მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > წერილი №3 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

წერილი №3 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)


19-09-2015, 00:02

წერილი №3 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

 

   მწუხარებათა ღრმა და პირქუში უფსკრულიდან, უეცრად რომ გაჩ-ნდა თქვენს წინაშე, დაე სარწმუნოებამ აღგიპყრათ ხელი და ამოგიყვანოთ ზედაპირზე. კაცობრივი სიბრძნისათვის ჩვეული უნდობლობით ნუ სინჯავთ ტალღებს, მტკიცე სარწმუნოებით, თამამად ვიდოდეთ ამ ზღვაზე და მაშინ რბილი, სველი ტალღები თქვენს ფეხქვეშ მარმარილოს ლოდებად გადაიქცევა. მით უფრო არ შეგფერით შიში და ეჭვები მწუხარებათა ზღვის წინაშე, ძლიერი ქარიშხლის პირისპირ, რომ ამ გზისკენ მოგიწოდათ და ამით სხვა ძმებისგან გამოგირჩიათ თვით უფალმა იესო ქრისტემ. ეს მოწოდება თავისთავად თქვენი გამორჩეულობის ნიშანიც გახლავთ! იესო ქრისტე „თავისიანებს" ტანჯვის ბეჭედს ასვამს. თქვენი სული მან გამოირჩია და ამიტომაც დაადო თავისი ნიშანი! ქრისტეს ნაწილი, მცირე სამწყსო, განცალკევებით დგას სხვა ადამიანებისაგან, მათ ხელთ უპყრიათ ქრისტესაგან გამორჩეულობის ნიშანი, ანუ ქრისტეს სასმისი, ბეჭებით კი ქრისტეს ჯვარს დაატარებენ. შორს, შორს დარჩნენ მათგან ამა სოფლის ძენი! კაცთა უზარმაზარი უნდო ხმაურით, რაღაც უცნაური თრობით ეტანება წარმავალ ზრუნვასა და ტკბობას. დრო მათ უსასრულო ჰქონიათ! უდარდელ ცხოვრებას ატარებენ, წინ მიიწევენ ხრწნილების სამსახურში, დავიწყებულ იქნენ ღმერთისგან. ასეთებს აღარ მტრობს ეშმაკი, პირიქით სათნო-ეყვნენ მათ, რამეთუ მისი წილხვედრნი არიან.

  ქრისტეს სასმისი აღებს სულიერი განსჯის, სულიერი ცხოვრების ქვეყნის კარს. ვინც ამ კარს შეაღებს და სულიერი ნუგეშინისცემის ტრაპეზს იგემებს, ის კვდება სოფლისათვის, გულგრილია წარმავალ ჭირთა და მწუხარებათა მიმართ და თავის ამსოფლიურ მსხემობას ისე ატარებს, თითქოს ჰაერში ვიდოდეს, სარწმუნოების მიერ ხელ-აპყრობილი. გონების ბორკილები მიწისკენ, ტანჯვის ქვეყნისკენ გვიზიდავენ, და რაკი მიწაზე ვართ, კიდეც ვწვალობთ, რამეთუ, „რომელმან შესძინოს ცნობა, შესძინოს მან სალმობა" (ეკლ. 1,18). სარწმუნოება მიწისგან აღგვამაღლებს, ბორკილებისაგან გვათავი-სუფლებს, ტანჯვის ქვეყანას განგვარიდებს, ზეცას ავყავართ და სულიერი მშვიდობის სამყოფელში გვამკვიდრებს. ყოველი, ამ სავანეში მოხვედრილი, ღმრთის ცნობის უგრილეს, უტკბეს სარეცელზე განისვენებს.

  მიიღეთ ეს სტრიქონები ნიშნად გულწრფელი თანაგრძნობისა, თქვენთან პირველი შეხვედრისთანავე რომ გამიჩნდა: თქვენი სულის სიღრმეში რაღაც განსაკუთრებული, საიდუმლო საწინდარია დამარ-ხული - ღმრთის სათნო-ყოფის საწინდარი. მიიღეთ ეს სტრიქონები ტანჯვის ქვეყნიდან, რომელშიც დიდი ხანია დავემკვიდრე: ღმერთმა არ ინება, რომ საერთო, ჩვეულებრივი გზით მევლო! მან განცალკევებულ ბილიკს გამიყენა და განსაკუთრებული ქვეყანა მიჩვენა. იშვიათად თუ შემხვედრია მგზავრი, ამ ბილიკს რომ ადგეს და ეს ქვეყანა მოევლოს, ვისაც შეიძლება ხმა გასცე და ნაცნობ ენაზე დაელაპარაკო - ცოტათი კი ვიცი ეს ენა და საამოდ, მშობლიურად ჩაესმის იგი ჩემს სულს.

   მაინც რა ხდება აქ, ამ საოცარ ქვეყანაში? აქაა შეუნელებელი ომი, განუწყვეტელი ბრძოლები, სისხლიანი შეტაკებები ისრაიტელთა და უცხოთესლთა შორის. ისრაიტელებს ებრძვიან გოლიათები, ენაკის ძენი, ანუ მწუხარებები, რომლებიც გვაშინებენ, უდებებასა და სასოწარკვეთილებაში გვაგდებენ. ისრაელის მსტოვარი გონება აუწყებს სულს მათ მოახლოებას: „ქუეყანა იგი, რომელ ჩვენ განვლეთ და ვიხილეთ, ქუეყანა იგი შემჭამელი მკვიდრთა მისთა არს და ერი იგი, რომელი ვიხილეთ მას ზედა, კაცნი ჰასაკგრძელნი არიან მუნ. და მუნ ვიხილენით გმირნიცა და ვიყვენით ჩვენ მათ წინაშე, ვითარცა მკალნი, არამედ ესრეთ ვიყვენით მათ წინაშე" (რიცხ. 13,33). სწორედ ასეა! ჩვეულებრივ, მარტოოდენ კაცობრივ მსჯელობას მოჰყვება „გმირობა მის ქვეყანისა, რომელ იგი განიმსტურეს1<განმსტრობა - თვალთვალი, ბეზღება> ძეთა მიმართ ისრაელისათა" (რიცხ. 13,34). მაგრამ ჭეშმარიტი ისრაიტელი, ღმერთის ერთგული, ღმერთისავე იმედით ცოცხლობს და თავით ფეხებამდეა შეიარაღებული: „ვდევნნე მტენი ჩემნი და ვეწიო მათ და არა მოვაქციო, ვიდრე არა მოესრულნენ.2 ვაჭირვო მათ და ვერ უძლონ დადგომად, და დაეცნენ იგი ქუეშე ფერხთა ჩემთა... და დავაწულილნე იგინი, ვითარცა მტუერი წინაშე პირსა ქარისასა, და ვითარცა თიხაი უბნისა დავთრგუნნე იგინი" (ფსალმ. 17,38-43). არას გვარგებს ამ ომში ვრცელი და დახვეწილი მსჯელობა, საკუთარი ძალის, ცოდნისა და სიმაღლის მოიმედე გონება რომ უპირისპირებს მტრის მოძალებულ სიმრავლეს. „ძენი ეფრემისნი მომრთხმელნი <მომრთხმელი - მშვილდოსანი>და მოისარნი მშვილდებითა, იქცეს იგინი დღესა მას წყობისასა" (ფსალმ. 77,9), ამბობს წინასწარმეტყველი. ვერ გაუძლებს კაცობრივი გონება უცხოთესლთა მძლავრ ურდოებს, დააბნევს მტერი, კამათში აჯობებს, გონებას აუმღვრევს და აზრებს აურ-დაურევს, და მაშინ გამარჯვებაც მას დარჩება!

   ჰაერის მცველებთან, ბოროტ სულებთან, ბნელ სოფლის მპყრობე-ლებთან ბრძოლაში სარწმუნოების იარაღით, ქრისტესმიერი სისულელით უნდა მივაღწიოთ წარმატებას: „რამეთუ სულელი იგი ღმრთისაჲ უბრძენეს კაცთა არს, და უძლური იგი ღმრთისაჲ უძლიერეს კაცთა არს" (1კორ. 1,25). უცნაური და საშინელი ეჩვენება ამა სოფლის სიბრძნეს სარწმუნოების გზა და სწავლება, მაგრამ როდესაც კაცი საკუთარი გამოცდილებით, შინაგანი განცდით დაინახავს სარწმუნოების ძალას, მაშინვე სიხარულით მიენდობა მას. ასე უარყოფს კაცობრივ სიბრძნეს, საძაგელს ღმრთის წინაშე, ის, ვინც მოულოდნელად უძვირფასესი წინამძღვარი ჰპოვა.

   გთავაზობთ იარაღს, რომელსაც ქრისტეს მოძღვრება აძლევს ქრის-ტიანს ბნელ გულისსიტყვათა და მოწყინების წინააღმდეგ საბრ-ძოლველად, საშინელ გოლიათებად რომ ევლინებიან სულს და გათელვას, შთანთქმას უქადიან მას.

1. მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის!

2. ღმერთო, შენს წმინდა ნებას ვავედრებ ჩემს თავს, იყავნ ნება შენი!

3. უფალო, მადლობა ყველაფრისათვის, რის მოვლინებასაც ინებებ ჩემთვის!

4. სამართლად ღირსი, რომელ ვქმენი, მომეგების, მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა.

   ეს მოკლე სიტყვები, როგორც ხედავთ, წმ. წერილიდანაა ნასესხები და წმ. მამები მათ დიდი წარმატებით იყენებდნენ მოწყინების გულისსიტყვების წინააღმდეგ საბრძოლველად. ისინი სრულიად არ ეპასუხებოდნენ მათ, უბრალოდ, როგორც კი მტერი თავს წამო-ჰყოფდა, მყისვე ამ საოცარ იარაღს დაავლებდნენ ხელს და პირდაპირ სახეში სცემდნენ მოწინააღმდეგეს. ამიტომ იყვნენ ასე ძლიერნი, ამიტომ დათრგუნეს ყველა მტერი და ამიტომ გახდნენ სარწმუნოების მესაიდუმლენი, სარწმუნოების გზით კი - ღმრთის მადლის მესაიდუმლენი, ამიტომ შეძლეს ზებუნებრივი მოღვაწეობა. როდესაც მწუხარების გულისსიტყვები მოგეძალებათ, დაიწყეთ რომელიმე ამ წინადადების გამეორება: ხმადაბლა, აუჩქარებლად, აღგზნების გარეშე, ყურადღებით, მხოლოდ თქვენს გასაგონად - მანამ, სანამ მტერი სრულიად არ გაგეცლებათ, სანამ არ იგრძნობთ ღმრთის მადლის შეწევნის მოახლოებას; ეს შეწევნა კი სულს ტკბილი, უფლისმიერი მშვიდობის გზით მოევლინება. ცოტა ხნის შემდეგ მტერი კვლავ შეეცდება თავდასხმას, მაგრამ თქვენ ისევ ის იარაღი აიღეთ ხელში და, როგორც დიდი სარდალი, კეისარი უბრძანებდა თავის მეომრებს, პირდაპირ სახეში აძგერეთ მოპირისპირეს: ყველაზე მტკივნეული და აუტანელი ხომ სწორედ სახეში მიყენებული დარტყმებია. ნუ გაიოცებთ, რომ დავითის იარაღი ერთი შეხედვით ესოდენ მსუბუქი და უცნაური ჩანს, საქმეში გამოსცადეთ და თავადვე იხილავთ შედეგს! ეს იარაღი -  ქვა და კომბალი - უფრო მეტად გამოგადგებათ, ვიდრე გერმანელ, ესპანელ, ინგლისელ და ამერიკელ ღმრთისმეტყველთა ყველა მსჯელობა და კვლევა-ძიება. ამ იარაღის ხშირი ხმარება გონების გზიდან თანდათან სარწმუნოების გზაზე გადაგიყვანთ და, ამნაირად, სულიერი ცხოვრების საოცარ, უსაზღვრო ქვეყანაში შეგიძღვებათ. იქაა ტრაპეზი ზეციური მანანისა, რომელზეც, წმ. წერილის მოწმობით, მხოლოდ გამარჯვებულნი შედიან. თქვენ იმისათვის ჩაგაბეს უხილავ ომში, რომ ძლევის მოპოვება და სულიერი საუნჯის მოხვეჭა შეძლოთ, ყოველივე ამას კი გაძლევთ იესო ქრისტე, რომელმაც შეგიყვარათ და აშკარად „თავისიანთა" რიცხვს მიგაკუთვნათ.

  ამგვარად, თქვენ უკვე ნაპირიდან ხედავთ მწუხარებათა ბნელ, უძირო ზღვას, უსასრულო სივრცეს, სადაც წყლის სილურჯე ზეცისას ერთვის და ეს სიშორე მზერას აშინებს, სარწმუნოებას არყევს; ყურს უგდებთ ტალღების ბრაზიან გუგუნს, გულგრილსა და ერთფეროვან დგაფუნს... მაგრამ ნუ მიეცემით სევდას, მწუხარების ზღვას ნუ შეუშვებთ სულში - აქ გაცილებით მეტი ხიფათი გელით, ამ ზღვაში უფრო ადვილია ჩაძირვა, ვიდრე გარეგანი განსაცდელების ზღვაში. გიხაროდენ! და კვლავ გეტყვი: გიხაროდენ! მწუხარებათა ზღვის ნაპირას იმისათვის აღმოჩნდით, რომ სიხარულის ქვეყნისკენ გასცუროთ - ზღვას ხომ მეორე ნაპირიც აქვს, გონების თვალისთვის უხილავი. ეს ნაპირი გახლავთ სამოთხე, სულიერი შვებით აღსავსე. ვინც ამ ნეტარ ნაპირს მიაღწევს, იმას ავიწყდება ზღვაზე გადატანილი ყველა ჭირი და განსაცდელი. მტკიცედ შედგით ფეხი სარწმუნოების მსუბუქ ნავზე, ქარივით გადაევლეთ სველ ტალღებს! თქვენ რომ გგონიათ, იმაზე ადრე გალევთ ამ ზღვას და სამოთხის კარს მიადგებით. მაგრამ სულიერ სამოთხესა და ხორციელ, მშვინვიერ ცხოვრებას შორის, რომლითაც ყველა ადამიანი ცხოვრობს, გამყოფად - ზღვად - ჯვარი და ჯვარცმაა დადებული. სხვა გზა სამოთხისკენ არ არსებობს! თუ ღმერთს სურს, კაცი სამოთხეში შეიყვანოს, ჯერ მისკენ მიმავალ გზამდე, ჯვარამდე მიჰყავს. „ღმერთისგან გამორჩეულობის ნიშანი ისაა, რომ კაცს განუწყვეტელი მწუხარებები ევლინება,"  - თქვა ერთმა წმიდა მამამ. მოვკვდეთ სოფლისათვის, რათა გავცოცხლდეთ ღმერთისთვის - სული წმიდის ხილული, სრულიად ხელშესახები მოქმედებით. დავთმოთ ხრწნილება სულისათვის. მაშ, მთლიანად მიენდეთ ღმერთს! სარწმუნოების მხსნელ უფსკრულში გადაეშვით, როგორც ზღვაში ხტებიან კლდიდან! თავი დაანებეთ ადამიანებს, ისინი ხომ მხოლოდ განგების იარაღები არიან, თანაც ბრმა იარაღები, თავისთავად მათ არანაირი ძალა არ გააჩნიათ! „არა გაქუს ხელმწიფება ჩემი არცა ერთი, უკეთუმცა არა მოცემულ იყო შენდა ზეგარდამო" (ინ. 19,11), უთხრა უფალმა პილატეს, თუმცა პილატეს, ამა სოფლის სიბრძნით მოტყუებულს, მიაჩნდა (და ამაში სხვა მისი თანამოაზრენიც ეთანხმებოდნენ), რომ მას ჰქონდა ხელმწიფება ჯვარს-ეცვა ანდა გაეთავისუფლებინა მის წინაშე მდგომი ტუსაღი. ნუ დაიმძიმებთ თავს ნურავითარი ურთიერთობით ადამიანებთან, მათთან თავის მართლებით! ეს მხოლოდ სულის მშვიდობას წარგტაცებთ და არას კი გარგებთ. უძლურნო კაცნო - მინდვრის ყვავილნო, მიწაზე მცირე ხნით მოსულნო! ძალიან კი მოგაქვთ თავი, დიდ რამედაც წარმოგიდგენიათ, ამ დროს კი უღონო ადამიანები ხართ მხოლოდ! ხელმწიფება გაქვთ მონიჭებული საკუთარ თავზე, მაგრამ ამასთან იარაღები ხართ, ბრმა იარაღები, და ეს არც კი იცით! თვითმმართველნი ხართ - მართლაც რომ: შეუძლებელია, არ მოგეზღოთ თქვენი საქმეებისთვის! მაგრამ ღმრთის ბრძნული განგებით ეს თვითმმართველნი ყოველგვარი ხელმწიფებისა და დამოუკიდებლობის გარეშე მოქმედებენ. „იესუ ნაზარეველი, ესე განჩინებულითა ზრახვითა და წინასწარ ცნობითა ღმრთისაჲთა განცემითა ხელთა უსჯულოთაჲთა მიიყვანეთ და შეჰმსჭუალეთ და მოჰკალთ" (საქმე, 2,23), ეუბნება წმ. პეტრე მოციქული იუდეველებს. და იქვე: „და აწ უწყი, ძმანო, რამეთუ უმეცრებით ჰქმენით, ვითარცა იგი მთავართა თქვენთა. ხოლო ღმერთმან, რომელი-იგი წინასწარ აღუთქუა პირითა ყოველთა წინასწარმეტყველთა მისთაჲთა ვნებაჲ ქრისტესი, აღასრულა ესრეთ" (საქმე, 3,17-18). იმ საქმეებში, რომლებიც ღმრთის განგებით აღესრულება, ადამიანები ბრმა იარაღები არიან მხოლოდ. ამიტომაც არ მოსთხოვა უფალმა პასუხი მათ, ვინც თითქოს სრული ძალაუფლებით იყო აღჭურვილი; ამიტომაც უწოდა უხორცო და ხორცშესხმული დემონების მიერ მომზადებულ სასმისს „მამის მიერ მოწოდებული სასმისი."

   მიიღეთ ეს სტრიქონები გულწრფელი თანაგრძნობით განმსჭვალუ-ლი სულის გამოძახილად - სულისა, რომელიც თანაზიარია თქვენი მწუხარებისა და უფლისმიერი ნუგეშინისცემის დამკვიდრებას გისურვებთ.

 

 

 

 

 

 

წიგნიდან ”კრებული”   


უკან დაბრუნება