მთავარი > შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > უფალი იესო ქრისტეს მეორედ მოსვლა - ღირსი იუსტინე (პოპოვიჩი)

უფალი იესო ქრისტეს მეორედ მოსვლა - ღირსი იუსტინე (პოპოვიჩი)


16-09-2015, 00:01

უფალი იესო ქრისტეს მეორედ მოსვლა - ღირსი იუსტინე (პოპოვიჩი)

 

   როცა ანტიქრისტეს პიროვნებასა და მოქმედებაში, ბოროტება თავი-სი მძლავრობისა და ძალაუფლების მწვერვალს მიაღწევს, მოვა უფალი ქრისტე, თავისი ღმერთკაცობრივი სიკეთის აღუწერელი დიდებითა და ძალით. ეს ქვეყნიერების ისტორიაში ყველაზე დიდი წამი იქნება: ქრისტეში განსახიერებული აბსულუტური ღმერთკაცობრივი სიკეთის შეხვედრა, ანტიქრისტეში განსახიერებულ აბსულუტურ ეშმაკკაცობ-რივ ბოროტებასთან. მაშინ უფალი ქრისტე ისეთი ძლიერი იქნება ანტიქრისტეზე, რომ მათ შორის ბრძოლაც კი არ იქნება, რამეთუ უფალი თვით თავისი გამოჩენით მოკლავს ანტიქრისტეს და მასაც და მის ბოროტებასაც თავისი მოსვლის ნათლით აღმოფხვრის (2 თე-სალონიკელთა, 2,8). ამით დამთავრდება საღმრთო სიკეთისა და სატანური ბოროტების ხანგრძლივი ისტორიული ბრძოლა, რომელიც ამ ჩაბნელებული ღმრთიური ვარსკვლავის ასპარეზზე კაცობრივ ხორცში მიმდინარეობდა და ცხოვრებისა და საგნების ახლანდელი სივრცეობრივ-დროებრივი წესრიგი დასრულდება. ამიტომაც, წმინდა გამოცხადებაში, ეს დღე უპირატესად უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს დღედ (1 კორინთელთა, 1,8;5,5; 2 კორინთელთა, 1,14), ქრისტეს დღედ (ფილიპელთა, 1,10;2,16;  2 თესალონიკელთა, 2,2), უფლის დღედ (25 პეტრე, 3,10) იწოდება.

   როგორც ღმერთის პირველი დღის ნათლით, დრომ არსებობა დაი-წყო (შესაქმე, 1,35), ასევე ღმრთის უკანასკნელი დღის ნათლით, იგი თავის არსებობას დაასრულებს (შეადარეთ, 2 თესალონიკელთა, 2,8). ნათლით, ვითარცა სამოსელით შემოსილი (შეადარეთ, ფსალმუნნი, 103,2) უფალი იესო, ისეთი ძალითა და დიდებით მოვა, „რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუხდა" (1 კორინთელთა, 2,9). ეს იქნება სრული, ყოვლადსრულ-ყოფილი დიდება სამება ღმრთისა, რამეთუ მაცხოვრის ყოვლად-წმინდა ბაგეებმა აღმოთქვეს, რომ იგი „მოვიდეს დიდებითა თვისითა და მამისაითა და წმინდათა ანგელოზთაითა" (ლუკა, 9,26). მამის დიდება ხომ ამავე დროს მისიც არის. როგორც მხოლოდშობილი ძე ღმრთისა, იგი ყოველივეში მამის ტოლია; და ყოველივე, რაც მამას აქვს, - მისია; მასვე ეკუთვნის უწინარეს საუკუნეთა საღმრთო დიდება. თავისი პირველი მოსვლის დროს, მდაბალი უფალი იესო თავის უწინარეს საუკუნეთა საღმრთო დიდებას თავისი მრავალტანჯული სხეულის საფარველად ფარავდა. თავისი მეორედ მოსვლისას, იგი ამ საღმრთო დიდებას, თავისი განდიდებული სხეულის მიერ გვაჩვენებს. იგი ხომ, ღმრთის სამარადისო ძე, ხორცშესხმით ძე კაცისადაც იქცა და ასეთად დარჩა საუკუნოდ. ამიტომ, თავის მეორედ მოსვლაზე საუბრისას, უფალი იესო განუწყვეტლივ ხაზს უსვამს თავისი პი-როვნების ღმერთკაცობრივ ხასიათს: „რამეთუ მოსვლად არს ძე კაცისაი დიდებითა მამისა თვისისაითა ანგელოზთა მისთა თანა" (მათე, 16,27; შეადარეთ, ზაქარია, 14,5), „ხოლო რაჟამს მოვიდეს ძე კაცისაი დიდებითა თვისითა, და ყოველნი ანგელოზნი მის თანა, მაშინ დაჯდეს საყდართა დიდებისა თვისისათა" (მათე, 25,31). „და იხილონ ძე კაცისაი მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათა ძალითა და დიდებითა მრავლითა" (მათე, 24,30). რადგან მეორედ მოსვლისას უფალი იესო თავის ღმრთაების და თავისი გამომსყიდველობითი ღვაწლის მთელ გამოუთქმელ ძალას და ბრწყინვალებას გამოაჩენს, ამიტომ, წმინდა წერილში მისი მეორედ მოსვლა „გამოჩინება უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესსა" (1 კორინთელთა, 1,7), მისი დიდების გამოჩინებად (1 პეტრე, 4,13) იწოდება.

   მაცხოვრის მეორედ მოსვლის უშუალო სიგნალი იქნება ცაზე ჯვრის გამოჩენა, როგორც ჩვენი ცხონების სიმბოლოსი, როგორც მაცხოვრის გამომსყიდველობითი ღვაწლის ნიშნისა: „მაშინ გამოჩნდეს სასწაული ძისა კაცისა ცათა შინა" (მათე, 24,30; შეადარეთ, გამოცხადება, 1,7). წმინდა ოქროპირი გვახარებს: „მაშინ გამოჩნდეს სასწაული ძისა კაცისა ცათა შინა" - ესე იგი ჯვარი, რომელიც მზეზე ნათელია, რამეთუ მზე ბნელდება და იმალება, ჯვარი კი ჩნდება; იგი არ გამოჩნდებოდა, მზის სხივებზე ბევრად ნათელი რომ არ იყოს. მაგრამ რისთვის ჩნდება ეს სასწაული? იმისათვის, რათა სრულიად შეარცხვინოს იუდეველთა ურცხვობა. ქრისტე მოვა ამ სამსჯავროზე და ექნება უდიდესი გამართლება - ჯვარი, და აჩვენებს არა მხოლოდ ჭრილობებს, არამედ სამარცხვინო სიკვდილსაც".

   და მაშინ ყველა შეიცნობს ჯვარში ქრისტეს ნიშანს, „და მაშინ იტ-ყებდეს ყოველნი ტომნი ქვეყანისანი" (მათე, 24,30; შეადარეთ. გა-მოცხადება 1,7): მორწმუნენი სიხარულისა და აღტაცებისაგან ატ-ირდებიან, რომ ასრულდა მათი სასოება, ურწმუნონი კი სიმწრისა და სასოწარკვეთილებისაგან ატირდებიან, რომ არ ირწმუნეს უფლის ჯვრის მაცხოვარება და მას საცთურად და სისულელედ მიიჩნევდნენ (შეადარეთ, 1 კორინთელთა, 1,17,23) და მაშინვე, ჯვრის შემდეგ თვით უფალი იესოც გამოჩნდება, „და იხილონ ძე კაცისაი მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათა ძალითა და  დიდებითა მრავლითა" (მათე, 24,30; შეადარეთ, მათე, 26,64; მარკოზი, 14,26; გამოცხადება, 1,7). იხილავენ თვით იმ ისტორიულ იესოს, ხორცშესხმულ ღმერთს, ღმერთკაცს, ძე კაცისას, რომლის შესახებაც ანგელოზებმა გვაუწყეს მისი ამაღლების ჟამს: „ესე იესუ, რომელი ამაღლდა თქუენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად" (საქმე, 1,11; შეადარეთ, დანიელი, 7,13; 1 თესალონიკელთა, 1,10). მაშინ მაცხოვრის პიროვნების ღმერთკაცობრივი რეალობა, ყველა ადამიანისთვის აშ-კარა გახდება, მათ შორის მათთვისაც, ვინც ქვეყნად მას სიკვდილი მიუსაჯა და ჯვარს აცვა (შეადარეთ, გამოცხადება, 1,7). და ყოველი მიწითშობილი ცხადად იხილავს, რომ „იგი ღმერთმან უმეტესად აღამაღლა და მიანიჭა მას უზეშთაესი უფროის ყოველთა სახელთაისა, რაითა სახელისა მიმართ იესუ ქრისტესისა ყოველი მუხლი მოდრკეს ზეცისათანი და ქუეყანისათანი და ქუესკნელთასანი, და ყოველმან ენამან აღუაროს, რამეთუ უფალი იესუ ქრისტე სადიდებლად ღმრთისა მამისა" (ფილიპელთა, 2,9-11).

