მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > წერილი №13 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
წერილი №13 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)9-10-2015, 00:00 |
”სოფელსა ამას ჭირი გაქუს”, - წინასწარ ამცნო უფალმა თავის მოწაფეებს, - „არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა” (ინ. 16,33). მაცხოვრის ეს წინასწარმეტყველება აგერ უკვე ათას რვაას ორმოცდათორმეტი წელია სრულდება მის მიმდევართათვის. მაგრამ განსაცდელები, რომლებიც ამ ხნის მანძილზე ქრისტეს მცირე სამწყსოს ევლინებოდა, სულ სხვადასხვა სახის იყო. თავიდან ქრისტიანების აშკარა დევნა დაიწყო: თორმეტივე მოციქულმა, იოანე ღმრთისმეტყველის გარდა, მიწიერი ცხოვრება მოძალადური სიკვ-დილით დაასრულა. შემდგომში ამ აშკარა დევნამ უფრო დახვეწილი ფორმა მიიღო, რომელსაც ყველა ვერ ხვდებოდა, მაგრამ განწ-მენდილთათვის სრულიად ცხადი იყო. ქრისტიანთაგან ქრისტეს უარყოფას კი არა, მწვალებლობის მიღებას მოითხოვდნენ, რაც სულისათვის ისევე წარმწყმედელია, როგორც უარყოფა. ეს იყო არა პირდაპირ უსჯულოების, არამედ ბოროტი სარწმუნოების შეთვისების მოთხოვნა. მოგვიანებით დევნა კიდევ უფრო დახვეწილი გახდა: ქრისტეს რწმენა თვითდინებაზე მიაგდეს, ქრისტეს მცნებებით ცხოვრება კი უარყვეს და მათი საწინააღმდეგო ცხოვრების წესი შეითვისეს, რის გამოც სარწმუნოება ვერაფრით ვერ იქცევა დაწყებითად ქმედითად და, მით უმეტეს, ცხოველ ანუ სულიერ სარწმუნოებად. „სარწმუნოება თვინიერ საქმეთა” - ანუ ქრისტეს მცნებების შესრულების გარეშე - „მკუდარ არს.” თვით დაწყებითი ცოდნაც კაცისთვის უკიდურესად ბუნდოვანი და უთავბოლო რჩება, რადგან საქმით და, მით უმეტეს, სული წმიდით არ არის განმარტებული. ამგვარი არეულობა და სიბნელე დაუფლებია ბევრს, ვინც თავის თავს ქრისტიანად და ზოგჯერ ქრისტეს ეკლესიის მწყემსადაც კი მიიჩნევს - ზოგ მათგანს სახარებაში გადმოცემული ქრისტეს სასწაულები არ სჯერა; ზოგი დემონთა არსებობას უარყოფს, ზოგს კიდევ, ვისაც სარწმუნოების საქმეები ბუნებრივი საქმეებისაგან ვერ გაურჩევია, ჰგონია, რომ ყველა ცხონდება თავისი კეთილი საქმეების გამო და ა.შ. ამიტომაც უკიდურესად იშვიათად მოისმენთ კაცისგან ღვთის ჭეშმარიტ სიტყვას, თუმცა კი ყალბს ძალიან ხშირადაც კი გაიგონებთ. უფლის სიტყვის შიმშილი ყოველგვარ უბედურებაზე მძიმე განსაცდელია მათ შორის, რაც კი ოდესმე ქრისტიანებზე ყოფილა დაშვებული. მაგრამ ესეც ღმრთის დაშვებაა, რომელიც ღმრთის ნების მორჩილებით უნდა მოვითმინოთ. „რისხვასა უფ-ლისასა დაუთმო” (მიქ. 7,9). იმის გამო, რომ დღევანდელ თაობაზე ღმრთის განსაკუთრებით მძიმე მწუხარებებია დაშვებული, უფალი განსაკუთრებული სახიერებით მიუტევებს კიდეც მას თავის ცოდვებს. კურთხევა ღმრთისა იყოს თქვენზედა! (გაგრძელება იქნება...)
წიგნიდან „კრებული"
უკან დაბრუნება |