მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > მკვდართა აღდგომა - ღირსი იუსტინე პოპოვიჩი (ნაწილი II)

მკვდართა აღდგომა - ღირსი იუსტინე პოპოვიჩი (ნაწილი II)


25-04-2017, 00:09

მკვდართა აღდგომა - ღირსი იუსტინე პოპოვიჩი (ნაწილი II)

 

   ღმრთივშთაგონებული მოციქული საყოველთაო ჭეშმარიტებას გვახარებს, როცა ამბობს: „და ვითარცა - იგი  ადამის გამო ყოველნი მოსწყდებიან, ეგრეცა ქრისტეს მიერ ყოველნი ცხოველ იქმნენ" (1 კორინთელთა, 15, 20 -22). თვით შესაქმისას, პირველ ადამიანს - ადამს ლოგოსური ძალა - ცხოველმყოფელი და ცხოვრებისმომცემელი - მიეცა. და ქვეყნად დაბადებულ ყოველ ადამიანს („ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად"), ეს ლოგოსური ძალა ეძლევა (შეად. იოანე, 1, 3-4.9), რომელიც ცოდვისმოყვარე კაცთა მოდგმაში სიკვდილის ზეწოლით გახევდა და დაუძლურდა. უფალი ქრისტე, ხორცშესხმული სიტყვა ღმერთი, როგორც ღმერთკაცი მკვდრეთით დგება და ყოველ ადამიანში გახევებულ ლოგოსურ ძალას აღმდგენელ ძალებს აძლევს, რათა იგი სიკვდილისაგან განთავისუფლდეს და აღდგომაში შევიდეს. ეს აღდგომის საფუარია, რომლითაც კაცობრივი ბუნების მთელი ცომი გაღვივდება (აფუვდება), რომლისგანაც ჩვენ ყველანი ვართ გამომცხვარი. მკვდრეთით აღმდგარი ღმერთკაცი კაცთა მოდგმას არაფერ ახალს თავს არ ახვევს, როცა მას საყოველთაო მკვდრეთით  აღდგომის შესაძლებლობას აძლევს, რამეთუ პირველი კაცი - ადამი, მთელი შესაძლო კაცობრივი ბუნების მატარებელი და წყარო, ლოგოსურ ძალასთან ერთად როგორც მის შემადგენელ ნაწილთან, მის ბირთვთან არის შექმნილი. კაცობრივი ბუნების ამ ლოგოსურ ბირთვშია მისი (ბუნების) უკვდავებაც. თავისი მკვდრეთით აღდგომით, ღმერთკაცმა ქრისტემ უკვდავების გახავებულ ბირთვს ცხოველმყოფელი და ცხოვრებისმომცემელი ძალა დაუბრუნა და იგი იმ გზაზე გაიყვანა, რომელსაც საყოველთაო მკვდრეთით აღდგომის მეშვეობით საყოველთაო უკვდავებაში მივყავართ. თვით თავისივე ლოგოსურობაში, კაცობრივი ბუნება შეიცავს თავის უკვდავებას, არა მხოლოდ როგორც შესაძლებლობას, არამედ როგორც არსს. სიტყვა ღმერთი, ადამიანში სრულიად განხორციელებული, ამ უკვდავებას საჭირო სისავსეს და სრულყოფილებას ანიჭებს. ღმერთკაცი ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა, კაცობრივი ბუნების - როგორც ღმრთის ქმნილების - საყოველთაო უკვდავებას უზრუნველყოფს. ამიტომაც, უკანასკნელ დღეს ყველა ადამიანი გაცოცხლდება: ბოროტიც და კეთილიც (შეად. მათე, 25, 7; იოანე, 5, 28-29).

   აღმდგარი სხეულები, თუმღაცა ისინი სულიერნი და უკვდავნი იქნებიან, თავის არსს არ დაკარგავენ, მას, რაც სხეულს სხეულად აქცევს, რამეთუ აღდგომა არ არის ახალი სხეულის შექმნა, არამედ ძველის გაცოცხლება და განახლებაა (ფერისცვალება). თავისი ყოვლისშემძლე ძალით, ღმერთი აღადგენს გახრწნილ და დაშლილ სხეულებს. რამეთუ მას, ვინც თავდაპირველად მიწისგან სხეული შექმნა, ძალუძს იგივე სხეულები, თუმცაღა მიწაში გახრწნილები და მიწად ქცეულები, კვლავ განაახლოს და გააცოცხლოს. ბუნებაშიც რაღაც ამგვარი ხდება: დათესილი მარცვალი მიწაში იხრწნება, თავთავად აღმოცენდება და ნაყოფი გამოაქვს (1 კორინთელთა, 15, 36-40).

   ახლანდელ და მომავალ აღმდგარ სხეულებს და მათ თვისებებს შორის ძირითადი განსხვავება ის იქნება, რომ აღმდგარი სხეულები უკვდავნი და სულიერნი იქნებიან და სულიერად იმოქმედებენ. მათი უკვდავება იმით გამოიხატება, რომ მათ სიკვდილის შესაძლებლობა არ ექნებათ, სულიერება კი იმით, რომ ისინი ანგელოზებივით იცხოვრებენ (ლუკა, 20, 35-36), ამჟამინდელი და მკვდრეთით აღმდგარი სხეულების მსგავსება და განსხვავება შეეფარდება იმ მსგავსებასა და განსხვავებას, რომელიც დათესილ მარცვალსა და თავთავს შორის არსებობს; „ახლანდელი ცხოვრება თითქოსდა მომავლის თესლია, - ამბობს წმ. გრიგოლ ნოსელი - ახლანდელისაგან კი მოსალოდნელი ბევრად განსხვავდება - იმდენად, რამდენადაც თავთავი განხვავდება მარცვლისაგან, რომლისგანაც აღმოცენდება. ახლანდელი ცხოვრება მარცვალს ჰგავს; მოსალოდნელი ცხოვრება თავთავის მშვენიერებით წარმოგვიდგება.

   სინამდვილეში, სხეულს როგორც მატერიის, როგორც ნივთიერი არსების თვით არსი, არანაკლებ გაუმჭვირვალე საიდუმლოებით არის გარემოცული, ვიდრე სულის - როგორც სულიერი არსების თვით არსი. როგორც სულის არსი, ისე სხეულის არსი, თავის უკანასკნელ საიდუმლოში კაცობრივ გონებას უსხლტება და ადამიანის შემეცნებითი ძალაუფლებისთვის მიუღწეველია. მათი არსების ფესვები ღმრთის მიუდგომელ საიდუმლოთა სამყაროში იმალება, რომელნიც (საიდუმლონი) ადამიანური შემეცნების ყველა მწვერვალზე მაღლა ცხოვრობს.

   ის, რომ მკვდრეთით აღმდგარი სხეულები, არსებითად ახლანდელი სხეულების მსგავსი იქნება, გვიჩვენებს თვით სიტყვა αυαστασιζ, რაც ადგომას, იმის ადგომას ნიშნავს, რაც იწვა, დაეცა, დაეძინა, და არა რაღაც სრულიად ახალის ადგომას. მკვდრეთით აღმდგარი სხეულები სრულიად ახალი რომ ყოფილიყო, მაშინ ადგომა კი არა, ახლის შექმნა იქნებოდა, და აღმდგარ სხეულებს მკვდარ სხეულებთან არაფერი საერთო არ ექნებოდა. ამ შემთხვევაში, პიროვნების მემკვიდრეობა დაირღვეოდა, და ამით ადამიანის მთელი მიწიერი ყოველგვარ აზრს დაკარგავდა. აღდგომა ახლის შექმნაშ კი არა, იმის განახლებაში მდგომარობს, რაც უკვე იყო. რამეთუ, წმ. გრიგოლ ნოსელის სიტყვით, „აღდგომა სხვა არა არის რა, თუ არა, უეჭველად, პირველყოფილ მდგომარეობაში აღდგენა", ესე იგი იმისა, რაც იყო. თვით მაცხოვარი იმავე სხეულით აღდგა, რომლითაც მიწაზე ცხოვრობდა, იტანჯა, ჯვარს ეცვა, შუბით განიგმირა და დაიკრძალა. თავისი აღდგომის შემდეგაც, ის განსაკუთრებით იმაზე ზრუნავდა, რათა თავისი მოწაფეები დაერწმუნებინა, რომ მისი მკვდრეთით აღმდგარი სხეული - სწორედ ის სხეულია, რომელიც მას ჯვარცმისა და დასაფლავების წინ ჰქონდა (ლუკა, 24, 37-43; იოანე, 20, 26-27). თავისი აღდგომის წინ კი, სახარების ქადაგებისას, უფალი იესო ცხადად ასწავლიდა, რომ უკანასკნელ დღეს სწორედ მკვდარი ადამიანური სხეულები აღდგებიან, რომლითაც ადამიანები მიწაზე ცხოვრობენ, როგორც თავისი პიროვნების შემადგენელ ნაწილთან: „რამეთუ მოვალს ჟამი, რომელსა ყოველნი რომელნი ისხნენ საფლავებსა, ისმინონ ხმაი მისისაი. და გამოვიდოდიან" (იოანე, 5, 28-29; შეად. გამოცხადება, 20, 13). პავლე მოციქული კი, მკვდართა აღდგომის შესახებ თავის სწავლებაში განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ „რამეთუ ჯერ არს ხრწნილისა ამის შემოსად უკუდავებაი" (1 კორინთელთა, 15, 53). ამის წინდს კი იგი უფალი ქრისტეს აღდგომაში ხედავს: „რომელმან - იგი აღადგინა ქრისტე მკუდრეთით, განაცხოველნეს მოკუდავნიცა ეგე ხორცნი თქუენნი" (რომაელთა, 8, 11).

   აღდგომის საიდუმლოებაში შთაფლული წმინდა ეფრემ ასური გვაუწყებს: მკვდართა აღდგომისას, „მიწა აბრუნებს ადამიანის სხეულს ისეთივეს, როგორიც მიიღო იგი: თუნდაც მხეცებმა გათელონ, ფრინველებმა შეჭამონ, თევზებმა დაანაწევრონ იგი, თმის ღერიც კი არ დააკლდება მას (აღდგომისას)" „მიწის მტვერს ებრძნება, მკვდართა ნეშტებისგან ჩამოცილება და ერთი იოტაც არ დარჩება, მსაჯულის წინაშე რომ არ წარსდგეს. ვინც ზღვამ შთანთქა, ვინც ველურმა მხეცებმა შეჭამეს, ვინც ფრინველებმა დაძიძგნეს, ვინც ცეცხლში დაიწვა - დროის მოკლე გაელვებაში ყველა გამოიღვიძებს, წამოდგება და გამოჩნდება. აქ ერთმანეთის უნახავნი იქ იხილავენ ერთურთს, დედა იცნობს, რომ ეს მისი შვილია და შვილი იცნობს, რომ ეს დედამისია". მკვდარნი უხრწნელად ადგებიან და თავისი საქმეების შესაბამის სხეულს მიიღებენ. „მართალთა სხეულნი მზის სინათლეზე შვიდგზის მეტად გაბრწყინდება; ცოდვილთა სხეულნი კი ბნელი და ავსურნელოვანი იქნება; და თითოეულის სხეული მის საქმეებს აჩვენებს, რამეთუ თითოეული ჩვენგანი თავის საქმეებს საკუთარი სხეულით ატარებს".

   აღმდგარ სხეულთა ბუნების შესახებ ღმერთკაცობრივი სწავლების მოკლედ ახსნისას, წმინდა დამასკელი გვაუწყებს: „ვითარმედ ესევე ხორცნი, დახსნილნი და გახრწნილნი, ესევე კუალად აღდგეს უხრწნელად. რამეთუ არა შეუძლებელ არს მიწით დამბადებელისა მისისა და კუალად დამხსნელისა და მიწის მიმაქცეველისაგან განჩინებისა საუფლოისა კუალად აღდგინებაი მისი" (მართლ-მადიდებელ სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა, თავი 100). „დაეთესვის ხორცი მშიერი", ესეიგი უხეში და მოკვდავი „და აღდგების ხორცი სულიერი" (1 კორინთელთა, 15, 44). ესე იგი ისეთივე, როგორც უფლის სხეული აღდგომის შემდეგ: დახშულ კარში გამავალი, დაუღლელი, ჭამა, სმა და ძილი რომ არ სჭირდება. ჩვენ აღვდგებით, სული კვლავ ხორცს შეუერთდება და ჩვენი სხეულები უხრწნელნი, ხრწნილებისაგან დახსნილი იქნება, და წარვდგებით ქრისტეს საშინელი სამსჯავროს წინაშე.

   აღმდგარ სხეულთა სულიერება, მაცხოვრის აღმდგარი სხეულის სულიერებას ემსგავსება, რომელიც მთელი თავისი დადასტურებული  ხორციელობის მიუხედავად, დახშულ კარში გადიოდა (იოანე, 20, 19.26), რამეთუ უფალი, წმინდა მოციქულის სიტყვით, შეცვლის ჩვენს დამცირებულ სხეულებს, „რაითა იყვნენ იგინი თანა-ხატ ხორცთა მათ დიდებისა მისისათა" (ფილიპელთა, 3, 21). ღმრთისმეტყველების შორსმჭვრეტელი არწივი კი, ქრისტეს მეორედ მოსვლასა და მკვდართა აღდგომას გამოცხადების ცისკიდურიდან (აპოკალიფსური ზენიტიდან) დაჰყურებს და გვაუწყებს: „გარნა ვიცით, რამეთუ უკუეთუ გამოცხადნეს, მსგავსად მისა ვევნეთ" (1 იოანე, 3, 2; შეად. რომაელთა, 8, 29). „და ვითარცა იგი შევიმოსეთ ხატი იგი მიწისაგანისანი, შევიმოსოთ ხატიცა იგი ზეცითაგანისაი" (1 კორინთელთა, 15, 49). საკუთარი მატერიალურობის არსის შემნარჩუნებელი, მკვდრეთით აღმდგარი სხეულები მადლიანი, საღმრთო ნათელით გაბრწინდებიან, უფალი იესოს სიტყვისაებრ: „მაშინ მართალნი გამობწყინდნენ, ვათარცა მზე, სასუფეველსა მამისა მათისათა" (მათე, 13, 43). ეს ღმრთაებრივი ნათელი და დიდება მართალთა ყველა აღმდგარ სხეულს ერთიანად არ მოიცავს, არამედ მათი სიწმინდის ხარისხის შესაბამისი იქნება, მოციქულის სიტყვისაებს: „სხუაი დიდებაი არს მზისაი და სხუაი დიდებაი არს მთოვარისაი სხვაი არს მთოვარისაი და სხუაი დიდებაი არს ვარსკვლავთაი; ვითარცა იგი ვარსკვლავი ვარსკვლავსა ჰმატს დიდებითა. ეგრეთცა აღდგომაი მკუდართაი" (1 კორინთელთა, 15, 41-42).

   რაც შეეხება ცოდვილთა აღმდგარი სხეულების ბუნებას და თვისებებს, წმინდა გამოცხადება გვიჩვენებს, რომ ისინიც სულიერნი და უკვდავნი იქნებიან. წმინდა მოციქული ამოწმებს: „მეყსა შინა წამსა თუალისასა უკუანასკნელითა მით საყვირითა, რამეთუ საყვირსა დაეცეს, და მკუდარნი იგი აღდგენ უხრწნელად" (1 კორინთელთა, 15, 52; შეად. იოანე, 20, 26-27; 1 კორინთელთა, 15, 53). უეჭველია, რომ ცოდვილთა აღმდგარი სხეულების ბუნება და თვისებები, საუკუნო ტანჯვის ბუნებისა და ხასიათის შესაბამისი იქნება (შეად. 1 კორინთელთა, 15, 37-38; მათე, 13, 27-30.38.40). წმინდა ეფრემ ასური ღმერთკაცობრივ ჭეშმარიტებას გვაუწყებს: „ყველა თავისი საქმეების შესაფერის სხეულს მიიღებს. მართალთა სხეულნი მზის სინათლეზე შვიდგზის მეტად გაბრწყინდება; ცოდვილთა სხეულნი კი ბნელი და ავსურნელოვანი იქნება; და თითოეულის სხეული მის საქმეებს აჩვენებს, რამეთუ თითოეული ჩვენგანი თავის საქმეებს საკუთარი სხეულით ატარებს". წმინდა კირილე იერუსალიმელი ამის შესახებ გვაუწყებს: „ჩვენ ავდგებით და ყველას სამუდამო სხეულები გვექნება, მაგრამ ერთმანეთის არამსგავსი. ვინც მართალია, ზეციურ სხეულს მიიღებს, რომლითაც იგი, როგორც საჭიროა, ანგელოზებთან იურთიერთებს; ხოლო ვინც ცოდვილია, სამუდამო სხეულს მიიღებს, რომელიც ცოდვებისათვის ტანჯვათა განცდის ვალდებული იქნება, რათა საუკუნოდ იწვოდეს და არ დაიშალოს".

 

 

 

წიგნიდან ”ქრისტეს მეორედ მოსვლა და მომავალი საუკუნო სასუფეველი” 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება