მთავარი > იდეოლოგიური ცდომილებანი, ჰუმანიზმი, მთავარი გვედის ფოტო > ჰუმანიზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
ჰუმანიზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე8-04-2020, 16:29 |
„ევროპელმა ადამიანმა საკუთარი თავი
ღმერთად გამოაცხადა! და ნუთუ ცხადად არ
ჩანს, როგორ განუზომლად უყვარს მას ღმერთივით
ცხოვრება!..." (ღირსი იუსტინე პოპოვიჩი)
განვლილი ისტორია გვარწმუნებს, რომ დასაბამის შემდგომ კაცობრიობა უფრო და უფრო შორდება ღმერთს. ბოლო ასწლეულებმა ეს პროცესი მეტად დააჩქარა და გააძლიერა. ადამიანი თითქოს განიყო - მისი გონება ნელ-ნელა დაშორდა მისსავე სულიერ სამყაროს და ფიზიკურ ბუნებას, ავხორცულ ვნებებს დაემორჩილა. ადამიანმა დაკარგა ღვთაებრივი ჭეშმარიტების ხედვის, წვდომის უნარი და დაკარგულის ანალოგს ძებნა დედამიწაზე დაუწყო. ეძება, ეძება და ბოლოს იმ აზრს დაადგა, რომ ყველაზე კარგი, რაც არსებობს დედამიწის ზურგზე... ადამიანია. სწორედ ადამიანი გახდა ყოველთა საგანთა საზომი. სამეცნიერო ენაზე ამ მოვლენას ჰუმანიზმი ეწოდება.
ჰუმანიზმი XVIII საუკუნიდან, შეიძლება ითქვას, ოფიციალურად აღიარებული მსოფლმხედველობა გახდა. თავდაპირველად ის ქრისტიანობისადმი მტრულ პოზიციას არ ამჟღავნებდა, ცდილობდა დაერწმუნებინა საზოგადოება, რომ არანაირი ბრძოლა ქრისტეს წინააღმდეგ არ მიმდინარეობს. მაგრამ... ეს აშკარა სიცრუე იყო, რადგან ეკლესიასა და მის სწავლებასთან ფარული დაპირისპირებით ჰუმანიზმი ამხობდა ქრისტიანულ იდეალებს, მის ადგილას კი ადამიანის გონებრივ კულტს აბატონებდა.
ქრისტიანობასა და ჰუმანიზმს შორის დაუნდობელი ბრძოლა უთუოდ უნდა დაწყებულიყო, ვინაიდან თავის საბოლო ეტაპზე ჰუმანიზმმა გამოაჩინა ნამდვილი სახე - ევროპელი ადამიანი განაშორა ღმერთს და მის ნაცვლად ადამიანი „გააღმერთა".
სულიერ ფასეულობებს მოკლებულმა ადამიანმა თავის გულსა და სულში მოკლა ღმერთი.
ადამიანმა ყოველივეს ბატონ-პატრონად ადამიანი გამოაცხადა. ბუნებრივია, ყოველივე ამას მოჰყვა ლოგიკური დასკვნა: რაკი ღმერთი არ არსებობს, თვითონ მე ვყოფილვარ ღმერთი!
XX საუკუნის დიდმა ღვთისმეტყველმა წმიდა იუსტინემ (პოპოვიჩი) შესანიშნავად დაინახა ამ საშინელი სენის ავბედითი ზემოქმედება ევროპულ კულტურასა სა ევროპულ ადამიანზე. მან პრინციპულად გამოაცხადა: „ევროპელმა ადამიანმა საკუთარი თავი ღმერთად გამოაცხადა! და ნუთუ ცხადად არ ჩანს, როგორ განუზომლად უყვარს მას ღმერთივით ცხოვრება... თავისი ღვთაებრიობა, თავისი ღმერთობა რომ დაემტკიცებინა, ევროპელმა ადამიანმა ისიც კი გამოაცხადა, რომ არ არსებობს იმქვეყნიური ცხოვრება, და მაშასადამე, არც ღმერთი არსებობს, არც სხვა ზეციური არსებანიო. ევროპელ ადამიანს სურს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, ნებისმიერი სახით დაეუფლოს ბუნებას, გაბატონდეს მასზე, თავის ნებას დაუქვემდებაროს იგი. ამ მიზნით მან სისტემატური ლაშქრობა მოაწყო ბუნების წინააღმდეგ, რასაც კულტურა უწოდა".*
ვინ არის სინამდვილეში ეს „გაღმერთებული" ადამიანი? იგი თავისი ვნებების უბადრუკი მონაა. რაკი ჭეშმარიტი ღმერთი დაკარგა, მან ისურვა სხვადასხვა ცრუღმერთების და ცრუ სწავლებების მეშვეობით მოეკლა უღმერთობის შიმშილი. ამის გამო ადამიანმა ფაქტობრივად ყველაფრისგან - მეცნიერებისაგან, ფილოსოფიისაგან, ცრურელიგიებისა და ცრუიდეოლოგიებისაგან შექმნა კერპები!
ჰუმანიზმმა ფაქტობრივად განმსჭვალა დასავლური რელიგიური სულისკვეთება, (ძირითადად ვგულისხმობთ პაპიზმსა და პროტესტანტიზმს, რომლებმაც, როგორც აღვნიშნეთ „გააღმერთეს" ადამიანი) და უფრო საშიშ იდეოლოგიებს ჩაუყარა საფუძველი. ესენია: ათეიზმი (დარვინიზმი, მატერიალიზმი) და ნიჰილიზმი. წმიდა იუსტინე წერს: „ჰუმანიზმი თავისი განვითარებისას უთუოდ გადაიზრდება ათეიზმში, გაივლის ანარქიზმის სტადიას და ნიჰილიზმით დასრულდება. თუკი დღეს მავანი ათეისტია, იცოდეთ, რომ ხვალ იგი, თუ მართლაც თანმიმდევრული და ბუნებრივია თავის განვითარებაში, ანარქისტი შეიქნება, ზეგ კი - ნიჰილისტი. და თუ ვინმე დღეს არის ნიჰილისტი, დარწმუნებული იყავით, რომ ამ მდგომარეობამდე - ყოველის უარყოფამდე - იგი ჰუმანიზმიდან მისულა ათეიზმის გავლით."*
თავის უმაღლეს სტადიაში ჰუმანიზმი მიზნად ისახავს, მსოფლიო მმართველობას, რა თქმა უნდა, ჰუმანისტური ელიტით სათავეში. მისი იდეალი - ნაციონალური საზღვრების წაშლა და ყოველი ხელისუფლების სუპერმმართველობისადმი დამორჩილება გახლავთ.
*გ. ზ. აროშვილი „სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა" ტ. გვ. 108.
*იქვე გვ. 110.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე უკან დაბრუნება |