მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > მკვდართა აღდგომა - ღირსი იუსტინე პოპოვიჩი (ნაწილი I)
მკვდართა აღდგომა - ღირსი იუსტინე პოპოვიჩი (ნაწილი I)24-04-2017, 00:03 |
მკვდართა აღდგომა უფალი ქრისტეს მეორედ მოსვლისას მოხდება: სიკვდილის დამთრგუნველისა და სიცოცხლის გამაახლებელის ახალი მოსვლა, მკვდართა აღდგომას გამოიწვევს. ამის შესახებ თვით მაცხოვარი ამოწმებს: „რამეთუ მოვალს ჟამი, რომელსა ყოველნი რომელნი ისხნენ საფლავებსა, ისმინონ ხმისა მისისაი. და გამოვიდოდიან კეთილისმოქმედნი აღდგომასა ცხოვრებისასა, ხოლო ბოროტის-მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა" (იოანე, 5, 28-29). აღდგომის არსი იქნება ის, რომ ყველა მკვდარი ადამიანის სხეული სულს შეუერთდება და სულიერი და უკვდავი გახდება. ამის შესახებ წმინდა პავლე მოციქული გვაუწყებს: „დაეთესვის ხორცი მშვინვიერი და აღდგების ხორცი სულიერი, რამეთუ ჯერ-არს ხრწნილისა ამის შემოსად უხრწნელებაი, და მოკუდავისა ამის შემოსად უკვდავებაი" (1 კორინთელთა, 15, 44.53). „აღდგომა, რა თქმა უნდა, სულის და ხორცის ხელახალი შეერთება და დაშლილი და დაცემული ცოცხალი არსების კვლავ წარმომართვაა" (უეჭველად, აღდგომაი არს კუალად შეერთებაი სულისა და ხორცთაი და მეორედ დადგომაი ერთგზის დახსნილისა მის და დაცემულისაი") (წმ. იოანე დამასკელი, მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა, თავი 100). მკვდართა აღდგომა, საუკუნო ცხოვრებისა და ადამიანის არსებობის მიზნის შესახებ ქრისტიანული სწავლების საფუძველია, რომელზედაც ადამიანის პიროვნების მარადიული არსებობაა დაფუძვნებული. ღმერთკაცის - უფალი ქრისტეს აღდგომით, მკვდართა აღდგომა სრულიად ბუნებრივი და ლოგიკური გახდა. მკვდრეთით აღდგომილმა უფალმა - როგორც ღმერთკაცმა, როგორც ახალი კაცობრიობის დამაარსებელმა - კაცობრივ ბუნებაში აღდგომის ჩანასახი, აღდგომის საწყისი ჩადო და ამგვარად „იქმნა იგი დასაბამ შესუენებულთა" (1 კორინთელთა, 15, 20-23; კოლასელთა, 1, 18), რომელსაც - აუცილებლობის მიხედვით - უკანასკნელ დღეს ყველა მკვდარი მიჰყვება. უეჭველია, რომ ახალი აღთქმა უმაგალითოდ ახალია სხვა თუ არაფრით, ქრისტეს აღდგომის ფაქტით მაინც, რომელიც თავისი ბუნებით, ხასიათით და რეალობით - მსოფლიო ისტორიაში ერთადერთი და არნახული შემთხვევაა. მკვდართა აღდგომა, რომელიც ძველ (3 მეფეთა, 17, 21-22; 4 მეფეთა, 4, 32-36; 13, 21) და ახალ (იოანე, 11, 44; მათე, 9, 25; ლუკა, 7, 14-15; საქმეთა, 9, 40) აღთქმაში ხდებოდა, არასრულყოფილია, რადგან მკვდრეთით აღმდგარი პიროვნებანი კვლავ უნდა მომკვდარიყვნენ. მხოლოდ მკვდრეთით აღმდგარი უფალი ქრისტე „სრულისა და არღარა სიკუდიდ მგულებელისა აღდგომისა დასაბამ იქმნა" (წმ. იოანე დამასკელი, მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა, თავი 100). მაცხოვრის ღმერთკაცობრივი პიროვნების განსაკუთრებული და უნიკალური სიახლე ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ მკვდრეთით აღდგომით იგი მარადიული და უკვდავი გახდა, როგორც ღმერთკაცობრივი პიროვნება. იგი მკვდრეთით აღდგა და კაცთა მთელი მოდგმისათვის სიკვდილი დათრგუნა; მისი აღდგომა უკვდავია; მას სიკვდილი აღარ მოჰყვება, სიკვდილი მას ვეღარ ეუფლება. მკვდართა აღდგომის შესახებ თავისი სწავლება მაცხოვარმა თავისი უკვდავი, თავისი საუკუნო (სამარადისო) აღდგომით ასე დაამოწმა და დაამტკიცა. მკვდართა აღდგომის შესახებ მისი სწავლების უკან ღმერთკაცობრივი მოვლენა, ღმერთკაცობრივი განცდა, ღმერთკაცობრივი რეალობა დგას, როგორც ყველა დანარჩენი მისი ღმრთაებრივი სიტყვების უკან. მის ღმერთკაცობრივ პიროვნებაში მთლიანად და სრულად განხორციელდა საუკუნო ცხოვრება ქვეყანაზე და ამით მან, როგორც ღმერთკაცმა, ყოველი ადამიანი საუკუნო ცხოვრებისა და მკვდრეთით აღდგომისათვის წინდი და ძალა მოგვცა. ამიტომაც მას, ერთადერთს ქვეყნად შობილთა შორის, ჰქონდა უფლება და შეეძლო ეთქვა თავის თავზე: „მე ვარ აღდგომაი და ცხოვრებაი, რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღათუ-კუდეს, ცხოვნდესვე" (იოანე, 11, 25). როგორც ღმერთი, სიცოცხლისა და სიკვდილის მფლობელი, მკვდართა აღმდგენელი და განმაცოცხლებელი, უფალი ქრისტე სამართლიანად ამბობდა: „ამენ, ამენ, გეტყვი თქუენ, რამეთუ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს მკუდართა ისმინნენ სიტყუანი ძისა ღმრთისანი; და რომელთა ისმინნენ, ცხონდენ. რამეთუ მოვალს ჟამი, რომელსა ყოველი რომელნი ისხნენ საფლავებსა, ისმინონ ხმისა მისისაი. და გამოვიდოდიან კეთილისმოქმედნი აღდგომასა ცხოვრებისასა, ხოლო ბოროტისმოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა" (იოანე, 5, 25, 28-29). მკვდართა აღდგომა - ადამიანის და სოფლის შესახებ ღმრთის მარადიულ განგებულებაშია. მაცხოვარი ამის შესახებ გვამცნობს და გვიცხადებს: „ხოლო ესე არს ნებაი მომავლინებელისა ჩემისა მამისაი, რაითა ყოველი რომელი მომეცა მე, არა წარვწყმიდო მისგან, არამედ აღვადგინო იგი უკანასკნელსა მას დღესა" (იოანე, 6, 39). მაგრამ, უკანასკნელ დღემდე დიდი ხნით ადრე, ჯერ კიდევ ამქვეყნად ყოფნისას, უფალი აღადგენს ლაზარეს, იაროსის ასულს და ნაინელი