მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ანთროპოსოფია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ანთროპოსოფია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


9-04-2018, 00:03

 

ანთროპოსოფია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

 

 


 „მე ყველაფერი გამოვიკვლიე და ჩემზე
აღმატებული ვერ ვიპოვე, ასე რომ მე ვარ ღმერთი".

 

 

 

   „გერმანელი ოკულტისტის რუდოლფ შტაინერის მოძღვრება - ანთროპოსოფია ფართოდ გავრცელდა ჩვენი ინტელიგენციის ერთ ნაწილში. იგი გნოსტიკური სწავლებაა და ოკულტური მისტიკისა და თეოსოფიის ფარგლებს არ სცილდება. მაგრამ შტაინერი ცდილობს თავისი სპეკულაციური მსჯელობები და საეჭვო ვიზიონერობა თანამედროვე მეცნიერულ თეორიებს მიუსადაგოს, ოცნებაში მოპოვებული „სულთა ხილვები" კი მეცნიერების წინაშე გადაშლილ ახალ პერსპექტივად წარმოგვიდგინოს. ამ ორ სფეროს - მაგიისა და გამოყენებითი მეცნიერების შერევა ანთროპოსოფიას მეცნიერების სახეს აძლევს. ეს კი ადამიანების გარკვეული წრისთვის მომხიბლავია.

  სიტყვა „ანთროპოსოფია" ბერძნულია და ორი ძირისაგან შედგება: „ ანთროპოს" - ადამიანი და „სოფიო" - სიბრძნე. თეოსოფიისაგან („თეოს" - ღმერთი და „სოფიო" - სიბრძნე) განსხვავებით, ანთროპოსოფია ხაზს უსვამს, რომ ღმერთის ადგილას მას გაღმერთებული ადამიანის დაყენება სურს. ამიტომ ანთროპოსოფია არაფრად აგდებს თვით სწავლებასა და ცნებას ღმერთის შესახებ და სხვა საქმეებით არის დაკავებული. ესენია: კოსმიური სულების „ საღმრთო იერარქიის, განსაკუთრებით კაცის ბუნების შედგენილობის შესახებ თეორიები და სხვა, ამასთან, ანთროპოლოგიურ იდეებს ანთროპოსოფია ინდუიზმისა და თეოსოფიისაგან სესხულობს.

   შტაინერი თეოსოფოსებზე უფრო კატეგორიულია. იგი აცხადებს, რომ ანთროპოსოფია ერთადერთი სწავლებაა, რომელსაც ძალუძს კაცობრიობის ხსნა უხეში მატერიალიზმისა და დემონიზმისაგან. ღმერთის პიროვნული ძიება და საკუთარ თავში „ღმერთის აღმშენებლობა", რომელსაც თეოსოფია აქეზებდა, შტაინერმა შეცვალა მოწაფეების ნდობით მასწავლებლის, ვით წინასწარმეტყველისადმი. კონკრეტულ შემთხვევაში ნდობა შტაინერს, „ნათელმხილველურ" უნარს „ეძღვნება"...

   შტაინერისათვის არ არსებობს ერთი ღმერთი. შვეიცარიაში, ანთროპოსოფიული ტაძრის გახსნისას, მან განაცხადა, რომ სწამს არა ღმერთი, არამედ ღმერთები და მისი ცხოვრების მთავარი მისია წარმართობის აღორძინებაა.

    შტაინერი იესოს განაცალკევებს ქრისტესგან. მისთვის ქრისტე არც აბსოლუტური სულია და არც სრულყოფილი ღმერთი, არამედ მზის ეონი, რომელსაც პირველი ადგილი უჭირავს პლანეტარულ სულთა შორის."1

  არქიმანდრიტი რაფაელი თავის სტატიაში სრულად განიხილავს ანთროპოსოფიის დემონურ ხასიათს. ჩვენს მიერ მოხმობილი ნაწყვეტები კი, ვფიქრობთ საკმარისია ამ მოძღვრების ანტიქრისტიანული არსის ნათელსაყოფად.

  ამრიგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორც აღმოსავლეთიდან, ისე დასავლეთიდან ებრძვის არა ერთი რელიგია და იდეოლოგია. ღმერთთან ბრძოლის სურვილი, ღმერთად ყოფნის ამბიცია განსაზღვრავს თითოეული მათგანის დემონურ სახეს.

     წიგნის შემდეგ ნაწილში გიამბობთ:

    ა) რა მოხდა - ბოლო საუკუნეებში სულიერების დაკნინების ფონზე ფრთები გაშალეს ახალმა ანტიქრისტიანულმა იდეოლოგიებმა.

    ბ) რა მივიღეთ - კაცობრიობა ახალმა, მაგრამ კვლავინდებურად სატანურმა მსოფლხედვამ მოიცვა.

 

 

 


არქ. რაფაელი (კარელინი) „მართლმადიდებლობა და ამა სოფლის ცდომილებანი" 2009 წ. გვ. 257-277.

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 


უკან დაბრუნება