მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 10 აგვისტო (ახ. სტ.) - ხსენება ღირსი გიორგი მაშენებელი - ათონელისა (+1029)
10 აგვისტო (ახ. სტ.) - ხსენება ღირსი გიორგი მაშენებელი - ათონელისა (+1029)9-08-2021, 16:11 |
ღირსი გიორგი მაშენებელი იყო ათონის ივერთა მონასტრის მესამე იღუმენი. როგორც ათონელ წმიდა მამათა ცხოვრების აღმწერელი გიორგი მთაწმინდელი მოგვითხრობს, მონასტრის პირველმა იღუმენმა, ღირსმა იოანემ, თავის შვილს, ღირს ექვთიმეს გადააბარა წინამძღვრობა და თან დაუბარა: „შემდგომად თავისა... რაჲთა გიორგის დაუტეოს მამობაჲ, რომელ იგი თვისივე იყო მათი, კაცი სახელოვანი და ფრთხილი ჴორციელთა საქმეთა ზედა". ზოგი ცნობით, გიორგი იოანეს ძმისშვილი იყო. ექვთიმეს გადადგომის შემდეგ გიორგიმ აქტიურად დაწყო მონასტრის მართვა. მისი ხელმძღვანელობით აშენდა ივერონის მთავარი ტაძარი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობისა. ტაძრის წარწერაში ნათქვამია: „მე დავამტკიცენ სუეტნი მისნი და უკუნისამდე არა შეიძრნენ. გიორგი მონაზონი, ქართველი და მაშენებელი". ივერონის წინამძღვარს დიდ პატივს სცემდნენ ბიზანტიის იმპერატორის კარზე, „დიდად წარჩინებულ იქმნა გიორგი წინაშე რომანოზ მეფისა და დიდად საკუთარ და პატივცემულ", შემდეგ კი „თუ ვითარ ექმნა, ღმერთმან უწყის, განდგომილებაჲ და ორგულებაჲ დასწამეს", კუნძულ მონოვატზე გადაასახლეს და იქვე აღესრულა. გიორგის გადასახლება საბედისწერო გახდა ივერთა ლავრისათვის, ცილისმწამებლებმა ახალი საბაბი იპოვეს, „საბერძნეთის დიდებულნი და პალატისა წარჩინებულნი ყოველნი მოდრიკნეს", და ათონელ ქართველებს მძიმე ვითარება შეუქმნეს. ამ დროს გაიძარცვა და განადგურდა „მამათა ჩვენთა მოგებული", სისხლითა და ოფლით მოპოვებული მონასტრის სიმდიდრე. კეთილმსახურ და ქრისტესმოყვარე იმპერატორ მიხეილის დროს ივერთა მონასტერს ისევ დაუბრუნდა კუთვნილი ქონება და ძველებური სიტკბოება მოეფინა სავანის ძმობას. ქართველმა ბერებმა გიორგის ცხედარი მონოვატიდან ათონს გადაასვენეს. ათონის ივერთა მონასტერში წმიდა გიორგი მაშენებლის ხსენება იოანესა და ექვთიმესთან ერთად აღესრულება.
„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი" Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |