მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ცრუმოძღვართა წინააღმდეგ - წმიდა თეოფანე დაყუდებული (ნაწილი VIII)
ცრუმოძღვართა წინააღმდეგ - წმიდა თეოფანე დაყუდებული (ნაწილი VIII)1-10-2015, 00:02 |
მწერ, რომ თქვენი ახალი მასწავლებელი თავისი ლოცვებით ლოცულობს, მაგრამ ამ დროს არც პირჯვარს იწერს და არც მეტანიებს ასრულებს. ხომ ხედავ, რა ახალი მოდის კაცია? პირჯვარს მთელი ქრისტია-ნული სამყარო იწერს - ისინიც კი, ვინც არასწორად აღიარებს ქრისტეს სარწმუნოებას, მაგას კი ეთაკილება. პირჯვრის გამოსახვით ადამიანი უსიტყვოდ აღიარებს უფალ იესო ქრისტეს, რომელმაც ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი დაითმინა და ამით საუკუნო სასჯელისაგან გამოგვიხსნა. თქვენი მასწავლებელი ჩაგციებიათ, სიტყვით აღიარეთ ქრისტეო. პასუხად თქვენც დაბეჯითებით უნდა მოგეთხოვათ - პირჯვარის გამოსახვით აღიარე ქრისტეო. ორივე ერთია, ერთიც აღიარებაა და მეორეც, ოღონდ პირველი - სიტყვით, მეორე კი საქმით. საქმე სიტყვაზე ძლიერია. მას, ვინც უარი თქვა სიტყვით აღიარებაზე, თქვენი მასწავლებელი ეუბნება: მაშ, გრცხვენია არა კაცთა წინაშე უფლის აღიარებაო? თქვენ კიდევ უთხარით: შენც გეთაკილება პირჯვრის გამოსახვა, მაგრამ ესეც ხომ უფლის აღიარებაა! ესე იგი, შენ თვითონაც გერცხვინება კაცთა წინაშე უფლის აღიარება-თქო. წმ. ბასილი დიდი გვიმოწმებს, რომ პირჯვარის გამოსახვა მო-ციქულთა დაწესებულია და, თუკი მას რწმენით ვასრულებთ, განაგდებს უხილავ მტრებს, განაქარვებს მთელ მათ მზაკვრობას და გვიცავს მათი თავდასხმებისაგან. უფალი ჯვარით მუსრავს ბოროტის ძალას. ეს ეშმაკებმაც იციან და შორს გაურბიან ჯვარს; ხოლო ვინც პირჯვარს არ ისახავს და თავს ამ ძლიერი იარაღით არ იცავს, ის მტრისთვის ადვილი მისადგომია. უჯვარო ქრისტიანი იგივეა, რაც უიარაღო მეომარი. აქედან ბუნებრივად ისმის კითხვა: არის კი ქრისტიანი ის, ვინც პირჯვარს არ ისახავს? თავის მოდრეკით ჩვეულებრივ ჩვენს პატივისცემასა და მორჩილებას ვადასტურებთ. ხომ აუცილებელია, რომ ადამიანი, რომელიც ღმერთს აღუვლენს ლოცვას, ღრმა მოწიწებისა და სრული მორჩილების გრძნობის გარეგნული გამოხატვაა მეტანიებით. ამიტომაცაა, რომ ქრისტიანები თაყვანს სცემენ უფალს გარეგნულადაც, შინაგანი კრძალულებისა და მისი ნებისადმი სრული მორჩილების ნიშნად. ვინც მეტანიების შესრულებას ერიდება, ის საეჭვოდ ხდის, ნამდ-ვილად განიცდის თუ არა მორჩილებას. ხოლო თუ ეს გრძნობები არა აქვს, მაშინ რაღააა მისი ლოცვა? არსებობს გამოთქმა - ქედს არავის უდრეკსო. ეს იმას ნიშნავს, რომ კაცს დაუმორჩილებელი სული აქვს, არავის სცნობს თავის უფროსად. განა ასეთივე სული არა აქვს მასაც, ცინც ლოცვისას მეტანიებს უარყოფს? ძალიან ცუდი ჩვევაა. მდაბიურად რომ ვთქვათ, თავს არ უხრის. მერედა ვის? უფალს. მწერ: „სანდო ხალხმა მითხრა, რომ თურმე არც ჩვენი ახალი მასწავლებელი და არც მისი მიმდევრები ეკლესიაში არ დადიან; ლოცვებში არ უხმობენ არც წმინდანებს, არც ღმრთისმშობელს, არც ანგელოზებს, არც მოციქულებსა და წინასწარმეტყველებს, არც დიდ მღვდელმთავრებს, არც მოწამეებსა და ღირს მამებს; მარხვებს არ ინახავენ, აღსარებას არ ამბობენ; ქრისტეს წმ. საიდუმლოებებს არ ეზიარებიან და არც დღესასწაულებს სცნობენ". ხომ ხედავ, რა ხალხია? ნამდვილი მალაკნები, თუმცა კი მთელი ეს „სიბრძნე" ინგლისელებისგან ისწავლეს. ჩვენი მალაკნები და დუხობორებიც ხომ საკუთარ თავს „სულიერ ქრისტიანებად", „ღმრთის კაცებად" და „წმინდანებად" მიიჩნევენ, რომლებსაც გარეგნული საეკლესიო წესები აღარაფრად სჭირდებათ; არც რაიმე მოღვაწეობა, მაკურთხეველი საიდუმლოებები და მღვდელმოქმედება არგიათ რადმე. მაინც ვერ გამიგია, რას დასდევთ მაგ კაცს უკან ან რატომ აძლევთ იმის უფლებას, რომ ცარიელი ყბედობით გამოგიჭედოთ ყური? შენი ნათქვამიდან სრულიად ნათელია, რომ იგი განუდგა წმ. მართლმადიდებელ ეკლესიას და თავის ქადაგებით სურს თქვენც გადაგიბიროთ - ალბათ რაიმე ეკლესიისათვის უცხო და ღმერთის წინაშე საძაგელი სექტის შექმნა აქვს განზრახული. თქვენ კიდევ ისე ეწებებით, როგორც უგუნური ბუზები - მოწამლულ სითხეს. იმის მოყოლას აღარ დაგიწყებ, რომ თქვენი მასწავლებელიცა და მთელი მისი გუნდიც დიდ ცთომილებაში ვარდება, ეკლესიასთან ერთად შენს მიერ ჩამოთვლილ სხვა პუნქტებს რომ არ იღებს. მაგრამ გირჩევ იშოვო სტეფანე იავორსკის წიგნი „ლოდი სარწმუნოებისა", სადაც ავტორი ყველა ამ პუნქტს იცავს და ამხილებს მათ უარმყოფელებს. ყურადღებით წაიკითხე ეს წიგნი და შეითვისე, რაც იქ წერია - მაშინ ამ ლოდით ადვილად დაადუმებ სიცრუის მღაღადებელთ და შემუსრავ ჭეშმარიტების წინაშე მცოდველებს, კადნიერად რომ გაიძახიან სიცრუითა და მზაკვრობით აღსავსე სიტყვებს. ეს წიგნი პროტესტანტების წინააღმდეგაა დაწერილი; პროტესტანტები კი იგივე მალაკნები არიან, ოღონდ გერმანელები - ისევე როგორც ეგ თქვენი ახალი მოდის მასწავლებლები არიან ინგლისური ყაიდის მალაკნები. მწერ: „ჩვენთან არ ესმით, რატომ სდუმან ეკლესიის მწყემსები. ეს მასწავლებელი ყველგან მოგზაურობს, საქმეს მცდელობას არ აკლებს, ასწავლის, შთაგონებით ქადაგებს - ჩვენები კიდევ ჩუმად არიან. ეკლესიაშიც იშვიათად თუ ქადაგებს რომელიმე მღვდელი, მხოლოდ წირვა-ლოცვას ატარებენ. ცოცხალი სიტყვაა საჭირო, ის კი არსად ჩანს". ერთ რამეს გკითხავ: ვინმე თქვენგანი მივიდა კი საკუთარ მოძღვართან და ჰკითხა, „ასე და ასეა, ჩვენში ერთი მასწავლებელი გამოჩნდა, თავს გვიყრის და რაღაცას გვასწავლის - ნახეთ ერთი, სწორად გვასწავლის თუ არაო?" არა, არც ერთი. თუნდაც შენ - ვინ იცის, რამდენჯერ მომწერე მე, ცხრა მთას იქით მყოფს, და აზრადაც არ მოგსვლია შენი მოძღვრისთვის გეკითხა აზრი, რომელიც მანდვეა და ყოველ შაბათ-კვირას, ყოველ დღესასწაულზე ხედავ. მაშ, საიდან უნდა გაიგონ ეკლესიის მწყემსებმა, რა ხდება თქვენთან ჩუმად? მოძღვარი მოდის ეკლესიაში, ხედავს თავის მრევლს, ეკლესიაში რომ შეკრებილა და გულმოდგინედ ლოცულობს - და მშვიდადაა, რადგან დარ-წმუნებულია, რომ მის მრევლში ყველაფერი რიგზეა. დოგმატები იცით, მცნებები გახსოვთ, ქრისტეს ეკლესიას ყველაფერში ემო-რჩილებით - სხვა რაღა უნდა გითხრან? შეიძლება ხანდახან კიდევ ერთხელ განგიმარტონ რომელიმე დოგმატი, მცნება ან საიდუმლო. და ეს ასეც ხდება, როგორც შენ თვითონ მწერ. უამისოდაც ჩვენი ღმრთისმსახურება ისეა შედგენილი, რომ გულისყურიან კაცს დოგმატებსაც შეახსენებს, ცხოვრების წესებსაც, და საერთოდ, მთელი თავისი შინაარსით გვასწავლის, რომ ერთადერთ ღმერთს შევუდგეთ. მხოლოდ ეკლესიაში მისვლაც კი მთელ რელიგიურ სულს განაახლებს - ეს ალბათ ბევრს გამოუცდია. ერთ რამეში კი მართალი ხარ: მოძღვრები უფრო ხშირად უნდა ესაუბრებოდნენ სამწყსოს წევრებს ეკლესიაშიც და ეკლესიის გარეთაც. მაგრამ იმაში კი ვერ დაგეთანხმები, რომ რაკიღა ასეთი საუბრები არ ტარდება, სამწყსო მთლიანად მოკლებულია ყოველგვარ სულიერ საზრდოს. სხვათა შორის, იმაშიც, რომ ასეთი საუბრები არ ტარდება, მზადა ვარ უმალ თქვენ, სამწყსო დაგადანაშაულოთ, ვიდრე თქვენი მწყემსები. სურვილი გამოთქვით, სთხოვეთ - განა რომელი მოძღვარი გეტყვით უარს ასეთი კეთილი სურვილის დაკმაყოფილებაზე? თქვენ თვითონ გაურბიხართ მოძღვრებს, და როდესაც სადმე ხვდებით, მაშინაც კი არ ცდილობთ სარწმუნოების საკითხებზე სიტყვის ჩამოგდებას. თქვენი შემყურე აღარც ის ამბობს რამეს და არც ეკლესიაში ქადაგებს, ეშინია, თავი არ შეგაწყინოთ. თუმცა მწყემსების დუმილს როდი ვამართლებ: მათი ვალია საკუთარ თავს ლაპარაკი აიძულონ, თქვენ კი - მოსმენა. მხოლოდ მისი შეხსენება მინდოდა, რომ ამ ამბავში თქვენცა ხართ დამნაშავე. ამბობ, „ჩვენები სდუმან, ის კი რაღაცეებს ცდილობსო". ცდილობს, იმიტომ რომ მოწაფეებისა და მიმდევრების შემოკრება სჭირდება, და როცა შემოიკრებს, მერე ისიც გაჩუმდება, რადგან მათ უკვე ყველაფერი ეცოდინებათ, რასაც ის ასწავლის. ისიც უნდა იცოდეთ, რომ ფუსფუსი, აქეთ-იქით მიწყდომა და ყვირილი სულაც არ არის სიჯანსაღის ნიშანი. სხეულს დააკვირდი: როცა ჯანმრთელია, მასში ყველა პროცესი მშვიდად მიედინება: პულსი აუჩქარებელია, სუნთქვა - წყნარი, გონება - დადინჯებული, ნერვები და კუნთებიც - ზომიერად დაძაბული. მაგრამ როგორც კი სხეულის რაიმე ფუნქცია ირღვევა, ეს მშვიდი პროცესიც მაშინვე ირევა და აღარც სხეულია ჯანმრთელი. ასევე ხდება სარწმუნოებისა და ცხონების საქმეშიც. თქვენ - მთელი მრევლი - ხართ ეკლესიის მცირე სხეული. ყველა მაცხოვნებელი პროცესი თქვენს შორის მშვიდად მიედინება: სარწმუნოება გაქვთ, ქრისტიანულად ცხოვრებას ცდილობთ, საიდუმლოებებში მონაწილე-ობთ, საეკლესიო წესებს იცავთ და მოძღვრებს ემორჩილებით. თითოეული თქვენგანის ცხონების საქმე სწორად არის წარმართული, თუმცა არავინ გამოირჩევა რაიმე განსაკუთრებული თვისებებით. როგორც ჯანმრთელი სხეულის ზრდა და ცხოვრებაა შეუმჩნეველი, ასევეა თქვენშიც - სულიერი ცხოვრება და ზრდა მიმდინარეობს, ოღონდ შეუმჩნევლად. ამრიგად, ის ამბავი, რომ ის აქეთ-იქით აწყდება და ფუსფუსებს, თქვენთან კი ყველაფერი მშვიდად მიდის, იმას კი არ ნიშნავს, რომ თქვენ მასთან შედარებით უარეს მდგომარეობაში ხართ, არამედ პირიქით, ეს მშვიდი დინება ცხონების საქმეში სიჯანსაღის დას-ტურია. თქვენ კეთილად აღასრულებთ სულიერ ღვაწლს, მაგ თქვენი მჩხავანას მდგომარეობა კი არაჯანსაღია: აქეთ-იქით რომ აწყდება, სწორედ ეგ მაფიქრებინებს, ერთი რეტიანი ვინმე უნდა იყოს-მეთქი. ცუდია, თუ რომელიმე თქვენგანი რელიგიური ცხოვრების მშვიდი დინებისას დაუდევრობასა და უზრუნველობას ეძლევა. მაგრამ თუ ყოველი კაცი თავისი ძალების კვალობაზე გულმოდგინედ აკეთებს ყველაფერს, რასაც მისგან ქრისტიანული სინდისი მოითხოვს, მაშინ თქვენი ცხონების საქმე სწორად მიედინება და აღარაფერია სა-დარდებელი, თუნდაც არავინ გამოირჩეოდეს განსაკუთრებული თვისებებით: არ ღირს ნერვიულობა და ვინმეს კვალში ჩადგომა მხოლოდ იმიტომ, რომ ის რაღაცით სხვებისგან გამორჩეულია. გაიხსენე, რას გეუბნებოდი დასაწყისში მგალობელთა გუნდის შესახებ - ცუდად იქცევა ის, ვინც თავისი გალობით სხვებისგან გამოირჩევა. იგივე მაგალითი გამოდგება ახლახან თქმულის დასტურადაც. ახლა კი, ვგონებ, ყველაფერი გითხარი, რისი თქმაც მსურდა შენი წერილის პასუხად. ალბათ თვითონაც ხვდები, რომ ნათქვამს ერთიღა შემიძლია დავუმატო: მოეშვი მაგ ახალ მასწავლებელს - მოცთუნებულ მალაკანს, და წმ. მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი მწყემსების ერთგული დარჩი, ისევე, როგორც დღემდე იყავი. ყველა შენიანსაც იგივე ურჩიე. ხომ სდიეთ მაგ მჩხავანას, მისი ყურებითაც დატკბით, დათაფლული საუბრებიც საკმარისად მოისმინეთ - ახლა კი გეყოთ. ეს არავითარ სიკეთეს არ მოგიტანთ. ხოლო იმისათვის, რომ უფრო მტკიცედ აღუდგე წინ მის ტკბილ სიტყვებს, როგორც უკვე გირჩიე, იშოვე „ლოდი სარწმუნოებისა" და იკითხე. ანდა უმჯებესი იქნება ერთად შეიკრიბოთ ყველანი, ვინც ეკლესიის წინააღმდგომი, მწვალებლური საუბრებით შეიბღალეთ სმენა და ერთად იკითხოთ, თან საკუთარ თავს აყვედროთ, მტრის ხლართებში რომ გაებით.
წიგნიდან „ცრუმოძღვართა წინააღმდეგ" უკან დაბრუნება |