   მაცხოვრის ღმრთაებრივი დიდების აღწერა - მისი მეორედ მოსვლ-ისას - შეუძლებელი იქნება როგორც ადამიანური, ისე ანგელოზური ენით, ცისა და ცათა ზედა ცათა მთელი დიდება გამოჩნდება მაშინ ქვეყანაზე. მასთან ერთად მოვა ყველა წმინდა ანგელოსი, რამეთუ თვით უფალმა აღგვითქვა, რომ „მოვიდეს ძე კაცისაი დიდებითა თვისითა და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა" (მათე, 25,31). მაცხოვრის ერთგული  მსახურნი-ანგელოსნი მოუცილებლად იქნე-ბიან მასთან, მისი მეორედ მოსვლის დროსაც (შეადარეთ, მათე, 13,41;24,31;25,31; მარკოზი, 8,38; ლუკა, 9,26), რომელიც ელვასავით იქნება და ამიტომ, ყველა მხრიდან გამოჩნდება. და ვის ძალუძს ელვის თანხლება, თუ არა ანგელოსებს? ვის ძალუძს ემსახუროს ასეთ ღმერთსა და უფალს, რომელიც ელვასავით მოდის, თუ არა ანგე-ლოსებს? ამიტომაც, წმინდა მოციქული გვახარებს: „რამეთუ თავადი უფალი ბრძანებითა და ხმითა ანგელოზმთავრისაითა და საყვირითა ღმრთისათა გარდამოხდეს ზეცით" (1 თესალონიკელთა, 4,16). უფალი პირველ მთავარანგელოსს, წმინდა მხედართმთავარ მიქაელს, საღ-მრთო ერის მფარველს (დანიელი, 9,21; 10,5,13,21), მკვდართა აღდ-გენისა და სამსჯავროს შესახებ ბრძანებას მისცემს: ის კი ამის შესახებ ყველა დანარჩენ ზეციურ მხედრობას გამოუცხადებს, რომელნიც საყვირის საშუალებით აუწყებენ ამას ცისა და მიწის ყველა არსებას, „კიდითგან ცათაით, ვიდრე კიდედმდე მათა" (მათე, 24,31). და ყველა, ცოცხალნიც და მკვდარნიც, უფლის შესახვედრად გამოვა; და თვით უფალიც, უკანასკნელი საყვირის ხმაზე ზეცით გარდამოხდება (1 კორინთელთა, 15,52; 1 თესალონიკელთა, 4,16).

   ეს ღმრთივგამოცხადებული ჭეშმარიტება უფალი ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ, ქრისტეს ღმერთკაცობრივი სარწმუნოების ერთ-ერთ მთავარ დოგმატს წარმოადგენს, რომელიც ეკლესიას უძველესი დროიდან მოჰქონდა თავის მრწამსში და ჩვენი ცხონებისათვის მისი აუცილებლობა საუკუნოდ დაამტკიცა, როცა იგი ნიკეის, შემდეგ კი კონსტანტინეპოლის მსოფლიო კრებების მიერ მიღებულ სარწმუ-ნოების სიმბოლოში (მრწამსში) შეიტანა და მკვდრეთით აღმდგარი და ამაღლებული უფლის შესახებ შემდეგი გვაუწყა: „და კვალად მომავალ არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკვდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ".

  მართლმადიდებლური სარწმუნოების ამ საუკუნო ჭეშმარიტების განმარტებისას, წმინდა მამები ამბობდნენ: „ჩვენ ქრისტეს მოსვლას ვქადაგებთ, არა მხოლოდ ერთს, არამედ მეორესაც, რომელიც პი-რველზე უფრო დიდებული იქნება. რამეთუ, პირველად მან თავისი მოთმინება დაამტკიცა, მეორედ კი მეუფე ღმრთის გვირგვინით გამოჩნდება. პირველად მოსვლისას იგი ბაგაში, სახვევებით შეხ-ვეული იწვა; მეორედ იგი ნათლით, ვითარცა სამოსელით შემოსილი (ფსალმუნნი, 103,2) იქნება; პირველად მან „დაითმინა ჯუარი და სირცხვილი  შეურაცხყო" (ებრაელთა, 12,2); მეორედ ანგელოზთა მხედრობის თანხლებით, დიდებით მოვა. ამოტომაც, ჩვენ გონებით მხოლოდ პირველ მოსვლაზე არ ვჩერდებით, არამედ მეორესაც მოველით. მაცხოვარი იმისთვის კი არ მოვა, რომ კვლავ განისაჯოს, არამედ მის განმსჯელთა განსასჯელად მოვა. ის, ვინც ადრე განისაჯა და მდუმარედ იყო, გაუხსენებს სჯულის დამრღვევთ, ვინც ჯვართან თავისი კადნიერება გამოაჩინა და ეტყვის: „ესე ყოველი ჰყავ და დავიდუმე" (ფსალმუნნი, 49,21). როგორც განმგებელი მო-ვიდა ის მაშინ, და ადამიანებს დარიგებებით შეაგონებდა, ახლა კი, აუცილებლობის ძალით, თუნდაც არ სურდეს, ისინი (ადამიანები) მისი მპყრობელობის (მეუფების) ქვეშ მოექცევიან" (წმ. კირილე იე-რუსალიმელი).



უკან დაბრუნება