მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 17 სექტემბერი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდა წინასწარმეტყველისა და ღვთისმხილველისა მოსესი (+1531 ქრისტეს შობამდე)
17 სექტემბერი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდა წინასწარმეტყველისა და ღვთისმხილველისა მოსესი (+1531 ქრისტეს შობამდე)17-09-2021, 00:00 |
წმიდა მოსე წინასწარმეტყველი, ებრაელთა წინამძღვარი და სჯულისმდებელი, ლევიტელთა ტომის ჩამომავალი იყო. იგი ეგვიპტეში დაიბადა მაშინ, როცა ტყვედ წასხმული ისრაელები აქ მონობის უღელქვეშ იტანჯებოდნენ. ფარაონის ბრძანებით უნდა დაეხოცათ ებრაელთა ახალშობილი ვაჟიშვილები, რომ ერი არ გამრავლებულიყო. ამ ბრძანების შიშით მოსეს დედა სამი თვე მალავდა შვილს, შემდეგ კი, „ვითარ იგი ვერღარა ეძლო დამალვად", გაფისულ კიდობანში ჩააწვინა და მდინარის პირას, ლერწმოვანში დატოვა. აქ ყრმა საბანაოდ ჩასულმა ფარაონის ასულმა იპოვა, შეებრალა, იშვილა და დაარქვა მოსე, რაც წყლიდან ამოყვანილს ნიშნავს. მეფის სასახლეში მოსე ფუფუნებით ცხოვრობდა, ეგვიპტურ მწიგნობრობაში განისწავლა, მაგრამ თავს მშვიდად ვერ გრძნობდა: იცოდა, რომ ებრაელი იყო და აწუხებდა ის ჭირი და უბედობა, რომელსაც მისი თანატომელები ეგვიპტელთაგან ითმენდნენ. ერთხელ მოსემ დაინახა, რომ ეგვიპტელი სცემდა ებრაელს, მოკლა ეგვიპტელი, მიწაში ჩაფლა, შემდეგ კი, ფარაონის რისხვას განრიდებული, მადიამის ქვეყანაში გაიხიზნა. იქ უფლის რჩეული იოთორ მღვდელთან დაბინავდა და მისი ასული შეირთო ცოლად. მოსე თავისი სიმამრის ცხვარს მწყემსავდა. ერთხელ, როცა ფარა ქორების მთის მახლობლად მიჰყავდა, მან იხილა ალმოდებული მაყვლის ბუჩქი, რომელიც არ იწვოდა. მიუახლოვდა ბუჩქს და იქიდან მოესმა: „მე ვარ ღმერთი მამისა შენისა, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი... აწ ესერა ღაღადება ძეთა ისრაელისათა მოიწევის ჩემდა, და მე ვიხილე ჭირი მათი, რომელსა ეგჳპტელნი აჭირვებდეს მას. აწ უკუე მოვედ და მიგავლინო შენ ფარაოსა, მეფისა მის ეგჳპტელთასა და გამოიყვანო ერი ჩემი, ძენი ისრაელისანი, ქუეყანით ეგჳპტით". მოსე შეაძრწუნა თავისმა უძლურებამ, მაგრამ უფალმა აღუთქვა: „მე ვიყო შენ თანა", სასწაულთქმედების ძალა მისცა, რათა ყველა დარწმუნებულიყო, რომ ის ღვთისგან იყო გამოგზავნილი და შემწედ მისი ძმა - აარონი დაუნიშნა. მოსე დაემორჩილა ზეგარდმო მიღებულ ბრძანებას და ეგვიპტეში წავიდა. წინასწარმეტყველი აარონთან ერთად წარდგა ფარაონის წინაშე და უფლის ნება აუწყა, მაგრამ უღმრთო ხელისუფალმა უარი განაცხადა ებრაელთა გაშვებაზე. ღმერთმა ათი სასჯელი დაატეხა თავს ეგვიპტეს: მოსეს სიტყვით მდინარეებში, ტბებში და ჯურღმულებში წყალი სისხლად იქცა; სეტყვამ და კალიამ გაანადგურა ნათესები; სამდღიანი წყვდიადი ჩამოწვა ქვეყანაში... მაგრამ გაკერპებული ფარაონი მაინც თავისაზე იდგა. მეორედან დაწყებული, სასჯელად მოვლენილი ყოველი უბედურების ჟამს იგი პირობას დებდა, რომ გაათავისუფლებდა ისრაელებს, მაგრამ, როგორც კი სიმშვიდე დაისადგურებდა, კვლავ უკან მიჰქონდა თავისი სიტყვა. უსჯულომ მხოლოდ მაშინ შეასრულა უფლის ბრძანება, როცა, ღვთის ნებით, ანგელოზმა ეგვიპტელების ყველა პირველშობილი ძე დახოცა. ეგვიპტიდან ექვსი ათასამდე კაცი გამოვიდა ქალებისა და ბავშვების გარდა. ისინი ღვთის მფარველობითა და მოსეს წინამძღვრობით გაუდგნენ გზას აღთქმული ქვეყნისკენ. მეწამულ ზღვას რომ მიუახლოვდნენ, ლტოლვილებმა მდევრები შენიშნეს: მოსემ კვერთხის დარტყმით გააპო ზღვა. ისრაელებმა მშრალ ფსკერზე გადაიარეს, მდევრებიც უკან მიჰყვნენ. მაშინ მოსემ კვლავ დაჰკრა ზღვას კვერთხი, წყალი შეერთდა და ყველა ეგვიპტელი დაიხრჩო. უფალმა კიდევ ბევრი სასწაული აღასრულა თავისი რჩეულის მეშვეობით: მწარე წყალი სასმელად ვარგისი გახადა, მშრალი კლდიდან წყალი გადმოადინა... რაფიდინში ებრაელებს თავს დაესხა უდაბნოში მოსახლე ამალეკთა ტომი. მოსემ მომხდურებთან საბრძოლველად ისუ ნავე გაგზავნა მხედრობით, თავად კი აარონთან და ორთან ერთად ბორცვის თხემზე ავიდა. როცა იგი ხელებს მაღლა აღაპყრობდა, ისრაელები ძლიერდებოდნენ, როცა დაუშვებდა - ამალეკს ემატებოდა ძალა. მაშინ აარონმა და ორმა მოსე ლოდზე დასვეს და „განამტკიცებდეს ჴელთა მისთა ერთი ამიერ და ერთი იმიერ". მზის ჩასვლამდე ხელ-განპყრობით იჯდა წინასწარმეტყველი და ებრაელებმაც სძლიეს მტერს. ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ, ორმოცდამეათე დღეს ისრაელები სინას მთას მიადგნენ. მთაზე ასულ მოსეს უფალმა ამცნო, თავისი ხალხისთვის ეუწყებინა: „აწ უკუეთუ სმენით ისმინოთ ჴმისა ჩემისა და დაიცვათ აღთქუმა ჩემი, იყვნეთ ჩემდა ერ საზეპურო ყოველთაგან ნათესავთა, რამეთუ ჩემი არს ყოველი ქუეყანა". როცა წინასწარმეტყველმა ბრძანება შეასრულა, მთელმა ერმა ერთხმად იქუხა: „ყოველი, რაოდენი თქუა ღმერთმან, ვყოთ და ვისმინოთ". კვლავ მთაზე ამაღლდა მოსე და ორმოცი დღე-ღამე იმარხულა, რის შემდეგაც უფლისგან მიიღო ქვის ორი ფილა, ზედ დაწერილი ათი მცნებით; ღმერთმა მას მისცა სხვა კანონებიც, რომლებიც ძველი აღთქმის პირველ ხუთ წიგნშია შესული, და უბრძანა, აეშენებინა სამლოცველო კარავი ანუ მოძრავი ტაძარი. უფლისავე ბრძანებით მოსემ თავისი ძმა - აარონი მღვდელმთავრად დაადგინა, მისი შვილები - მღვდლებად, ლევის დანარჩენი შთამომავლობა კი - მოძრავი ტაძრის მსახურებად. სჯულის მიღების შემდეგ ებრაელები მალე მიუახლოვდნენ ქანაანის ქვეყანას, მაგრამ დრტვინვისა და მცირედმორწმუნეობისთვის ღმერთმა მათ უდაბნოში ორმოცწლიანი მოგზაურობა მიუსაჯა. მეორმოცე წელს მოსემ უფლის რჩეული ერი ქანაანის საზღვართან მიიყვანა, თვითონ კი შორიდან შეხედა აღთქმულ ქვეყანას და მიიცვალა. ამ დროს იგი ასოცი წლისა იყო. მოსე წინასწარმეტყველის საფლავის ადგილსამყოფელი უცნობია.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |