მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > არა გული გითქმიდეს... - წმ. იოანე ოქროპირი
არა გული გითქმიდეს... - წმ. იოანე ოქროპირი26-05-2017, 00:07 |
ღმერთმა გულის თქმით შეხედვაზე სასჯელი დაადგინა და თქვა: „გესმა, რამეთუ ითქუა: არა იმრუშო. ხოლო მე გეტყვი თქვენ, რამეთუ ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულისთქუმად მას მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თვისსა." (მათე 5.27-28). ე.ი. ვინც სხეულის სილამაზისათვის თვალის მიდევნება, ლამაზი მზერის დაჭერას მიეჩვია, საკუთარ სულს ამ სანახაობით კვებავს და მიმზიდველ სახეებს თვალს ვერ აცილებს, ის უკვე მრუშობს. ღმერთი ბოროტი საქმეებისაგან არა მარტო სხეულის, სულის დასახსნელადაც მოვიდა. ვინაიდან სულიწმინდის მადლს ჩვენ გულით ვღებულობთ, ის პირველად მას განწმენდს. იკითხავ: როგორ შეიძლება გულისთქმისაგან განთავისუფლება? თუ მოვინდომებთ შეიძლება მისი მოკვდინებაც. ამასთან, ღმერთი ყოველნაირ გულისთქმას კი არ გვიკრძალავს, არამედ ქალის თვალიერებისაგან წარმოშობილს. ვინაიდან, ლამაზი სახის ცქერის მოსიყვარულე, ამით უმეტესად საკუთარ თავში ვნებების ცეცხლს აღანთებს და სულს ატყვევებს, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ გულისთქმის შესრულებასაც შეუდგება. თუ ვინმე საკუთარ თავში გულისთქმას თვითონ ააგიზგიზებს, ყოველგვარი იძულების გარეშე ამ მხეცს მშვიდ გულში შემოუშვებს, ეს ბუნების კი არა, დაუდევრობის ბრალია. რომ არ თქვა: რა მოხდება, რომ შევხედო, მაგრამ ვნებას არ ავყვე? ამიტომ უფალი შეხედვისთვისაც გემუქრება სასჯელით, ვინაიდან საკუთარი თავით ზედმეტად დაიმედებული ცოდვაში არ ჩავარდე. რა დიდი ცოდვა იქნება - იტყვი შენ - რომ შევხედო გულისთქმით, მაგრამ არაფერი ცუდი არ გავაკეთო? ამით შენ მრუშობ. ასე დაადგინა კანონმდებელმა და ცნობისმოყვარეობას თავი დაანებე. როდესაც ერთხელ, ორჯერ ან სამჯერ მსგავსად შეხედავ ქალს, შეიძლება ვნებას ჯერ კიდევ სძლიო, მაგრამ თუ მუდმივად ასე მოიქცევი და ვნების ცეცხლს დაანთებ, მაშინ აუცილებლად დამარცხდები. რამეთუ ადამიანურ ბუნებაზე მაღლა ვერ დადგები. თუ ბავშვი ხმალს აიღებს, თუნდაც თავის დაუზიანებლად, მას ვსჯით და შემდგომ მასთან მიკარებასაც ვუკრძალავთ. ასევე ღმერთი, დანაშაულის ჩადენამდე გვიკრძალავს ვნებიან შეხედვას, რათა დანაშაულს აგვარიდოს. ვინაიდან ვინც ვნებების ცეცხლი ერთხელ ააგიზგიზა, ის ქალი დანახვის გარეშეც წარმოსახვაში მუდმივად სამარცხვინო საქმეების სახეებს ქმნის და ამ წარმოდგენებით, არც თუ იშვიათად, საქმითაც სცოდავს. ამიტომ ღმერთი გულის მრუშ მოძრაობასაც გვიკრძალავს, ვინაიდან, როცა ქალს შეხედავ, უკვე ძნელია გულისთქმისაგან თავის შეკავება. ამასთან, შეხედვისაგან მიღებული სიამოვნება არც ისე დიდია, რამდენადაც მზარდი გულისთქმებისაგან გამოწვეული მავნებლობა. ამ სახით ეშმაკს მეტ ძალას და თავისუფლებას ვაძლევთ, თუკი ჩვენს შიგნით შემოვუშვებთ და ჩვენს გულს გავუხსნით, მის მოგერიებას უკვე ვერ შევძლებთ. ამიტომ უფალი ამბობს: ნუ იმრუშებ თვალით და მაშინ გულითაც არ იმრუშებ. ღმერთი ქალისთვის შეხედვას საერთოდ კი არა, მხოლოდ გულის თქმით შეხედვას ე.ი. საკუთარი მზერის დასატკბობად შეხედვას კრძალავს. ღმერთმა თვალები მრუშობისათვის კი არ მოგვცა, არამედ იმისთვის, რომ მისი ქმნილებების შემყურე შემოქმედის მიმართ უდიდეს კრძალვით განეწყო. მზერით დატკბობა თუ გინდა, საკუთარ ცოლს უყურე და მუდამ გიყვარდეს იგი. ამას არც ერთი კანონი არ გიკრძალავს. თუ სხვის სილამაზეს გინდა უყურო, ამით ცოლსაც შეურაცხჰყოფ, საკუთარი მზერის მოშორებით, და მასაც, ვისაც უყურებ, ვინაიდან უკანონოდ ეხები. ხელით თუ არა, თვალით ხომ შეეხე. სწორედ ამიტომ, ამას მრუშობა ჰქვის და მომავალ ტანჯვამდე ამ ქვეყნადაც საკმაო სასჯელს იმსახურებ. ვინაიდან, შინაგანად მოუსვენარი და აფორიაქებულია, დიდი ქარიშხალი და საშინელი ავადმყოფობა წარმოიქმნება და ყოველივე ამის გადამტანი ადამიანის ხვედრი, ბორკილებდადებულ პატიმრების ხვედრზე უკეთესი არაფრითაა. ხშირად, ვინც მომაკვდინებელ ისარს ისვრის, თავად მსხვერპლს განერიდება, ხოლო ჭრილობა დიდხანს რჩება. სამართლიანია თუ ვიტყვით, რომ ისრით ის კი არ გაზიანებს, არამედ თავად შენ, მრუში თვალებით შემყურე, საკუთარ თავს სასიკვდილო ჭრილობას აყენებ. ამას უმანკო ქალების გასამართლებლად ვამბობ. თუკი ვინმე, ყველას ყურადღების მისაქცევად ირთვება, მან თავისი სილამაზით ვერავინ, რომ ვერ დააწყლულოს, მაინც საკადრის სასჯელს მიიღებს. ვინაიდან, მან შხამი უკვე მოამზადა, მაგრამ უბრალოდ ვინმესთვის მირთმევა ვერ მოასწრო. ან კიდევ მისი დალევის მსურველი არ გამოჩნდა. შენ ალბათ იკითხავ: რატომ არ ეხება უფალი თავისი სიტყვებით ქალებსაც? რა თქმა უნდა იმიტომ, რომ ის ყოველთვის საერთო კანონებს აწესებს, თუმცა როგორც ჩანს მხოლოდ მამაკაცებისკენ მიმართავს და თავისათვის შეგონების მიცემით, მთელ სხეულს განსწავლის. მან უწყის, რომ ქმარი და ცოლი ერთი არსებაა, ამიტომ სქესს არასოდეს განასხვავებს.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |