნება წინაღობა ქრისტესკენ მიმავალ გზაზე. მართლმადიდებელი ქრისტიანი ქრისტეს ჯვარცმის თანაზიარია. ვისაც სურს შეიცნოს ამქვეყნიური ცხოვრების ჟამს ქრისტეს გზის საიდუმლო, ქრისტეს მეგობარი უნდა გახდეს. ასეთია მართლმადიდებელი ქრისტიანი, მოღვაწე, ისტორიის ადამიანი.

   რა მშვენიერი იქნებოდა ისტორიის ამ მონაკვეთში ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი ქრისტეს სასწაულებზე, მის ცხოვრებაზე რომ ქადაგებდეს, ამით განიდიდება დამწუხრებული გულები.

   დღესაც თანამედროვე ორომტრიალშიც არიან ჭეშმარიტების მოწმენი. მათი ღვაწლი განცხადდება მომავალ ცხოვრებაში. ეს იმის დასტურია, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი განიცდის ისტორიის ბედს, მის მისტიკურ დასასრულს, ისტორიულ გამოწვევას, ეკლესიის ესქატოლოგიურ სხეულში მყოფი.

   მესამე ათასწლეულში ევროპასა და მთელ მსოფლიოში ცინიკური დრამა თამაშდება ერეტიკოსთა და განხეთქილების მოქმედთა მიერ ქრისტიანობის კარიკატურული გამოსახვით, კერპთაყვანისცემით. ისინი მართლმადიდებლობისაგან განდგომილობის, პირფერობისა და ღალატის ნიმუშნი გახლავან, რომლებიც ქრისტიანობის რიგით რელიგიურ იდეოლოგიამდე და კულტურულ ფასეულობამდე დაყვანას ცდილობენ. მათ ცხოვრებაში ქრისტე და ეკლესია ორი აბსოლუტურად განსხვავებული ცნებაა. ისინი ხშირად საუბრობენ ქრისტეზე, მაგრამ იოლად უარყოფენ მის ეკლესიას, მის წმინდა სხეულს, რათა ჩაეფლონ რელიგიურ სიცრუეში, ეკუმენისტური სინკრიტიზმისა და ურიცხვი ერესების წყვდიადში. მათ დაავიწყდათ, რომ ქრისტეს ისტორია მხოლოდ სულიწმიდის არსებობის პირობებში იწერება. ეს არის ეკლესიის ისტორია, რომელსაც "ჭეშმარიტი ისტორია" უნდა ვუწოდოთ. მართლმადიდებლობა კვლავაც მოწოდებულია უქადაგოს სამყაროს ქრისტეს ჭეშმარიტება, ვინაიდან ქრისტეს მოძიება მხოლოდ ერთიან და ერთადერთ ეკლესიაშია შესაძლებელი და მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანები მისი (ეკლესიის) წევრები ხდებიან და ქრისტეში იმყოფებიან.

   "პოსტქრისტიანული ეპოქის" ცნება იდეოლოგიური გამონაგონი და ისტორიული იდეოლოგემაა. შესაძლოა, უკვე დადგეს ისტორიის დასასრული, მაგრამ ქრისტიანული საიდუმლოებანი - მეტაისტორიული სასწაულებია, ისტორიული საზღვრების გადალახვაა.

   ჩვენ საკმარისად არ ვიცით ისტორია, მაგრამ გულისმიერი სიბრძნის მქონემ უწყის, როდის მოიყაროს მუხლი ისტორიის დაფარული საიდუმლოების წინაშე. უდიდესი ცოდვაა შეეწინააღმდეგო ქრისტიანულ საიდუმლოებებს და სიმბოლოებად წარმოაჩინო ისინი - ქრისტე დაუქვემდებარო ფაქტებსა და დროს და არა მოვლენები, ფაქტები და დროს - ქრისტეს. ყოველივე ამის მიზეზი მომავალი ცხოვრების არსობრივი შეუცნობადობაა, რომლის შემდეგ ისტორიაში ახალი არაფერი მოხდება. მართლმადიდებელი მოწოდებულია შეინარჩუნოს თავმდაბლობა და განსჯის უნარი, იფხიზლოს და განიწმინდოს გული დიდებით მომავალ უფალში, რათა გულის სასოებით გავხდეთ ღვთის ახალი სამყაროს საიდუმლოს მჭვრეტელნი იმ რწმენით, რომ "ადამიანი სახეს ხედავს, ხოლო ღმერთი - გულს".

   მარადიული ხსოვნა მართლმადიდებლობის უმწიკვლო დამცველებს და მარადიული ანათემა მოუნანიებელ ერეტიკოსებს და მათ, ვინც უარყოფს განკაცებული ძე ღმერთის - ქრისტეს საიდუმლოებებს.

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 

 



უკან დაბრუნება