ქვრივის ძეს და ამით აჩვენებს, რომ მას სურს და ძალუძს მკვდართა აღდგენა (შეადარეთ, იოანე, 5, 21). უფრო მეტიც, მაცხოვარი ნაწილობრივ გვინხელს მკვდრეთით აღდგომილთა ცხოვრების წესის საიდუმლოს და გვამცნობს: „ხოლო რომელნი - იგი ღირს იქმნნენ საუკუნესა მას მიმთხუევად და აღდგომასა მას მკუდრეთით, არცა იქორწინებოდიან, არცა განქორწინებოდენ, არცაღა მერმე სიკუდილად ხელეწიფების, რამეთუ სწორ ანგელოზთა არიან და ძენი ღმრთისანი და აღდგომისანი არიან" (ლუკა, 20, 35-36; შეადარეთ, მათე, 22, 30; მარკოზი, 12, 25). თავისი მარადიული ღირებულებებისა და უდავო მნიშვნელობის ძალით, უფალი ქრისტეს აღდგომა იქცა საფუძვლად, რომელზედაც საერთოდ, ყველა ქრისტიანისა და კერძოდ, თითოეული ქრისტიანის ცხოვრება იგება. ამქვეყნად ადამიანის ცხოვრების მიზანი - საუკუნო ცხოვრების მოპოვებაა, რაც წმინდა საიდუმლოებათა და წმინდა სათნოებათა მეშვეობით, მკვდრეთით აღმდგარი უფალი ქრისტეს ეკლესიის ღმერთკაცობრივ სხეულში ცხოვრებით სიკვდილის დამარცხებაში გამოიხატება. ქრისტეს აღდგომა და მასთან ერთად და მისი წყალობით ყველა ადამიანის აღდგომა არის ის, რაც სახარებას სახარებად აქცევს. ამიტომ, სახარების ქადაგება სხვა არ არის რა, თუ არა ცოდვასა და სიკვდილზე გამარჯვებით, აღდგომის ქადაგება (შეად. საქმე, 17, 18, 32; 23,6). სახარებას აღდგომის გარეშე, არ ექნებოდა უფლება სახარებად, კეთილ უწყებად წოდებულიყო, რამეთუ სიკვდილი - ცხოვრების მთავარი სიმწარე - კაცობრიობის სულსა და სხეულში დარჩებოდა და ცხოვრებისა და არსებობის ყოველგვარი მისაღები აზრის რეალიზაციას მწარედ და შეუძლებლად აქცევდა. თუკი ქრისტეს სახარება აღდგომის სახარება არ არის, თუკი მისი რწმენა ადამიანებს მკვდრეთით აღდგომასა და საუკუნო ცხოვრებას ვერ აძლევს, მაშინ იგი არასაჭირო და უსარგებლოა და იგი, როგორც ტყუილი, უნდა უარვყოთ. რადგან, თუკი ქრისტე არ აღდგა, ამაოა მაშინ ჩვენი სარწმუნოება, ამაოა ჩვენი ცხოვრება, ამაოა სამყარო, ამაოა სინდისი, ამაოა განსჯა, ამაოა გონება, ამაოა ყველა სოფელი - ამაოა ყველაფერი, რადგან ცოდვა დაუმარცხებელია და მასთან დაუმარცხებელია ადამიანის ყველაზე მთავარი მტერი, ადამიანისა და კაცობრიობის ტანჯვა-სიკვდილი (1 კორინთელთა, 15, 14.17.26). ქრისტე აღდგომის - როგორც მორალის საფუძვლის - გარეშე შეუძლებელია ახალაღთქმისეული მორალი, შეუძლებელია ახალი ცხოვრება ქრისტეთი და ქრისტეში და არა მარტო შეუძლებელია, არამედ უაზროცაა: რადგან, თუკი აღდგომა არ არის, მაშინ არც უკვდავებაა, არც საუკუნო ცხოვრებაა; ამ შემთხვევაში ყველაზე