მთავარი > ლოცვა, მთავარი გვედის ფოტო > უზენაესი საქმე კაცისა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი II)

უზენაესი საქმე კაცისა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი II)


15-08-2015, 00:02

უზენაესი საქმე კაცისა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი II)

 

   ამაქვეყნის მეცნიერებანი - ღვთის ქმნილებათა შესახებ ცოდნაა, ამას-თან პირობითი, ცვალებადი, მერყევი და არასაიმედო ცოდნა. ლოცვა კი - შემეცნებაა იმისი, ვინც შექმნა ხილული და უხილავი სამყარო, ვის წინაშეც დედამიწა ქვიშის მარცვალს ჰგავს, ვის წინაშეც კოსმოსი - მარტოოდენ პირველი საფეხურია ქმნილისა, ზევით უსასრულოდ აღმავალი ამ საიდუმლო კიბისა. ღმერთი თავის თავს ლოცვაში განუცხადებს ადამიანს; ღმერთი ადამიანის სულს თავისი სინათლით აცისკროვნებს; ღმერთი, რომლის დატევაც არ ძალუძს სამყაროს, გარდამოდის ადამიანის სულში. ამიტომ სიწმინდე - ეს უმაღლესი გნოსისია, რისკენაც მოწოდებულია ადამიანი. ფილოსოფოსებისა და მეცნიერთა გონება, რომლებსაც ჭეშმარიტების პოვნა თავიანთი აზ-როვნების ძალისხმევით სურთ, წინააღმდეგობრიობათა კვანძში იხლ-ართება, ლაბირინთში დაძრწის, რომლიდანაც არ არის გამოსასვლელი და მიწიერისადმი საკუთარი თავის მიძღვნით მიწის გროვად იქცევა. ლოცვა - ეს ადამიანის მიკუთვნებაა უმაღლესი ცხოვრებისადმი და გადასვლა სიკვდილიდან უკვდავებისაკენ. ფილოსოფია და მეც-ნიერება ადამიანს უკეთესს არ ხდიან, ლოცვა კი თვით მის ბუნებას ცვლის, ის თითქოსდა სხვა არსება ხდება, როგორც იცვლება ლითონი ცეცხლში გამოდნობისას. ამიტომ ლოცვა - ეს დიადი ძღვენია ღვთისა ადამიანისადმი, რაც მას ანგელოზის მსგავსს ხდის.

   არ გწამდეს ღმერთი - ეს სიგიჟეა, მაგრამ კიდევ უფრო დიდი სიგიჟეა - გწამდეს, მაგრამ ის შენი ცხოვრების მეორეხარისხოვან ფაქტორად მიგაჩნდეს: მას შენს გონებასა და გულში სულ მცირე კუნჭული დაუტოვო, შენი ცხოვრების ერთგვარი ნამცეცები არგუნო, მასთან ურთიერთობისთვის მიწიერ საქმეებს შორის პაუზები გამოყო.

   ურწმუნოება - ეს სულიერი სიცხადის დემონური უარყოფაა. ნახევ-რად რწმენა - დამცირებაა ღვთაებრიობისა. აპოკალიფსში არის სახე: ქრისტე დახშულ კარზე აკაკუნებს, ეს კარი - ადამიანის გულია. ურწმუნო არ აღებს მას ღვთისათვის. არ ესმის ან არ უნდა, რომ ესმოდეს ეს კაკუნი. ნელთბილი ქრისტიანები, როგორებიც ჩვენს შორის მრავლად არიან, კარს აღებენ, მაგრამ ქრისტეს ადგილს უთ-მობენ არა ოთახში, არამედ შემოსასვლელში, რადგან შიშობენ, რომ მისი იქ ყოფნა მათ ჩვეულ საქმიანობას ხელს შეუშლის; მათთვის ღმერთი ცხოვრების წყარო - არ არის, არ არის მათი ყოფიერების უმაღლესი სიხარული, არ არის საუკუნო ნათელი, რომელიც ასხი-ვოსნებს ადამიანთა სულებს, ის მათთვის უმეტესწილად კეთილ-დღეობის გარანტს წარმოადგენს.

   თანამედროვე ქრისტიანთა ლოცვას შეხედეთ, ღვთის მიმართ რისთ-ვის ლოცულობენ: სულის ცხონებისათვის, საუკუნო ცხოვრებისათვის, მადლის დაბრუნებისათვის, მტრებისადმი სიყვარულისათვის? არა, ისინი ლოცულობენ საქმეების წარმატებით დასრულებისათვის, ავადმყოფობისაგან განკურნებისათვის, ხოლო ღმერთი, როგორც ში-ნაგანი ცხოვრება მათი გულებისა, მათ არ სჭირდებათ, ის გაუგებარია მათთვის. მხოლოდ ზოგჯერ ხდება რაღაცნაირი გამოფხიზლება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათთვის საყვარელი ადამიანი კვდება. მათ მაშინ აგონდებათ მარადისობა, როცა იმის სულის განსვე-ნებისათვის ლოცულობენ, ვინც ამაქვეყნის ზღვარს გასცდა. ისინი მიწიერის არამყარობას და დროებითობას მაშინ შეიგრძნობენ, ესმით, რომ ეჭიდებოდნენ ჩრდილებს, რომელთა დაჭერაც შეუძლებელია, რომ ჭეშმარიტი ცხოვრება - მიწიერი არსებობის ზღვარს მიღმაა. მაგრამ ეს აღხილვა უჩვეულოდ სწრაფად ქრება და დავიწყებას ეძ-ლევა, თითქოსდა ნაპერწკალი აინთო და მაშინვე ჩაქრა. გული კვლავ ქვავდება და ჩვეულ თვლემაში იძირება.

   რამდენგზის რწმუნდება ადამიანი, რომ ცოდვაში ბედნიერება არ არ-ის, არის მხოლოდ დაცარიელება და სიმწარე! ეს გაკვეთილები უმეტესწილად უკვალოდ ჩაივლის, ის ბედნიერებას კვლავ ლაფში ეძებს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ყარდა და რომლისაგანაც აზიდებდა. კვლავ ღალატობს ღმერთს, კვლავ უჯერებს ეშმაკს. ღვთისადმი ჩვენს დამოკიდებულებას შეიძლება ღორობა ვუწოდოთ, ჩვენს დამოკიდებულებას საკუთარი სულისადმი კი, შეურიგებელი მტრობა. დამოკიდებულებას სამშვინველისადმი - გამუდმებული ღალატი; ხოლო ჩვენს დამოკიდებულებას სხეულისადმი - ბატონის მორჩილება უნდა დავარქვათ თავისი თავხედი მონისა, რომელიც მის სახლში მბრძანებლობს, ლოთობს, სახლს ძარცვავს და მის სამსახურს აიძულებს.

  თავად ჩვენ ვინ ვართ? ვინაა ეს იდუმალი „მე", რომელიც ჩვენს ცხოვრებას განსაზღვრავს, რომელიც წყვეტს საკითხს: ვისთან - ღმე-რთთან თუ ეშმაკთან? ეს ის იდუმალი ცენტრია ადამიანის სულისა, სადაც ადამიანის მთელი ცხოვრება ჯამდება, მაგრამ სადაც მისი ნება თავისუფალი რჩება. „მე" - ეს ისაა, რაც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს, ეს ხატი და მსგავსია ღვთისა, რომელიც გაუნადგურებელია ადამიანში. ადამიანი ერთდროულად პიროვნებაცაა და ამაქვეყნის საგანიც. უმაღლესი და სრულყოფილი პიროვნება - ეს ღმერთია. ღმერთთან მიახლოებით ადამიანის პიროვნების აღდგენა ხდება, იგი გაცილებით დამოუკიდებელი ხდება: გარეგანისა და შინაგანისაგან, მთელი მემკვიდრეობითობისგან, ჩვევებისგან, წარსულისგან, მიკერძ-ოებებისაგან. ღმერთის გარეშე ადამიანი პიროვნებიდან საგნად გარდაისახება, ის ერთგვარად ნივთდება, მისი სული კარგავს იმ ცენტრს, რომელსაც ჩვენ თავისუფლება ვუწოდეთ; ის მონობაში ექცევა და გარეგანის მიერ შთაინთქმება. წმიდა წერილში ეშმაკს „უცხო" ეწოდება (ინ. 10, 5) ის უცხოა სულისათვის, მაგრამ ღმერთის გარეშე სული მას ემორჩილება და მისი მონა ხდება.

   იესოს ლოცვა ადამიანში ღვთის ხატს მკაფიოს ხდის, მისი შინაგანი თავისუფლების პოტენციალს განუზომლად ზრდის. სიწმინდე - ეს მახასიათებელია ქრისტეს სახელისა. ადამიანში სიწმინდე მჟღავნდება როგორც წინააღმდეგობა ქვეყნისადმი, ხორცისა და დემონისადმი, სხეულის და თვალის გულისთქმისადმი და ამპარტავნების სული-სადმი. (1 ინ. 2, 16) ახალ აღთქმაში წერია ცეცხლის შესახებ, რომელიც ფერს უცვლის ცასა და დედამიწას (ლკ. 12, 49; 2 პეტ. 3, 12-13; გამოც. 21,1). იესოს ლოცვა ამ ცეცხლის ნათებაა, რომელიც ჩვენს გულს ცვლის. ჩვენში ჩაბუდებულმა ცოდვამ გული და გონება გააცალკევა. გონება ფანტაზიებისა და წარმოსახვების სამყაროში ცხოვრობს, გული - ვნებების სამყაროში. იესოს ლოცვა გონებისა და გულის განწმედით მათ ერთმანეთთან აახლოებს. როცა ლოცვაში გონება და გული ერთდებიან, ადამიანის - მისი სულის, სამშვინველის და სხეულის გარდასახვა იწყება.

   მატლი ჭუპრში იკეტება. ის იქ თითქოს კვდება, სქელ, უფორმო მა-სად გადაიქცევა, შემდგომ კი ჭუპრში უხილავად პეპელა წარმოიქმნება - ფრთიანი არსება, რომელიც მატლს სრულიადაც არ ჰგავს. გულში ჩაძირული გონება ამ მატლს ჰგავს: უკუნეთში, ნივთიერ სახეთა უხ-ილავად, ამქვეყნის უხილავად ის გულთან ერთად გარდაისახება, იმ სულიერ ცნობელობას უახლოვდება, რომელსაც ადამი ცოდვით და-ცემამდე ფლობდა. წმიდანთა ამ მდგომარეობას ცეცხლს ადარებდნენ, რომელიც სულს ათბობს, და ადარებდნენ სინათლეს, რომელშიც ადამიანი სამყაროს მისი პირველქმნილი სილამაზით ხედავს, იმ სინათლეს, რომელშიც ის უფალს ჭვრეტს. ამ სინათლეში ის ხედავს უფსკრულს თავისი სულისას, ხედავს დემონებს, ვითარცა დამპალ მძორზე მცოცავ მატლებს. ის ჯოჯოხეთის წინკარს ხედავს თავის გულში და ამავდროულად გრძნობს, რომ ეს საშინელი, ბნელი ძალა ქრისტეს სახელითაა შეკრული და დატყვევებული, მსგავსად იმისა, თუ როგორ ბორკავს ანგელოზი სატანას ჯაჭვით აპოკალიფსში (გამოც. 20, 1-2). ის ჰგავს კაცს, რომელიც დგას კლდეზე, ხოლო მასზე აბ-ობოქრებული ზღვის ტალღები იმსხვრევიან; ისინი კლდეს ეხეთ-ქებიან, მაგრამ მას ვერ წვდებიან. ეს კლდე - იესო ქრისტეს სახელია, რომელსაც უფრთხიან დემონები.

  იესოს ლოცვის გარეშე ადამიანი მხოლოდ იღებს დარტყმებს მტრისაგან, რომელიც სიბნელეშია შეფარული მისგან, ხოლო მასთან (ლოცვასთან) ერთად კი შეუძლია ამ ჯოჯოხეთურ ძალას დარტყმა თავად მიაყენოს. იესო ქრისტეს სახელი მას თრთოლას აიძულებს. ადამიანი ხედავს, მადლი ღვთისა გაწაფული ექიმივით მის გულში იარებს როგორ აშუშებს ისე, რომ კვალსაც არ ტოვებს. მაგრამ ამ-ისათვის შრომა და თავდადებაა საჭირო. ცხოვრების მთავარ საქმედ ლოცვის მიჩნევაა აუცილებელი, დანარჩენისა კი თანასაქმედ. ყოფ-ილა შემთხვევები, როცა ტუსაღი მრავალი თვის, ზოგჯერ კი წლის განმავლობაში ჯაჭვებს ქლიბით ხერხავდა და რკინის ნატეხით ცი-ხის კედლის ქვეშ ხვრელს აკეთებდა. ის გამუდმებით და დაუღ-ალავად შრომობდა, რათა ახლობლებსა და მეგობრებს შეხვედროდა, კვლავ დაენახა მზე და ზეცა, ისევ ჩაესუნთქა სუფთა ჰაერი და არა ციხის სიმყრალე, რათა ცოცხლად დამარხული არ ყოფილიყო ქვე-სკნელში; და როცა თავისუფლებას ჰპოვებდა, თავის შრომას ივი-წყებდა. საპყრობილე და ჯაჭვები - ეს ჩვენი ცოდვებია. (გაგრძელება იქნება...) 



უკან დაბრუნება