მთავარი > მოდერნიზმი, მთავარი გვედის ფოტო > მოდერნიზმის დიაგნოზი - შენიღბული ურწმუნოება - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
მოდერნიზმის დიაგნოზი - შენიღბული ურწმუნოება - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე6-01-2021, 18:24 |
ბოლო დროის წმიდა მამები და ავტორიტეტული თანამედროვე ღვთისმეტყველები საკმაოდ საფუძვლიანად აანალიზებენ ამჟამინდელ სულიერ მდგომარეობას. დაკვირვებული ქრისტიანი შეამჩნევს, რომ თანამედროვე ღვთისმეტყველება ტოტალურად მოდერნისტული გახდა. მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება გასული საუკუნის ოციანი წლებიდან მოდერნისტული სქოლასტიკისა და უტიფარი სოფისტიკის მსხვერპლი შეიქნა. ამის საუკეთესო ნიმუშია ე.წ. "პარიზის სკოლა", რომლის წარმომადგენლები ზემოდან დასცქეროდნენ უბრალო ადამიანთა ღვთისმოსაობას და, როგორც მაღალგანვითარებული ადამიანები, თავიანთ მოვალეობად მიიჩნევდნენ მართლმადიდებლობის "ამაღლებასა" და "გაკეთილშობილებას". სწორედ "პარიზის სკოლის" წარმომადგენელი იყო მ. ალექსანდრე შმემანი და სხვა მრავალი მოდერნისტი. აქვე უნდა აღინიშნოს საბჭოთა ეპოქის განმაახლებელთა მცდელობები. ღვთისმეტყველების გაამსოფლიურებამ, "განაიარაღებამ" სავალალო შედეგები გამოიღო. საკმარისია გავიხსენოთ ალექსანდრე ოსიპოვისა და სხვათა, მოსკოვის სასულიერო აკადემიის წარმომადგენელთა მრავალწლიანი ერეტიკული ქადაგებები. აღსანიშნავია, აგრეთვე, 50-იან წლებში მ. ა. შმემანისა და მ. ა. მეინდორფის მიერ წმ. ვლადიმერის სემინარიაში განხორციელებული რევოლუციური ცვლილებები. ცნობილია, მოდერნისტები სხვადასხვაგვარად, იმის მიხედვით რომელი მიმართულებაც აქვთ არჩეული, ამჟღავნებენ თავიანთ ადოგმატურ ხასიათს. მაგალითად, თუ "პარიზის სკოლის" და მათი სულისკვეთების გამგრძელებელი პირები მეტწილად მოდერნისტულ-ეკუმენისტური მიმართულებით გამოირჩევიან, საბერძნეთის ეკლესიების წარმომადგენლები (კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში, ელადის ეკლესიაში) უპირატესობას პაპისტურ-ეკუმენისტურ მიმართულებას ანიჭებენ. მსგავსი სულიერი მიდგომა, ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან მძიმედ უბრუნდება მართლმადიდებლურ ეკლესიას. საქმე ისაა, რომ მოდერნიზმის სენი, წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით, არ არის ერესი, ამიტომ მისი უტიფრობა იოლად გადაედება იმ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, რომლებსაც არ გააჩნიათ მისგან დასაცავი იმუნიტეტი. თითქოს საკმარისია რეალური სულიერი ცხოვრება გამიჯნო მეოცნებობისაგან და ყველაფერი რიგზე იქნება. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ საღი აზროვნება, განსჯის უნარი დარღვეულია ირაციონალური აზროვნებით, რამაც მრავალი კეთილსინდისიერი მართლმადიდებელი ქრისტიანი დაასნეულა, არაფერს ვამბობთ მოდერნიზმის მომხრეებზე. ადამიანი ეძებს ფშვინვიერ მშვიდობას და თავს არ იწუხებს ღვთაებრივზე ფიქრით, სულიერი განსჯით, არამედ მორიგ სიზმარში, უტოპიაში, "მეორე რეალობაში" ეფლობა, რომელიც უფრო აღმატებულად ეჩვენება. მოდერნისტების გონებისათვის წარმოუდგენელი და სინდისისათვის მიუღებელი კომპრომისები ცხადყოფს, რომ ეს ქრისტიანები არ დგანან მყარად პირველ რეალობაში, არამედ უტოპიურ სიზმარში, "მეორე რეალობაში" იმყოფებიან. წმ. მარკოზ ეფესელი ამბობს: "სარწმუნოებრივ საქმეში დაუშვებელია იკონომია. ეს იგივეა, განაცხადო: მოიჭერი თავი და იარე, საითაც გსურს" (ამბროსი პაგოდინი. 1963. 226). ჩვენ დროში ამ მეტად მნიშვნელოვანი საკითხისადმი საკმაოდ გამარტივებული დამოკიდებულება შეინიშნება. ღიად ყველა აღიარებს, რომ ცხონება მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიაშია შესაძლებელი და ეკუმენისტები მართლა ღალატობენ მართლმადიდებლობას. ნაკლები ყურადღება ენიჭება გაცილებით საჭირბოროტო საკითხს, სახელდობრ იმას, რომ თანამედროვე მოდერნისტ-ეკუმენისტები თავიანთ თხზულებებსა თუ დღიურებში, ქადაგებებსა თუ მიმართვებში აშკარად ქადაგებენ ერესს. ისინი არც კათოლიკები არიან და არც პროტესტანტები, ყოველ შემთხვევაში გარეგნულად. ისმის კითხვა: როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მათ მიმართ? რა ვუწოდოთ იმ "მართლმადიდებლებს", მწვალებლობას რომ ქადაგებენ? დღეს, როგორც არასდროს, გადაულახავ დილემად იქცა ეს საკითხი. მოდერნიზმმა არა მარტო ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიები, არამედ ყველა ქრისტიანული დენომინაცია მოიცვა. ამ თვალთახედვით ის გლობალური პრობლემაა, ვინაიდან კატეგორიულად უარყოფს ყოველგვარ პრინციპულ, უცვლელ განსაზღვრებას. თუ მოდერნისტულ ცრუსწავლებას საყოველთაო ხასიათის პრობლემად ვსახავთ, მაშინ მისი განსჯა მხოლოდ უმაღლეს კანონიკურ ორგანოს - მსოფლიო კრებას ხელეწიფება. ნებისმიერ შემთხვევაში გლობალურ პრობლემას ასევე გლობალური, ქრისტიანული პასუხი უნდა გაეცეს. მაგრამ, ვიდრე ეს მოხდება, მოდერნიზმის ცნებას დავუბრუნდეთ. მოდერნიზმი გულისხმობს, რომ მოერგო საზოგადოებრივი ცხოვრების რიტმის რევოლუციურ ცვლილებებს. მისი საბოლოო მიზანია შეაგუოს საზოგადოება იმ აზრს, რომ "სასუფეველი ღვთისა დედამიწაზეა". მის მსოფლმხედველობაში ჭეშმარიტება ჩანაცვლებულია უნივერსალური ამქვეყნიური რწმენით. აქ მიწიერი რწმენა ვითომ იდეალურია, ხილული - უხილავია. ქრისტიანული სახელით წარმოჩენილი მოდერნიზმი ერთმანეთისაგან ვერ ასხვავებს "სულსა" და "სხეულს", "სულიერსა" და "მატერიალურს", "რწმენასა" და "პროფანაციას", "რელიგიურსა" და "ამქვეყნიურს". "სრული ადამიანი, ღვთისა და სამყაროს მსახურებით განწმენდილი და კურთხეულია, ის მთელი სისავსით ღვთის ტაძარი უნდა გახდეს". (ა. შმემანი. 1983). შინაგანი, რელიგიური თვალსაზრისით მოდერნიზმი ქრისტიანული, დოგმატური ჭეშმარიტებისადმი ეჭვის, ურწმუნოების დამნერგველ მსოფლხედვად უნდა მივიჩნიოთ. ის არ ეფუძნება ეკლესიის დოგმატური სწავლების ჭეშმარიტებას, მაგრამ პრაქტიკულად ცდილობს საკუთარი თავი რელიგიურ მსოფლმხედველობად წარმოაჩინოს. ადოგმატიზმი მჭიდრო კავშირშია დოგმატიკის განვითარების შესახებ მოდერნისტთა საერთო იდეასთან. მოდერნისტების ხედვით, როცა დოგმატი ურყევია, მაშინ პროგრესი არ არსებობს. მაგრამ მართლმადიდებლური სწავლების თანახმად, ღვთის შემეცნება მხოლოდ დოგმატების შემეცნებითაა შესაძლებელი. თუ დოგმატის როგორც ფორმა, ისე შინაარსი შეიძლება თვითნებურად განიმარტოს, მაშინ, ადვილი შესაძლებელია, ის თანამედროვე ადამიანის "თავისუფალ", "შემოქმედებით" ცხოვრებას მიუსადაგო. მოდერნიზმი პიროვნების უკიდურესი ავტონომიზმით გამოირჩევა, სადაც ცენტრალური ადგილი უკავია "ჩემს" გამოცდილებას, შეხედულებას, შემოქმედებით დამოკიდებულებას სამყაროსადმი. ის გაფორმებული ურწმუნოებაა, ამიტომ "მუნჯის ქადაგებად" უნდა მივიჩნიოთ. მოდერნისტები ხაზგასმით არ უარყოფენ ჭეშმარიტებას. მაშინ მოდერნიზმი ერთ-ერთი ერესი იქნებოდა. მოდერნიზმში ადამიანი რეალობას მოკლებულია, არარელიგიურია იმთავითვე, საფუძველშივე. ამდენად, ადამიანი თავისი მსოფლმხედველობის თანახმად სულაც არ არის რელიგიური, ის უბრალოდ "ინტერესდება" რელიგიური პრობლემატიკით ე.წ. "სვეტური მისტიციზმის" ან ოკულტური ინტერესებიდან გამომდინარე. ეს გახლავთ "რელიგიური ინდიფერენტიზმია", რომელიც გაურბის პასუხისმგებლობას და "არასავალდებულო რელიგიურ" ინდივიდუალიზმში გადადის. დავასკვნით: მოდერნიზმი სულაც არ არის ღვთისმეტყველება. ის არ არის ღვთის სიტყვა, არამედ ადამიანური და ადამიანის შესახებ ნაამბობია. შესაბამისად, ისეთი მნიშვნელოვანი საეკლესიო-საზოგადოებრივი პერსონები, როგორებიც არიანი მიტრ. ანტონი სუროჟელი, მ. ალექსანდრე შმემანი, მ.ა. მეინდორფი, მ.ა. მენი, პროფ. ალექსანდრე ოსიპოვი თუ სხვები, შემთხვევით არ გამხდარან პოპულარული საზოგადოებაში. ეს ჩვენი შინაგანი სულიერი ცხოვრების დასუსტების შედეგია და არა მათი "ცოცხალი" ქადაგებისა.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე უკან დაბრუნება |