ბუნებრივი და ყველაზე ლოგიკური მორალია - ვჭამოთ და ვსვათ, რამეთუ ხვალ მოვკვდებით (შეადარეთ, 1 კორინთელთა, 15, 30-32). ყოვლადჭეშმარიტია წმინდა იოანე დამასკელის კეთილუწყება: „უკუეთუ არა არს აღდგომაი, რაითა განყოფილ ვართ პირუტყუთაგან? უკუეთუ არა არს აღდგომაი, ვჰნატრობდეთ მხეცთა ველისათა, შეუწუხებელისა ცხოვრებისა მქონელთა! უკუეთუ არა არს აღდგომაი, არცა ღმერთი არს, არცა განგებაი" (მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა, თავი 100). უფალი ქრისტეს აღდგომა - როგორც ისტორიული ფაქტი - ყველაზე აშკარა და დამახინჯებული სახით არის დამოწმებული და ამით - საერთოდ, მკვდართა აღდგომაც (საქმე, 10, 41, 13, 31; რომაელთა, 1, 4; 1 კოლასელთა, 15, 1-10.12-13.16.22). სულიწმინდით აღვსილი წმინდა მოციქულნი უფალ ქრისტეზე მთელ ქადაგებას საფუძვლად მის აღდგომას უდებენ. ხაზს უსვამენ ამას, როგორც მისი ღმრთაებრიობისა და მისი ჯვარცმის გამომსყიდველობითი ძალის ყველაზე მნიშვნელოვან მოწმობას. ისინი უშიშრად ქადაგებენ ყველა ადამიანის აღდგომას იესო ქრისტეში, მაშინ, როცა ებრაელები მათ ციხეში აგდებენ, „სწავლისა მისთვის ერისა და მითხრობისა იესუის მიერ აღდგომისათვის მკვდრეთით" (საქმე, 4, 2; შეადარეთ, საქმე, 23, 6). თავგამოდებული ქრისტესმბრძოლი სავლე, რომელიც ქრისტიანობაზე მკვდრეთით აღმდგარი უფალი იესოს ხილვით მოექცა, მთელ თავისი მგზნებარე და უშიშარ ქადაგებას ქრისტეს აღდგომაზე აფუძნებს (საქმე, 17, 18.32; 1 კორინთელთა, 15, 14, 17). მკვდრეთით აღმდგარი უფალი ქრისტესთვის გადააქვს მას აუწერელი წამება, თავს იდებს ზეადამიანურ ღვაწლს, რათა მკვდართა აღდგომას მიაღწიოს. „რაითა მი-ვითარ-რაი-ვსწუდე აღდგომასა მასცა მკუდართასა" (ფილიპელთა, 3, 7-11). მთელი თავისი ქრისტესმოყვარე სურვილებით იგი აღდგომისკენ ისწრაფვის და მხოლოდ მასში ხედავს მთელი კაცობრივი ცხოვრების აზრს. მისთვის შეუძლებელია კაცობრივი ცხოვრების გამართლება მკვდართა აღდგომის გარეშე, როგორც ქრისტეს აღდგომის გარეშე შეუძლებელია ქრისტიანობა. ერთი მეორით არის განპირობებული. „ხოლო უკუეთუ ქრისტე იქადაგების, ვითარმედ მკუდრეთით აღდგომილ არს, ვითარ იტყვიან ვინმე თქუენ შორის, ვითარმედ აღდგომაი მკუდართაი არა არს? უკუეთუ აღდგომაი მკუდართაი არა არს, არცა ქრისტე აღდგომილ არს. უკუეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ცუდად (უმიზნოდ, ამაოდ) რამე არს ქადაგებაი ესე ჩუენი და ცუდად (უმიზნოდ, ამაოდ) რამე არს სარწმუნოებაი ეგე თქუენი" (1 კორინთელთა, 15, 12-14; შეადარეთ რომაელთა, 8, 11; 2 ტიმოთე, 2, 18).
მკვდართა აღდგომის გარდაუვალობა - ეს მკვდრეთით აღმდგარ ღმერთკაც ქრისტეს პირობებში კაცთა მოდგმის ბუნების ერთიანობის ბუნებრივი და ლოგიკური შედეგია, ისევე როგორც სიკვდილი - ადამში კაცთა მოდგმის ბუნების ერთობლიობის ლოგიკური და ბუნებრივი შედეგია. „ქრისტე აღდგა მკვდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესუენებულთა. რამეთუ კაცისა მიერ იყო სიკუდილი და კაცთა მიერ - აღდგომაი მკუდართაი. და ვითარცა - იგი ადამის გამო ყოველნი მოსწყდებიან, ეგრეთცა ქრისტეს მიერ ყოველნი ცხოველ იქმნენ" (1 კორინთელთა, 15, 20-22). თავისი მკვდრეთით აღდგომით, უფალი ქრისტე, იყო (და არის) რა ღმერთკაცი, საყოველთაო კაცობრივი ბუნების აღდგომის პირმშოდ იქცა. რატომ? უნდა გავიმეოროთ: იმიტომ, რომ იგი ღმერთკაცია, კაცობრივმა ბუნებამ მასში, ღმერთკაცში, პირველად ჰპოვა სრული ურთიერთობა ღმერთთან - უკვდავთან და მარადიულთან. მისით კაცობრივი ბუნება მისი ღმერთკაცობრივი პიროვნების შემადგენლობაში შევიდა, ღმრთის სხეულად, სიტყვა ღმრთის სხეულად იქცა. და ამით კაცობრივ ბუნებას სრულყოფის, ყოვლადსრულყოფის, საბოლოო მიზნის გზა აჩვენა. ის, რაც კაცობრივ ბუნებას ღმერთკაც ქრისტეში მიეცა, და ის, რაც მას (ბუნებას) მასში (ქრისტეში) მოუვიდა, მიეცა და მოუვიდა მთელი კაცობრივი ბუნებისათვის. ამიტომ, უფალ ქრისტეში კაცობრივი ბუნება - ახალი ცხოვრების საწყისი, უკვდავების, აღდგომის პირმშოა. მას მთელი კაცობრივი ბუნება უნდა მიჰყვეს, რომელიც ყველა ადამიანურ არსებაშია განფენილი, ყოველ ადამიანში ცალ-ცალკე, როგორც განსაკუთრებულ პიროვნებაშია დიფერენცირე-ბული და ინდივიდუალიზებული. ყოველ ადამიანურ არსებაში კაცობრივი ბუნება საიდუმლო სახით არის ღმერთკაც ქრისტეს კაცობრივ ბუნებასთან დაკავშირებული, თვით თავისი ადამიანურობის ბუნების მიხედვით, რამეთუ იგი (ქრისტე) ჭეშმარიტი ადამიანია (კაცია) და მასში კაცობრივი ბუნება რეალურია, ჭეშმარიტია, ადამიანურია, ყოვლადადამიანურია. ზუსტად ისევე, როგორც ყოველი ადამიანი თავისი კაცობრივი ბუნებით საიდუმლო გენეტიკური სახით დაკავშინებულია კაცთა მოდგმის, კაცობრივი ბუნების დამფუძვნებელთან - ადამთან. სწორედ ის, რომ ღმერთკაც ქრისტეში კაცობრივი ბუნება განუყოფლად შეერთებულია ღმერთთან, აძლევს კაცობრივ ბუნებას საღმრთო აღმადგენელ ძალებს, რომელნიც მას სიკვდილშიც არ ტოვებენ. ეს კაცობრივი ბუნება უფალ ქრისტეში - ჩვენი, ზოგადკაცობრივი ბუნებაა; მასში - ყოველი ჩვენგანია, თვით ჩვენი ბუნების ადამიანურობის ძალით. როგორც ადამში, იმავე ბუნების ძალით, ყველა ჩვენგანი - ადამიანია, ერთად აღებული თუ ცალცალკე. ეს კანონია, რომელზეც დგას და არსებობს კაცთა მოდგმა. (გაგრძელება...)
წიგნიდან ”ქრისტეს მეორედ მოსვლა და მომავალი საუკუნო სასუფეველი” Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |