მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 26 აგვისტო (ახ. სტ.) - ხსენება წმიდა ტიხონ ზადონელისა, ვორონეჟელი ეპისკოპოსისა (+1783)

26 აგვისტო (ახ. სტ.) - ხსენება წმიდა ტიხონ ზადონელისა, ვორონეჟელი ეპისკოპოსისა (+1783)


25-08-2020, 14:55

 

   წმიდა ტიხონ ზადონელი, ვორონეჟელი ეპისკოპოსი (ერობაში - ტიმოთე) 1724 წელს დაიბადა ნოვგოროდის ეპარქიის სოფელ კოროცკში, დიაკონ სავლე კირილოვის ოჯახში (ახალი გვარი - სოკოლოვი მას მოგვიანებით მიაკუთვნა ნოვგოროდის სემინარიის ხელმძღვანელობამ). ყმაწვილს მშობლები ადრე გარდაეცვალა. ამის შემდეგ ნაბოლარაზე ზრუნვა ძმამ იტვირთა და ცამეტი წლისა მიაბარა ნოვგოროდის სასულიერო სასწავლებელში. როცა სასწავლებელი სემინარიად გადაკეთდა, ტიმოთე, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მოწაფე, აქ მთავარეპისკოპოსის ხარჯზე მიიღეს. ნეტარი გულმოდგინედ მეცადინეობდა, თავისი ულუფა საჭმლის ნაწილს ყიდდა და სანთლებს ყიდულობდა, რომ საღამოობით წიგნები ეკითხა. 1754 წელს ტიმოთემ ბრწყინვალედ დაამთავრა სემინარია და იქვე დატოვეს ჯერ ბერძნული ენის, შემდეგ კი - რიტორიკისა და ფილოსოფიის მასწავლებლად. 1758 წელს წმიდანი ბერად აღიკვეცა ტიხონის სახელით. იმავე წელს იგი სემინარიის პრეფექტად დანიშნეს, 1759 წელს კი ტვერში გადაიყვანეს და არქიმანდრიტად დაადგინეს; შემდგომ ნეტარს ტვერის სემინარიის რექტორობაც მიანდეს; 1761 წლის 13 მაისს კი კეკსგოლმისა და ლადოგის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. 1763 წელს ტიხონს ვორონეჟის კათედრა ჩააბარეს. ოთხნახევარი წლის განმავლობაში იგი ბრძნულად განაგებდა სამწყსოს.

  1767 წელს შერყეული ჯანმრთელობის გამო წმიდანი იძულებული გახდა, ხელი აეღო სამწყსოს განმგებლობაზე და მონასტერში ეცხოვრა ბერის მშვიდი ცხოვრებით. განმხოლოების ჟამს ნეტარს უყვარდა წმიდანთა ცხოვრებისა და წმიდა მამათა თხზულებების კითხვა; ყველა ფსალმუნი ზეპირად იცოდა და გზაში, ჩვეულებრივ, გალობდა მათ.

  დაუცხრომელი ღვაწლით ღირსმა ტიხონმა ზეციურის განჭვრეტისა და წინასწარხედვის მადლი მოიგო. მან მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენა იწინასწარმეტყველა რუსეთის ცხოვრებიდან. სიკვდილის დღისთვის წმიდანს წინასწარ ჰქონდა გამზადებული სამოსელი და კუბო. ტიხონ ზადონელი - საკვირველთმოქმედი რუსი მამა გარდაიცვალა 1783 წლის 13 აგვისტოს, კვირადღეს, ორმოცდაცხრამეტი წლის ასაკში.


"წმიდანთა ცხოვრება" 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება