მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > რჩევა დაქორწინების მსურველებს - წმიდა იოანე ოქროპირი

რჩევა დაქორწინების მსურველებს - წმიდა იოანე ოქროპირი


29-08-2017, 00:03

რჩევა დაქორწინების მსურველებს - წმიდა იოანე ოქროპირი

 

   დაქორწინების მსურველებს გარწმუნებთ, ამ საქმეს უდიდესი სიფთხილით მოეკიდოთ. გირჩევთ ნეტარ პავლეს მიმართოთ, წაიკითხოთ მისი კანონები ქორწინების შესახებ და წინასწარ შეიტყოთ, რის გაკეთებას უბრძანებს კაცს, თუ ავი, მზაკვარი, ლოთი, კაპასი, უგუნური ანდა სხვა ამგვარი ნაკლის მქონე ცოლი შეხვდება, და მერე იფიქროს ქორწინებაზე. თუ უფლებას გაძლევს რაიმე ნაკლის შენიშვნისთანავე ერთ ცოლს გაეყარო და მეორე შეირთო, თამამად შეუდექი საქმეს,  მაგრამ თუ გიბრძანებს, მემრუშე ცოლის გარდა, სხვა ყველა უნდა გიყვარდეს და სახლში გესვას, მზად იყავი ცოლის  ყოველგვარი სიავის ასატანად, თუ ეს მძიმე და ძნელია, ყველა ღონე იხმარე, რომ მორჩილი და ზნეკეთილი ქალი ამოირჩიო საცოლედ. უგუნურ ქალზე დაქორწინების შემთხვე­ვაში ორიდან ერთი უნდა აირჩიო - ან ცოლის სიავე უნდა აიტანო, ან გაეყარო და მრუშობის ცოდვაში ჩავარდე. "ყოველმან - ამბობს უფალი - რომელმან განუტეოს ცოლი თვისი თვინიერ სიტ­ყ­ვისა სიძვისა, მან ამრუშა იგი; და რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა" (მათ; 5.32). ქორწინებამდე ამ კანონებს კარგად გაეცანი, თავიდანვე ეცადე, ზნეკეთილი და შენთვის შესაფერი ცოლი შეირთო, მას არა თუ გაეყრები, არამედ უდიდესი გრძნობით გეყვარება, ისე, როგორც პავლე მოციქულმა გვიბრძანა: "ქმართა გიყუარდედ ცოლნი თვისნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაი" (ეფ. 5. 25). როგორ შეიყვარა ქრისტემ ეკლესია? ამაზე ისევ პავლე მოციქული გვაძლევს პასუხს: "თავი თვისი მისცა მისთვის" (ეფ; 5. 25). ამიტომ სიკვდილიც რომ მოგიხდეს ცოლის გულისათვის, უკან ნუ დაიხევ. თავის ნათქვამს პავლე მოციქული უმატებს: "რაითღა იგი წმინდანი იყოს, განიწმიდა საბანელითა მით წყლისაითა და სიტყვითა" (ეფ: 5. 26). "განიწმიდა", ვინაიდან ადრე ეკლესია უწმინდური და შებილწული იყო, მაგრამ მაცხოვარს ზურგი არ შეუქცევია მისთვის,  არამედ გარდაქმნა, განამართლა, ცოდვები მიუტევა. შენც მას მიბაძე: რაც არ უნდა შეგცოდოს მეუღლემ, მიუტევე, თუ უზნეოა, სიკეთითა და სიმშვიდით გამოასწორე, როგორც ქრისტემ ეკლესია. "რაითა წარუდგინოს თავადმა თავსა თვისსა დიდებულად ეკლესიაი, რათა არა აქუნდეს მწიკულევანება" (ეფ; 5. 27).

   ცოლი ჩვენი აუცილებელი ნაწილია, იგი განსაკუთრებით უნდა გვიყვარდეს.  სწორედ ამას გვასწავლის პავლე მოციქული: "ესრეთ ჯერ-არს ქმართა ცოლთა თვისთა სიყუარული, ვითარცა ხორცთა თვისთა... რამეთუ ასონი ვართ გუამისა მისისანი, ხორცთა მისთაგანნი და ძუალთა მისთაგანნი" (ეფ; 5. 28-30). მაგრამ არა მხოლოდ ამისთვის გვმართებს მეუღლის სიყვარული, არამედ უფლის მიერ მოცემული კანონითაც: "ამისათვის დაუტეოს კაცმან მამაი თვისი და დედაი თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა და იყვნენ ორნივე იგი ერთ ხორც" (შეს. 2.24). წმ. პავლეც ასეთივე კანონს გვაძლევს, რათა ეს სიყვარული ჩაგვინერგოს და უმატებს: "საიდუმლო ესე დიდ არს" (ეფ; 5. 32). იკითხავთ, რატომ არის საიდუმლო დიდი? იმიტომ, რომ ქალწული, რომელიც სახლს არ გაშორებია და არასოდეს უნახავს საქმრო, პირველივე დღიდან შეიყვა­რებს მას, ასევეა ქმარიც - ვინც არასოდეს უნახავს, ვისთანაც არასოდეს უსაუბრია, ის მისთვის, პირველივე დღიდან, მეგობრებზე, ნათესავებზე, თვით მშობლებზე აღმატებული ხდება.

   მშობლები, თუ ვინმემ მათი ქონება ხელჰყო, შფოთავენ, წუხან და მპარავს სასამართლოს გადასცემენ, მაგრამ კაცს, ხშირად ისეთს, ადრე რომ თვალითაც არ უნახავთ, საკუთარ ქალიშვილს და მდიდარ მზითევს აბარებენ. ამას სიხარულით სჩადიან და გაცემულს, წაგებად არ თვლიან, არ იტანჯებიან შვილთან დაშორებით, პირიქით, მადლობელნი არიან ბედის.

   პავლე მოციქული გვიჩვენებს ყოველივე ამას - თუ როგორ ტოვებენ ახალშეუღლებულები მშობლებს და და იქმნებიან "ერთ ხორც". ეს ახალი კავშირი ძველ ჩვევაზე უფრო მყარია, ასეთი სიყვარული კაცისგან კი არა, უფლისგანაა, ღვთის ნებაა ისიც, რომ მშობლებიცა და შვილებიც ამას სიხარულით იქმან. სწორედ ამიტომ გვეუბნება მოციქული, რომ "საიდუმლო ესე დიდ არს".

   ცოლი ღმერთმა იმიტომ მოგვცა, რომ ყველაფერში ჩვენი შემწე იყოს. ცოლს მხო­ლოდ ის ევალება, რომ ქონებას მოუა­როს, შემოსავალს გაუფრთხილდეს, სახლზე იზრუნოს. რადგან ჩვენი ცხოვრება საზოგადო და საშინაო საქმეებისგან შედგება, ღმერთმა ქალს ოჯახზე ზრუნვა დაუწესა, ქმარს კი - საზოგადო საქმეებზე... ცოლი ვერ წარმართავს საზოგადო საქმეებს, მაგრამ ოჯახისა და შვილების მოვლა მისი ვალია; მას ევალება ყველაფერი, რისი კეთება კაცისთვის, მიუხედავად მისი მონდომებისა, მოუხერხებელი და შუფერებელია.

   ჭეშმარიტად, ღვთის სიბრძნისა და განგების გამოვლინებაა, რომ კაცი, გარკვეული უმნიშვნელოვანეს საქმეებში, უძლური და უსარგებლოა არანაკლებ მნიშვნელოვან ამბებში, რათა ცოლის არსებობაც აუცილებელი იყოს. ღმერთს რომ კაცი ორივე საქმეში ერთნაირად ძლიერი შეექმნა, მაშინ ქალი ზედმეტი და უსარგებლო იქნებოდა, და ცოლისთვის რომ უფრო მნიშვნელოვანი საქმე დაეკისრებინა, ქალები უზომოდ გაამაყდებოდნენ. ამიტომ ღმერთმა არ მისცა ორივე საქმის შეძლება, რათა მეორე სქესი დამცირებული და ზედმეტი არ დარჩენილიყო, და არც ერთნაირად მიჰმადლა თითოეულს ორივე უნარი, რათა ამ თანასწო­რობისაგან რაიმე მეტოქეობა და ჭიდილი არ წარმოშობილიყო და ცოლებს ქმრის ტოლი პატივის მიღება არ მოენდო­მე­ბინათ. უფალმა იზრუნა მათ შორის მშვიდობისა და თითოეულის ღირსების დაცვაზე და ორ ნაწილად გაჰყო ჩვენი ცხოვრება, ისე, რომ ყველაზე აუცილებელი და საჭირო ქმარს მისცა, უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი - ცოლს.

   საცოლის არჩევისას ერთადერთი რამ ვეძიოთ ქალში სულიერი სათნოება და ზნეკეთილობა, რათა მშვიდობითა და თანხმობით დავტკბეთ და მტკიცე სიყვარულით ნუგეშისცემულ ვიქმნეთ. ვინც მდიდარ ცოლს ირჩევს, ის უფრო ქალბატონს ირთავს, ვიდრე ცოლს. თუკი ცოლები უამისოდაც სიამაყით სავსენი და პატივმოყვარეობისაკენ მიდრეკილნი არიან, წარმოიდგინეთ რა აუტანლები გახდებიან ქმრებისათვის, როცა ყოველივეს სიმდიდრეც დაემატება. ვინც ქონებით თანასწორი ანდა უფრო ღარიბი ცოლი აირჩია, იმან დამხმარე და თანაშემწე შერთო და სახლში სიკეთე შეიტანა, რამეთუ ცოლის გაჭირვება ჩააგონებს, იზრუნოს ქმარზე, იყოს მისი დამჯერი და მორჩილი. ასეთი ცოლი ცდილობს თავიდან აიცილოს ყოველგვარი საბაბი ჩხუბისა, სიამაყისა და შეურაცხყოფისა და ხდება შემაკავშირებელი მშვიდობისა, ერთსულოვნებისა, სიყვარულისა და თანხმობისა. მაშ, ნუ ეძიებთ სიმდიდრეს, მშვიდობასა და ერთსულოვნებას ესწრაფედ. ქორწინება ღმერთს იმისთვის კი არ მოუცია, რომ სახლი მტრობითა და სიძულვილით ავავსოთ, შუღლი და განხეთქილება დავთესოთ, მეტოქეებად ვექცეთ ერთმანეთს და სიცოცხლე გავიმწაროთ, არამედ იმისთვის რომ ვპოვოთ შემწე, ნავსაყუდელი, თავშესაფარი და ნუგეშისცემა ჩვენს თავს მოწეული უბედურების დროს.

   გაითვალისწინე ეს ყველაფერი და ყურადღება სიმდიდრეს კი არა, კეთილი ხასიათის, პატიოსნებას, კეთილგონიერებას მიაქციე. ცოლი მხოლოდ იმისთვის უნდა შეირთო, რომ ლტოლვას გაექცე, თავი დააღწიო ყოველგვარ გარყვნილებას, ამისათვის უნდა იქორწინო, რომ სიწმინდით იცხოვრო. ეს მაშინ მოხდება, თუ ღვთისმოშიშ, უმანკო, მოკრძალებულ ცოლს შეირთავთ.

   როცა დაქორწინებას გადაწყვეტ, ნუ მიმართავ იმ ქალებს, სხვისი უბედურებით რომ ვაჭრობენ და მხოლოდ იმას ფიქრობენ, როგორ მოიპოვონ გასამრჯელო, ღმერთს მიმართე, ის იქნება შენი შუამავალი, მან თავად აღგითქვას: "ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ეს ყოველი შეგეძინოს თქუენ" (მათ; 6. 33).

   დაქორწინდით უდიდესი წესიერების დაცვით: ცეკვის, სიცილის, უჯერო ლაპარაკის, ფლეტიას, ეშმაკის გამოგონებების და სხვა მსგავსი გარეშე და ყველა საქმეში შუამავლად ღმერთს მოუხმეთ. თუ ჩვენს საქმეებს ასე წავრმართავთ, არც ეჭვი, ჩხუბი და მტრობა გვექნება, დიდი სიმშვიდით და სრული თანხმობით დავტკბებით, რასაც, აუცილებლად, სხვა სათნოებებიც მოჰყვება.

                                                 

 წმ. იოანე ოქროპირი 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება