მთავარი > ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > ბერ-მონაზონთა როლი ბოლო ჟამს - წმიდა გრიგოლის მონასტრის იღუმენი არქიმანდრიტი გიორგი (კაფსანი)
ბერ-მონაზონთა როლი ბოლო ჟამს - წმიდა გრიგოლის მონასტრის იღუმენი არქიმანდრიტი გიორგი (კაფსანი)8-10-2015, 00:03 |
კითხვა: ქრისტიანთა უმტესობა ელოდება წმიდა მთისა და ბერ-მონაზონთა მოწმობას, რომელსაც მიიღებს სიხარულით და მადლი-ერებით. თუმცა არსებობს ქრისტიანთა მცირე ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ მთაწმინდელები და საერთოდ ბერ-მონაზვნები მხოლოდ ლოცვით უნდა იყვნენ დაკავებულები და არა სარწმუნოებრივი თემებით. იქნებ ისინი მართალი არიან? პასუხი: რა თქმა უნდა, ბერ-მონაზონის მთავარი საქმე ლოცვაა. როდესაც სარწმუნოებას საფრთხე არ ემუქრება, ბერ-მონაზვნებს არ აქვთ მიზეზი ჩაერიონ ეკლესიურ საკითხებში, ვინაიდან თავად წარმოადგენენ ეკლესიის მმართველობას. მაგრამ თუკი სარწმუნოება საფრთხეშია, მაშინ ბერ-მონაზონთაგან ყველაზე განსწავლულნი, ნდობით აღჭურვილნი მონაზონთა შორის, რომელთაც აქვთ დანარჩენების სწორი წინამძღვრობის პასუხისმგებლობა როგორც სულიერ ცხოვრებაში, ასევე ღვთისმოსაობის დოგმატებში, ვალდე-ბულნი არიან იქადაგონ; არა იმიტომ, რომ ასწავლონ ეკლესიას, არამედ იმიტომ, რომ აღიარონ თავიანთი სარწმუნოება თანახმად უფლის მცნებისა: „ყოველმან, რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა" (მათ. 10, 32). ქრისტეს აღმსარებლობა სამსახურებრივი საქმე არ არის, არამედ - ცხოვრების გამოხატულება. უფრო ზუსტად კი ეს არის ქრისტეს ცხოვრებაში თანამონაწილეობის გამოხატულება. ქრისტე არ ამბობს: „რომელმან მაღიაროს მე", არამედ „რომელმან აღიაროს ჩემდამო". ამრიგად, ქრისტეს აღმსარებლობა ქრისტესთან ზიარების ან ქრისტესმიერი ცხოვრების ბუნებრივი შედეგია. ბერ-მონაზვნები კი ცხოვრობენ ქრისტეში, აღიარებენ და ასე ასწავლიან ქრისტიანებს. ამას აკეთებენ სიმდაბლით, არა იმიტომ, რომ ასწავლონ, არამედ იმიტომ, რომ აღიარონ. ეს არის ისტორიულად გამართლებული გარდამოცემა მართლმადიდებელ და წმიდა მთის მონაზვნობაში. დღეს (21 იანვარს) წმიდა მთაზე ვდღესასწაულობთ ორი წმიდა ბერის - მოძღვართა და აღმსარებელთა - ხსენებას. ესენი არიან: წმიდა მაქსიმე აღმსარებელი (მე-7 ს.) და რუსეთის განმანათლებელი, ათონელი წმიდანი მაქსიმე გრეკი.1 რა იქნებოდა მართლმადიდებელი აღმოსავლეთი და მსოფლიო წმიდა მაქსიმე აღმსარებლის სწავლებისა და აღმსარებლობის გარეშე? ან რა იქნებოდა მართლმადიდებელი რუსეთი წმიდა მაქსიმე გრეკის აღმსარებლობისა და სწავლების გარეშე? ამ მიმართულებით არ მოქმედებდა ყველა წმიდა მთაწმიდელი, რომელთა შორისაც იყვნენ წმიდა გრიგოლ პალამა და ლათინთა მამხილებელი მთაწმიდელები, რომლებიც მათგანვე მოწყდნენ, წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი, წმიდა კოზმა ეტოლელი და მრავალი სხვა? მათ და ყველა სხვა მოწამეთა და აღმსარებელთა ცხოვრებებსა და საქმეებს ვკითხულობთ ყოველდღე წმიდა მთაზე. შეგვიძლია სმენა დავიხშოთ, რომ არ გავიგოთ? შეგვიძლია ვთქვათ და ვირწმუნოთ რაიმე საწინააღმდეგო მაშინ, როცა ყოველივე ეს განაცხადებს მართლმადიდებლურ გარდამოცემას? ასეთი დამოკიდებულება ჩვენი მხრიდან ალბათ სულიერი შიზოფრენიის ერთ-ერთ სახეობას უნდა ნიშნავდეს. კითხვა: თუმცა გადმოცემათა ამგვარი დაცვა დღეს შეიძლება უკი-დურეს სიჯიუტედ ან წარსულისმეტყველებად მიიჩნიონ. პასუხი: ქრისტე არის „გუშინ და დღეს და იგი თავადი არს". და ხსნა, რომელსაც გვთავაზობს ქრისტეს ეკლესია, უცვლელია საუკუნეების მანძილზე. ჩვენი, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანების, სინდისი ისე ყალიბდება, როგორც გვისწავლია ღვთისმოსავი მშობლების, სულიერი მამების, წმიდა მოციქულთა, მამათა, მოწამეთა, აღმსარებელთა, ღირსთა ღვაწლის მაგალითზე. თუ გვწამს, რომ რაც მივიღეთ და ვისწავლეთ, არის სწორი და ღვთისთის სათნო, მაშინ უნდა გვქონდეს გამბედაობა ამის აღმსა-რებლობისა იმ შემთხვევაშიც კი, როცა ამას გარკვეული საფრთხე და ჩვენი საქციელის ცუდი დახასიათება მოსდევს. ქრისტიანებსა და ბერ-მონაზვნებს არ შვენით სარწმუნოებისა და თეოლოგიის რაიმე პოლიტიკისა თუ განზრახვისთვის დაქვემდებარება. ჩვენთვის ყოველთვის ძალაშია უფლის სიტყვა: „ჰსცნათ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ" (იოან. 8. 32). ჩვენ მოვალენი ვართ ჭეშმარიტებისა და სიყვარულის მოციქულის პავლეს სიტყვისაებრ „ჭეშმარიტ-ვიყუნეთ სიყუარულსა ზედა" (ეფს. 4, 15), ე.ი. კადნიერებით და გულისხმისყოფით. მოვალეობა, რომ ჭეშმარიტნი ვიყოთ სიყვარულში, გვავალდებულ-ებს ყველა ჩვენი ძმის წინაშე და განსაკუთრებით იმათ წინაშე, ვინც ჩვენი წმიდა მართლმადიდებლური გარდამოცემის გაყიდვის, ცრუსწავლებებისა და აღრევის ეპოქაში წუხს, შფოთს ტეხს და ჩვენგან ნუგეშისა და მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში დასაყრდენ სიტყვას ეძებს. მადლობას გიხდით, რომ მომეცით საშუალება ღვთის შიშით და იმ იმედით, რომ ნათქვამს ეთანხმება მთაწმიდელი მამების უმეტესობა, ჩამომეყალიბებინა ჩემი თეზისები. ჩემი სურვილია გამოვხატო ჩემი, ყველაზე მდაბალი მონაზვნის, სარწმუნოება და აღმსარებლობა, განსაკუთრებით კი ჩვენი მონასტრის მღვდელ-მონაზვნებისა და მონაზვნების რწმენა და აზრი, რომელთაც ნდობით ჩამაბარეს თავიანთი სულები ქრისტესმიერ ცხოვრებაში საწინამძღვროდ.
1ამგვარად მოიხსენებს წმიდა მამას სტატიის ავტორი. ქართული ტრადიციის მიხედვით - მაქსიმე ბერძენი. - მთარგმ.
წიგნიდან „ეკუმენიზმი და ეკუმენური მართლმადიდებლობა" შუამთა, 2001 წ. უკან დაბრუნება |